განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001441378
საქმე №2ბ/5290-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი - ხ-------------------ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ტ-----“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;
აპელანტის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე) გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1. მოპასუხე ხ-------------------ას შპს ,,ტ-----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 1 500.55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი - 95.00 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 905.55 ლარი;
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით, ხ-------------------ას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 21 ივლისს სარჩელით მიმართა შპს ,,ტ-----ს“ წარმომადგენელმა ნ-----------–-–---–მა მოპასუხე ხ-------------------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, ხ-------------------ასა და შპს ,,ტ-----ს” (ყოფილი შპს ,,ნ--------------”) შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 500 ლარი, ვადა - 30 დღე, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდებოდა, როდესაც მისი ოდენობა მიაღწევდა სესხის ძირითადი თანხის 200%-ს. ხ-------------------ას დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1500.55 ლარს, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი - 95 ლარი და პირგასამტეხლო - 905.55 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა:
მოპასუხეს შპს ,,ტ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1500.55 ლარის გადახდა საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 95 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 905.55 ლარი.
შპს ,,ტ-----ს” სარჩელი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღებული იქნა განსახილველად და მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება.
2016 წლის 08 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ტ-----ს” წარმომადგენელმა და წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხე ხ-------------------ასთვის შემდეგ მისამართებზე - ქ, თბილისი, პ--------------------------------------- და ქ. თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------- ორ-ორჯერ გაგზავნის ფაქტი. სარჩელის ჩაბარებაზე 2016 წლის 24 აგვისტოს და 2016 წლის 03 სექტემბერს ადრესატის დ----- უარის განაცხადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლში მითითებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაევალა გზავნილში მითითებულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა, ამავე დროს მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ხ-------------------ასთვის სარჩელი თანდართული მასალით ჩაბარებულად ითვლება 03.09.2016 წელს, შესაბამისად მოპასუხე უფლებამოსილი იყო შესაგებელი წარმოედგინა 2016 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ:
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 21 ივლისს სარჩელით მომართა შპს ,,ტ-----ს“ წარმომადგენელმა ნ-----------–-–---–მა მოპასუხე ხ-------------------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ”ტ-----ს” სარჩელი მოპასუხე - ხ-------------------ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ხ-------------------ას შპს ,,ტ-----ს” სასარგებლოდ დაეკისრა 1 500.55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი - 95.00 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 905.55 ლარი;
მოპასუხე ხ-------------------ას შპს ,,ტ-----ს” სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
2017 წლის 03 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მომართა მოპასუხე ხ-------------------ამ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალის ჩაუბარებლობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 იანვრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლისა დაინიშნა საჩივრის განხილვის დღე.
სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელე შპს "ტ-----ს" წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხეთათვის ჩასაბარებლად.
საქმეში არსებული მსალებით დგინდება, რომ 2016 წლის 08 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ტ-----ს” წარმომადგენელმა და წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხე ხ-------------------ასთვის შემდეგ მისამართებზე - ქ, თბილისი, პ--------------------------------------- და ქ. თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------- ორ-ორჯერ გაგზავნის ფაქტი. სარჩელის ჩაბარებაზე 2016 წლის 24 აგვისტოს და 2016 წლის 03 სექტემბერს ადრესატის დ----- უარის განაცხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას არ ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ამდენად არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნებს და დაეცვა საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე. კერძოდ, ხ-------------------ას განმარტებით, შპს "ტ-----ს" სარჩელის ჩაბარებაზე უარის განმცხადებელი პირი, ნამდვილად წარმოადგენს მის დედას, ნ--–--------–---–ს, თუმცა ამ უკანასკნელთან აქვს ცუდი დამოკიდებულება და მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. აღნიშნულის გამო, ნ--–--–--–--–---–ს არ უცნობებია შპს "ტ-----ს" სარჩელისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარში მითითებული გარემოების საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, მხარის მიერ მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებაში იქნა მითითებული სხვა მისამართზე ცხოვრებისა და ოჯახის წევრთან ცუდი ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
ამდენად, არ არსებობს მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი, ვინაიდან ხ-------------------ას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები და განესაზღვრა შესაგებლის წარმოდგენისთვის დრო. მითითებულ დროში შესაგებლის წარმოუდგენლობა უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, შესაძლებელია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. ამდენად, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ-------------------ამ.
აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2016 წლის 08 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ტ-----ს” წარმომადგენელმა და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხე ხ-------------------ასთვის მისამართებზე: ქ, თბილისი, პ--------------------------------------- და ქ. თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------- ორ-ორჯერ გაგზავნის ფაქტი. სარჩელის ჩაბარებაზე 2016 წლის 24 აგვისტოს და 2016 წლის 08 სექტემბერს ადრესატის დ----- უარის განაცხადა, თუმცა ხ-------------------ასთვის ცნობილი არ ყოფილა აღნიშნული, ვინაიდან დედასთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა და დ----- შეგნებულად აარიდა თავი გზავნილის ჩაბარებას და არ აცნობა აღნიშნული გარემოების შესახებ. იმ მიზეზით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ სასამართლოში დავა მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ. სარჩელში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, თუმცა მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მისი ტელეფონის ნომერი, რომლის მითითებასაც მოსარჩელემ შეგნებულად აარიდა თავი, რათა მოეთხოვა შეუსაბამოდ მაღალი პრგასამტეხლო და ხელახლა მოეთხოვა გადახდილი სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, ვინაიდან ხელშეკრულება დადებული იყო 30 დღის ვადით და დამატებითი შეთნხმება მხარეთა შორის არ იყო გაფორმებული. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხ-------------------ას მიერ გადახდილი თანხა უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას.
3.2. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან შპს „ტ-----“ სარჩელით ითხოვდა სესხის ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 500 ლარს, ხოლო კრედიტორი ითხოვდა პირგასამტეხლოს სახით 905.55 ლარის დაკისრებას, რაც შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 28 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 21 ივლისს სარჩელით მომართა შპს ,,ტ-----ს“ წარმომადგენელმა ნ-----------–-–---–მა მოპასუხე ხ-------------------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა 2 თვის ვადაში.
2016 წლის 08 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ტ-----ს” წარმომადგენელმა და წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხე ხ-------------------ასთვის შემდეგ მისამართებზე - ქ, თბილისი, პ--------------------------------------- და ქ. თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------- ორ-ორჯერ გაგზავნის ფაქტი. სარჩელის ჩაბარებაზე 2016 წლის 24 აგვისტოს და 2016 წლის 03 სექტემბერს ადრესატის დ----- უარის განაცხადა.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ჰქონდა 10 დღიანი ვადა, თუმცა მოპასუხეს მისთვის განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზისათვის უცნობებია სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მითითებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი პირობების არსებობისას: მოპასუხე გაფრთხილებული უნდა იყოს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ; პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული უნდა იყოს არასაპატიო მიზეზით. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელის მოთხოვნას.
დადგენილია, რომ 2016 წლის 03 სექტემბერს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხე ხ-------------------ას ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
4.3. განსახილველ შემთხვევაში, შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზად სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს გზავნილის ჩაუბარებლობაზე, განმარტავს, რომ დედასთან დაძაბული ურთიერთობის გამო მან შეგნებულად აარიდა თავი გზავნილის ჩაბარებას და არ აცნობა აღნიშნული გარემოების შესახებ. ამასთან აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რაც მოსარჩელის მიერ არ იქნა სარჩელში მითითებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ასეთ ვითარებაში, აუცილებელია, მოპასუხემ მიუთითოს მტკიცებულებით დადასტურებულ გარემოებებზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მიუხედევად საპროცესო ნორმებით დადგენილი წესის დაცვისა, გზავნილი ადრესატს არ ჩაჰბარდა ობიექტური გარემოებების არსებობის გამო, ასეთი კი მოპასუხემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623 და მე-400 მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი თვალსაზრისით არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას, მოპასუხეისათვის შპს "ტ-----ს" სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 905.55 ლარის დაკისრების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ხ-------------------ასა და შპს ,,ტ-----ს” (ყოფილი შპს ,,ნ--------------”) შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 500 ლარი, ვადა - 30 დღე, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდებოდა, როდესაც მისი ოდენობა მიაღწევდა სესხის ძირითადი თანხის 200%-ს.
ხ-------------------ას დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1500.55 ლარს, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი - 95 ლარი და პირგასამტეხლო - 905.55 ლარი.
ვინაიდან, მოპასუხემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, მოსარჩელემ მოითხოვა შპს ,,ტ-----ს” სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1500.55 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე ხ-------------------ას შპს ,,ტ-----ს” სასარგებლოდ დაეკისრა 1 500.55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი - 95.00 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 905.55 ლარი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ-------------------ასა და შპს ,,ტ-----ს” (ყოფილი შპს ,,ნ--------------”) შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 500 ლარი, ვადა - 30 დღე, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდებოდა, როდესაც მისი ოდენობა მიაღწევდა სესხის ძირითადი თანხის 200%-ს.
დადგენილია, რომ მოპასუხის ხ-------------------ას მიერ, დადგენილ ვადაში ვალდებულება სრულად არ იქნა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. მართალია, მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავალიანების ოდენობა, რისთვისაც მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება შეადგენს მხოლოდ 500 ლარს (ძირი თანხა), ამასთანავე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე ამ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს, პირგასამტეხლოს ძირითდი თანხის 200%-მდე, სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115–ე, 420-ე) და მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 200 ლარამდე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა, ნაცვლად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული 905.55 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივი თვალსაზრისით არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის შპს „ტ-----ს“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 905.55 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში (905.55 ლარის დაკისრების ნაწილში) გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ, უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 200 ლარის დაკისრების შესახებ; დანარჩენ ნაწილში (მოპასუხისათვის ძირი თანხის _ 500 ლარის, სარგებლის _ 95 ლარის დაკისრების) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია (მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში) და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი 50 ლარი (ს.ფ. 41); რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (53%) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 26,5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში;
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 75 ლარის ოდნობით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (47%), შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში, აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 35.25 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ხ-------------------ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების (905.55 ლარის) ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ტ-----ს“ სარჩელი ხ-------------------ას მიმართ, პირგასამტეხლოს (905.55 ლარის) დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1. ხ-------------------ას შპს „ტ-----ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 200 ლარის გადახდა;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დანარჩენ ნაწილში ( მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის 500 ლარის და სარგებლის 95 ლარის დაკისრების ნაწილში) დარჩეს უცვლელად
5. გაუქმდეს თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი _ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 50 ლარის დაკისრების თაობაზე.
6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ხ-------------------ას შპს „ტ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 26,5 ლარის გადახდა;
7. სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, შპს „ტ-----ს“ ხ-------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 35.25 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ცისკარიძე