განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2018
საქმის ნომერი
330100117002049751
ინსტანცია
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002049751

საქმე №1ბ/443-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით

 

პროკურორ - თ-----------------ის

ადვოკატის - დ-----------ის

მსჯავრდებულის - გ--------------ას

კანონიერი წარმომადგენლის- ნ--------–-------ის

მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის და მსჯავრდებულ გ--------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენზე გ--------------ას მიმართ. გ--------------ა დაბადებულია 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, არასრული უმაღლესი განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული გ----------------------------–----------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ხ-–-----------------------------–--

წარდგენილ ბარლდება: საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტი, საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტი და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით:

გ--------------ა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გ--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გ--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშულთა ერთობლიობით გ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 4 (ოთხი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

გ--------------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

გ--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 27 ივნისიდან.

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა გ--------------ამ 2017 წლის 25 ივნისს, ღამის საათებში, თბილისში, გ--------–------------ კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში განთავსებულ ლიფტში სცადა, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ი-----------–---–ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს. გ--------------ამ ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ი-----------–---–მა, რა დროსაც მას ასევე მიეხმარა მისი შვილი მ-----–------–---–იც, ხოლო გ--------------ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზემოაღნიშნული ქმედების დასრულებით ი-----------–---–ს მიადგებოდა 1990 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. (საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი).

 

2017 წლის 25 ივნისს, ღამის საათებში თბილისში, გ--------–------------ კორპუსის ერთ- ერთ სადარბაზოში განთავსებულ ლიფტში, გ--------------ამ ი-----------–---–ს, ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სახისა და ტანის არეში მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.(საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი).

 

2017 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ,,ალტაოქეის’’ მაღაზიის წინ გ--------------ამ გააჩერა თ-------------------ას მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „-------------------- სახელმწიფო ნომრით - W--------, რომლითაც ამ უკანასკნელს მგზავრები გადაჰყავდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და მოსთხოვა თბილისში, ნუცუბიძის მეორე პლატოზე წაყვანა. მგზავრობის საფასურს წარმოადგენდა 05 (ხუთი) ლარი. თბილისში, ნუცუბიძის მეორე პლატოს, მეორე მიკრორაიონის მეორე კ-------–------------------- ავტომანქანიდან ჩამოვიდა გ--------------ა და თ-------------------ას განუმარტა, რომ ფულს ჩამოუტანდა, თუმცა იგი უკან არ დაბრუნებულა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--------------ა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) გაამართლა. დადგენილად ჩათვალა, რომ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულმა და პირობითად გამოსაცდელ ვადაში მყოფმა გ--------------ამ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ და მსჯავრდებულ გ--------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------ემ.

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა - გ--------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქ/პუნქტით გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებულ ბრალდებაში გ--------------ას გამართლება.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------ას დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--------------ამ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ძარცვის მცდელობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაწილში დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ მოწმე მ-----–------–---–ის ჩვენება არის ტენდენციური დედის - დაზარალებულ ი-----------–---–ის სასარგებლოდ. ასევე ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია დაცვის არგუმენტაცია, რომ შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნები, იმ მოტივით, რომ შესაძლოა, შეთახმებულად მოქმედებედნენ, უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულმა ი-----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცა შემდეგი შინაარსის ჩვენება: 2016 წლის 25 ივნისს გ--------–----------- არსებული მაღაზია ,,კარფურიდან“ გამოვიდა სურსათით დატვირთული. საბურთალოს ქუჩის კვეთაზე, გზაჯვარედინზე გადმოსვლისას დაინახა საპირისპირო მიმართულებით მომავალი გ--------------ა, რომელსაც ყურადღება მიაქცია იმიტომ, რომ მანქანების მოძრაობის დროს გადმოდიოდა გზაზე, თან ტელეფონზე საუბრობდა. მას შეეშინდა, მანქანა არ დაეჯახოსო. შეხედა და სახე კარგად დაამახსოვრდა. დაახლოებით 22:10-22:25 საათზე, სახლში რომ ბრუნდებოდა, ესმოდა ნაბიჯების ხმა - მას უკან ვიღაც მიჰყვებოდა. შემობრუნებისას დაინახა იგივე ახალგაზრდა. შეანელა სვლა, აცადა, წასულიყო თავის გზაზე. გ--------ა შევიდა მის სადარბაზოში და ორ წუთში უკანვე გამობრუნდა, დადგა კართან და უყურებდა მას, შემდეგ ამოიღო მობილური და ვიღაცას დაურეკა, ბიჭო, მოსული ვარ და არ მომიყვანო მანდ, თორემ ცუდად დაგიმთავრდება საქმეო. თავადაც ამოიღო ტელეფონი, დაურეკა შვილს და ხმამაღლა უთხრა, „დე, მოვედი, კარი გამიღეო“. აღნიშნული გააკეთა იმ მიზნით, რომ გ--------ას მარტო არ ჰგონებოდა და შეშინებოდა. სადარბაზოსთან მიახლოებისას გ--------ამ სადარბაზოს კარი გაუღო და უთხრა „მობრძანდითო“. ორივე მივიდა ლიფტთან, რომელიც თავად გამოიძახა. ლიფტში შესვლისას ჰკითხა, თუ რომელ სართულზე მიდიოდა. გ-------მ უპასუხა, „ბოლო სართულზეო“, ვინაიდან თავადაც ბოლო სართულზე ცხოვრობდა, დააჭირა მეცხრე სართულს. დაახლოებით მეორე-მესამე სართულზე იქნებოდნენ, როცა გ--------ამ ,,სტოპ“ ღილაკს დააჭირა ხელი და ლიფტი გააჩერა. მიუბრუნდა მას და მოსთხოვა, დროზე მოეხსნა ბეჭდები. მან დაიკივლა მიშველეთო, გ--------ამ მუშტი დაარტყა ცხვირში და გაუტეხა, ტკივილისგან თავი მიარტყა ლიფტის კედელს და ჩაიკეცა. სხვა ბეჭდებთან ერთად ეკეთა გარდაცვლილი მეუღლის ნაჩუქარი ბეჭედი, რომელიც არ უნდოდა დაეკარგა და მუჭი შეკრა. წაქცეული იყო, გ--------------ა კი ეჭიდავებოდა მას, რომ ეს ბეჭდები მოეხსნა. კიოდა „მიშველეთო“. გ--------------ა კი თავის და სახის არეში ურტყამდა ფეხს ძალიან მცირე ინტერვალით, თან პირზე აფარებდა ხელს. თავად ფეხს ურტყამდა ლიფტის კარს, რო ვინმეს გაეგო და მისულიყო საშველად. ეს გრძელდებოდა რამდენიმე წუთი. მისი ხმა გაიგეს მისმა შვილმა - მ-----–მა და მეზობლებმა, რომლებიც გამოვიდნენ გარეთ. მ-----–- ცდილობდა ლიფტის კარის გაღებას და ღრიალებდა. მეზობლები დაეხმარნენ კარის გაღებაში. კარის გაღებისას გ--------ა მუხლებზე დაემხო და ამბობდა ღმერთს ვფიცავარ მეტს აღარ დაგარტყამო. თავად უყვიროდა შვილს „არ მოკლაო“. მეზობლებმა მ-–---- გააკავეს, გ------- გაიქცა. მას სახე ჰქონდა მთლიანად დასისხლიანებული. შეიყვანეს მეზობელთან, სადაც მოვიდა სასწრაფო და გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება, გაუკეთეს ნემსები, შუბლი ჰქონდა დასიებული და მთელი სახე დეფორმირებული. შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ასევე ჩაუტარდა გარკვეული პროცედურები - ,,KT“, კომპიუტერული ტომოგრაფია და დაადეს ნაკერები. დაკითხვისას ბრალდებული აღწერა ფიზიკურად. საავადმყოფოდან გამოწერისთანავე წაიყვანეს პოლიციაში ამოსაცნობად, სადაც ბრალდებული ორ პიროვნებასთან ერთად იყო წარდგენილი. ამოცნობა არ გასჭირვებია. ახსოვს მარცხენა ხელზე მისი ე.წ. „ტატუც“. პოლიციამ ამოიღო მისი ტანსაცმელი და ოქროს სამკაულები. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას შედგა ოქმები, რაზეც მოაწერინეს ხელი. ჯანმრთელობის დაზიანების გამო გადახდილი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე იყო შეთავაზება ბრალდებულის ბებიისგან, მაგრამ მან თქვა უარი. დაზარალებულის განმარტებით, დღემდე მკურნალობს, რეაბილიტაციის ცენტრში დადის, იკეთებს მასაჟებს და დასხივებას. თითები აქვს დაზიანებული და საოპერაციო. დაუზიანდა თვალებიც. ორივე თვალის ოპერაცია დასჭირდა და გაიკერა. დადიოდა გულის კლინიკაში, აქვს ნევროზი, დღემდე იღებს გულის წამლებს და დამამშვიდებლებს.

 

დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენების სისწორე დადასტურებულია მეზობლების გ------------–-–---–ის, თ-------------–-–---–ის და ლ-----–----ის ჩვენებებით. მოწმედ დაკითხული გ------------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს სახლიდან მამაკაცის გინების და ქალის კივილის ხმაზე გავიდა. დაინახა მ-----–------–---–ი, რომელიც იგინებოდა და ცდილობდა ლიფტის კარების გაღებას, მეცხრე სართულის მეზობელმა ე---------–--მ მიაწოდა რკინის მავთული, რისი დახმარებითაც მოახერხა ლიფტის კარის გაღება და დაინახა, რომ გ--------------ა გამოვარდა ლიფტიდან, რომელიც დაიჭირა იქვე მყოფმა მ-----–------–---–მა, მაგრამ მეზობლებმა გააშვებინეს. გ--------------ა გაიქცა, შეეშალა და ჯერ ჩავიდა სარდაფში, შემდეგ ამობრუნდა და სადარბაზოსთან მდგარ ლ-----–----ეს გასცდა სირბილით. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ლიფტში იმყოფებოდა დასისხლინებული ი-----------–---–ი, თავი ჰქონდა გატეხილი და იძახდა ,,მ-–- არ გაუშვათ, მოკლავსო“. დაზარალებული მეზობელთან შეიყვანეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, სადაც თქვა, რომ ,,კარფურიდან“ გამოჰყვა თავდამსხმელი, ლიფტში შეჰყვა და ბეჭდები მოსთხოვა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი თავში ჩაარტყა, მაგრამ რა ჩაარტყა, არ იცის. არ დაუნახია, ხელში ეჭირა თუ არა რაიმე. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ღამესვე მისცა პოლიციას ჩვენება, ხოლო მეორე დღეს ამოიცნო გ--------------ა, ვინაიდან კარგად დაინახა მისი სახე სადარბაზოში არსებული კარგი განათების გამო. ასევე დაადასტურა, რომ გ--------------ას იგივე ტანსაცმელი ეცვა მეორე დღეს, რაც შემთხვევის დღეს ეცვა. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------–-–---–მა. მოწმემ აჩვენა, რომ გინებისა და კივილის ხმაზე გავიდა სადარბაზოში ძმასთან, გ------------–-–---–თან ერთად. დაინახა, როგორ ცდილობდა ლიფტის კარის გაღებას მ-----–------–---–ი, როგორ მიაწოდა მეზობელმა რკინის მავთული და ლიფტის გაღებისთანავე როგორ გამოვარდა გ--------------ა გარეთ. ის მუხლებზე დაეცა და არ მომკლათო, იძახდა. მეზობლებმა გააშვებინეს ხელი მ-----–------–---–ს და გ--------------ა სწრაფად გაიქცა. ხოლო ლიფტში მყოფი დასისხლიანებული ი-----------–---–ი ყვიროდა ,,მ-–---- გააჩერეთ, არ მოკლასო“. როგორც დაზარალებულისგან გაიგო, მას ,,კარფურიდან“ გამოჰყვა თავდამსხმელი და ლიფტში შესულს მოსთხოვა ბეჭდები. წინააღმდეგობის გაწევის გამო სცემა, რის გამოც სასწრაფოს და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. მოწმე ლ------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ უშუალოდ გახდა მოწმე, როგორ ჩამოირბინა კიბეები მ-----–------–---–მა და უძახდა ლიფტში ,,დედა რა ხდებაო“, ხოლო ლიფტიდან ი-----------–---–ი იძახდა ,,არ მოკლასო“. ლიფტის კარების გაღებისთანავე გამოვარდა გ--------------ა და მუხლეზე დაეცა. იქვე მყოფმა მეზობლებმა გააკავეს მ-----–------–---–ი, ხოლო გ--------------ა გაიქცა. ის ისე იყო დაბნეული, რომ ჯერ სარდაფში ჩავიდა, ხოლო შემდეგ დატოვა სადარბაზო. მას გაეკიდა მ-----–------–---–ი, მაგრამ ვეღარ დაეწია. ი-----------–---–ი ლიფტიდან წამოაყენეს მეზობლებმა. მას თავი ჰქონდა გატეხილი, იყო დასისხლიანებული, შეიყვანეს მეზობლის სახლში. მოწმის მიერ მოხდა გ--------------ას ამოცნობა. მოწმემ დაადასტურა, რომ ლიფტიდან გამოვარდნილი და გაქცეული პიროვნება იყო გ--------------ა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა კ-----------ემ აჩვენა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის უფროს ექსპერტად. 2017 წლის 25 ივნისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან - გ-----------–-------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილას გ--------–-----------------–------------- მეორე სადარბაზოში. გამომძიებელ ზ-------–-------–---–თან და ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს ლიფტი, რომლის კედლები და იატაკი სისხლიანი იყო. იატაკის ზედაპირიდან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში და გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გამრეკელის და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე გაჩერდა. ადგილზე მოხდა ოქმების შედგენა, რაზედაც მოაწერა ხელი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ--------------–---–მა დაადასტურა მოწმე კ-----------ის ჩვენება და განმარტა, რომ მუშაობს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროს ექსპერტად. 2017 წლის 25 ივნისს შესული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ------- ბ-------თან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისში, გ--------–------------ კორპუსის მეორე სადარბაზოში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ადგილზე დახვდათ გამომძიებელი ზ-------–-------–---–ი და კინოლოგიის სამსახურის წარმომადგენლები. მეწყვილესთან ერთად დაათვალიერა და დაასურათა შემთხვევის ადგილი. პირველ სართულზე, ლიფტის კარის წინა ფილაქანზე, ლიფტის იატაკზე, ლიფტის კედლებზე და ღილაკების დაფაზე შეინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული სისხლის ნიმუშები შეფუთეს და დალუქეს სპეცპაკეტებში. ლიფტის კედლები და კვლის მიმღები ობიექტები დამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილებით, გამოვლენილი კვლები კი დასურათდა, გადატანილ იქნა დაქტილოფირებზე, დაილუქა შესაბამის პაკეტებში და გადაეცა გამომძიებელს. ამის შემდეგ გამომძიებელმა წარუდგინა მის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნენ და მოაწერეს ხელი. ოქმში შენიშვნები არ შეუტანიათ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კო------------–-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის სისწორე და უჩვენა, რომ დასკვნის თანახმად, შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ ,,სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------“-ის და ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ი-----------–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2017 წლის 25 ივნისიდან 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფოში დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარჯვენა თხემის ნახეთქი ჭრილობა, მრავლობითი გემატომები და ექსკორიაციები თავის არეში, თვალბუდის გემატომები ორივე მხარეს, სისხლნაჟღენთი მარჯვნივ ქვედა ყბის ქვეშ, სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოში, მარცხენა ზედა კიდურის მე-3-მე-4 თითების დაჟეჟილობა, ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. იგი გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. გამოძიების მიერ წარდგენილი მოქალაქე ი-----------–---–ის კომპიუტერული ტომოგრაფიის CD დისკი შესწავლილ იქნა სპეციალისტ-რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება ცხვირის ძვლების მოტეხილობა მცირე შეცილებით. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (25.06.2017) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თავის მიდამოში არსებული დაზიანებები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----------–---–მა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: ,,007250617004 ი-----------–---–ის სისხლის ნიმუში...“ მოთავსებული სისხლი (ობ. N15) მიეკუთვნება 0(I) ჯგუფს; პაკეტში, წარწერით: ,,ბრალდებული გ--------------ას სისხლი...“ მოთავსებული სისხლი (ობ.N16) მიეკუთვნება 0(I) ჯგუფს; პაკეტში, წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები 04 (ოთხ) ნიმუშად...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1-4), წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N1,3,4-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----------–---–ს (ობ.N15), ხოლო ობ.N2- ის (კონვერტი, წარწერით: ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი გამოხდილი წყლით შესველებულ დოლბანდზე, ამოღებული ლიფტში ღილაკების დაფიდან“.) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------ას (ობ.N16); პაკეტში წარწერით: ,,გ--------------ას ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N5,6), მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7,8) მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N5,6,9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----------–---–ს (ობ.N15), ხოლო ობ.N7,8- ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------ას (ობ.N16); პაკეტში, წარწერით: ,,მ-----–------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ მოკლე შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N10,11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------ას (ობ.N16), ხოლო ობ.N11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----------–---–ს (ობ.N15). ამავე ფუთაში მოთავსებულ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N12) სისხლს არ წარმოადგენს; პაკეტში, წარწერით: ,,ი-----------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ პერანგზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N13,14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N14-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----------–---–ს (ობ.N15), ხოლო ობ.N13-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი გ--------------ას (ობ.N16), ხოლო მეორე წილი ი-----------–---–ის (ობ.N15) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე ფუთაში მოთავსებულ ქვედაბოლოზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გამოიკვლია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და მოწმის სახით დაკითხა ექსპერტი ვ--------–--–---–----, რომელმაც დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გ--------------ას აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F61; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ--------------ას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, გ--------------ას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--------------ას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--------------ას შეუძლია, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის. გ--------------ას აქვს ფსიქიკური ნაკლი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ--------------ა იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მოწმის განმარტებით, ზემოაღნიშნული დაავადება სრულად არ იკურნება. ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებისას შეიძლება, დაავადება გართულდეს. შეზღუდული შერაცხადობისას პირი აცნობიერებს თავის ქმედების მართლწინააღმდეგობას, თუმცა შესაძლებელია, შედეგი არ ჰქონდეს სრულად გაცნობიერებული. გ--------------ამ იცოდა, რომ ნივთი, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა, მისი არ იყო, თუმცა ქმედების შედეგი არ ჰქონდა სრულად გაცნობიერებული.

ასევე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ვ-–--------------–---–ი, ვის მიერაც ჩატარდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,გ--------------ას სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება „დიაზეპამი“. საკვლევ ობიექტში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეთადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ბარბიტურის მჟავა და ბენზოდიაზეპინის ნაწარმი სხვა ნივთიერებები, ასევე ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

საქმის არსებითი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაკითხა დაცვის მხარის მოწმე ე------------–--ე, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ბრალდებულ გ--------------ას იცნობს ბავშვობიდან. მის ზრდასთან ერთად შესამჩნევი გახდა ქცევითი პათოლოგიები. გაუჩნდა მიდრეკილება ასოციალური ქცევისკენ, რაც გამოიხატებოდა გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენაში და კონფლიქტურობაში. დღის წესრიგში დგებოდა სკოლის გამოცვლაც კი, რადგან მწვავდებოდა ურთიერთობა ბავშვებთან და პედაგოგებთან. მოგვიანებით გაჩნდა მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ, სუიციდის მუქარა და მისი მცდელობაც. 2017 წლის აპრილში გ-------ს დედამ დაურეკა საზღვარგარეთიდან ,,სკაიპის“ მეშვეობით და სთხოვა, რომ კონსულტაცია გაეწია გ-------სთვის, ვინაიდან მისი მდგომარეობა გართულდა. გ------- მივიდა მასთან სახლში ბებიასთან ერთად, უთხრა, რომ შეემთხვა სერიოზული ინციდენტი, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ მის სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. დიდი რაოდენობით სხვადასხვა მედიკამენტის მიღების გზით სცადა თვითმკვლელობა, დაკარგა გონება, თუმცა იგი გადაიყვანეს სტაციონარში, სადაც გაეწია შესაბამისი დახმარება. გ-------ს დაუნიშნა მკურნალობა, რომელსაც თავიდან კარგად ასრულებდა, ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია პერიოდულად. მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა შემდეგ შეწყვიტა მედიკამენტების მიღება და მოხდა ის, რის გამოც ბრალი წარედგინა მოცემულ საქმეზე.

გ--------------ამ მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი და ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლებით. დასკვნით სიტყვის სარგებლობის დროს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წრდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბავშვობაში მამა ძალადობდა ფიზიკურად მასზე, რის გამოც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. ფსიქიკურად გაწონასწორებული რომ იყოს, ქალს ხელს არ დაარტყამდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იგი დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გამართლება.

 

მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი და არ გამოკვლეულა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ი-----------–---–ისგან ამოღებული ორი ცალი ოქროს ბეჭდის და ერთი ცალი ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭდის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2017 წლის 25 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1990 ლარს, რის გამოც გ--------------ას ქმედება გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს.

 

რაც შეეხება გ--------------ას ქმედების ჩადენის არაერთგზისობას, დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით გ--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N002/17/8-011 გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 07 თებერვალს გ--------------ა საპატიმრო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 05 (ხუთი) თვითა და 04 (ოთხი) დღით ადრე.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულ გ--------------ას მიერ იმ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომლითაც მას მსჯავრი დაედო.

ამდენად, სახეზეა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ გ--------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მტკიცებულებების არასანდოობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ თითქოს მ-----–------–---–ის წინასწარ გამოძიების დროს და სასამართლოში მიცემული ჩვენებების შინაარსში სხვაობა მიუთითებდეს გამოძიების ტენდენციურობაზე, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ სხვა პირთა ჩვენებებსაც.

მართალია, მ-----–------–---–მა სასამართლო სხდომაზე წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით არ დააფიქსირა კატეგორიული პოზიცია თავდამსხმელის ამოცნობასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ჩვენება მთლიანობაში თანმიმდევრულია და არ გვაქვს საფუძველი, იგი მივიჩნიოთ ტენდენციურად. საქმის მასალებით დგინდება, რომ მ-----–------–---–ს დედასთან კომუნიკაცია ჰქონდა როგორც სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მეზობლის სახლში, ისე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დედისგან სად მიიღო. ამ ნაწილშიც მოწმის ჩვენებებში სხვაობა არ მოწმობს მის ტენდენციურობას. გასათვალისწინებელია, რომ მ-----–------–---–ის ჩვენების სისწორე დასტურდება როგორც დაზარალებულის, ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა შინაარსიც თანამიმდევრული და დამაჯერებელია და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე ჩატარებული ყველა ექსპერტიზა უწყებრივად შედის შსს-ს სისტემაში, რაც მათი დასკვნების შინაარსის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველია. ასევე ეჭქვეშ ვერ დადგება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი იმის გამო, რომ ადვოკატის მითითებით, ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა ამგვარი დასკვნის მცდარობა - ცხოველმა სუნის ამოცნობისას დაუშვა შეცდომა და ამ შეცდომას დაეფუძნა დასკვნის შინაარსიც. გასათვალისიწნებელია, რომ მოცემულ საქმეზე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას და მის შინაარსთან თანხვედრაშია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვა ექსპერტიზის დასკვნების შინაარსიც.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და გონივრული სტანდარტით არსებული მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, რითიც დადასტურებულია გ--------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული თ-------------------ა, რომლის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2017 წლის 25 ივნისს, საღამოს პეკინის ქუჩის გადაკვეთის შემდეგ საბურთალოს ქუჩაზე ტაქსში ჩაუჯდა ახალგაზრდა, დაახლოებით ოცდაათ წლამდე მგზავრი, რომელმაც სთხოვა ნუცუბიძის პლატოზე წაყვანა. მგზავრი იყო აღელვებული, მძიმედ სუნთქავდა, ნარბენს ჰგავდა და განმარტა, რომ ჩხუბი მოუვიდა ოთხ ადამიანთან. ცოტა თითი ჰქონდა დაზიანებული, სხვა რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. როგორც თავად მგზავრმა განუმარტა, იყო გვარად ქაჯაია, წარმოშობით სურამიდან. აიყვანა ნუცუბიძის პლატოზე, გ--------მ უთხრა დალოდებოდა, ალბათ კიდევ სადმე უნდოდა წასვლა. კონკრეტული დრო, თუ რამდენ ხანს უნდა დალოდებოდა მგზავრს, არ უთქვამს. 5-10 წუთი ელოდა. მოწმის განმარტებით, იფიქრა, სანამ ჩხუბის ამბავს მოყვებოდა იქ, სადაც მიიყვანა, დრო დასჭირდებოდა, რის გამოც აღარ დაელოდა, მოატრიალა მანქანა და წამოვიდა. მანქანიდან გადასვლისას გ-------ს მგზავრობის საფასური არ გადაუხდია. მეორე დღეს დაკითხა პოლიციამ. მიუთითა ადგილზე, სადაც გ-------- ჩაუჯდა მანქანაში და მარშრუტზე, რაც შემდეგ გაიარეს. გ-------- ამოიცნო, რომელიც ამოსაცნობ ოთახში იყო ორ სხვა მამაკაცთან ერთად. ამოცნობისას იგი იმავე ფორმაში იყო, როგორშიც წინა დღეს. მანძილი, რომელიც გ--------მ გაატარა, იქნებოდა 4-5 ლარის ღირებულების. თანხაზე წინასწარ არ შეთანხმებულან. თავს დაზარალებულად არ თვლის, რადგან თავისი ინიციატივით მოატრიალა მანქანა და აღარ დაელოდა მგზავრს. შესაძლოა, ის ჩამოვიდა კიდეც.

 

აღნიშნულის სისწორე დაადასტურა ბრალდებულის სახით დაკითხულმა გ--------------ამ და განმარტა, რომ მან ნამდვილად იმგზავრა თ-------------------ას სამარშრუტო ტაქსით, რომელმაც მისი მოთხოვნის შესაბამისად წაიყვანა ნუცუბიძის პლატოზე, საიდანაც იგი სხვაგან აპირებდა წასვლას, რის გამოც მძღოლს უთხრა დალოდებოდა. ავიდა კორპუსში, თითი ჰქონდა დაზიანებული, მოსდიოდა სისხლი, რომ მოწესრიგდა და ეზოში ჩავიდა, ტაქსი იქ აღარ დახვდა.

 

აღნიშნულს ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად ცნობილი 2017 წლის 28 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად გ--------------ას პირადი შემოწმებისას, მარცხენა მტევნის მეორე თითის საფრჩხილე ფალანგის მიდამოში, ფრჩხილის მიმდებარედ, ცერის მხარეს აღენიშნებოდა ირიბად მდებარე, უსწორო, ჰიოერემიული და ოდნავ შეშუპებული კიდეების მქონე ჭრილობა, სიგრძით 0,5 სმ. ირგვლივ შემშრალი სისხლით.

 

შესაბამისად გ--------------ას თ-------------------ას ჩვენების საწინააღმეგო არაფერი არ ჰქონდა სათქმელი. თითი რომ დაზიანებული ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა, ამას თ-------------------აც უთითებს ჩვენებაში და მის მოწესრიგებას რომ დრო დაჭირდა, ამას გ--------------აც ადასტურებს. ასევე თ-------------------ა არ უარყოფს, რომ გ--------------ამ უთხრა დამელოდეო და თვითონ აღარ დაელოდა დიდხანს, ხოლო თვით გ--------------ა უჩვენებს, რომ დაბრუნდა ცოტა დაგვიანებით და აღარ დახვდა მანქანა. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ--------------ამ თ--------------------ს მიმართ ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------------ასთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მისი წარსული ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უნდა ითქვას უარი და გ--------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ გ--------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

გ--------------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

გ--------------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ--------------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 04 (ოთხი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ--------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ გ--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 ივნისის 13:32 საათიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

მ-----–------–---–ის ტანსაცმელი; გ--------------ას ტანსაცმელი; KT დისკი და ი-----------–---–ის ოქროს სამკაულები და ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

გ--------------ას სუნის ნიმუში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში და სამი დაქტილოფირი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, ასევე გ--------------ას და ი-----------–---–ის სისხლის ნიმუშები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი, გადატანილი დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი, გადატანილი დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე