განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2018
საქმის ნომერი
330210016001451162
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001451162

საქმე №2ბ/207-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი: შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ი“

წარმომადგენელი - უჩ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - თა----------–---–ი

წარმომადგენელი - დე----------–-–---–ი

 

თავდაპირველი მოპასუხეები: მი----–------–---–ი, ნა--------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში გაუქმება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათილად იქნა ცნობილი თა----------–---–ის კანონიერ წარმომადგენლებს მი----–------–---–ს და ნა--------–---–ს და შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ს“ შორის 2015 წლის 13 თებერვლის №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში; გაუქმდა ნოტარიუს ბა-----–-----–-ას მიერ 2016 წლის 5 სექტემბერს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის საგნის, თა----------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ცა------–ის ქუჩა №--, საოფისე ფართი №-, 69,75 კვ.მ ს/კ №0------------------------- რეალიზაციის დადგენის ნაწილში, სადაც კრედიტორს წარმოადგენს შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ი“, ხოლო მოვალეს მი----–------–---–ი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 13 თებერვალს გამსესხებელს შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ს“, მსესხებელს მი----–------–---–ს და უძრავი ქონების მესაკუთრეს - თა----------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მი----–------–---–მა მიიღო სესხი 20000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, თვეში 2,5% სარგებლის დარიცხვით. ხოლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

სასამართლო დაეყრდნო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას;

 

2.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ცა------–ის ქუჩა №---ში მდებარე 69.75 კვ.მ. ფართობის საოფისე ფართი №-. საკადასტრო კოდი №0-------------------------; უძრავი ქონების მესაკუთრეა თა----------–---–ი, რომელსაც აღნიშნული ქონება მიღებული აქვს 2011 წლის 22 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2.3. მი----–------–---–ი და ნა--------–---–ი არიან თა----------–---–ის მშობლები. ხელშეკრულების დადების დროს თა----------–---–ი იყო არასრულწლოვანი და წარმოდგენილი იყო მისი მშობლების სახით: დედა - ნა--------–---–ი, მამა - მი----–------–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

- დაბადების მოწმობა ნ--------.

 

2.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს ბა-----–-----–-ას მიერ 2016 წლის 31 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენს შპს „მი----------------------------–-------------------–----------------ი“, მოვალე - თა----------–---–ი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მდებარე თბილისი, ცა------–ის ქუჩა №--, საოფისე ფართი №-. ფართობით 69.75 კვ.მ. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია კერძო აღმასრულებელთან აღსასრულებლად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.08.2016 წლის სააღსრულებო ფურცელი;

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 26.09.2016 წლის წერილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.

 

სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად.

 

პირის შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება, გამოიყენოს ზემოთდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის გამიზნული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება. ზემოაღნიშნული შესაძლებლობა, კერძოდ, პირის უნარი, იქონიოს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო ვალდებულებები, უკავშირდება უფლებაუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები - ქმედუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი).

 

არასრულწლოვანი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ითვლება სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ. მას არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების მიზნით, განახორციელოს ნებელობითი აქტივობა გარიგების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით და ამგვარი ნების გამოვლენით შეიბოჭოს თავი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებებით. სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნის სამართლებრივ სტატუსს იურიდიული შინაარსის მიხედვით ორ კატეგორიად განიხილავს. კერძოდ, 0-7 წლამდე (მცირეწლოვნი), რომელსაც ტოტალური ქმედუუნაროს სტატუსი გააჩნია და 7-18 წლამდე - (არასრულწლოვანი), რომელიც სარგებლობს ქმედუნარიანობის შეზღუდული ფარგლებით. პირველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი მცირეწლოვნის მიერ ნების გამოვლენას უპირობოდ ბათილ გარიგებად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა არასრულწლოვანი პირი სამართლებრივ სიკეთეს, ან არსებობს თუ არა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მცირეწლოვნის მხრიდან ნების გამოვლენა ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ მცირეწლოვანის ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება შეზღუდული ქმედუნარიანის მიერ ნების გამოვლენას, სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლი ასეთ გარიგებებს საცილო გარიგებათა რიცხვს მიაკუთვნებს, სადაც ნების გამოვლენის იურიდიული მნიშვნელობა ორ ალტერნატიულ სავალდებულო პირობაზეა დამოკიდებული: იღებს თუ არა არასრულწლოვანი პირი სარგებელს, ან არსებობს თუ არა არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მოწონება (თანხმობა) გარიგების თაობაზე. თუმცა, 7-18 წლამდე არასრულწლოვანი პირისათვის ნების გამოვლენის შეზღუდულად მინიჭება არ გამორიცხავს მისი კანონიერი წარმომადგენლის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაამყაროს სამართლებრივი ურთიერთობა არასრულწლოვნის სახელით, მისივე აქტივების გამოყენებით.

 

სადავო გარიგების დადების დროს არასრულწლოვან თა----------–---–ის სახელით გარიგება დადეს მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა და ასეთი ტიპის გარიგებების დადების დროს დასადგენია, გარიგების დადება შეესაბამება თუ არა არასრულწლოვანის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.

 

აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ, ბავშვის ქონების მართვისა და გამოყენების დროს იმოქმედოს მხოლოდ მისივე ინტერესების შესაბამისად. აღნიშნული ნორმა მშობელს უზღუდავს შვილების სახელით ნებისმიერი საფუძვლით გარიგების დადების შესაძლებლობას. გარიგების დადების ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მშობლებს ბავშვების ქონებასთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს. ქონების მართვა და გამოყენება, არც სიტყვასიტყვითი და არც ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად, განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს მასზედ, რომ მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გამოდიან, ნიშნავს იმას, რომ მშობელი ბავშვის სახელით მხოლოდ და მხოლოდ ისეთ გარიგებებს დებს, რომლებიც ბავშვის ნებას შეესაბამება და ამასთან, აღნიშნული გარიგება ბავშვის ინტერესებშია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მშობლების მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვის ნების შესაბამისად. რაც შეეხება ბავშვის ინტერესს, არასრულწლოვნის ინტერესის განსაზღვრის დროს მშობლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რიგ შემთხვევებში ერთპიროვნულია და მისი სუბიექტურ დამოკიდებულებას უკავშირდება. შესაბამისად, არასრულწლოვნის ქონების განკარგვის შესახებ ნებისმიერი გარიგების დადების დროს მისი დასაბუთებული ინტერესი უნდა წარმოადგენდეს და მშობლის უფლება - განკარგოს ასეთი პირის ქონება, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გულმოდგინე განხილვის შემდეგ. არასრულწლოვნის კეთილდღეობაზე და მომავალზე ზრუნვა უნდა იყოს უპირატესი გარიგების დადების დროს და განპირობებული უნდა იყოს ბავშვის როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების მიღება და ა.შ.).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის ნამდვილი ინტერესი არ იყო სახეზე, ცალსახა იყო, რომ არასრულწლოვნის მშობლებმა (კანონიერმა წარმომადგენლებმა) დაარღვიეს შვილის ქონებრივი უფლებები, მათი უფლება ამ ნაწილში ქონების მართვითა და და გამოყენებით შემოიფარგლებოდა, სინამდვილეში კი მათ იპოთეკით დატვირთეს ქონება, რამაც მისი იძულებით რეალიზებისა და მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვის საფრთხე შექმნა. ბავშვის ქონების დაკარგვის საფრთხის არსებობა კი იმთავითვე ბავშვის ინტერესების საზიანოა. ამდენად, მშობლების მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად არასრულწლოვანი ბავშვის ქონების იპოთეკით დატვირთვა ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგო გარიგებაა. ამ კონკრეტულ საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვანის მამის მიერ სესხის მიღების მიზანი იყო არასრულწლოვანის კუთვნილ იპოთეკით დატვირთულ კომერციულ ფართში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რაც ვერ განხორციელდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მშობლის მიერ აღებული სესხის უზრუნველყსაყოფად, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო 17 წლის არასრულწლოვანის ნების შესაბამისად. რაც შეეხება ბავშვის ინტერესს, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო ბავშვის ნამდვილი ინტერესი, რადგან ბიზნესის დასაწყებად სესხის აღება, თუნდაც ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ბავშვის ნამდვილ ეკონომიკურ ინტერესს არ შეესატყვისებოდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ სესხად აღებული თანხებით ბიზნესის წარმოება ვერ მოხერხდა. ბავშვის ქონების დაკარგვის საფრთხის არსებობა კი იმთავითვე ბავშვის ინტერესების საზიანოა.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა

ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს:

 

(ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს;

 

(ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა

იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული);

 

(გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.

 

„ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან.

 

ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაღა თქმა უნდა, არაპირდაპირ, თუმცა, მაინც, ბავშვის ინტერესებშია, თუმცა, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბავშვის ქონებაზე რისკის გაწევა, მით უფრო, თუ რისკი გაუთვლელი და დაუზღვეველია, ბავშვის ინტერესების საზიანო შედეგის მომტანია.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში. ქონების განკარგვა, მათ შორის, ქონების გასხვისება, ბავშვის პირდაპირ ინტერესს შეესაბამება, თუ ბავშვის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება ბავშვის ისეთ მაღალ ინტერესს შეესატყვისება, როგორიცაა, მისი ჯანმრთელობა, განათლება, უსაფრთხოება და ა. შ. ამდენად, ბავშვის ქონების განკარგვა ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, თუ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება, ბავშვის სათანადო განათლებას, მის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს, ბავშვის ნორმალურ განვითარებას ემსახურება და ა. შ. მითითებული მიზნის განხორციელების გარანტი კი, ზემოაღნიშნული კონვენციის შესაბამისად, სახელმწიფოა. სწორედ სახელმწიფოა ვალდებული შექმნას იმგვარი საკანონმდებლო ბერკეტი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის ქონების განკარგვა სპეციალურ, საამისოდ კომპეტენტური ორგანოების ნებართვას საჭიროებს, ხოლო ბავშვის ინტერესის გონივრული შეფასება მათ ზედამხედველობას ექვემდებარება. ამ მიმართებით, საინტერესოა, ის საკანონმდებლო რეგულაცია, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ბავშვის ქონებაზე გარიგების დადება, რა დროსაც, გამოკვეთილი არ არის ბავშვის უპირატესი ინტერესი, არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს მასზედ, რომ მშობლების მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, შესაბამისად, სადავო გარიგება, როგორც ბავშვის ინტერესების საზიანო და ამგვარად, კანონსაწინააღმდეგო, ბათილია.

 

2.6. სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნაწილში არის ბათილი. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ბათილი გარიგების საფუძველზე მოვალე მი----–------–---–ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად არის მითითებულია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო გამსესხებელს შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ს“, მსესხებელ მი----–------–---–სა და მესაკუთრის თა----------–---–ის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც წარმოადგენდნენ მშობლები.

 

აღნიშნული მითითება არ შეესაბამება სიმართლეს შემდეგ გარემოებათა გამო: სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პრეამბულაში ნათლად გაწერილია სამართალურთიერთობის მხარეები, კერძოდ, გამსესხებელი, მსესხებელი და მესაკუთრე თა----------–---–ი. ამავე ხელშეკრულებას ხელს აწერს მესაკუთრე როგორც გარიგების მხარე და მშობლები, როგორც არასრულწლოვნის ნების გამოხატვის ნამდვილობის დამდასტურებლები. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს კანონიერი წარმომადგენლების სახელით დადებული გარიგება, კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით დადებული გარიგებისგან.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზე არის, გარიგება რომელიც დაიდო გამსესხებელს, მსესხებელსა და უშუალოდ მესაკუთრეს შორის. იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე ხელშეკრულების გაფორმებისას იყო 17 წლის და მას გააჩნდა უნარი და უფლება თავად გამოეხატა ნება. რაც შეეხება კანონიერ წარმომადგენლებს, რაც საქმის მასალებიდანაც ნათლად ჩანს, აღნიშნულ გარიგებაში და სანოტარო მოქმედებაში ისინი მონაწილეობდნენ მხოლოდ ნების ნამდვილობის დამდასტურებლები და სანოტარო მოქმედების დამსწრე პირები.

 

3.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განსახილველ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. უძრავი ქონების მესაკუთრე, თა----------–---–მა 2016 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ლაკერბაიას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც მოსამართლემ 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის საუბარი იმ მოსაზრებების საწინააღმდეგო დასაბუთებაზე, რომელზეც მოპასუხე მხარემ გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მოსარჩელის მიერ უშუალოდ და არა წარმომადგენლის მეშვეობით. გადაწყვეტილების დასაბუთება შემოფარგლულია მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებით, წარმომადგენელთა კეთილსინდისიერებაზე მსჯელობით და საერთოდ იგნორირებულია იმ ფაქტის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელშეკრულება არ დადებულა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებას ხელს აწერს უშუალოდ მოსარჩელე - თა----------–---–ი. ასევე, ხელშეკრულების პრეამბულაში ნათლად არის მითითებული, რომ ხელშეკრულების მხარე არის უშუალოდ თა----------–---–ი.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ზეპირი სხდომების დროს მთავარი სადავო საკითხი სწორედ ეს იყო, რასაც ადასტურებს სხდომის ოქმები. სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი აღნიშნული პრინციპული საკითხი სრულად იგნორირებულია, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 1198-ე 1198-ე პრიმა და 1199-ე მუხლებით. საჩვრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან გამოყენებულ იქნა მხოლოდ ზოგადი მუხლები, რომლებიც მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არამართლზომიერი იყო. მნიშვნელოვანია თითოეული საქმე განხილული იყოს ინდივიდუალურად და განვასხვაოთ 1198 და 1198-ე პრიმა მუხლების დანაწესი იმ ფაქტობრივი გარემოებებისგან, რომელიც მოცემულ საქმეში გვაქვს. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა ის ნორმები, რომელიც უნდა გამოეყენებინა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სსკ-ის 1198-ე მუხლის მიხედვით მართალია, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში, თუმცა სასამართლოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში საქმე გვქონდა არა კანონიერი წარმომადგენლების სახელით დადებულ გარიგებასთან არამედ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით დადებულ გარიგებასთან, სადაც ხელშეკრულების მხარეს უშუალოდ 17 წლის არასრულწლოვანი, უძრავი ქონების მესაკუთრე წარმოადგენდა. შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება გაუგებარია იმ პირობებში, როდესაც გარიგება არ დადებულა აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში.შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია სასამართლოს მხრიდან მართებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლის გამოყენება.

 

აპელანტი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლის მიხედვით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს. ვინაიდან გარიგება სწორედ აღნიშნული მუხლის შესაბამისად დაიდო, სასამართლოს სწორედ ამ მუხლთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა და იმგვარად მიეღო გადაწყვეტილება. მოცემული მუხლი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ გარიგების ნამდვილობის ორ შემთხვევას ადგენს: 1) პირი იღებს სარგებელს (ცხადია აქ იგულისხმება უფლებრივი სარგებელი); 2) პირი არ იღებს უფლებრივ სარგებელს, მაგრამ მისი კანონიერი წარმომადგენლები აცხადებენ თანხმობას აღნიშნული გარიგების დადებაზე. აღნიშნული ნორმის სხვაგვარი განმარტება შეუძლებელია. სასამართლოზე ასევე წარდგენილ იქნა ნორმის ერთ-ერთი ავტორის, ბესარიონ ზოიძის განმარტება, რომლის მიხედვით - „თანხმობა წარმოადგენს მიღებასავალდებულო, ფორმით თავისუფალი ნების გამოვლენას, რომელიც მის მიღებამდე უკან შეიძლება იქნეს გამოხმობილი. კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ან გარიგების მეორე მხარის წინაშე წინასწარ ან გარიგების დადებისას გამოხატოს თავისი ნება. თანხმობის გამოხატვა შეიძლება კონკლუდენტური მოქმედებითაც, მე-15 მუხლის საფუძველზე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით დადებული გარიგება უნდა განვასხვაოთ იმ გარიგებებისგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი დებს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის სახელით. ეს პირი საკუთარი სახელით დებს გარიგებას, მაშინ როცა კანონიერი წარმომადგენელი მოქმედებს სხვისი სახელით. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება დაიდოს ისეთი გარიგებები, რომლებიც შეიძლება არ იყოს უფლებრივად სარგებლიანი.“

 

შესაბამისად, სასამართლოს მთლიანი მსჯელობა გარიგების არასრულწლოვნისთვის სარგებლიანობაზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რადგან არასრულწლოვნის მიერ უშუალოდ დადებული გარიგების ნამდვილობის შეფასებისათვის სასამართლოს არ უნდა ემსჯელა გარიგების სარგებლიანობაზე, რამდენადაც აღნიშნული არ წარმოადგენს გარიგების ნამდვილობის წინაპირობას.

 

ამასთან, აპელანტი მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი უფლებამოსილია გარიგება, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით (კერძო ან საჯარო აქტის ფორმით), დადოს პირადად (უშუალოდ) კანონისმიერი წარმომადგენლის თანხმობით. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს სანოტარო მოქმედებების შესრულებისას კანონისმიერი წარმომადგენლის უშუალოდ დასწრებით, ან სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარმოდგენის გზით. დასწრების ფაქტი აღინიშნება სანოტარო აქტში და თანხმობის დასტურად აქტს ხელს აწერს არასრულწლოვნის კანონისმიერი წარმომადგენელიც. როგორც სანოტარო მოქმედების დამსწრე პირი. შედეგად, არასრულწლოვან მესაკუთრეს სანოტარო მოქმედების შესრულებამდე განემარტება მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგისა და სანოტარო მოქმედების შინაარსის შესახებ. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას. აღნიშნული გაწერილია სანოტარო აქტშიც. შესაბამისად საფუძველს მოკლებულია იმაზე აპელირება, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა გააზრებული მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის შესახებ.

 

3.5. სამოქლაქო კოდექსის 1198-ე პრიმა და 1199-ე მუხლები, სადაც გაწერილია მშობლების ვალდებულება არასრულწლოვნის ინტერების დაცვაზე, გამსესხებლის მიმართ არარელევანტურია, რადგან აღნიშნული მუხლები აწესრიგებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხრციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით, გარიგების მიზნობრიობის შემოწმება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხოლოდ უფლებაა და არა ვალდებულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგ/ი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 13.02.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მსესხებელ მ----–------–---–ს, მესაკუთრე - თა----------–---–სა და გამსესხებელ შპს „მ-----------------------------–-----------------–---------------ს“ შორის, სესხის თანხა განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარი, 18 თვით, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვით.

 

4.2. სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა თა----------–---–ის კუთვნილი საოფისე ფართი №- (მშენებარე) 69.75 კვ.მ., მდებარე: თბილისში, ცა------–ის ქ. №--. უძრავ ქონებაზე თა----------–---–ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ჩუქების ხელშეკრულება

 

4.3. 13.02.2015წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში 28.01.1998წ. დაბადებული თა----------–---–ი იყო 17 წლის და 1 თვის შესაბამისად, სანოტარო აქტის გაფორმებას ესწრებოდა და ნება გამოხატა როგორც თავად არასრულწლოვანმა თა----------–---–მა, ისე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ - ნა--------–---–მა და მამამ მი----–------–---–მა (ტ. І, ს.ფ. 32-38).

 

4.4. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა ხელშეკრულება და მისი დანართები. მხარეებმა წაიკითხეს ხელშეკრულება დანართებითურთ და ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.

 

4.5. 31.08.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს ბა-----–-----–-ას მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენს შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ი“, მოვალე - თა----------–---–ი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მდებარე თბილისი, ცა------–ის ქუჩა №--, საოფისე ფართი №-. ფართობით 69.75 კვ.მ. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია კერძო აღმასრულებელთან აღსასრულებლად.

 

ბავშვის ქონებაზე გარიგების დადება, რა დროსაც გამოკვეთილი არ არის ბავშვის უპირატესი ინტერესი, არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს მასზედ, რომ მშობლების მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. ბავშვის ინტერესების საზიანო და ამგვარად, კანონსაწინააღმდეგო გარიგება ბათილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია სარჩელის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შესაფასებლად უნდა დადგინდეს: დაიდო თუ არა სადავო იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელის მშობლების მიერ შვილის ინტერესების საწინააღმდეგო ნების გამოვლენით.

 

4.6. როდესაც სადავო 13.02.2015წ. ხელშეკრულებაზე (იპოთეკის ნაწილში) ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მოსარჩელე იმ პერიოდისათვის იყო არა მცირეწლოვანი, ანუ სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით ქმედუუნარო პირი, არამედ არასრულწლოვანი, ანუ მე-14 მუხლის პირველი ნაწილით შეზღუდულქმედუნარიანად მიჩნეული პირი, რომელსაც ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის სჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო გარიგების დადებისას ნება გამოავლინეს როგორც თავად არასრულწლოვანმა, ისე მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმაც.

 

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი ქმედუნარიანია, ოღონდ, მისი ნების გამოვლენა ჯერ კიდევ არ არის იმ თვისების (ავტონომიურობის) მქონე, რომ მან, როგორც წესი, სხვა პირთა შეფასების გარეშე, დამოუკიდებლად გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი (ბესარიონ ზოიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, მუხ.14, ველი 1). მცირეწლოვანი საერთოდ არ წარმოადგენს ნების გამოვლენის სუბიექტს, მაშინ, როცა შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი ნების გამოვლენის სუბიექტია (იხ.: იქვე.). ამდენად, არასრულწლოვნის ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია დამატებით გარემოებაზე - კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაზე.

 

შესაბამისად, უსაფუძვლოა არასრულწლოვანის, ანუ ნების გამოვლენის სუბიექტის მიერ ნების გამოხატვის და მისი კანონიერი წარმომადგენლების მიერ აღნიშნულზე თანხმობის გაცხადების შემდგომ საუბარი მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლების/მშობლების მიერ არასრულწლოვანის სახელით გამოვლენილ ნებაზე.

 

4.7. სადავო გარიგების ბათილობაზე საუბრისას უნდა შეფასდეს: კეთილსინდისიერად და მართლზომიერად მოქმედებდა თუ არა გამსესხებელი სესხის გაცემისას. კერძოდ, ხომ არ რჩებოდა გამსესხებელი მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად, თუ არსებობდა სესხის დაფარვის საფუძვლიანი მოლოდინი.

 

წინამდებარე დავაში მოსარჩელე თავად განმარტავს, რომ მი----–------–---–ს ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო 13.06.2016 წლიდან აქვს ვადაგადაცილება, შესაამისად, 13.02.2015 - 13.06.2016წწ. პერიოდში მსესხებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ის გარემოება კი, რომ მსესხებელი პერიოდულად ასრულებდა ვალდებულებას, მოწმობს გამსესხებლის ლეგიტიმურ მოლოდინს სესხის დაბრუნებაზე, რაც აბათილებს მსჯელობას მის არაკეთილსინდისიერებაზე.

 

4.8. როდესაც საუბარია მშობლების მხრიდან ბავშვის ინტერესების საზიანოდ მოქმედებაზე, უნდა შეფასდეს კონფლიქტის არსებობა ბავშვის და მშობლების ინტერესებს შორის, მშობლების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობა.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

არ დასტურდება, რომ მშობლებმა შვილს (მოსარჩელეს) ვერ შეუქმნეს განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები, რაც აუცილებელი იყო მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

მართალია, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უშუალოდ ნასესხები თანხის გახარჯვის მიზნობრიობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა შეფასებულიყო - თანხა მოხმარდა თუ არა მოსარჩელის ინტერესებს, მაგრამ აღნიშნული არ არის საკმარისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის. პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მას არ შესწევს უნარი ამტკიცოს მოსარჩელის მამის /წინამდებარე საქმეზე ერთ-ერთი მოპასუხის/ მიერ ნასესხები თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. აღნიშნულის მტკიცების აპელანტზე დაკისრება ეწინააღმდეგება მტკიცების ტვირთის ლოგიკურ და სამართლიანად განაწილების პრინციპს.

 

როცა 17 წლის პირის მიერ გამოვლენილ ნებაზე ვსაუბრობთ, შედარებისთვის ისიც შეიძლება აღინიშნოს, რომ ეს ის ასაკია, როცა პირს სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კანონიერმა წარმომადგენელმა შეიძლება საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებაც კი მიანიჭოს, რაც ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში შეუზღუდავ ქმედუნარიანობას მოიაზრებს.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ მშობლის მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მამამ მი----–------–---–მა აიღო სესხი და იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვანის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. ამ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი საოფისე ფართი, ანუ ფართი, რომელიც კომერციული/სამეწარმეო მიზნებისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული და არ წარმოადგენდა არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანის მამის მიერ სესხის მიღების მიზანი იყო არასრულწლოვანის კუთვნილ იპოთეკით დატვირთულ კომერციულ ფართში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. ამდენად, სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ნივთი, ემსახურებოდა ამ ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზანს.

 

4.9. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვნის მიერ, კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობით დადებული ორმხრივი გარიგების (ხელშეკრულების) ნამდვილობა დამოკიდებული არ არის იმაზე, იღებს თუ არა ის ამ გარიგებიდან სარგებელს, არამედ გარიგების სარგებლიანობის საკითხი აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარიგება არასრულწლოვნის მიერ დადებულია კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოსარჩელის უფლებების ხელმყოფ გარიგებას, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ შპს „მი---------------------------------–-----------------–-----------------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება თა----------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან შპს „მი---------------------------------–-----------------–-----------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თა----------–---–ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2555.73 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53-ე მუხლი).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. თა----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. თა----------–---–ს, შპს „მი----------------------------–-----------------–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2 555.73 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

გოდერძი გიორგიშვილი