განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210017001963064
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7284-17 “ 08 ” მაისი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი - ნ---- სოლომნიშვილი
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე _ _ _ დ------- პა--------–-–---–- (მოპასუხე) კ------------- გ--–-–---–ი ვ-–- ს--------–--ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გორის რაიონული სასამართლოს 26.07.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 26.07.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით :
მოპასუხე დ------- პა--------–-–---–-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ვ-–- ს--------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (მიწის ნაკვეთის ს/კ 6-----------) მდებარე კასპის რაიონი, ს------–---------, ქ. მე-14, №10 დ------- პა--------–-–---–- გამოსახლებული იქნა აღნიშნული ქონებიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს, ვ-–- ს--------–--ეს;
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინებით დ------- პა--------–-–---–-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
2.1. გორის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისს სასარჩელო განცხადებით მომართა ვ-–- ს--------–--ის სახელით მისმა წარმომადგენელმა ნ---- ღ-------მ მოპასუხე დ------- პა--------–-–---–-ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
2.2. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრში 2----–-–----------------ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა მესაკუთრე კასპის რაიონ სოფელ მ-----ში მდებარე უძრავი ქონებისა, ს/კ 6----------- დაზუსტებული ფართობი 1304 კვ.მ. საცხოვრებელი საერთო ფართით 192.76 კვ.მ. აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა 2----–-–----------------ს, 2----–-–-- 08 იანვარს უკვე გახდა აღნიშნული ქონების მესაკუთრე, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი საკუთრების შესახებ. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე უარს აცხადებს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და მისთვის ამ ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.
2.3. მოპასუხე დ------- პა--------–-–---–-ს მიერ სარჩელზე წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია მოსარჩელე, ვ-–- ს--------–--ე არის იმ ქონების მესაკუთრე, მაგრამ მას აქვს გამოსყიდვის უფლება და გამოსყიდვის ვადა არ არის გასული. მისივე მითითებით, მოსარჩელის მიერ არასდროს ყოფილა მოთხოვნილი აღნიშნული ქონების გათავისუფლება, ვინაიდან მხარეთა შორის იყო შეთანხმება, რომ ის იცხოვრებდა მითითებულ სახლში, ვიდრე არ გამოისყიდდა მას, შესამაბისად მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.4. საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2017 წლის 26 ივლისს 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოსამზადებელი სხდომის თარიღის შესახებ უწყება 2017 წლის 18 ივლისს მოპასუხე დ------- პ---------–-–---–ზე გადასაცემად ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, ძმისშვილს - გ------- პ---------–-–---–ს, მაგრამ მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
2.5. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2017 წლის 18 ივლისს, შესაბამისად, მას ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.
2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
მოპასუხე მთავარ სხდომაზე (მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :
- 2----–-–----------------ს ვ-–- ს--------–--ესა და დ------- პ---------–-–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო გამოსყიდვის უფლებით, თუმცა არ არის მითითებული გამოსყიდვის ვადა და ამ ხელშეკრულებაში არაფერია მითითებული იმის დასადასტურებლად, რომ დ------- პ---------–-–---–ს აქვს ამ ბინაში ცხოვრების ან ამ ბინით სარგებლობის უფლება.
- საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 04 მაისს გაცემული ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე ვ-–- ს--------–--ის საკუთრებაში ირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებელი ფართობით 1304.00 კვ.მ, მდებარე - კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ-----ი ქუჩა მე-14, №10, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 192.76 კვ.მ. (ს/კ 6-----------);
- მოპასუხე დ------- პა--------–-–---–- ცხოვრობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში რომელიც მდებარეობს - კასპის მუნიციპალიტეტი, ს------–--------- ქუჩა მე-14, № 10 (ს/კ 6-----------);
2.9. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 183-ე, 311-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ამავე კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, ვ-–- ს--------–--ე არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე კანონიერი საფუძვლის გარეშე, ე.ი. უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლება მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდული იყოს მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე კანონით გარანტირებული უფლებები.
რაც შეეხება შესაგებელში მითითებულ გარემოებას, რომ მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ მოპასუხეს უფლება ჰქონდა ამ სახლში ეცხოვრა, აღნიშნული გარემოება ნასყიდობის ხელშეკრულებით ვერ დასტურდება. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის გამოსახლება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:
2.10. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
2.11. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გ------- პა--------–-–---–-, რომელსაც ჩაბარდა სასამართლო უწყება სხდომის თაობაზე, არ არის მისი ოჯახის წევრი.
2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
2.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლბისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლში მითითებული საპატიო მიზეზის შესახებ სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ მისი განმარტება, რომ გ------- პა--------–-–---–-, რომელსაც ჩაბარდა სასამართლო უწყება სხდომის თაობაზე, არ არის მისი ოჯახის წევრი სასამართლოს მიერ საპატიოდ ვერ მიიჩნევა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მიერ სასამართლოში დ------- პა--------–-–---–-ს მიერ წარმოდგენილია შესაგებელი 2017 წლის 23 ივნისს და ამ შესაგებლში მხარის მისამართად მითითებულია კასპის რაიონი, ს------–--------- და არ არის მითითებული სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, არც ტელეფონის ნომერი, არც ელექტრონული ფოსტის მისამართი და არც სხვა სახის ინფორმაცია თუნდაც საკონტაქტო პირის შესახებ მაშინ, როცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს არაერთხელ მომართა, როგორც დავით პ---------–-–---–მა, ისე მისმა წარმომადგენელმა კ------------- გ--–-–---–მა და მათ ყველა განცხადებაში მიუთითეს საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, რომელზედაც სასამართლოს მოხელე უკავშირდებოდა მათ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შესაგებელი სასამართლოში გამოგზავნილია ფოსტის საშუალებით, კ------------- გ--–-–---–ის მიერ, რომელმაც მინდობილობა წარმოადგინა საჩივრის განხილვისას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს (მისი ოჯახის წევრს) უწყება ჩაბარდა მის მიერ შესაგებელში მითითებულ ერთადერთ საკონტაქო მისამართზე, სხვა დამატებითი ინფორმაცია შესაგებლეში არ იყო მითითებული, შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს,რომ მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამდენად, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული და შესაბამისად, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის სასამართლო უწყების მოპასუხისთვის ჩაბარების ფაქტი, თუმცა სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაარღვია მხარის საპროცესო უფლება.
სასამართლო უწყება არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ მოპასუხესთან მცხოვრებ ქმედუნარიან პირს. როგორც გაირკვა, უწყება ჩაბარდა აპელანტის ძმის შვილს, რომელიც მასთან არ ცხოვრობს და არ ითვლება მისი ოჯახის წევრად. დ------- პა--------–-–---–-ს ოჯახის წევრები არიან მეუღლე და შვილები, ხოლო გ------- პ----------–-–---–ი ცხოვრობს სოფლის სხვა უბანში მდებარე სხვა სახლში და მას აპელანტთან შეხება არ აქვს.
4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. 04.07.2016წ. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ-–- ს--------–--ემ მოპასუხე დ------- პა--------–-–---–-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ტ.I, ს.ფ.1-12). სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ მოსარჩელე 3---------წ. ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია კასპის რაიონის სოფელ მ-----ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 6-----------) მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამონთავისუფლებაზე.
4.2. გორის რაიონული სასამართლოს 14.07.2017წ. განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 26.07.2017წ. 14:00 საათზე (ტ.I, ს.ფ. 55,56).
4.3. პალატა ეთანხმება გორის რაიონულ სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ აპელანტი დ------- პა--------–-–---–- 26.07.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 26.07.2017წ. 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე დ------- პ---------–-–---–ს სასამართლო უწყება გაეგზავნა თავად მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე: კასპის რაიონი, ს------–--------- (იხ.: შესაგებელი, ტ. I, ს.ფ. 27).
საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ 18.07.2017წ., ანუ სხდომამდე გონივრულ ვადაში, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, ძმისშვილს, გ------- პ---------–-–---–ს (ტ. I, ს.ფ. 59). ჩაბარების დასტურში აღნიშნულია, რომ ჩაიბარა ძმისშვილმა ადრესატზე გადასაცემად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო უწყება 26.07.2017წ. სასამართლო სხდომის შესახებ ითვლება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად.
აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გ------- პა--------–-–---–- არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს და ცხოვრობს სოფლის სხვა უბანში. ამასთან, აპელანტი ადასტურებს გ------- პ---------–-–---–თან ნათესაურ კავშირს და მიუთითებს, რომ იგი მისი ძმისშვილია.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სასამართლო უწყება ადრესატს ჩაბარდა თავად მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე - კასპის რაიონი, ს------–---------. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირი - ადრესატის ძმისშვილი, რომელმაც იკისრა გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა, - ცხოვრობს იმავე სოფელში სხვა უბანში/სხვა სახლში, წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტი დ------- პა--------–-–---–- (მოპასუხე) გორის რაიონული სასამართლოს 26.07.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
რაც შეეხება მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ 3---------წ. ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე გახდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, დადებულია გამოსყიდვის უფლებით გამოსყიდვის ვადის განსაზღვრის გარეშე და მოპასუხეს (გამყიდველს) 10 წლის მანძილზე აქვს გაყიდული ქონების გამოსყიდვის უფლება, - აღნიშნული არ ცვლის მოთხოვნის იურიდიული მართებულობის საკითხს. სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებს.
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 510-ე მუხლის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე. 511-ე მუხლი აწესებს, რომ მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან ერთად. 512-ე მუხლით კი, თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.
ამდენად, გამოსყიდვის თანახმად ნაყიდი ნივთი გადაეცემა მყიდველს, რომელსაც აქვს ნივთის ფლობის, სარგებლობის უფლებამოსილება. შესაბამისად, თუ გამყიდველი არ გადასცემს ნივთს, მას აქვს ნივთის გამოთხოვის უფლებამოსილება. სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობით დამტკიცებული გარემოებები არ შეიცავს ამ წესის გამომრიცხავ გარემოებაზე მითითებას.
4.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე წინაპირობა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია ( ტ. II, ს.ფ. 6 ).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ------- პა--------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 26.07.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე