განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001410045
საქმე N3ბ/3121-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I
შ ე ს ა ვ ა ლ ი
08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - ი/მ ე-–------ ა----ი;
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - მ--------------–-ა;
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - რ------------–--ია;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
II
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.2. მოწინააღმდეგე მხარეების პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით - ი/მ ე-–------ ა----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1.1. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ი/მ ე-–------ ა----ის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოიცა 2015 წლის 10 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №2---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საწარმოს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა სულ 142 840,22 ლარი.
3.1.2. 2015 წლის 20 ნოემბერს ი/მ ე-–------ ა----მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის პირველი დეკემბრის №1-------- სამსახურებრივი ბარათით საჩივარი 2015 წლის 30 ნოემბრის დაზუსტებულ საჩივართან ერთად კუთვნილებისამებრ განსახილველად გადაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 დეკემბრის №4---- ბრძანებით წარდგენილი საჩივრები დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ბრძანებაში მითითებულია, რომ საგადასახადო მოთხოვნა მეწარმეს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.rs.ge 2015 წლის 16 ივლისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2015 წლის 20 ნოემბერს. ამდენად, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადა.
3.1.3. 2015 წლის 23 დეკემბერს ი/მ ე-–------ ა----მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 დეკემბრის №4---- ბრძანებისა და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვერ ფლობს ქართულ ენას, რამაც გამოიწვია გაუგებრობა საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით. როდესაც ბუღალტერმა განუმარტა ყველაფერი, უკვე გასული იყო გასაჩივრების ვადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი №1--------- არ დაკმაყოფილდა.
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა ე-–------ ა----ს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) 2015 წლის 16 ივლისს და გადამხდელი გაეცნო მას იმავე დღეს.
3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115 (2კ-13), სადაც
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთის მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორეს მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველად. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევასთან, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. კერძოდ, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.
სასამართლოს მითითებით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს პირისთვის მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა, რაც შეიძლება, გამოიხატოს გადამხდელისთვის გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით გაგზავნასა ან ელექტორნული ფორმით წარდგენაში. ამასთან, რომელი ფორმით მოხდება გადასახადის გადამხდელისთვის გადაწყვეტილების გაგზავნა დამოკიდებულია თავად საგადასახადო ორგანოს არჩევანზე. კანონით განსაზღვრულია მხოლოდ ჩაუბარებლობისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის საჯარო შეტყობინების გამოყენების წესი, ხოლო პირველად გაგზავნისას ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა ე-–------ ა----ს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ გვერდზე 2015 წლის 16 ივლისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს. ასევე, სადავო არ არის სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის გასაჩივრების 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ წარდგენა - 2015 წლის 20 ნოემბერს. ამასთან, მოსარჩელე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ გასაჩივრების ვადის გაშვება გადამხდელის მიერ საპატიო მიზეზით მოხდა, რაც გამოწვეულ იქნა ქართული ენის არასათანადო ცოდნითა და საგადასახადო მოთხოვნის შინაარსის გაუგებრობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. მითითებული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმების შესაბამისად, გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირის დასაბუთებული არგუმენტი კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. ამასთან, ვადის აღდგენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება საჩივრის წარდგენის ვადის საპატიო მიზეზის არსებობის შედეგად დარღვევა, რამეთუ საგადასახადო მოთხოვნა პირს სახელმწიფო ენაზე წარედგინება, დამატებით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, იგი მეწარმედ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე კანონშესაბამისად მიღებისას, მეწარმემ უნდა გამოიჩინოს შესაბამისი წინდახედულება, გულმოდგინება და თუკი სათანადოდ ვერ ფლობს ქართულ ენას, უზრუნველყოს დოკუმენტის თარგმა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დადგენილია საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული არ არის საპატიო მიზეზით, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თმცა არასწორად განმარტა ის, რადგან საპატიო მიზეზად არ დაასახელა ეთნიკურად აზერბაიჯანელის გაუცნობიერებლობა საგადასახადო სისტემაში გასაჩივრების ვადებთან მიმართებით.
III
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
5.1.1. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ი/მ ე-–------ ა----ის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოიცა 2015 წლის 10 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №2---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საწარმოს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა სულ 142 840,22 ლარი.
5.1.2. 2015 წლის 20 ნოემბერს ი/მ ე-–------ ა----მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის პირველი დეკემბრის №1-------- სამსახურებრივი ბარათით საჩივარი 2015 წლის 30 ნოემბრის დაზუსტებულ საჩივართან ერთად კუთვნილებისამებრ განსახილველად გადაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 დეკემბრის №4---- ბრძანებით წარდგენილი საჩივრები დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ბრძანებაში მითითებულია, რომ საგადასახადო მოთხოვნა მეწარმეს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.rs.ge 2015 წლის 16 ივლისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2015 წლის 20 ნოემბერს. ამდენად, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადა.
5.1.3. 2015 წლის 23 დეკემბერს ი/მ ე-–------ ა----მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 დეკემბრის №4---- ბრძანებისა და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვერ ფლობს ქართულ ენას, რამაც გამოიწვია გაუგებრობა საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით. როდესაც ბუღალტერმა განუმარტა ყველაფერი, უკვე გასული იყო გასაჩივრების ვადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი №1--------- არ დაკმაყოფილდა.
5.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა ე-–------ ა----ს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) 2015 წლის 16 ივლისს და გადამხდელი გაეცნო მას იმავე დღეს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემდეგი პირობები: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან/და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, ,,არსებით დარღვევად” განსაზღვრულია: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით; გ) კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული კოდექსებისა და კონკრეტული დავის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 7 დეკემბრის №4---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, რა შემთხვევაშიც, დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.
ამრიგად, მითითებული ნორმების თანახმად, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით და ამასთან, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით განხორციელებულ მიმოწერას თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნიათ. ხოლო, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა ე-–------ ა----ს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ გვერდზე 2015 წლის 16 ივლისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს. ასევე, სადავო არ არის სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის გასაჩივრების 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ წარდგენა - 2015 წლის 20 ნოემბერს. ამასთან, მოსარჩელე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ გასაჩივრების ვადის გაშვება გადამხდელის მიერ საპატიო მიზეზით მოხდა, რაც გამოწვეულ იქნა ქართული ენის არასათანადო ცოდნითა და საგადასახადო მოთხოვნის შინაარსის გაუგებრობით.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. მითითებული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირის დასაბუთებული არგუმენტი კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. ამასთან, ვადის აღდგენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება საჩივრის წარდგენის ვადის საპატიო მიზეზის არსებობის შედეგად დარღვევა, რამეთუ საგადასახადო მოთხოვნა პირს სახელმწიფო ენაზე წარედგინება. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია, რომ აპელანტი წარმოადგენს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, იგი მეწარმედ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე კანონშესაბამისად მიღებისას, მეწარმემ უნდა გამოიჩინოს შესაბამისი წინდახედულება, გულმოდგინება და თუკი სათანადოდ ვერ ფლობს ქართულ ენას, უზრუნველყოს დოკუმენტის თარგმნა.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის არგუმენტაცია საკმაოდ არადამაჯერებელია, ასევე აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილა შეფასებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 394-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ე-–------ ა----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: შოთა გეწაძე
გიორგი გოგიაშვილი