განაჩენი

სისხლის სამართლის 06.07.2018
საქმის ნომერი
330100118002382678
ინსტანცია
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002382678

საქმე #1ბ/692-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №010080218003), ზ----------ს, დ----------–--------–-–--------–---, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის, განქორწინებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----------მ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ----------მ გადაწყვიტა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით პროსტიტუციისათვის გადაეცა ადგილი. ამ მიზნით, ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი №7-ში მდებარე ე.წ. „ჩინური მასაჟი“-ს სალონში დაიწყო მუშაობა ადმინისტრატორად. მუშაობის პერიოდში, სალონის ოთახებს სისტემატურად გადასცემდა პროსტიტუციისათვის კლიენტებს სალონშივე შეკრებილ ჩინელი ეროვნების მეძავებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისათვის. ზ----------ს მიერ განხორციელებული ქმედებები გამოვლენილი იქნა 2018 წლის 26 თებერვალს, 2018 წლის 28 თებერვალს და 2018 წლის 4 მარტს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით:

 

ზ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ზ----------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 12 მარტიდან - 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორმა ი-----–---–-----–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა ზ----------სათვის სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით, მოწმეების - მ-------------–------–-------–--–---------------–-----------------------------------------------–---------–------------------–--–--–------–--------------------- ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებულ, ერთმანეთთნ შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ----------მ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ----------სათვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. აპელანტის მოსაზრებით, ზ----------სათვის დანიშნული სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმა - ჯარიმა, ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ----------მ გამოძიებაში ბრალდებულის სახით დაკითხვისას გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ყოველივე აღნიშნული კი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია. იმავდროულად, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს, რომ მსჯავრდებული ზ---------- დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებდა შენიღბული ფორმით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, რაც სასჯელის დამამძიმებლ გარემოებას წარმოადგენს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს ადგილი ჰქონდა ერთიანი დანაშაულის ერთ-ერთ სახეს - განგრძობად დანაშაულს, რომელიც მოიცავდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ სამ ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის სისტემური ხასიათი, - ის გარემოება, რომ ზ----------ს განხორციელებული სამი ქმედება იქნა გამოვლენილი ბრალდების მხარის მიერ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ამასთანავე, პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ქმედების შენიღბული ფორმით და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით განხორციელება, არ შეიძლება გახდეს სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ზ----------სათვის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ----------სათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ----------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ზ---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ზ----------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 12 მარტიდან - 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ზ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

DVD დისკები, შეხვედრების ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით (26.02.2018; 28.02.2018; 04.03.2018), რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

ზ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 15 ლარის და 50 თეთრის ოდენობით, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, გადარიცხულ იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი N7-ში მდებარე ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკის შედეგად N11 (პირობითად) ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა 59 ლარის, 60 თეთრის და 2 იუანის ოდენობით, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, გადარიცხულ იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ზ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი N7-ში მდებარე ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი რვეული, მასში არსებული ჩანაწერებით, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს ჩინური მასაჟის სალონის ხელმძღვანელობას;

ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი N7-ში მდებარე ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკის შედეგად N11 (პირობითად) ოთახიდან ამოღებული ერთი ცალი რვეული ჩანაწერებით, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს ჩინური მასაჟის სალონის ხელმძღვანელობას;

ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი N7-ში მდებარე ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკის შედეგად N1 (პირობითად) ოთახიდან ამოღებული 1 460 (ათას ოთხას სამოცი) ცალი პრეზერვატივი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, გადაეცეს სახელმწიფოს;

ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი N7-ში მდებარე ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკის შედეგად N2 (პირობითად) ოთახიდან ამოღებული 100 (ასი) ცალი პრეზერვატივი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, გადაეცეს სახელმწიფოს;

ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი N7-ში მდებარე ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკის შედეგად N2 (პირობითად) ოთახიდან ამოღებული სალარო აპარატი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

 

ქ. თბილისში, თამარ მეფის გამზირი N7-ში მდებარე ჩინური მასაჟის სალონი (დალუქულია) და გასაღები, თავის მხრივ დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე