განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2018
საქმის ნომერი
330100115001122085
ინსტანცია
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001122085

საქმე №1ბ/410-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე-------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი-----------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1-----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----–----–----------------------------------------.

 

ადვოკატი - რ------------–--ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლელულ იქნა, როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, თუმცა არ განუმარტავს, რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს, რომლებიც შინაარსობრივად ასევე წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ზ-----------------ემ განმარტა, რომ თუ ქუჩა თავისუფალი იქნებოდა, მაშინ მძღოლს შეეძლო გადაეკვეთა ქუჩა. ვიდოჩანაწერის დათვალიერებით კი დადასტურდა, რომ იმ დროს, როცა ი-----------------–---–მა დაიწყო გზის გადაკვეთა, ქუჩა იყო თავისუფალი. კადრში ასევე კარგად ჩანს სწრაფად მოძრავი ლურჯი ფერის ავტომობილი ,,ფორდ მონდეო“. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ დასახლებულ პუნქტში ნებადართული სიჩქარე არის 60 კმ/სთ სიჩქარე, ასეც რომ ყოფილიყო და ვ-----------------–---–ს რომც ემოძრავა 60 კმ/სთ სიჩქარით, დაცვის მხარის განმარტებით ადგილი ექნებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის დარღვევას, რადგან ხსენებულ დღეს იყო წვიმიანი ამინდი და ზემოხსენებული კანონის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს უნდა აძლევდეს საშუალებას, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ი-----------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ე-------------–---–მა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ი-----------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ი-----------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ------------–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ი-----------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–----------------ს, დაახლოებით 09:50 საათზე, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ი-----------------–---–მა, რომელიც მართავდა ,,ვაზ-2106“ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, სავალი გზა შეუჩერებლად გადაკვეთა მარცხნიდან მარჯვნივ, მე-5 სამოძრაო ზოლის მხრიდან პირველი სამოძრაო ზოლის მიმართულებით, რითაც საფრთხე შეუქმნა მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილ ,,ფორდ მონდეოს“, რომელსაც მართავდა ვ-----------------–---–ი. ავტომობილმა ,,ფორდ მონდეომ“ მოცურებულ მდგომარეობაში გვერდი აუარა ავტომობილ ,,ვაზ-2106“-ს, რის შემდეგაც დაეჯახა გაჩერებულ ,,ოპელის“ მარკის ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე ა-–---–--–---–---ეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა-–---–--–---–---ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ი-----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია, ვინაიდან თუ არ იყო ინტენსიური მოძრაობა, ხშირად მიმართავდა მსგავს მანევრს და მისთვის საპატრულო პოლიციას არცერთხელ არ მიუცია შენიშვნა. შემთხვევის დღეს, კუთვნილი ,,ვაზ-2106“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საავტომობილო გზის მეხუთე ზოლში, რა დროსაც ხედავდა მის წინ და უკან ტერიტორიას, კერძოდ, დაახლოებით 100 მეტრის მანძლზე აკონტროლებდა სიტუაციას, რა დროსაც მხოლოდ ვაჟა-ფშაველას გამზირის მარცხენა ზოლში იყო მოძრაობა. იგი ხედავდა, როგორც პეკინის გამზირიდან მომავალ, ასევე ვაჟა-ფშაველას ჩამოსახვევიდან მომავალ გზას, თუმცა შუქნიშანზე მდგომი ,,ფორდ მონდეოს“ ფირმის ავტომანქანა არ შეუნიშნავს. ვინაიდან რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ ჩანდა, ჩართო მარჯვნივ მოხვევის ნიშანი და დაიწყო მოძრაობა ფერდინანდ თავაძის ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 5-10 კმ/სთ სიჩქარით, ირიბად, რადგან არ ეჩქარებოდა. ამ დროს მას მოესმა ავტომანქანის მოკლე სიგნალი და დაინახა მარჯვენა მხარეს სწრაფად მიმავალი მანქანა, რომელიც მიემართებოდა დაზარალებულისკენ. სიგნალის ხმიდან ავტომანქანის შეჯახებამდე გავიდა დაახლოებით 2 წამი. იგი არ თვლიდა, რომ მის გამო მოხდა შეჯახება, ამიტომ არ გაუჩერებია ავტომანქა, თუმცა მას ავტომანქანის გაჩერებისკენ მოუწოდა ,,ფორდ მონდეოს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა - ვ-----------------–---–მა, რომელიც მას ადანაშაულებდა საავარიო სიტუაციის შექმნაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ა-–---–---–---–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–----------------ს, კუთვნილი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა ვაჟა-ფშაველას გამზირის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ბორდიურთან, კერძოდ მეტრო ,,გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავად კი მიყრდნობილი იყო ავტომანქანის მარცხენა კარს, რა დროსაც დაეჯახა ,,ფორდ მონდეოს“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ვ-----------------–---–ი. მან შეჯახებისას დაკარგა გონება. გონზე მოსვლისას, იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა მკურნალობა. მას ავტომანქანის შეჯახებისას დაუზიანდა ფეხი, რომლის პროტეზირება გახდა საჭირო. დაზარალებულის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ვ-----------------–---–ი სავარაუდოდ დაიბნა და იხმარა ხელის მუხრუჭი, რამაც გამოიწვია ავტომანქანის მოცურება. მანვე აღნიშნა, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ პირისგან ვინც მას დაეჯახა - ვ-----------------–---–ისგან, რადგან ი-----------------–---–ი არ მიაჩნია დამნაშავედ.

 

მოწმე ვ------------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–----------------ს, დილის საათებში სამსახურში მიდოდა კუთვნილი ,,ფორდ მონდეოს“ ფირმის ავტომანქანით. მეტრო ,,დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობდა ვაჟა-ფშაველას გამზირის საავტომობილო გზის მეორე ზოლში, რა დროსაც მანქანა გააჩერა შუქნიშანზე. მწვანე შუქის ანთებისას მან მოძრაობა განაგრძო მეორე ზოლში პირდაპირი მიმართულებით, დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით. დაახლოებით 5-6 მეტრის გავლის შემდეგ შენიშნა, რომ მესამე ზოლიდან მოძრაობდა და მის სამოძრაო ზოლში გადმოდიოდა ,,ვაზ-2106“ მოდელის ავტომანქანა. მან დაუსიგნალა მძღოლს და დაამუხრუჭა, თუმცა სავალი ნაწილის სისველის გამო დამუხრუჭებისას ავტომანქანა მოცურდა და ნახევრად შემოტრიალებულ მდგომარეობაში დაეჯახა ბორდიურთან მდგომ ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანაზე მიყრდნობილ ა-–---–--–---–---ეს. დაჯახების შემდეგ იგი მივიდა ,,ვაზ-2106“ ფირმის ავტომანქანასთან და მის მძღოლს - ი-----------------–---–ს არ მისცა უფლება საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი.

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ 2----–-–----------------ს 09:50 საათზე, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო სადგურ ,,დელისის’’ წინ, ავტომანქანა ,,ფორდ მონდეო“, სახელმწიფო ნომრით ,,I------“, რომელსაც მართავდა ვ-----------------–---–ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ა-–---–--–---–---ეს და მის კუთვნილ ავტომანქანა ,,ოპელ-ასტრას“ სახელმწიფო ნომრით ,,P------“. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული იქნა ა-–---–--–---–---ე.

 

ცნობაში მითითებული გარემოებების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ა-–------------------–----ა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2----–-–----------------ს 10:35-11:15 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო ,,დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულნი არიან ,,ფორდ მონდეოს“, ,,ვაზ-2106“ და ,,ოპელ ასტრას“ ფირმის ავტომანქანები. შემთხვევის ადგილზე ასევე აღმოჩენილი იქნა შუშის ნამსხვრევები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------------ამ და ა-–------------------–----ა.

 

დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების N----- აქტით ირკვევა, რომ ავტომანქანა ,,ოპელს“ სახელმწიფო ნომრით ,,P------“, ვიზუალური დათვალიერებისას აღენიშნება შემდეგი გარეგნული დაზიანებები, კერძოდ: დაზიანებულია წინა მარცხენა კარები, უკანა კარები, ე.წ. ,,კარნიზი“, უკანა ,,კრილო“, უკანა ე.წ. ,,შიტოკი“. ავტომანქანას ასევე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები.

 

დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების N----- აქტით ირკვევა, რომ ავტომანქანა ,,ფორდს“ სახელმწიფო ნომრით ,,I------“, ვიზუალური დათვალიერებისას აღენიშნება შემდეგი გარეგნული დაზიანებები, კერძოდ: ავტომანქანა ირგვლივ მთლიანად დაზიანებულია, მასევე დაზიანებული აქვს ოთხივე ფარი, საქარე მინა და სარკეები.

 

დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს 11:04-11:25 საათზე დათვალიერდა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ჩანს ვაჟა-ფშაველას გამზირი და თამარაშვილის ქუჩის ამოსახვევი. სავალ ნაწილზე მოჩანს სამედიცინო ინსტიტუტის მხრიდან მიმავალ სავალ ნაწილზე მარცხნიდან (ფირზე არსებული დროის მაჩვენებლით 09:53:06 საათზე) ირიბად მოძრაობს ღია ფერის მსუბუქი ავტომანქანა. იმავდროულად (ფირზე არსებული დროის მაჩვენებლით 09:53:07 საათზე) კადრში ჩანს მეტრო ,,სამედიცინოს“ მხრიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმართულებით მოძრავი, მუქი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც მსვლელობისას (დროს მაჩვენებლით 09:53:09 საათზე) მოცურდა და მოცურებულ მდგომარეობაში, დროის მაჩვენებლით 09:53:12 საათზე, შეეჯახა გზიდან მარჯვნივ გაჩერებულ მსუბუქ ავტომანქანას. კადრში ასევე ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე ჩერდებიან ავტომანქანები და იკრიბება ხალხი.

 

დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ-------------------ამ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 04 თებერვლის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ ,,Ford Mondeo” I-------ის მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ ,,ვაზ-2106“-ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ზ-----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 01 მარტის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი შპს აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------- ჩანაწერების მიხედვით, ა-–---–--–---–---ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 07.12.14.წ-დან 07.01.15.წ- მდე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა წვივის ძვლების დიაფაზის ღია დამსხვრეული სართულოვანი მოტეხილობა. რბილი ქსოვილების მასივის დაზიანება. უკანა ტიბიალური არტერიის დაზიანება, მარცხენა წვივის ღია ჭრილობების შემდგომი პერიოდი. ტრავმული ჰემორაგიული შოკი. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ს------------–------ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 02 დეკემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მოლურჯო ფერის ავტომობილი კადრში შემოსვლის მომენტიდან 1,5 წამში გადის დაახლოებით 32,5 მეტრს; გზის გადამკვეთად მოძრავი ავტომობილის მიერ განვლილი მანძილის დადგენა ვერ მოხერხდა კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების გამო. კადრში დაფიქსირებული ავტომანქანების სავალი ნაწილების სამოძრაო ზოლების ზომების დადგენა ვერ მოხერხდა კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების გამო. გზის გადამკვეთად მოძრავი ღია ფერის ავტომობილი ჩანაწერის დაწყების მომენტში, რთავს მოხვევის მაჩვენებელს და იწყებს მოძრაობას. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მოლურჯო ფერის ავტომობილის უკანა მაშუქებზე არც მოცურების მომენტში და არც შემდგომ არანაირი ნათება არ შეინიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ლ-–----------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

შპს ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 2016 წლის 21 მარტის ექსპერტის N9------------- დასკვნით ირკვევა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილ ,,FORD MONDEO“-ს მძღოლს ვ-----------------–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო შეჯახების თავიდან აცილება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისი მოქმედებების შესრულებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ვაზ 2106“-ის მძღოლის ი----- თ---------–---–ის მოქმედებაში საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულვებელყოფა არ აღინიშნება. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ავტომობილ ,,FORD MONDEO“-ს გადაჭარბებულ 78 კმ/სთ სიჩქარის პირობებში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - რ---------–------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაინიშნა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად დაევალა შპს ,,ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრს“. შპს ,,ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ ექსპერტები რ---------–------–---–ი და ვ--–------------------–---–ი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები ერთმანეთთან თათბირის შემდეგ, მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით ვერ მივიდნენ საერთო დასკვნამდე, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნები მათ მათ მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ცალ-ცალკე.

 

შპს ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 2016 წლის 01 დეკემბრის ექსპერტის N9------------ დასკვნით ირკვევა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილ ,,FORD MONDEO“-ს მძღოლს ვ-----------------–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო შეჯახების თავიდან აცილება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებისა და 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისი მოქმედებების შესრულებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ვაზ 2106“-ის მძღოლის ი----- თ---------–---–ის მოქმედებაში საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ავტომობილ ,,FORD MONDEO“-ს გადაჭარბებული 78 კმ/სთ სიჩქარის პირობებში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 06 დეკემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილი საგზაო სიტუაციაში ავტომობილ ,,Ford Mondeo” I-------ის მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ ,,ვაზ-2106“-ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი-----------------–---–ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ი-----------------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რა დროსაც აუცილებელია უტყუარად იქნეს დადგენილი, რომ პირის მიერ ავტომობილის მართვისას მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია კონკრეტული შედეგი - ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასა და დამდგარ კონკრეტულ შედეგეს შორის. ამ მუხლით სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რა დროსაც გასათვალისწინებელია ქმედების სუბიექტური მხარე, კერძოდ, ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის, ვინაიდან ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. მოცემულ შემთხვევაში ი-----------------–---–ს ბრალი ედება ზემოხსენებული კანონის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით) მოთხოვნების დარღვევაში, რამაც კონკრეტული შედეგები გამოიწვია.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა მათი მიერ ჩატარებული, საკუთარი პოზიციების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარდა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა ვინაიდან ექსპერტები ვერ შეთანხმდენენ საერთო დასკვნაზე, სასამართლო სხდომაზე კომისიური ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილე ექსპერტთა მიერ ცალ-ცალკე იქნა წარდგენილი მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები. პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნების შინაარს, რომლებიც წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები თანმიმდევრულია და თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და მოწმეთა ჩვენებებთან. ამიტომ პალატამ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 თებერვლის ექსპერტის N0-------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ ,,ვაზ-2106“-ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მოცემული დასკვნით, ასევე ექსპერტ ზ-----------------ის ჩვენებით ცალსახად დასტურდება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ი-----------------–---–ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.

ექსპერტზის დასკვნაში მითითითებული გარემოებები, ასევე გამყარებულია ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, რომლის ჩანაწერის გამოკვლევისას დადგენილ იქნა, რომ ი-----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა 09:53:06 საათზე მოძრაობს ირიბად, ხოლო იმავდროულად 09:53:07 საათზე, სამედიცინო მეტროს მხრიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმართულებით მოძრაობს მუქი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ი-----------------–---–ის ავტომანქანის მოძრაობის შედეგად წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მსვლელობისას 09:53:09 საათზე, მოცურდა და 09:53:12 საათზე მოცურებულ მდგომარეობაში შეეჯახა გზიდან მარჯვნივ გაჩერებულ მსუბუქ ავტომანქანას. ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემასთან.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----------------–---–ს არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, ვინაიდან იმ დროს როდესაც ი-----------------–---–მა დაიწყო გზის გადაკვეთა, ქუჩა იყო თავისუფალი და მძღოლს შეეძლო ქუჩის გადაკვეთა. ი-----------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება გამყარებული არ არის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ გზა იყო თავისუფალი და მას შეეძლო სავალი გზის ხუთი ზოლის ისე გადაკვეთა, რომ საფრთხე არ შეექმნა არც თავისთვის და არც სხვა ავტომანქანებისთვის. ი-----------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენება მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ი-----------------–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ისე ვ-----------------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ იგი მოძრაობდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საავტომობილო გზის მეორე ზოლში. მან შუქნიშნიდან 5-6 მეტრის გავლის შემდეგ, შენიშნა, რომ მის სამოძრაო ზოლში მესამე ზოლიდან მოძრაობდა და გადმოდიოდა ,,ვაზ-2106“ ფირმის ავტომანქანა, რის შემდეგაც ხმოვანი სიგნალი მისცა და დაამუხრუჭა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის სავალი ნაწილის მესამე ზოლიდან მეორე ზოლში შესვლისას ი-----------------–---–მა აშკარად საავარიო სიტუაცია შეუქმნა ვ-----------------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მოცურდა და ნახევრად შემოტრიალებულ მდგომარეობაში შეეჯახა ბორდიურთან გაჩერებული ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანაზე მიყრდნობილ ა-–---–--–---–---ეს.

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია მსჯავრდებულ ი-----------------–---–ის მხრიდან ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი, რაც უშალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან დაზარალებულ ა-–---–--–---–---ისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებასთან. თუმცა აქვე განმარტავს, რომ ხსენებული არ გამორიცხავს ავტომანქანა ,,FORD MONDEO“-ს მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტის არსებობას, რაზეც საუბარია შპს ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემულ დასკვნებში. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ წარდგენილი ბრალდებისა და სააპელაციო საჩვრის ფარგლებში.

 

პალატა განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური და უნივერსალური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება-განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, ეს უფლება განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით, რომლის თანახმად ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...” კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ის ფაქტი, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა-–---–--–---–---ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება ასევე დადაასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 01 მარტის ექსპერტის N0-------- დასკვნით, რომლითაც ირკვევა რომ ა-–---–--–---–---ის დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----------------–---–მა, რომელიც მართავდა ,,ვაზ-2106“ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ,,მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“. ამავე კანონის მე-5 მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად კი, მანევრი არის მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება). მოცემულ შემთხვევაში ი-----------------–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ისე რომ არ დარწმუნდა მანევრის შესრულების უსაფრთხოებაში, სავალი გზა შეუჩერებლად გადაკვეთა მარცხნიდან მარჯვნივ, მე-5 სამოძრაო ზოლის მხრიდან პირველი სამოძრაო ზოლის მიმართულებით, რითაც საფრთხე შეუქმნა მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილ ,,ფორდ მონდეოს“, რომელსაც მართავდა ვ-----------------–---–ი. ავტომობილმა ,,ფორდ მონდეომ“ მოცურებულ მდგომარეობაში გვერდი აუარა ავტომობილ ,,ვაზ-2106“-ს, რის შემდეგაც დაეჯახა გაჩერებულ ,,ოპელის“ მარკის ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე ა-–---–--–---–---ეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად კი, ა-–---–--–---–---ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

რაც შეეხება დაზარალებულის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ი-----------------–---–ი არ მიაჩნია დამნაშავედ და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ვ-----------------–---–ისგან, რადგან ის დაეჯახა მას, პალატა განმარტავს, რომ დაზარალებული ა-–---–--–---–---ე არ არის სპეციალური ცოდნის მქონე პირი, რომელსაც შეუძლია სწორად შეაფასოს თითოეული დეტალი და წარმოდგენილ მტკიცებულები და ამის საფუძველზე მისცეს ქმედებას სამართლებრივი შეფასება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ი-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----------------–---–მა ჩაიდინა, ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ზემოაღნიშნული გარემოებები დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ი-----------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, როგროც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

პალატას ასევე მიაჩნია, რომ ი-----------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უნდა გავრცელდეს 2016 წლის 24 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან თავისუფლდება ის ბრალდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებისათვის არის 70 წლის და თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელზე, როგორც ძირითად სასჯელზე, ასევე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალიწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინა. მე-4 მუხლის თანახმად, ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ი-----------------–---–ი დაბადებულია 1946 წლის 2--------- და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტისთვის - 2016 წლის 24 ივნისს, იგი იყო 70 წლის. ამასთან, ი-----------------–---–ი მსჯავრდებულია 2----–-–----------------ს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო და მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. შესაბამისად, ი-----------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს 2016 წლის 24 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და იგი უნდა გათავისუფლდეს, როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან, ისე ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევისგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი-----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ი-----------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2016 წლის 24 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ი-----------------–---–ი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ერთი ცალი CD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე