განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002041561
საქმე № 1ბ/246-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ---------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ი---------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------ი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: რ------------------–-------–----------------–---------------------------------–--------–-----------–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისის ზ-------------------------------ა. (მონაწილეობის გარეშე)
ადვოკატი - მ--------–----ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------–----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ არ გაიზიარა ი---------------ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, მართალია მას კამათი მოუვიდა ა-–-------------------ესთან, თუმცა მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ ი---------------ი დასაძინებლად შევიდა ჯიხურში და მას შემდეგ ა-–---------ე ბ--------ე არ უნახავს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნებით კი, ვერ დადასტურდა ი---------------ის ბრალეულობა. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა ფაქტის შემსწრე არცერთი პირი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მოყავისფრო ქურთუკზე, რომელიც ეფარა ა-–-------------------ის გვამს აღმოჩენილი მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, თუმცა მისი გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის ა-–-------------------ეს და ი---------------ს, აღნიშნული ეკუთვნის სხვა მამრობითი სქესის პირს, რაც ბადებს ეჭვს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო სხვა პირი. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ვერ დადასტურდა მომხდართან ი---------------ის შემხებლობა. გარდა ამისა, საქმეზე არ დადგენილა მკვლელობის მოტივი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის ბრალეულობის დასადგენად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ი---------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ი------------–---–მა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ი---------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ი---------------მა ჩაიდინა განზრაზ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 მაისს, გამთენიისას, თბილისის ზ--------------------ზე, ყოფილი ,------------- მიმდებარედ, შ--------------- მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ჯიხურებში, დარაჯ ა-–-------------------ესა და ი---------------ს ერთმანეთთან მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის დროს ი---------------მა ა-–-------------------ეს განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სხეულის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და კისრის ორგანოებზე ზეწოლის შედეგად გაგუდა, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მომხდარის შემდგომ, ი---------------მა მის მიერ მოკლულ ა-–-------------------ის გვამს გადაასხა თეთრი საღებავი, დააყარა სხვადასხვა ნივთები და გარედან ჩაკეტა ჯიხურის კარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე ტ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ა-–-------------------ე იყო მისი მეუღლე, რომელიც ღამის დარაჯად მუშაობდა სამშენებლო კომპანია „----------ში. 2017 წლის 14 მაისს, მისი მეუღლე იმყოფებოდა სამსახურში. ვინაიდან ა-–-------------------ე მეორე დღეს ჩვეულ დროს არ დაბრუნდა სახლში, იგი დაახლოებით 11:00 საათზე ამბის გასაგებად მივიდა მეუღლის საგუშაგო ჯიხურთან, რომლის კარსაც ედო ბოქლომი და იყო ჩაკეტილი. ამის შემდეგ იგი მივიდა იქვე მდებარე ი---------------ის საცხოვრებელ ჯიხურთან და რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე, თუმცა კარი არავინ გაუღო. მან ფანჯრიდან შეიხედა ა-–-------ე ბ-------ის სამორიგეო ჯიხურის ფანჯარაში და დაინახა, რომ შიგნით იყო არეულობა და ყველაფერი თეთრი საღებავით იყო მოსვრილი, ხოლო იატაკზე დაგდებული გადასაფარებლიდან მოჩანდა მისი მეუღლის ხელის მტევანი. იგი ტელეფონით დაუკავშირდა შვილს - ს---------------ეს და თხოვა მისულიყო შემთხვევის ადგილზე. ცოტა ხანში მასთან მივიდა ს---------------ე, რომელმაც დარეკა საპატრულო პოლიციაში. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა დააზიანეს ჯიხურის კარზე განთავსებული ბოქლომი და შევიდნენ ჯიხურში, სადაც აღმოაჩინეს მისი მეუღლის გვამი. იმავდროულად პოლიციელებმა, იმ ჯიხურიდან, რომლის კარზეც აკაკუნებდა და არავინ გაუღო გამოიყვანეს ი---------------ი. მოწმემ განმარტა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მისი მეუღლე სახლში დაბრუნდა სასტიკად ნაცემი და უთხრა, რომ სცემა გვერდით ჯიხურში დროებით მცხოვრებმა ი---------------მა. მიყენებული დაზიანების გამო, მის მეუღლეს დაჭირდა მკურნალობა, მათ შორის სტაციონარულიც, თუმცა ა-–-------------------ის დაჟინებული თხოვნით, მათ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებიათ. მკვლელობამდე დაახლოებით 2 დღით ადრე მას მეუღლემ უთხრა, რომ თუ ი---------------ი არ დატოვებდა იმ ადგილს, სადაც ა-–-------------------ე მუშაობდა, მაშინ თავად დაანებებდა თავს სამსახურს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გარდაცვლილი ა-–-------------------ე იყო მისი მამა, რომელიც დარაჯად მუშაობდა თ---–-----------ზე, ყოფილი ა--------ის ტერიტორიაზე. მისი სამუშაო საათები იწყებოდა საღამოს ექვს საათზე და სახლში ბრუნდებოდა მეორე დილას დაახლოებით 9-10 საათისთვის. 2017 წლის 15 მაისს, მას დაახლოებით დილის 12:00 საათზე დაურეკა დედამ - ტ----------------ემ და უთხრა, რომ მოხდა საშინელება და სწრაფად მისულიყო მამამისის სამსახურთან. იგი ტაქსით მივიდა ა-–-------------------ის სამუშაო ადგილზე, სადაც დახვდა ატირებული ტ----------------ე და უთხრა, მგონი მამაშენი მოკლესო. ამის შემდეგ მან დარეკა 112-ში. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა გატეხეს ჯიხურის კარი, სადაც მორიგეობისას ღამეს ათევდა ა-–-------------------ე. ჯიხურში პოლიციელების მიერ აღმოჩენილ იქნა ა-–-------------------ის გვამი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და იყო დალურჯებული. იქვე მდგომი მეორე კონტეინერიდან კი, პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყვანეს ი---------------ი. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, ა-–-------------------ე სასტიკად ნაცემი მივიდა სახლში და უთხრა, რომ მორიგეობის დროს დასაცავ ობიექტზე შევარდა პირი და რაღაც ჩაარტყეს თავში, რის გამოც დაკარგა გონება, თუმცა იმ პირის დანახვა ვერ შეძლო. მან ასეთ მდგომაროებაში მყოფი მამის დანახვაზე გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ა-–-------------------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ა-–-------------------ეს დაუმალავს სიმართლე და უთქვამს, რომ წაქცევის შედეგად მიიღო დაზიანება. ა-–-------------------ის გარდაცვალების შემდეგ, მან დედისგან შეიტყო, რომ მაშინ ა-–-------------------ე უცემია სამსახურში მასთან ერთად მცხოვრებ პირს.
მოწმე ბ-----–--–---ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის შ--------------- სამუშაოების მწარმოებელი და მათ თ---–-----------ზე, კერძოდ, ა--------ის მიმდებარედ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საკუთრებაში ჰქონდათ ორი კონტეინერი და ორი საცხოვრებელი ჯიხური, რომელთაგან ერთ-ერთ საცხოვრებელ ჯიხურში, სადაც აღმოჩენილი იქნა გვამი, სამუშაო საათებში ცხოვრობდა დარაჯი ა-–-------------------ე. მეორე საცხოვრებელ ჯიხურში კი, დროებით ღამეს ათევდა უსახლკარო ი---------------ი. მოწმემ განმარტა, რომ მათ გარდა ჯიხურებში არავინ ცხოვრობდა. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ა-–-------------------ე არ დადიოდა სამსახურში, ვინაიდან იყო ნაცემი.
მოწმე გ--–----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სამსახურთან ნახა დარაჯი ა-–-------------------ე, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა დალურჯებები. მას ა-–-------------------ემ უთხრა, რომ იგი სცემა მის სამუშაო ობიექტეზე დროებით მცხოვრებმა ი----------------მა. მომხდარის გამო ა-–-------------------ე იყო ძალიან შეშინებული და ცდილობდა არ შეხვედროდა ი---------------ს. მოწმის განმარტებით, მან ი---------------ი ნახა მკვლელობის დღეს, რა დროსაც ეს უკანსკნელი იყო მთვრალი, ძალიან აგრესიული და კონფლიქტური.
მოწმე ო-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ხელოსნად. მან შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე გაიცნო ი---------------ი, რომელიც ა--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა დარაჯად. მან ი---------------ს შეთავაზა მასთან ერთად მუშაობა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა და ორი-სამი დღე იმუშავეს ერთად სასაფლაოზე, კერძოდ ი---------------ი ეხმარებოდა ბეტონის არევაში, მიტანაში, დანგრევაში და ა.შ. მოწმის განმარტებით, ი---------------ს უყვარდა დალევა, თუმცა ისე არასდროს დამთვრალა რომ ვერ ემუშავა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ი---------------ს სასაფლაოს შესასვლელში შელაპარაკება მოუვიდა მამაკაცთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მათ გასაშველებლად მივიდნენ სხვა ბიჭები, რა დროსაც ი---------------ი გაიქცა.
მოწმე ი-----–---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს თბ--–---------–-–--------------------------------------------------–-----------–-----------–--აში გამომძიებლად. შემთხვევის დღეს ექსპერტების და შ--------------- სამუშაოების მწარმოებელ ბ-----–--–---ას მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც დარაჯის საცხოვრებელ ჯიხურში აღმოჩენილი იქნა ა-–-------------------ის გვამი, რომელსაც აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება, გვამი დაფარული იყო თეთრი ფერის საღებავით. ამის შემდეგ დათვალიერდა იქვე განთავსებული სასაწყობო ჯიხურები, რომელთაგან ერთ-ერთში, სადაც დროებით ცხოვრობდა ი---------------ი, აღმოჩნდა ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც დასვრილი იყო ღია ფერის საღებავით. საღებავით იყო ასევე დასვრილი ხსენებული ჯიხურის იატაკიც. ი---------------ის საცხოვრებელი ჯიხურის წინ, ასფალტზე თეთრი ფერის საღებავით იკვეთებოდა ადამიანის ფეხსაცმელის კვალი, რომელიც მიემართებოდა იმ ჯიხურისკენ, სადაც იპოვეს ა-–-------------------ის გვამი. გარდა ამისა, მათ ი---------------ის უშუალო მითითებით, N3 ვაგონის უკან, ნიადაგის ზედაპირიდან ამოიღეს გასაღები, მკვნეტარით და ე.წ. „ბრელოკით“, რომელიც აღმოჩნდა იმ ბოქლომის გასაღები, რომლითაც დაკეტილი იყო ა-–-------------------ის საცხოვრებელი ჯიხურის კარი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მაისს 13:20-21:55 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თ---–------------ მიმდებარედ, ყოფილი ა--------ის ტერიტორიაზე მდებარე სასაწყობო ვაგონში, რომლის იატაკზე, გულაღმა მდგომარეობაში აღმოჩენილი იქნა ა-–-------------------ის გვამი. გვამი, ტანსაცმელი და იატაკი ინტენსიურად მოსვრილი იყო მოთეთრო ფერის საღებავით. საღებავი იყო თხევად მდგომარეობაში, ახალი და არ იყო გამშრალი. გვამური გაშეშება გამოხატული იყო ყველა ჯგუფის კუნთებში. გვამური ლაქების ვიზუალიზაცია ვერ მოხერხდა საღებავის არსებობის გამო. სასაწყობო ვაგონში იატაკზე, კედელზე, ავეჯზე, წიგნზე, ბოთლზე, გვამის ტანსაცმელზე და სხვა ობიექტებზე ნანახი იქნა სისხლისმაგვარი ლაქები. შესასვლელ კართან აღმოჩენილი იქნა პლასტმასის ე.წ. ,,ვედრო“, რომელსაც აღენიშნებოდა ღია ფერის საღებავი და მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. მოკლული ა-–-------------------ის ჯიხურიდან გამოსული თეთრი ფერის საღებავის კვალი მიდის იმ ვაგონამდე (სასაწყობე ვ---------), რომელშიც ცხოვრობდა ი---------------ი. ამ ვაგონის უკანა მხარეს, ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა გასაღები, რომელზეც მიბმულია ფრჩხილების საჭრელი და რკინის ე.წ. ,,ბრელოკი“. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალიატების მიერ ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ელექტრონული ვერსიის CD დისკი, რომლითაც დადგინდა, რომ ა-–-------------------ე იყო უმოწყალოდ ნაცემი და გარდაცვლილის სხეულზე ნათლად ჩანდა ძალადობის კვალი. ტანსაცმელი, კედლები, იატაკი, ავეჯი და სხვადასხვა ნივთები დასვრილი იყო სისხლით. გვამი და იატაკი ასევე ინტენსიურად იყო დასვრილი ღია ფერის საღებავით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგლიდან ამოღებული ბოქლომი და გასაღები, რითაც დადასტურდა ამოღებული ბოქლომის და გასაღების ურთიერთავსებადობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 ივლისის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ პაკეტში წარწერით: ანაწმენდზე საცხოვრებელი ვაგონის კარის მარცხენა ფრთის შიდა ზედაპირიდან (ობ.N4) და საცხოვრებელ ვაგონში შესასვლელიდან პირდაპირ არსებული სარკმლის შიდა ზედაპირიდან (ობ.N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–-------------------ეს (ობ. N41; პაკეტი წარწერით: ,,ა-–-------------------ის ფრჩხილების, თმის და სისხლის ნიმუში“).
▪ პაკეტში წარწერით: „...ობ. N9, N10, N11, N12 - მოწითალო ლაქის ანაწმენდი 4 ც. სტერილურ ჩხირზე...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8-11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N8,11-ის (ობ. N8 - ანაწმენდი საცხოვრებელი ვაგონის იატაკზე არსებული მოწითალო ფერის ლაქიდა,; ობ. N11 - ანაწმენდი საცხოვრებელ ვაგონში არსებული ტუმბოს უჯრიდან) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–-------------------ეს (ობ. N41);
▪ პაკეტში წარწერით: „... ობ. N6 - 1 (ერთი) ც მოყვითალო ფერის ქურთუკი მასზე არსებული ლაქებით ამოღებული საცხოვრებელ ვაგონში იატაკზე განთავსებული გვამიდან...“ მოთავსებული მოყვითალო ფერის, კაპიუშონიან ქურთუკზე, მარცხენა სახელოს იღლიის არეში არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------------ეს (ობ. N41).
▪ პაკეტში წარწერით: „... ობ. N20 - 1 (ერთი) ც ქურთუკი მასზე არსებული ლაქებით დიდი ზომის, ამოღებული საცხოვრებელ ვაგონში შესასვლელიდან მარჯვნივ მეორე ოთახში იატაკიდან...“ მოთავსებულ შავი ფერის, ტყავისმაგვარი მასალის ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავსიფრო და მოყავისფრო ლაქები (ობ. N19,20) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------------ეს (ობ. N41).
▪ პაკეტში წარწერით: „... ობ. N19 - 1 (ერთი) ც შარვალი, მასზე არსებული ლაქებით ამოღებული დიდი ზომის საცხოვრებელ ვაგონში ხის კონსტრუქციიდან ...“ მოთავსებულ მუქი მოლურჯო ფერის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავსიფრო და მოყავისფრო ლაქები (ობ. N23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------------ეს (ობ. N41).
▪ პაკეტში წარწერით: „...ობ. N1 - 1 ც. პლასტმასის ვედრო მასზე არსებული ლაქებით ამოღებული საცხოვრებელ ვაგონში შესასვლელში იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ვედროზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–-------------------ეს (ობ. N41);
▪ პაკეტში წარწერით: „...ობ. N2 - 1 ც. პლასტმასის ბოთლი მოწითალო და მოთეთრო ლაქებით ამოღებული საცხოვრებელ ვაგონში შესასვლელში იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ბოთლზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N30) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N30-ისა და ამავე ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ. N31) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–-------------------ეს (ობ. N41);
▪ პაკეტში, წარწერით: ,,...ობ. N15: 3 (სამი) ც მინის ჭიქა ამოღებული საცხოვრებელი ვაგონის მიმდებარე ეზოში განთავსებული მაგიდიდან, მათზე არსებული ლაქებით...“ მოთავსებულ ორ ცალ ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N32,34) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი---------------ს (ობ. N42).
▪ პაკეტში წარწერით: „...ობ. N3 - 1 ც. წიგნი მოწითალო და მოთეთრო ლაქებით ამოღებული საცხოვრებელ ვაგონში შესასვლელში იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებული წიგნის ყდაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N36) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–-------------------ეს (ობ. N41).
▪ პაკეტში წარწერით: „...ობ. N21 - 1 ც. გასაღები, მკვნეტარა და ე.წ. „ბრელოკი“ ამოღებული საცხოვრებელი ვაგონის უკან ნიადაგიდან...“ მოთავსებულ გასაღების საკიდისა და საკვნეტელას ასხმაზე არსებული ბიომასალის (ობ. N37) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი---------------ს (ობ. N42).
▪ პაკეტში წარწერით: „... 2 (ორი) ც. ექსპერტის მიერ ბოქლომის გაღების დროს გამოყენებული ხელთათმანი...“ მოთავსებულ ორ ცალ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის (ობ.N38) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი---------------ს (ობ.N42).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 ივლისის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ მოქალაქე ა-–-------------------ის სიკვდილის მიზეზია კისრის ორგანოებზე ზეწოლის შედეგად განვითარებული მექანიკური ასფიქსია. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 16-18 საათი. ა-–-------------------ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა: სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები - ზოლისებრი ფორმის სისხლნაჟღენთები კისრის გვერდითა ზედაპირზე, ენისქვეშა ძვლის მარცხენა ტოტისა და ფარისებრი ხრტილის მოტეხილობები, დიფუზური ხასიათის ხორხის ლორწოვანში და კისრის ირგვლივმდებარე რბილ ქსოვილებში - განვითარებულნი არიან აღნიშნულ მიდამოებში რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ჩაჭერის შედეგად, მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მოქალაქე ა-–-------------------ის გვამს ასევე აღენიშნებოდა: თავის მიდამოს ბლაგვი ტრავმა სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში და ორმხრივ საფეთქლის კუნთებში, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობები სახის მიდამოში, სისხლჩაქცევები ტუჩების ლორწოვანებში. გულ-მკერდის მიდამოს ბლაგვი ტრავმა მრავლობითი სისხლნაჟღენთებით გულ-მკერდის მიდამოში, მკერდის ძვლის მოტეხილობით, ნეკნების მრავლობითი ორმხრივი მოტეხილობებით (მათგან: პარასტერნალურ ხაზზე, მარჯვნივ, VI ნეკნის მიდამოში არსებული მოტეხილობის შესაბამისად ფრაგმენტების ურთიერთცდომით და მოტეხილი ბოლოების შეღწევით არიან პლევრის ღრუსა და მარჯვენა ფილტვში), სისხლჩაქცევებით შუასაყრის ფაშარ ქსოვილში, მოტეხილობათა მიმდებარე ნეკნთაშორის კუნთებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ. სისხლჩაქცევები რეტროპერიტონეუმში ორმხრივ და მარჯვენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან (ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში) სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 31 მაისის ექსპერტის N4-------- დასკვნით ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მაისს, თბილისში, ზ--------------------ზე, ყოფილი ა--------ის მიმდებარედ, შპს „-------- მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ჯიხურში ა-–-------------------ის განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ჯიხურში კარიდან მარცხენა მხარეს, იატაკის ზედაპირიდან და ამავე ჯიხურში კარის პირდაპირ მარჯვენა კუთხეში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ი--------–-------------------------გან (დ----------–-------------–--–-) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული დასაკიდი ბოქლომის საკეტ მექანიზმსა და გასაღების კოდირებულ ჭრილებს შორის მოხდა კონსტრუქციული შესაბამისობა, კერძოდ გასაღები შეუფერხებლად თავსდება ბოქლომის საკეტ ჭრილში და კონსტრუქციის შესაბამისად ტრიალდება ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით, მაგრამ ბოქლომს დაკეტვა და გახსნა შეუძლებელია, რის მიზეზსაც ფაქტიურ მდგომარეობაში წარმოადგენს ბოქლომის გაუმართაობა (დაზიანება), თუმცა არ არის გამორიცხული გასაღების ბოქლომისდამი კუთვნილების შესაძლებლობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ი----------------ის წყვილ ფეხსაცმელზე აღინიშნება მოთეთრო ფერის წერტილოვანი სახის საღებავისმაგვარი უმნიშვნელო დანაშრევები. ექსპერტიზაზე წარდგენილ სპც. პაკეტში წარწერით: ,,ამოღებული დიდი ზომის საცხოვრებელ ვაგონში ხის კონსტრუქციიდან (----------“ მოთავსებულ შარვალზე არსებულ მოთეთრო ფერის საღებავის დანაშრევებს და ქურთუკზე არსებულ მოთეთრო ფერის საღებავის დანაშრევებს და კონვერტებში, წარწერით: „ვაგონში იატაკზე არსებული თეთრი ფერის საღებავის ანაწმენდი დოლბანდზე“ და საცხოვრებელი ვაგონის კარის შიდა სახელურიდან ამოღებული მოთეთრო ფერის საღებავის ანაწმენდი დოლბანდზე“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოთეთრო ფერის საღებავის დანაშრევებს გააჩნიათ ერთნაირი: ფერი, ელფერი, მიკრომორფოლოგიური ნიშნები და მოლეკულური შემადგენლობა. ექსპერტიზაზე წარდგენილ კონვერტში წარწერით: „საცხოვრებელი ვაგონის გარეთ შესასვლელთან ბეტონის ამონატეხი მოთეთრო ფერის საღებავით (----------“ მოთავსებულ ბეტონისმაგვარი ფრაგმენტის ერთ-ერთ ზედაპირზე არსებული მოთეთრო ფერის საღებავის დანაშრევს და კონვერტებში, წარწერით: „ვაგონში იატაკზე არსებული თეთრი ფერის საღებავის ანაწმენდი დოლბანდზე“ და საცხოვრებელი ვაგონის კარის შიდა სახელურიდან ამოღებული მოთეთრო ფერის საღებავის ანაწმენდი დოლბანდზე“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოთეთრო ფერის საღებავის დანაშრევებს გააჩნიათ ერთნაირი: ფერი, ელფერი, მიკრომორფოლოგიური ნიშნები და მოლეკულური შემადგენლობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 ივლისის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ი----------------ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში ი---------------ს განუვითარდა და ამჯამად უგრძელდება ფსიქიკური აშლილობა - ფსიქოგენური პარანოიდული ფსიქოზის სახით (კოდი F23.3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი---------------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად ი---------------ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი---------------მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი-ქუტირი), გამოჯანმრთელებამდე ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ზ---------------–-–---–მა, მ---------------–--ემ, ვ--------–----–---–---მა, გ-----------------ემ, ნ--------–----ემ, მ--------------ემ, ც-----------------ემ, თ------–--–-----–---–მა და ლ--–--------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი---------------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ი---------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ან სხვა ნიადაგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ი---------------სა და ა-–-------------------ეს შორის კონფლიქტის არსებობა, რის გამოც ი---------------მა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა-–-------------------ეს. მოხმდარის გამო კი, ა-–-------------------ე ერიდებოდა მსჯავრდებულთან კონტაქტს და მასთან შეხვედრის შიშის გამო სურდა სამსახურისთვის თავის დანებება. აღნიშნული კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ა-–-------------------ე გარკვეულ საფრთხეს ელოდა ი---------------ისგან. მოცემულ შემთხვევაში, საფრთხე აღმოჩნდა რეალური, ვინაიდან ი---------------ი კვლავ გაუსწორდა ფიზიკურად ა-–------------------ეს და კისრის არეში ზეწოლით გაგუდა იგი. ის გარემოება, რომ მთელი ჯიხური და მასში არსებული ნივთები მოსვრილი იყო ა-–-------------------ის სისხლით, ადასტურებს ძალადობის ინტენსივობას, კერძოდ იმას, რომ ი---------------მა უმოწყალოდ სცემა აწ გარდაცვლილი, რაც დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ექსპერტის N0-------- დასკვნით. მას შემდეგ, რაც ი---------------მა სასტიკად სცემა ა-–-------------------ე, კისრის არეში ზეწოლით გაგუდა იგი, რამაც გამოიწვია ა-–-------------------ის სიკვდილი. მიყენებული დაზიანებების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ ი---------------ი მოქმედებდა ა-–-------------------ის მოკვლის განზრახვით, ვინაიდან საფუძველს მოკლებულია განზრახვის გარეშე ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებების მიყენება და შემდეგ მისი ხელით გაგუდვა. ა-–-------------------ის კისრის არეში ზეწოლის გზით გაგუდვა, იყო ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც შედეგად გამოიწვია სიკვდილი. ამდენად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია ი---------------ს კამათი მოუვიდა ა-–-------------------ესთან, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 ივლისის N0-------- დასკვნით, ი---------------ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ა-–-------------------ის სისხლი. ა-–-------------------ის მკვლელობის დროს, ჯიხურში ი---------------ის ყოფნის ფაქტი დადასტურებულია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ჯიხურიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ი--------–-------------------------გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. გარდა ამისა ის ფაქტი, რომ მკვლელობის შედეგ ჯიხურის კარი ბოქლომით და გასაღებით ჩაკეტა ი---------------მა, დადასტურებულია ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, გასაღების საკიდისა და საკვნეტელას ასხმაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი---------------ს. ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურდა, რომ ა-–-------------------ის საცხოვრებელი ვაგონის წინ განთავსებული მაგიდიდან, ამოღებულ ორ ცალ ჭიქაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი---------------ს, რაც ადასტურებს მკვლელობის დღეს ი---------------ის ა-–-------------------ესთან ყოფნის ფაქტს.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი და ა-–-------------------ის გვამი დასვრილი იყო თეთრი ფერის საღებავით. თეთრი ფერის საღებავის კვალი კი მიდის სწორედ იმ ვაგონამდე (სასაწყობე ვ---------), რომელშიც ცხოვრობდა ი---------------ი. შესაბამისად შეუძლებელია, დანაშაულის ადგილზე ყოფნის გარეშე ამ კვალის არსებობა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 ივლისის ექსპერტის N0-------- დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს შეექმნა ი---------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომლის თანახმად ი---------------ი არის აგრესიული, ფიცხი პიროვნება და არ შეუძლია თავის გაკონტროლება, დამოკიდებულია ალკოჰოლზე. სწორედ მისი იმპულსური ხასიათი გახდა საფუძველი იმისა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასტიკად ეცემა ა-–--------------------ე, რის შემდეგაც კისრის არეში ზეწოლით გაეგუდა იგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა-–-------------------ე მოკლულია 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე. დროის ამ მონაკვეთში კი, დასახლებული ტერიტორიიდან საკმაოდ დაშორებულ ადგილზე, არ გადაადგილდებიან უცხო პირები. ის ღამე, რომ ი---------------მა შემთხვევის ტერიტორიაზე გაატარა დასტურდება ტ----------------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ რაც თვალი მოკრა ჯიხურში მისი მეუღლის გვამს, შეეცადა მეზობელ ჯიხურში მცხოვრებისთვის ეთხოვა დახმარება, თუმცა კარი არავინ გაუღო. მოგვიანებით კი, მითითებული ჯიხურიდან პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყვანეს ი---------------ი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ი---------------ი იმყოფებოდა ჯიხურში, თუმცა იგი შეგნებულად არ აღებდა კარს. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოყავისფრო ქურთუკზე, რომელიც ეფარა ა-–-------------------ის ცხედარს, აღმოჩენილი სისხლის ლაქები, რომლის გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის ა-–-------------------ეს და ი---------------ს, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სხვა პირი - არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. მართალია, ქურთუკზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქები არ ეკუთვნის ხსენებულ პირებს, თუმცა არც ის ფაქტია დადგენილი, რომ აღნიშნული ლაქები, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დღეს გაჩნდა ქურთუკზე. გარდა ამისა არც ოდორლოგიური და არც სხვა ექსპერტიზის დასკვნებით არ დადასტურებულა შემთხვევის ადგილზე სხვა პირის ყოფნის ფაქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ი---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი---------------მა ჩაიდინა, განზრახ მკვლელობა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არის ნასამართლევი და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, კი დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ ი---------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის N1/4537-14 განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ი---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 12 ივნისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N------------- გადაწყვეტილებით ი---------------ი 2017 წლის 08 თებერვალს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 4 (ოთხი) თვით და 4 (ოთხი) დღით ადრე. დანაშაულის ჩადენის დროს - 2017 წლის 15 მაისს, მას ზემოაღნიშნული განაჩენით ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, მის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესი.
ყოველივე ზემოახსენებულთან ერთად პალატა ითვალისწინებს ი---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, მის ასაკს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსული ცხოვრებას და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ასევე რეციდივის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ი---------------ს სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა განესაზღვროს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, გადატანილი ელექტრონულ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები ორ ცალ სტერილურ ჩხირზე, ექსპერტების მიერ გამოყენებული ხელთათმანი, სამი ცალი საღებავის ანაწმენდი, მუქი ფერის ნაჭერი, პლასტმასის ბოთლი, ვედრო, ლაქის ანაწმენდი, ხის ნაჭერი, ბრალდებულ ი---------------ის ნერწყვის, ანაწმენდის და ხელის კვლების ნიმუშები - უნდა განადგურდეს.
წიგნი, სამი ცალი ქურთუკი, ერთი ცალი ქუდი, მოწითალო ფერის მოსასხამი, მოშავო ფერის შარვლები, ერთი ცალი ტყავის ქურთუკი, სამი ცალი მინის ჭიქა, ბოქლომი, ერთი ცალი გასაღები, მასზე არსებული მკვნეტარით და ბრელოკით, ერთი ცალი მოშავო ფერის საქაღალდე, ფეხსაცმელები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
გარდაცვლილ ა-–-------------------ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლლილება.
ი---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) თვით და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი---------------ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ი---------------ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვროს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
ი---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 მაისიდან.
ი---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, გადატანილი ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები ორ ცალ სტერილურ ჩხირზე, ექსპერტების მიერ გამოყენებული ხელთათმანი, სამი ცალი საღებავის ანაწმენდი, მუქი ფერის ნაჭერი, პლასტმასის ბოთლი, ვედრო, ლაქის ანაწმენდი, ხის ნაჭერი, ბრალდებულ ი---------------ის ნერწყვის, ანაწმენდის და ხელის კვლების ნიმუშები - განადგურდეს.
წიგნი, სამი ცალი ქურთუკი, ერთი ცალი ქუდი, მოწითალო ფერის მოსასხამი, მოშავო ფერის შარვლები, ერთი ცალი ტყავის ქურთუკი, სამი ცალი მინის ჭიქა, ბოქლომი, ერთი ცალი გასაღები, მასზე არსებული მკვნეტარით და ბრელოკით, ერთი ცალი მოშავო ფერის საქაღალდე, ფეხსაცმელები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
გარდაცვლილ ა-–-------------------ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე