განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2018
საქმის ნომერი
330310016001389041
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001389041 (3ბ/248-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--–-------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ-------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ--–-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანების დანართი №1-ის №18 პუნქტი; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის 800 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 3 სექტემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ლ--–-------–-–---–ის (დაბ. 2--------- წ.) ოჯახს, რომელთა წევრებს წარმოადგენენ თავად ლ--–-------–-–---–ი, გ-----------------–---–- (დაბ. 1--------- წ.), ნ-----------------–---–- (დაბ. 1--------- წ.) და ლ--------------–---–- (დაბ. 1--------- წ.), მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო №0-----------. ამონაწერით დგინდება, რომ 2014 წლის 16 თებერვალს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 1 000, ხოლო საარსებო შემწეობის სახით ერიცხებოდა - 204 ლარი.

 

2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა 2015 წლის 29 ოქტომბრის №0------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სააგენტოს დირექტორს და აცნობა, რომ სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორების მიერ, „ოჯახის დეკლარაციებში“ ბენეფიციარი ოჯახის წევრების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დაფიქსირებული მონაცემების მართლზომიერების საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ: 497 შემთხვევაში ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში (ფორმა NIV-100/ა) დაფიქსირებული დასკვნები შეუსაბამობაში მოდიოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 12 ოქტომბრის №01-47/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალთან. შესაბამისად, მოცემული ოჯახების დეკლარაციებში, მათი ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის ასახვა და შემდგომში სარეიტინგო ქულების დადგენა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით (დანართი №1, დანართი №2). აღნიშნული ოჯახების მიმართ განხორციელდა საარსებო (ფულადი) შემწეობის დარიცხვის შეჩერება. აღნიშნულის გათვალისწინებით კონტროლის დეპარტამენტმა ითხოვა შესაბამისი რეაგირება.

 

2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-3 პუნქტის, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №0------- მოხსენებითი ბარათის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან, წინამდებარე ბრძანების დანართი №1-ში დაფიქსირებულ ოჯახებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ და ამ „ოჯახების დეკლარაციების“ შევსების შემდგომ პერიოდში შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ (არსებობის შემთხვევაში). დანართი №1-ის №18 პუნქტად მითითებულ ოჯახს წარმოადგენს საიდენტიფიკაციო ნომრით - 0-----------, დეკლარაციის შევსების თარიღი - 3/9/2013, რომლის ამჟამინდელი სარეიტინგო ქულაა - 1 000. აღნიშნული ბრძანების თანახმად, აღდგა წინამდებარე ბრძანების დანართ №1-ში დაფიქსირებულ ოჯახებზე ბათილად ცნობილ „ოჯახის დეკლარაციებამდე“ არსებული მდგომარეობა; ბათილად იქნა ცნობილი, მისი ბათილად ცნობის დღიდან, ამ ბრძანების დანართ №2-ში დაფიქსირებულ ოჯახებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების მიერ „ოჯახის დეკლარაციებში“ მონაცემების კორექტირების შესახებ მიღებული ბრძანებები და ამ ბრძანების მიღების შემდგომ პერიოდში შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ (არსებობის შემთხვევაში); შეწყვეტილად ჩაითვალა წინამდებარე ბრძანების დანართებში (№1, №2, №3) დაფიქსირებულ ოჯახებზე ფულადი სახის სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა, საარსებო შემწეობის შეჩერების თვიდან. ამავე ბრძანებით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ განეხორციელებინათ წინამდებარე ბრძანების დანართ №1-ში დაფიქსირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება. ასევე, გადამოწმებული ოჯახებისთვის, მინიჭებულ სარეიტინგო ქულათა ოდენობიდან გამომდინარე ფულადი სახის სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დანიშვნა-გაცემა განხორციელებულიყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

2.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ--–----ს რაიონული განყოფილების 2015 წლის 11 ნოემბრის №0------------ წერილით ლ--–-------–-–---–ს ეცნობა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შევსებული „ოჯახის დეკლარაცია“ (ს/კ: 0----------- შევსების თარიღი: 17.01.2014 წ.) და აღდგენილი იქნა ბათილად ცნობილ „ოჯახის დეკლარაციამდე“ არსებული მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, შეწყვეტილი იყო ფულადი სახის სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა, საარსებო შემწეობის შეჩერების თვიდან.

 

2.5. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 7 ივნისს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ლ--–-------–-–---–ის (დაბ. 2--------- წ.) ოჯახს, რომელთა წევრებს წარმოადგენენ თავად მოსარჩელე, ნ-----------------–---–- (დაბ. 1--------- წ.) და ლ--------------–---–- (დაბ. 1--------- წ.), 2015 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 34 280. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ ოჯახს საარსებო შემწეობა 2015 წლის მონაცემებით ჩაერიცხა 01.08.2015 წელს 204 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 თებერვლიდან ერიცხება 160 ლარი. ამონაწერით დგინდება, რომ ოჯახს საარსებო შემწეობა არ დარიცხვია 01.08.2015 წლის დარიცხვის შემდგომ 01.02.2016 წლამდე პერიოდში.

 

2.6. 2016 წლის 26 თებერვალს ლ--–-------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახისთვის 5 თვის განმავლობაში შეჩერებული სოციალური დახმარების ანაზღაურება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 7 აპრილის №0------- წერილით ლ--–-------–-–---–ს განემარტა, რომ მის ოჯახს შეეხო სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან ზოგიერთ ოჯახზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ და ამ „ოჯახის დეკლარაციების“ შევსების შემდგომ პერიოდში შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეწყვეტილად ჩაითვალა ბრძანებით განსაზღვრული ოჯახებისთვის ფულადი სახის სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) მისი შეჩერების თვიდან. წერილით ასევე ეცნობა, რომ ამ ბრძანების თანახმად, 2015 წლის 25 ნოემბერს განხორციელდა განმცხადებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და 2015 წლის 25 დეკემბერს განისაზღვრა სარეიტინგო ქულა (34 280 ერთეული), რომლის მიხედვითაც ოჯახი გახდა საარსებო შემწეობის მიმღები 2016 წლის თებერვლიდან. ამავე წერილით განმცხადებელს უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებაზე.

 

2.7. 2016 წლის 25 აპრილს ლ--–--------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა განაცდური თვეების საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის №0------- წერილით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ არ ეთანხმებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 7 აპრილის №0------- გადაწყვეტილებას, რითაც უარი ეთქვა წინა პერიოდის მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა სასარჩელო განცხადებით მიემართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქალაქო სასამართლომ იმსჯელა, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი შემწეობის 800 ლარის (160X5=800) ანაზღაურება.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. იმავე კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. იმავე მუხლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. ამასთან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში - ღატაკი ოჯახი). იმავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი; ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე - განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე - განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 3 სექტემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ლ--–-------–-–---–ის ოჯახს (საიდენტიფიკაციო №0-----------) 2014 წლის 16 თებერვალს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 1 000, ხოლო საარსებო შემწეობის სახით ერიცხებოდა 204 ლარი. იმავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ასევე „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ოჯახს მხოლოდ ზემოაღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლით შეიძლება შეუწყდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო ბრძანებით შემწეობის გაცემა, მათ შორის მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახს შეუწყდა ოჯახის გადამოწმების მიზნით შევსებული დეკლარაციის შევსების დროს არსებული ცალკეული შეუსაბამობების გამო და ისე, რომ ზემოაღნიშნული არცერთი პირობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მითითებული არ ყოფილა. კერძოდ, სადავო აქტში არ არის მითითებული ის კონკრეტული საფუძველი, თუ რის გამო შეუჩერდა და შემდგომში შეუწყდა მოსარჩელე მხარეს საარსებო შემწეობის დარიცხვა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახს განმეორებით, 2015 წლის 25 ნოემბერს შემოწმების შედეგად დაუდგინდა ქულათა ის რაოდენობა, რომელიც ოჯახის შესაბამის ბაზაში რეგისტრაციას ითვალისწინებს. კერძოდ, ლ--–-------–-–---–ის ოჯახს 2015 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 34 280, რომლის საფუძველზეც, 2016 წლის 1 თებერვლიდან ერიცხება 160 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს ხელახალი გადამოწმების შედეგად აღუდგა საარსებო შემწეობის დარიცხვა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ოჯახის დეკლარაციებში“ ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ასახვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, რამაც მათი ბათილად ცნობა გამოიწვია, არ იყო განპირობებული ლ--–-------–-–---–ის ან მისი ოჯახის წევრის მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებით. მოცემულ შემთხვევაში „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების გამართულობაზე პასუხისმგებელი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახის განმეორებითი შემოწმების საფუძველზე მისთვის შესაბამის ბაზაში დასარეგისტრირებლად საკმარისი სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მიხედვით ვალდებული იყო მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახისათვის აღედგინა საარსებო შემწეობის გაცემა შეჩერების - მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის სექტემბრის თვიდან, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან არ განხორციელებულა.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანება დანართი №1-ის №18 პუნქტის ნაწილში უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

2.12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი შემწეობის - 800 ლარის (160X5=800) ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 7 ივნისს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელის ოჯახს საარსებო შემწეობა 2015 წლის მონაცემებით ჩაერიცხა 01.08.2015 წელს 204 ლარის ოდენობით. ამონაწერით ასევე დგინდება, რომ ოჯახს საარსებო შემწეობა არ დარიცხვია 01.08.2015 წლის დარიცხვის შემდგომ 01.02.2016 წლამდე. 2016 წლის 26 თებერვალს ლ--–-------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახისთვის 5 თვის განმავლობაში შეჩერებული სოციალური დახმარების ანაზღაურება, თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 7 აპრილის №0------- წერილით უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის 800 ლარის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.3 მიუთითა, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შესაბამისი შესწავლა-შეფასება არამართლზომიერად.

 

3.2. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ საქართველოს შრომი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვმდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

 

3.3. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან, ზოგიერთ ოჯახზე კაონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შევსებული ოჯახის დეკლარაციები და ამ ოჯახის დეკლარაციების შევსების შემდგომ შევსებული ოჯახის დეკლარაციები. აგრეთვე შეწყვეტილად ჩაითვალა ბრძანებით განსაზღვრული ოჯახებისათვის ფულადი სახის სოციალური დახმარება მისი შეჩერების დღიდან. №--------- ბრძანების თანახმად, 2015 წლის 25 ნოემბერს ოჯახი გადამოწმდა შეივსო ახალი დეკლარაცია ხოლო სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 2015 წლის 25 დეკემბერს მინიჭებული სარეიტინგო ქულის (34280) შესაბამისად, ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლეა 2016 წლის თებერვლიდან, ხოლო განაცდური თვეების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ზემოაღნიშნული ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ლ--–-------–-–---–ის ოჯახს 2016 წლის თებერვლიდან ერიცხება საარსებო შემწეობა სამ წევრზე 50*3+10=160 ლარის ოდენობით.

 

3.4. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს“. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, სარეიტინგო ქულა 34280 ერთეული ეყრდნობოდა ოჯახის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის 3/4232-16 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ--–-------–-–---–ის სარჩელი, და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის სექტემბრის თვიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების ანაზღაურება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 3 სექტემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ლ--–-------–-–---–ის (დაბ. 2--------- წ.) ოჯახს, რომელთა წევრებს წარმოადგენენ თავად ლ--–-------–-–---–ი, გ-----------------–---–- (დაბ. 1--------- წ.), ნ-----------------–---–- (დაბ. 1--------- წ.) და ლ--------------–---–- (დაბ. 1--------- წ.), მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო №0-----------. ამონაწერით დგინდება, რომ 2014 წლის 16 თებერვალს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 1 000, ხოლო საარსებო შემწეობის სახით ერიცხებოდა - 204 ლარი.

 

4.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა 2015 წლის 29 ოქტომბრის №0------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სააგენტოს დირექტორს და აცნობა, რომ სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორების მიერ, „ოჯახის დეკლარაციებში“ ბენეფიციარი ოჯახის წევრების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დაფიქსირებული მონაცემების მართლზომიერების საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ: 497 შემთხვევაში ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში (ფორმა NIV-100/ა) დაფიქსირებული დასკვნები შეუსაბამობაში მოდიოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 12 ოქტომბრის №01-47/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალთან. შესაბამისად, მოცემული ოჯახების დეკლარაციებში, მათი ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის ასახვა და შემდგომში სარეიტინგო ქულების დადგენა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით (დანართი №1, დანართი №2). აღნიშნული ოჯახების მიმართ განხორციელდა საარსებო (ფულადი) შემწეობის დარიცხვის შეჩერება. აღნიშნულის გათვალისწინებით კონტროლის დეპარტამენტმა ითხოვა შესაბამისი რეაგირება.

 

4.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-3 პუნქტის, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №0------- მოხსენებითი ბარათის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან, წინამდებარე ბრძანების დანართი №1-ში დაფიქსირებულ ოჯახებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ და ამ „ოჯახების დეკლარაციების“ შევსების შემდგომ პერიოდში შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ (არსებობის შემთხვევაში). დანართი №1-ის №18 პუნქტად მითითებულ ოჯახს წარმოადგენს საიდენტიფიკაციო ნომრით - 0-----------, დეკლარაციის შევსების თარიღი - 3/9/2013, რომლის ამჟამინდელი სარეიტინგო ქულაა - 1 000. აღნიშნული ბრძანების თანახმად, აღდგა წინამდებარე ბრძანების დანართ №1-ში დაფიქსირებულ ოჯახებზე ბათილად ცნობილ „ოჯახის დეკლარაციებამდე“ არსებული მდგომარეობა; ბათილად იქნა ცნობილი, მისი ბათილად ცნობის დღიდან, ამ ბრძანების დანართ №2-ში დაფიქსირებულ ოჯახებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების მიერ „ოჯახის დეკლარაციებში“ მონაცემების კორექტირების შესახებ მიღებული ბრძანებები და ამ ბრძანების მიღების შემდგომ პერიოდში შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ (არსებობის შემთხვევაში); შეწყვეტილად ჩაითვალა წინამდებარე ბრძანების დანართებში (№1, №2, №3) დაფიქსირებულ ოჯახებზე ფულადი სახის სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა, საარსებო შემწეობის შეჩერების თვიდან. ამავე ბრძანებით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ განეხორციელებინათ წინამდებარე ბრძანების დანართ №1-ში დაფიქსირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება. ასევე, გადამოწმებული ოჯახებისთვის, მინიჭებულ სარეიტინგო ქულათა ოდენობიდან გამომდინარე ფულადი სახის სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დანიშვნა-გაცემა განხორციელებულიყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ--–----ს რაიონული განყოფილების 2015 წლის 11 ნოემბრის №0------------ წერილით ლ--–-------–-–---–ს ეცნობა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შევსებული „ოჯახის დეკლარაცია“ (ს/კ: 0----------- შევსების თარიღი: 17.01.2014 წ.) და აღდგენილი იქნა ბათილად ცნობილ „ოჯახის დეკლარაციამდე“ არსებული მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, შეწყვეტილი იყო ფულადი სახის სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა, საარსებო შემწეობის შეჩერების თვიდან.

 

4.6. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 7 ივნისს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ლ--–-------–-–---–ის (დაბ. 2--------- წ.) ოჯახს, რომელთა წევრებს წარმოადგენენ თავად მოსარჩელე, ნ-----------------–---–- (დაბ. 1--------- წ.) და ლ--------------–---–- (დაბ. 1--------- წ.), 2015 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 34 280. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ ოჯახს საარსებო შემწეობა 2015 წლის მონაცემებით ჩაერიცხა 01.08.2015 წელს 204 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 თებერვლიდან ერიცხება 160 ლარი. ამონაწერით დგინდება, რომ ოჯახს საარსებო შემწეობა არ დარიცხვია 01.08.2015 წლის დარიცხვის შემდგომ 01.02.2016 წლამდე პერიოდში.

 

4.7. 2016 წლის 26 თებერვალს ლ--–-------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახისთვის 5 თვის განმავლობაში შეჩერებული სოციალური დახმარების ანაზღაურება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 7 აპრილის №0------- წერილით ლ--–-------–-–---–ს განემარტა, რომ მის ოჯახს შეეხო სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან ზოგიერთ ოჯახზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ და ამ „ოჯახის დეკლარაციების“ შევსების შემდგომ პერიოდში შევსებული „ოჯახის დეკლარაციები“ (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეწყვეტილად ჩაითვალა ბრძანებით განსაზღვრული ოჯახებისთვის ფულადი სახის სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) მისი შეჩერების თვიდან. წერილით ასევე ეცნობა, რომ ამ ბრძანების თანახმად, 2015 წლის 25 ნოემბერს განხორციელდა განმცხადებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და 2015 წლის 25 დეკემბერს განისაზღვრა სარეიტინგო ქულა (34 280 ერთეული), რომლის მიხედვითაც ოჯახი გახდა საარსებო შემწეობის მიმღები 2016 წლის თებერვლიდან. ამავე წერილით განმცხადებელს უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებაზე.

 

4.8. 2016 წლის 25 აპრილს ლ--–--------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა განაცდური თვეების საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის №0------- წერილით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ არ ეთანხმებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 7 აპრილის №0------- გადაწყვეტილებას, რითაც უარი ეთქვა წინა პერიოდის მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ანაზღაურებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა სასარჩელო განცხადებით მიემართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.9. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველი.

 

4.13. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. იმავე კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. იმავე მუხლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. ამასთან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში - ღატაკი ოჯახი). იმავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე: ა) საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი; ბ) ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე - განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე - განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 3 სექტემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ლ--–-------–-–---–ის ოჯახს (საიდენტიფიკაციო №0-----------) 2014 წლის 16 თებერვალს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 1 000, ხოლო საარსებო შემწეობის სახით ერიცხებოდა 204 ლარი. იმავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამრიგად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ოჯახს მხოლოდ ზემოაღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლით შეიძლება შეუწყდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო ბრძანებით შემწეობის გაცემა, მათ შორის მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახს შეუწყდა ოჯახის გადამოწმების მიზნით შევსებული დეკლარაციის შევსების დროს არსებული ცალკეული შეუსაბამობების გამო და ისე, რომ ზემოაღნიშნული არცერთი პირობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მითითებული არ ყოფილა. კერძოდ, სადავო აქტში არ არის მითითებული ის კონკრეტული საფუძველი, თუ რის გამო შეუჩერდა და შემდგომში შეუწყდა მოსარჩელე მხარეს საარსებო შემწეობის დარიცხვა. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახს განმეორებით, 2015 წლის 25 ნოემბერს შემოწმების შედეგად დაუდგინდა ქულათა ის რაოდენობა, რომელიც ოჯახის შესაბამის ბაზაში რეგისტრაციას ითვალისწინებს. კერძოდ, ლ--–-------–-–---–ის ოჯახს 2015 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 34 280, რომლის საფუძველზეც, 2016 წლის 1 თებერვლიდან ერიცხება 160 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს ხელახალი გადამოწმების შედეგად აღუდგა საარსებო შემწეობის დარიცხვა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ოჯახის დეკლარაციებში“ ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ასახვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, რამაც მათი ბათილად ცნობა გამოიწვია, არ იყო განპირობებული ლ--–-------–-–---–ის ან მისი ოჯახის წევრის მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებით. მოცემულ შემთხვევაში „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების გამართულობაზე პასუხისმგებელი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახის განმეორებითი შემოწმების საფუძველზე მისთვის შესაბამის ბაზაში დასარეგისტრირებლად საკმარისი სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მიხედვით ვალდებული იყო მოსარჩელე ლ--–-------–-–---–ის ოჯახისათვის აღედგინა საარსებო შემწეობის გაცემა შეჩერების - მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის სექტემბრის თვიდან, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №--------- ბრძანება დანართი №1-ის №18 პუნქტის ნაწილში უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

4.15. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი შემწეობის - 800 ლარის (160X5=800) ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 7 ივნისს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელის ოჯახს საარსებო შემწეობა 2015 წლის მონაცემებით ჩაერიცხა 01.08.2015 წელს 204 ლარის ოდენობით. ამონაწერით ასევე დგინდება, რომ ოჯახს საარსებო შემწეობა არ დარიცხვია 01.08.2015 წლის დარიცხვის შემდგომ 01.02.2016 წლამდე. 2016 წლის 26 თებერვალს ლ--–-------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახისთვის 5 თვის განმავლობაში შეჩერებული სოციალური დახმარების ანაზღაურება, თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 7 აპრილის №0------- წერილით უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ამ შემთხვევაშიც სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის 800 ლარის ანაზღაურება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე