განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001351318
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5414-17 7 მაისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე,მოსამართლეები – ვანო წიკლაური, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – გ-----–------–---–-
წარმომადგენელი – დ--------–-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – ს-----------------
წარმომადგენელი - თ--------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ-----–------–---–-სათვის მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დავალიანების დაკისრება, 2015 წლის 15 ივლისის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 22 101.02 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 20 900.26 ლარი, პროცენტი - 648.63 ლარი, პირგასამტეხლო - 518.86 ლარი და დაზღვევა - 33.27 ლარი;
1.2. მოპასუხე გ-----–------–---–-სათვის მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დავალიანების დაკისრების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2016 წლის 29 თებერვლიდან, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 20 900.26 ლარზე აღსრულებამდე, წლიური 14% სარგებლის დარიცხვა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 243.83 ლარს;
1.3. მოპასუხე გ-----–------–---–-სათვის მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2016 წლის 29 თებერვლიდან, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 20 900.26 ლარზე აღსრულებამდე, არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა 0,5%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 104.50 ლარს, ჯამში არაუმეტეს 5 000 ლარისა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1. სს „თ-----------ს“ სარჩელი მოპასუხე გ-----–------–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2.2. მოპასუხე გ-----–------–---–- მოსარჩელე სს „------------------ასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 15 ივლისის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 20 900.26 ლარის, პროცენტის - 648.63 ლარის და დაზღვევის - 33.27 ლარის ოდენობით;
2.3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2015 წლის 15 ივლისის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და გ-----–------–---–-ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 29 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 5 ლარის ოდენობით;
2.4. მოპასუხე გ-----–------–---–- მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 29 თებერვლიდან 2015 წლის 15 ივლისის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 20 900.26 ლარზე აღსრულებამდე, წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 243.83 ლარს;
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 873-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-----–------–---–-- და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
5. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი. კერძოდ, სასამართლომ ერთის მხრივ დადასტურებულად მიიჩნია ბანკის მხრიდან აღნიშნული მუხლით დადგენილი კრედიტის მიმღების გაფრთხილებისა და დამატებით ორკვირიანი ვადის მიცემის თაობაზე პროცედურის დაუცველობა, თუმცა ჩათვალა, რომ გაფრთხილებას აზრი არჰქონდა (შედეგი არ მოყვებოდა) და სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის დაუცველობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის დამაბრკოლებელი გარემოება.
6. სკ 867-ე - 873-ე მუხლები წარმოადგენს საბანკო კრედიტის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს, რაც განასხვავებს მას სტანდარტული სასესხო ურთიერთობისაგან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ამ ტიპის ურთიერთობისა არის ის, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეთაგან უპირატესი მდგომარეობა კრედიტის გამცემს უკავია და როგორც წესი, მსესხებელს მის მიერ წინასწარ დადგენილ სტანდარტულ პირობებს სთავაზობს, რომელთა ცვლილებების შესაძლებლობა კრედიტის მიმღებს ფაქტობრივად არ აქვს. სწორედ ეს გარემოება წარმოშობს განსხვავებული, უფრო მეტად შემზღუდველი საკანონმდებლო კონტროლის საჭიროებას. ვინაიდან, საბანკო კრედიტის ერთ-ერთი მხარე - კრედიტის გამცემი უმეტეს შემთხვევაში არის კომერციული ბანკი, აუცილებელია, რომ დაცულ იქნას მხარეთა თანასწორობა და შედარებით სუსტი მხარის - კრედიტის მიმღების კანონიერი ინტერესები. მსესხებლის ინტერესების დაცვის სწორედ ეს მინიმალური სტანდარტია ასახული სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლში. კერძოდ, კრედიტის გამცემს ევალება, მაქსიმალურად ეცადოს არსებული ხელშეკრულების შენარჩუნებას და თავიდან აიცილოს მისი შეწყვეტა და უზრუნველყოს მსესხებლის ინფორმირება ხელშეკრულების შეწყვეტის საფრთხის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
7. საბანკო კრედიტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის სავალდებულოა ამ მუხლის წინაპირობების დაცვა. ანუ სახეზე უნდა იყოს სულ მცირე კრედიტის ვადის ზედიზედ ორთვიანი გადამეტება და ბანკის მხრიდან მსესხებლის გაფრთხილება და დამატებითი ორკვირიანი ვადის მიცემა. ასეთი გაფრთხილებით და დამატებითი ვადის დაწესებით, ხდება კრედიტის მიმღების ინფორმირება, რომ იგი დგას ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფრთხის წინაშე, რომ მისთვის უმჯობესია დამატებით ორკვირიან ვადაში დაფაროს მიმდინარე დავალიანება, ვიდრე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაეკისროს მთლიანი სესხის თანხისა და პირგასამტეხლოების გადახდა.
8. სასამართომ კრედიტის გამცემი - ბანკი, ფაქტობრივად გაათავისუფლა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ელემენტარული ვალდებულების (გაფრთხილება და დამატებითი ვადის განსაზღვრა) მიცემისაგან, რისი საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ არ ყოფილა დაცული საბანკო ხელშეკრულების შეწყვეტის სავალდებულო წინაპირობა, რის გამოც საბანკო ხელშეკრულების ვადამდე შეწვეტა უკანონოა და შესაბამისად სარჩელი ამ სახით არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
12. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
13. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს:
13.1. 2015 წლის 15 ივლისს სს „თ------------- და გ-----–------–---–- შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 22 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 14%-ის დარიცხვით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 456 დღე - 2019 წლის 10 ივლისამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13.2. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ ს------------------------------------------–-----–---
13.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად (გვ. 17), ბანკს უფლება აქვს შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იმ შემთხვევაში, თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
- კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას;
- კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებისათვის თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას;
- არ შესრულდება/დაირღვევა რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისათვის წაყენებული მოთხოვნა.
13.4. ხელშეკრულების 3.3.8. პუნქტის თანახმად (გვ. 20), ბანკს უფლება აქვს შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რომელიმე ან ყველა ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას ან/და ბანკი ჩათვლის, რომ შესაძლოა კლიენტმა ვერ უზრუნველყოს რომელიმე ვალდებულების დროულად ან/და ჯეროვნად შესრულება.
13.5. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გ-----–------–---–-ს მიერ დაირღვა 2015 წლის 10 ნოემბერს და 2015 წლის 12 დეკემბრის შემდგომ დავალიანების გადახდა არ განუხორციელებია. 2015 წლის 10 ნოემბერს მის მიერ გადახდილი იქნა 7.2 ლარი; 2015 წლის 12 დეკემბერს მის მიერ გადახდილი იქნა 670 ლარი, საიდანაც მოხდა დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვა 19.85 ლარის, პროცენტის - 490.02 ლარის, პირგასამტეხლოს - 142.05 ლარის ოდენობით.
13.6. 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით გ-----–------–---–- ერიცხება დავალიანება 22 101.02 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 20 900.26 ლარი, პროცენტი - 648.63 ლარი, პირგასამტეხლო - 518.86 ლარი და დაზღვევა - 33.27 ლარი.
13.7. მოპასუხე გ-----–------–---–- მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილი/შეტყობინება ჩაბარდა პირადად დადგენილი წესით. აღნიშნული წერილით უდაოდ არ დგინდება მოსარჩელის ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის ინტერპრეტაცია და ამ ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობის - ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შეფასება სამართლებრივი შედეგის დადგომის ჭრილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
15. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
16. პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის წესს კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ. ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრივ კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში.
17. კრედიტის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი კრედიტის ამღები ზედიზედ ორჯერ არ შეასრულებს კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულებას. ხელშეკრულების დადების უფლება, ისევე, როგორც შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში, თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას. ხელშეკრულება შესრულების ზედიზედ ორჯერ ვადის გადაცილებით ავტომატურად არ წყდება. მხარეებმა უნდა გამოხატონ ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. კრედიტის გამცემს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა.
18. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 873-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის უნდა არსებობდეს აღნიშნული ნორმის წინაპირობები. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ-----–------–---–- პერიოდულად არღვევდა საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2015 წლის 12 დეკემბრის შემდეგ მოპასუხის მიერ აღარ მომხდარა არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა. შესაბამისად, ბანკის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2016 წლის 5 მაისი) მოპასუხემ გადახდას გადააცილა თითქმის ხუთი ვადით.
19. ამასთან, მომხმარებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილებისას, ნაწილ-ნაწილ გადასახდელი სესხის ხელშეკრულების გამსესხებელს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვს მხოლოდ ნორმის ორივე წინაპირობის კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „თ-----------ს“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს - გ-----–------–---–- ჩაბარდა 2016 წლის 1 დეკემბერს (ს.ფ. 62; ტ.1), ხოლო 2016 წლის 13 დეკემბერს წარმოადგინა შესაგებელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს არც ამის შემდგომ განუხორციელებია გადახდა, კერძოდ, მოსამართლის შეკითხვაზე, სარჩელის ჩაბარების შემდგომ გადაიხადა თუ არა საკრდიტო ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით ვადამოსული ულუფა, აპელანტმა უპასუხა, რომ არ გადაუხდია (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). სკ 873-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ამგვარი სარჩელის წარდგენა სწორედ დამატებითი ვადის მიცემას უთანაბრდება, რომელიც იწყება მოვალის - მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებით და გრძელდება მომდევნო 2 კვირა, როგორც ეს მითითებული ნორმითაა განსაზღვრული. თუკი ამ ვადაში მოპასუხე განახორციელებს ვადამოსული დავალიანებული ულუფის გადახდას, ხელშეკრულების შეწყვეტა ვადამდე აღარ დაიშვება. პალატა განმარტავს, რომ ამ ტიპის სარჩელის წარდგენისას კრედიტორის თავდაპირველი ინტერესი სწორედ მოვალისათვის დამატებითი ვადის დაწესებაში მდგომარეობს, ხოლო ასეთი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში - მთლიანი დარჩენილი თანხის გადახდის მოთხოვნაში. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა მთელი სესხის დაბრუნებას, მოპასუხეს თავდაპირველად, სარჩელის ჩაბარების შემდგომ წარმოეშვა მხოლოდ მიმდინარე დავალიანების დაფარვის ვალდებულება, რისი შესრულების შემთხვევაშიც, იგი თავიდან აიცილებდა საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მძიმე ფინანსურ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში კი მოვალეს ვადამოსული დავალიანება არ გადაუხდია, რის გამოც, ბანკის მოთხოვნა დარჩენილ სრულ დავალიანებაზე 2016 წლის 15 დეკემბრიდან (მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების მომენტი 2016 წლის 1 დეკემბერი + 2 კვირა), მართებულია და შესაბამისად, სწორად დაკმაყოფილდა.
20. ვინაიდან თანხების ოდენობა (ძირითადი თანხა, სარგებელი, პირგასამტეხლო) და მათი დაკისრების სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები შედავებული არ ყოფილა, პალატა მათზე აღარ იმსჯელებს სსსკ 377.1. მუხლის თანახმად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1121,60 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ-----–------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. გ-----–------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1121,60 ლარის ოდენობით.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები გოდერძი გიორგიშვილი
ვანო წიკლაური