განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117001855149- 1ბ/599-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლამარა წერეთელი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ი--- კ------–-–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: შ--–-- ქ------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ----------------------------------;
ადვოკატი - ლ--–- ჩ------–---–-, დ----- კ----------–---–ი;
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა და ითხოვა შ--–-- ქ------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით;
გამართლებულ შ--–-- ქ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ--–- ჩ------–---–-ს და დ----- კ----------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, რითაც ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით შ--–-- ქ------ ნასამართლევი იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ტიპის დანაშაული, კერძოდ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროიანი, რასაც უკანონოდ ინახავდა.2017 წლის 27 თებერვალს ქ.თბილისი, წ-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა 0.1835 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
სასამართლომ დაადგინა:
შ--–-- ქ------ უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის;
მოწმის, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ------ ჩ------ის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 27 თებერვალს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქ-------–--–---–-------–-------------- უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი შ--–-- ქ------ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი რომლის წევრებმაც დააკავეს იგი. დაკავებულს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს გარკვეული ნივთიერება და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შ--–-- ქ------ს პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას ნახა ბრალდებულისაგან ამოღებული გამჭირვალე პოლიეთილენის დალუქული პარკი.
მოწმის, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ----- ლ---–---–ის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 27 თებერვალს ხელმძღვანელობისაგან დაევალა მე-2 განყოფილების თანამშრომლების დახმარება. კერძოდ, მე-2 განყოფილების თანამშრომელმა თ------ ჩ------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ შ--–-- ქ------ უნდა ყოფილიყო ქ.------–--–--–-------–-----------ზე, თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამასთან დაკავშირებით ის და მისი თანამშრომელი ბ------ ჯ---–---–ი გავიდნენ ინფორმაციის გადასამოწმებლად. ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 20 წუთში. წერეთლის გამზირზე, საფეხმავლო ხიდთან, მაღაზია ,,მ----------------’’ შენიშნეს შ--–-- ქ------, რომელიც შეაჩერეს და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მან ჩაატარა ჩხრეკა, ხოლო ოქმი შეადგინა ბ------ ჯ---–---–მა. შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად მარცხენა ფეხის წინდაში აღმოჩნდა გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო ფერის მასა, რომელიც დაილუქა სათანადო წესით. ჩხრეკის ოქმს ბრალდებულმა ხელი არ მოაწერა.
მოწმის, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ------ ჯ---–---–ის ჩვენების მიხედვით, მან მონაწილეობა მიიღო შ--–-- ქ------ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. ჩხრეკის ოქმი მის მიერ იქნა შედგენილი. შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკა მოხდა წ-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან ერთად იმყოფებოდა ასევე შ----- ლ---–---–ი. მათ ავტომანქანა გააჩერეს სამთო ქიმიასა და ,,გორგიას’’ შორის. ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა სამი ე.წ. გამჭირვალე პაკეტი, რომელშიც იდო მომწვანო ფერის მასა, რომლის დალუქვაც მოხდა მანქანაში. დაკავებამდე შ--–-- ქ------ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და განუმარტა უფლებები, თუმცა შ--–-- ქ------მ არც ერთ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი. გარდა პაკეტებისა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შ--–-- ქ------ს პირადი ნივთები.
2017 წლის 27 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში ა---- წ-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილი იქნა შ--–-- ქ------, რის შედეგადაც მისი მარცხენა ფეხის თანცმული წინდიდან ამოღებული იქნა გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო-მორუხო ფერის მასა 3 პაკეტად.
2017 წლის 27 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით დასტურდება, რომ შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მომწვანო მორუხო ფერის მასაზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტი---.
2017 წლის 28 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტი---ზე წარმოდგენილი ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერში, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში და შავ-თეთრი ფერის ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 0.4337 გრამი, 0.5221 გრამი და 0,4486 გრამი საერთო წონით - 1,4044 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება-ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0.1835 გრამს. ექსპერტებმა თ----- ო-----–---–მა და ს------- ც--------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით, გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ,,შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მასა 3 პაკეტად“, რომელიც აღმოჩნდა არა მომწვანო-მორუხო (როგორც მითითებულია პირადი ჩხრეკის ოქმში), არამედ მოყავისფრო ნივთიერება (როგორც მითითებულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში)
ბრალდებულმა შ--–-- ქ------მ თავი არ სცნო დამნაშავედ და დაკითხვისას განმარტა, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მას სამართალდამცავები უთვალთვალებდნენ და როგორც იცოდა, მათ მისი დაკავება სურდათ. დაკავების დღეს, იგი ქუჩაში მიდიოდა ტროტუარზე, რა დროსაც მას მივარდა სამოქალაქო ფორმაში მყოფი ოთხი პიროვნება, რომლებმაც იგი მანქანაში ჩატენეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დაკავებისას მისთვის ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. გაკვირვებული იყო სამართალდამცავების ქმედებით, რადგან მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჰქონდა ჩადენილი. ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმებაც შესთავაზა, რაზეც უარი განუცხადა, იმ საფუძვლით, რომ უდანაშაულო იყო.
მოწმე მ-----– ბ------–---მ დაკითხვისას განმარტა, რომ არის ბრალდებულ შ--–-- ქ------ს მეგობარი. 2017 წლის 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ქ. თბილისში, ი------------------ შეხვდა შ--–-- ქ------ს, რომელმაც მანქანით დიდუბეში გასვლა სთხოვა. დათანხმდა ქ------ს თხოვნას, რის შემდეგაც ბრალდებული ავტომანქანის უკანა სავარძელზე ჩაწვა. ქ------მ განუმარტა, რომ მას უთვალთვალებდნენ და სურდა გასცლოდა იქაურობას, რამდენიმე დღის წინ მისი მეგობარი ლ-–- მ---------–ი ეგონათ შ--–-- ქ------ და შეაჩერეს, ხოლო როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი არ იყო ქ------, გაუშვეს. მან მიიყვანა ბრალდებული დიდუბეში, ავტოსადგომთან, ქ------ს დაემშვიდობა და ეს უკანასკნელი მანქანიდან გადავიდა. ამ დროს მის წინ გაჩერდა თეთრი ფერის ,,შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ერთი მამაკაცი, რომელიც იმ მხარისკენ იხედებოდა, საითკენაც ქ------ წავიდა. მან გაიხედა უკან ბრალდებულისკენ, რა დროსაც დაინახა, რომ ოთხმა მამაკაცმა იგი შებოჭა და მოწითალო ფერის ,,შკოდა“-ში ჩასვა. მათ ბრალდებულისთვის არ ჩაუტარებიათ პირადი ჩხრეკა და დაუყოვნებლივ წაიყვანეს იგი. ვინაიდან ხსენებული მამაკაცები იყვნენ ,,შკოდა“-ს მარკის ავტომანქანით, იფიქრა, რომ ისინი სამართალდამცავები იყვნენ და ამის თაობაზე შეატყობინა ბრალდებულის დას. ბრალდებულის დამ ერთი საათის შემდეგ დაუდასტურა, რომ შ--–-- ქ------ ნამდვილად პოლიციელების მიერ იყო დაკავებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ ბ------ ჯ---–---–მა განმარტა, რომ შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მასა, მოწმე შ----- ლ---–---–მა განაცხადა, რომ შ--–-- ქ------საგან ამოღებული იქნა ყავისფერი მასა, თ------ ჩ------ის განმარტებით კი პოლიციის განყოფილებაში მან იხილა შ--–-- ქ------სგან ამოღებული გამჭირვალე პოლიეთილენის დალუქული პარკი, უშუალოდ შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მომწვანო-მორუხო ნივთიერება, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით,ექსპერტი--- ჩაუტარდა მოყავისფრო ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს.
ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას დადასტურდა, რომ შ--–-- ქ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად მისი მარცხენა ფეხის თანცმული წინდიდან ამოღებული გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო-მორუხო ფერის მასა 3 პაკეტად, რომელშიც აღმოჩნდა არა მომწვანო-მორუხო (როგორც მითითებულია პირადი ჩხრეკის ოქმში), არამედ მოყავისფრო ნივთიერება (როგორც მითითებულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში). 2017 წლის 28 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნის თანახმად ექსპერტი---ზე წარმოდგენილი ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერში, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში და შავ-თეთრი ფერის ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 0.4337 გრამი, 0.5221 გრამი და 0,4486 გრამი საერთო წონით - 1,4044 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება-ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0.1835 გრამს. რაც თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის მოწმე პოლიციელთა ჩვენებებთან.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებისა პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოყავისფრო ნივთიერება მოთავსებული იყო თეთრი ფერის და შავ-თეთრი ფერის ფოლგის ნაჭერში, (სულ სამი ნაჭერი). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „პროკურორს, გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პირადი ჩხრეკით ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში“. ამავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი „ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ...“
2017 წლის 27 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად შ--–-- ქ------საგან ამოღებული იქნა „გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო მოუხო მასა 3 პაკეტად“ რაც მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ვაკე საბურთალოს პოლიციის N2 განყოფილების N2 ლუქით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. ამავე ოქმის ბოლოში გამომძიებლის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომ შ--–-- ქ------ გაეცნო ჩხრეკის ოქმს, გადაეცა ოქმის ასლი თუმცა ოქმზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ბ------ ჯ---–---–ი და ერთადერთი მონაწილე პირი შ----- ლ---–---–ი.
საქმის მასალების მიხედვით ნივთმტკიცების დალუქვიდან, ქიმიური ექსპერტიზის ჩატარებამდე ნივთმტკიცება არ გახსნილა და დათვალიერებულა.
მოცემულ გარემოებებში განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს, 2017 წლის 28 თებერვლის N4------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი (დათვალიერება), რომელშიც აღწერილია ნივთმტკიცება; კერძოდ დასკვნის მიხედვით დალუქული პოლიეთილენის (ფაილი) პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა - შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, თერმულად დამუშავებული ბოლოთი, მასში მოთავსებული ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით; - შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, თერმულად დამუშავებული ბოლოთი, მასში მოთავსებული თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით; - უფერო, გამჭვირვალე წებოვანი ლენტით გადაკრული შავ თეთრი ფოლგის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით.
პალატა აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში არსადაა დაფიქსირებული ნივთიერებები რა ფერის და სახეობის პაკეტებში იყო მოთავსებული, ასევე ნივთიერებების ერთ პაკეტში დალუქვამდე ისინი რა ფერის და რა სახეობის პაკეტებში იქნა მოთავსებული, აშკარაა, რომ თერმულად დამუშავება, ისევე როგორც წებოვანი ლენტით პაკეტის შეკვრა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირების მხრიდან გარკვეულ მოქმედებებს მოითხოვდნენ რაც არაა ასახული ჩხრეკის ოქმში, არაა დაწვრილებით აღწერილი ამოღებული ნივთი, ნივთიერება, თუ საგანი.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი ნივთიერი მტკიცებულების ავთენტიკურობა, ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე ეჭვს ბადებს.
მოცემულ შემთხვევაში, წინააღმდეგობები არსებობს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას შორის, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უარყოფილი გონივრული ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის ან მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ, რის გამოც ხსენებულ მტკიცებულებებს, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოს, პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს. ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა შ--–-- ქ------ს ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად ვერ იქნება მიჩნეული, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები პირდაპირ არ მიუთითებენ შ--–-- ქ------ს მხრიდან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მ---- მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამასთან, პალატა მიუთითებს რომ გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს შ--–-- ქ------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტს, შესაბამისად ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს შ--–-- ქ------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 10 000 ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი შ--–-- ქ------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. შ--–-- ქ------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გაუქმდეს შ--–-- ქ------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 10 000 ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად შ--–-- ქ------ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი