განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2018
საქმის ნომერი
330210017001783863
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001783863

საქმე №2ბ/350-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტები- ლ---- გო---–---–ი, ა-–---------- ე-----------ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი -კ----–-- ს------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე- ი----- გო---–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ------ ა-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ი----- გო---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. ლ---- გო---–---–ისა და ა-–---------- ე-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისი, ა------------ხი, N5; 29.2 კვ.მ. ფართი; საკადასტრო კოდი: N01--------------------- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს ი----- გო---–---–ს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე:

ქალაქი თბილისი, ა------------ხი, N5; 29.2 კვ.მ. ფართი; საკადასტრო კოდი:N01--------------------- მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი----- გო---–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი:27/01/2011, ნოტარიუსი ე. შ----–---–ი.

 

2.2. დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქალაქი თბილისი, ა------------ხი, N5 საკადასტრო კოდი:N01--------------------- ფლობს მოპასუხე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები,მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ა------------ხი, N5; 29.2 კვ.მ. ფართი; საკადასტრო კოდი: N01--------------------- მესაკუთრეს წარმოადგენს ი----- გო---–---–ი. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა,რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

2.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ი----- გო---–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ა------------ხი, N5; 29.2 კვ.მ. ფართი; საკადასტრო კოდი: N01--------------------- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა და მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს მოსამზადებელ სხდომაზე და შემდეგ იმსჯელოს მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის საფუძვლიანობაზე. სასამართლომ მოპასუხეს არ მისცა პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

 

3.2. მამკვიდრებელ ვ------ გო---–---–ის მიერ დაწერილი იყო ანდერძი სადავო უძრავ ქონებაზე, თუმცა მოსარჩელემ თაღლითური გზით გადაიფორმა აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრებაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

- მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;

- მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და

- მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე:

ქალაქი თბილისი, ა------------ხი, N5; 29.2 კვ.მ. ფართი; საკადასტრო კოდი: N01--------------------- - მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი----- გო---–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი: 27/01/2011, ნოტარიუსი ე. შ----–---–ი (ტ.1, ს.ფ. 13).

- სადავო უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები.

 

4.2 პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეებს არა აქვთ სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მხრიდან უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, ის უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

 

მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ძირითადად დაფუძნებულია მასზედ, რომ მოსარჩელემ უძრავი ნივთის ადრინდელი მესაკუთრისაგან (აწ გარდაცვლილი ვ------ გო---–---–ისაგან) უკანონოდ შეიძინა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. ამასთან, არც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ყოფილა შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარი და არც უძრავი ქონების მიკუთვნება მოთხოვნილი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

 

მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4.3. სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულია შუამდგომლობა, რომლითაც აპელანტები ითხოვენ მ---–----------–----ის N1 განყოფილებიდან N0----------- სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვას. აპელანტების განმარტებით, აღნიშნული მასალები შეიცავს ინფორმაციას - „აწ გარდაცვლილი ვ------ გო---–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“ (ტ.1, ს.ფ. 96).

 

სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე, 104-ე მუხლებით და ადგენს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გარემოებების დადგენის მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობის სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 2, ს.ფ. 16).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- გო---–---–ის და ა-–---------- ე-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე