განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002367012, №1/ბ-696-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ვახტანგ ლობჟანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------უა;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვ-–------------------–---------------------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------;
ადვოკატი - თ-------------–-ძე;
თარჯიმანი - ი----------------ე;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო, ვინაიდან მსჯავრდებული ნასამართლევია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, ხოლო გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული - მიმართული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, შესაბამისად, ვ-–----------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ვ-–-----------------------ის მიმართ დანიშნული იქნა სამართლიანი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი. მსჯავრდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები (იხ.სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენით, ვ-–----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ცივი იარაღის ტარებაში, ჩადენილი განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, ვ-–----------------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.
2018 წლის 16 იანვარს, თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „ა-------–-----------ის“ ქვედა ვესტიბულში, ვ-–----------------------ი ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ დანას მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენით, ვ-–----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვის ვადით. საბოლოოდ ვ-–----------------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ვ-–----------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-–----------------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა (მოწმე ზ--------–-------ის ჩვენება, ბრალდებულ ვ-–----------------------ის ჩვენება, ე---------------------------ცი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენი და სხვ.), რაც პრეიუდიციად იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ვ-–----------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორის - თ---------------უას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ-–----------------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით.
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) გარემოებების და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნას, პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, ვ-–----------------------ს დაუმატა მხოლოდ 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თავდაპირველად, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს პირობითი მსჯავრის და გამოსაცდელი ვადის არსი: გარკვეული პირობების არსებობისას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება), სასამართლოს შეუძლია, რომ დანიშნული სასჯელი, ან მისი ნაწილი ჩათვალოს პირობით. სასჯელის მოხდის ზემოაღნიშნული მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ პირი რეალურად არ იხდის დანიშნულ სასჯელს, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელი უწესებს გამოსაცდელ ვადას. სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი კი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. პირობის დარღვევის ერთ-ერთი შემთხვევა კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გაუქმების და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს არაერთ გარემოებას, მათ შორის მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, დანაშაულის ჩადენის დროს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ქმედებაში გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ა.შ..
საგულისხმოა, რომ ვ-–----------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით ნასამართლობის მქონეა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების ქვეშ. მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ დანის ტარება ისჯებოდა სისხლის სამართლის კოდექსით, რადგან წარსულში გასამართლებული იყო ცივი იარაღის ტარებისთვის. რა თქმა უნდა აღნიშნულ ნასამართლობის ფაქტს პალატა მხედველობაში არ იღებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, თუმცა, წარმოადგენს დანის ტარების, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის გაცნობიერების საკმარის არგუმენტს.
განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ვ-–----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა 6 თვით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირობით მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მან არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გაუქმებისას, შესაძლოა ახალ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. აღნიშნული ცნობილი იყო ვ-–----------------------ისთვისაც. მიუხედავად 2017 წლის 13 დეკემბერს, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენისა და გამოსაცდელი ვადის დაწესებისა, დაახლოებით 1 თვის გასვლის შემდეგ - 2018 წლის 16 იანვარს, ვ-–----------------------მა კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. მეტროპოლიტენში ადმინისტრაციული წესით დაკავების წინაპირობები და დანის ტარების ფაქტი მით უფრო გამოსაცდელი ვადის პირობებში და მისი წარსულის გათვალისწინებით, მიუთითებენ მსჯავრდებულის არაკანონმორჩილ ხასიათზე. პალატას მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტი - დანის ტარება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, არ უნდა გახდეს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვნად შემსუბუქების საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პიროვნებიდან და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან მხოლოდ 2 თვით თავისუფლების აღკვეთის დამატება. სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენასთან ერთად ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციაა. ცხადია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლამ ვერ შეძლო სასჯელის მიზნების შესრულება. ამ პირობებში სასჯელის მიზნების შესრულებას ასევე ვერ უზრუნველყოფს 2 თვით თავისუფლების აღკვეთის დამატება ბოლო განაჩენით დანიშნული ჯარიმისთვის. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში ვ-–----------------------ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორის - თ---------------უას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ვ-–----------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ვ-–----------------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ვ-–----------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - დანა (ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე