განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
330100118002355951
ინსტანცია
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002355951

საქმე №1ბ/522-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ლია ბრეგაძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - გი------------–---ს

ადვოკატ - ა------------------------

მსჯავრდებულ - მ--------------------ს

თარჯიმან - ნ-----------–---–--

მონაწილეობით,ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ - გი------------–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მ--------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------–---- თურქეთის მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: თურქეთი, ქ--–------------------–-------------–---------------------- კორპუსი 1---- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით მ-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 8 000 ( რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-------------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა 839 ცალი 26.380 ლარის საბაჟო ღირებულების მქონე მაჯის საათი.

მ-------------------- მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 08:00 საათზე, მ--------------------ა, საბაჟო გამშვები პუნქტის -,,სარფის“ გავლით, სცადა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში (---------------------------------- სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე მალულად გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები, კერძოდ 839 ცალი, 26 380 ლარის საბაჟო ღირებულების მაჯის საათები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა - გ-------------–----, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა ნივთიერი მტკიცებულების - ,,CITROEN’’ მარკის ავტომობილის საკითხის გადაწყვეტის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო საჩივარში აპელანტი განმარტავს, რომ მსჯავრდებულ მ-------------------- ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დაუბრუნდა დანაშაულის იარაღი, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქონლის სპეციალური სამალავით გადმოტანის ფაქტი, შესაბამისად უდავოა, რომ ავტომობილი, რომლის ე. წ. ,,ტორპედოში’’ სპეციალურადაა მოწყობილი სამალავები, დანაშაულის იარაღს და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონებას წარმოადგენს, რაც დაცვისა და ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ნივთიერი მტკიცებულების შესახებ გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას მიიღება საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; აპელანტის აზრით, სახეზე იყო საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენების ყველა ნორმატიული საფუძველი: იარაღი და დანაშაულის ჩადენისათვის გამიზნული ქონება - ავტომობილი, განზრახი დანაშაულის ფაქტი, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან მისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონება და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზანი, ვინაიდან სწორედ ამ ავტომობილით ხორციელდებოდა საზღვრის კვეთა თვეების განმავლობაში და იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულს ბიზნეს ინტერესები აკავშირებს საქართველოსთან და თურქეთიდან სწორედ აღნიშნული ავტომობილით ხშირად გადაადგილდება; პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების წყალობით კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ამ ქონების კვლავ გამოყენების გზით და კანონი ვერ ასრულებს თავის ძირითად მიზანს - დანაშაულის პრევენციას. აპელანტს მიაჩნია, რომ ავტომობილი, რომელში დამალული იყო კონტრაბანდული საქონელი, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

დაცვის მხარემ არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

მსჯავრდებულ მ--------------------ს მიერ მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: გ---–----------–---–----------–--------------–------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ მ--------------------ს გამოკითხვის ოქმი, საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალები, 839 ცალი მაჯის საათი, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

აპელანტი სადავოდ არ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ეხება მ--------------------ს მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ჩადენის ფაქტს და მ--------------------სათვის დანიშნულ სასჯელს, არამედ მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა დანაშაულის იარაღის და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის - ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილის ბედი.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.

ამდენად, პალატა იმსჯელებს განაჩენზე იმ მოცულობით რა ნაწილშიცაა ის გასაჩივრებული, კერძოდ, ნივთიერი მტკიცებულების - ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

 

აპელანტის მოთხოვნა მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილის ჩამორთმევის შესახებ პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის ქონების ჩამორთმევა შესაძლებელია ორ შემთხვევაში: 1. ქონების მატერიალურ-სისხლისსამართლებრივი ჩამორთმევა როგორც დამატებითი სასჯელი, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით და 2. ქონების პროცესუალური მიზნით ჩამორთმევა საპროცესო კონფისკაციის გზით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

ამდენად, აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ქონება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს ჩამორთმევას, როდესაც სახეზეა რამდენიმე პირობის ერთობლიობა, კერძოდ: პირველ რიგში ჩადენილი უნდა იყოს განზრახი დანაშაული, შემდეგ სახეზე უნდა იყოს ან დანაშაულის საგანი, ან დანაშაულის იარაღი, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და ამავდროულად უტყუარად დადგენილი უნდა იყოს მათი ჩამორთმევის საჭიროების სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც, ან სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესები ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

აპელანტი თავის სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ მ-------------------- ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილი იმიტომ უნდა ჩამორთმევას, რომ სწორედ ამ ავტომობილით ხორციელდებოდა საზღვრის კვეთა თვეების განმავლობაში, მსჯავრდებულს გააჩნია ბიზნეს ინტერესები და თურქეთიდან აღნიშნული ავტომობილით გადაადგილდება, რის გამოც არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რადგან მხოლოდ საზღვრის ხშირი კვეთა და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ხშირი გადაადგილება არ ადასტურებს მ--------------------ს მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობას, საქმეში არსებული საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ მ-------------------- მრავალჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ--------------------ს მიერ საზღვრის კვეთისას საქონლის დეკლარირებისათვის თავის არიდების ან კანონის სხვა ფორმით დარღვევის ფაქტს, ასევე არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობა, შესაბამისად არ არსებობს მ--------------------სათვის მის მიერ განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის საჭიროება იმ საფუძვლით, რომ იგი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას თუ ავტომანქანა არ ჩამოერთმევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამორთმევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, კერძოდ, ქონების ჩამორთმევის საჭიროება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარ, ბრალდების მხარის მოთხოვნა, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ--------------------სათვის ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატას, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის მოსაზრება საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნივთმტკიცებად ცნობილი, მსჯავრდებულ მ--------------------ს მფლობელობაში არსებული ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილის საპროცესო კონფისკაციის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--------------------ს მფლობელობაში არსებული ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილი, რომელიც ნივთმტკიცებად არის ცნობილი, არის დანაშაულის იარაღი, მას ღირებულება გააჩნია და შესაბამისად არსებობს მისი საპროცესო კონფისკაციის ფორმალური საფუძვლები, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ საპროცესო ნორმის ფორმალურ საფუძვლებზე მითითებით საკუთრების უფლებაში ჩარევა და საკუთრების ჩამორთმევა მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლი, რომელიც ადგენს უფრო მაღალ სტანდარტს და ითვალისწინებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ქონების ჩამორთმევის დროს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პროკურორის მოთხოვნამ მ-------------------- მის მფლობელობაში არსებული ,,CITROEN’’-ის მარკის ავტომობილის ჩამორთმევის შესახებ, ვერ დააკმაყოფილა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები და სტანდარტები, ასეთ პირობებში კი მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფორმალური დაკმაყოფილება, მიზანშეუწონელია გახდეს ქონების კონფისკაციის, ანუ ჩამორთმევის საფუძველი.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საპროცესო კონფისკაცია და ქონების ჩამორთმევა ორივე შემთხვევაში იწვევს ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის იარაღის საპროცესო კონფისკაციის პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალური საფუძვლების არსებობისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად აუცილებელია საკუთრების უფლებაში ჩარევა და რამდენად თანაზომიერი და პროპორციული იქნება ეს ჩარევა. მოცემულ შემთხვევაში მ-------------------- დაენიშნა სასჯელი ჯარიმის სახით, მას ასევე ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - 839 ცალი მაჯის საათი და ამ პირობებში ავტომობილის ჩამორთმევა მისი საპროცესო კონფისკაციის გზით, ვერ იქნება თანაზომიერი და პროპორციული ღონისძიება.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ--------------------სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის - გი------------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 8 000 ( რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-------------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 839 ცალი 26.380 ლარის საბაჟო ღირებულების მქონე მაჯის საათი.

 

მ--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ მ---------------------- მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ავტომობილი CITROEN სახ. ნ----------------- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო DVD დისკი დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე