განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017001929857 (3/ბ-659-2017 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - დ-------–------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 18 მაისს დ-------–------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქედის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3--------ის N 0------- სხდომის ოქმისა და N-- განკარგულების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ დ-------–------ეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3--------ის N0------- სხდომის ოქმითა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N-- 3-----2017 განკარგულებით უარი ეთქვა სოფ. ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის მისი მამის - ო----- მ–------ის სახელის მინიჭებაზე. ოქმის თანახმად, საკითხს ჰყავდა 1 მომხრე, 9 წევრმა თავი შეიკავა, ხოლო 13 დეპუტატი წავიდა წინააღმდეგი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული განკარგულება უსაფუძვლო და ბუნდოვანია, რადგანაც სხდომაზე არ მომხდარა საკითხის სრულად და ყოველმხრივ განხილვა, სხდომაზე მოხდა მხოლოდ საკითხის ციტირება, რაც ოქმის შინაარსშიც არის ასახული და ამ მოსაზრებას ამყარებს მოწმეთა ჩვენებები. ვ-–------–----ე, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია წინააღმდეგი გამოვიდა აღნიშნული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, რადგანაც მიიჩნია რომ საკითხი იყო მოუმზადებელი.
მოსარჩელის მოსაზრებით, საკითხის მოუმზადებლობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16-------ის და N194 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლებისათვის მინიჭების წესის თანახმად არ შეიძლება სკოლას მიენიჭოს სამინისტროში წარდგენილი კანდიდატის თ----------------ის სახელი, რადგან ამ წესის თანახმად სკოლას შეიძლება მიენიჭოს ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მაშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ 20 წელი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მამა, ო----- მ–------ე თავისი მოღვაწეობის პერიოდში დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებითა და საპატიო სიგელებით, კერძოდ, 1960 წელს მიიღო განათლების უმაღლესი სკოლებისა და დაწესებულების მუშაკთა პროფესიული კავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის და აჭარის ასსრ განათლების სამინისტროს საპატიო სიგელი განათლების დარგში ნაყოფიერი მუშაობისათვის, 1961 წელს მიიღო აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი რესპუბლიკის სახალხო მეურნეობისა და კულტურის დარგში ნაყოფიერი მუშაობისათვის, 1986 წელს მიიღო ქედის რაისაბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების და განათლების უმაღლესი სკოლებისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფესიული კავშირის ქედის რაიკომის საპატიო სიგელი ნაყოფიერი მუშაობისათვის, 1987 წელს ნაყოფიერი მუშაობისთვის მიენიჭა აჭარის ასსრ დამსახურებული მასწავლებლის სპეციალური წოდება, დაჯილდოვდა სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით.
მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის სხდომის ოქმი და მასთან ერთად განკარგულება ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის თ----------------ის სახელის მინიჭების თაობაზე. მიიჩნევს, რა რომ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლი, რომელიც კოლეგიალური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებას ეხება. დარღვეულია სხდომის მიმდინარეობის წესიც, რადგანაც საკრებულოსათვის ცნობილი იყო რომ აღნიშნულ დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის დ-------–-------–---–ის წერილით ფაქტიურად უარი ეთქვა ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის თ----------------ის სახელის მინიჭების შესახებ და ეს საკითხი სხდომაზე საერთოდ არ იქნა გამოტანილი. ასევე სხდომაზე განზრახ მოიწვიეს ხ-------–ის საჯარო სკოლის ახლანდელი დირექტორი მ-----–-----------ე, რათა საკრებულოს სხდომაზე დადასტურებული ყოფილიყო მუნიციპალიტეტის მზაობა თ----------------ის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. ო----- მ–------ის დამსახურება, მისი ღვაწლი კი არაფრად ჩააგდეს და აშკარად შელახეს მისი საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც მოსარჩელე საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს საკრებულოსგან. ასევე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის თ----------------ის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით და მოპასუხეს დაეკისროს ყველა ის ხარჯი, რაც უშუალოდ გასწია მან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.
მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ-------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე 2017 წლის 14 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა წერილობით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოითხოვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის თ----------------ის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა იმ საფუძვლით, რომ თ----------------ეს აქვს განსაკუთრებული დამსახურება სამშობლოს დაცვის საქმეში. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასალის მესამე ხარისხის ორდენით და სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით ზრუნავდა თანამებრძოლებისა და თითოეული ვეტერანის პრობლემათა გადაწყვეტაზე. ასევე საფუძვლად მითითებულია ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი.
2017 წლის 2--------ს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა 2017 წლის 6-------ის N-- სხდომის ოქმი სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის ო---- (ო-----) მ–------ის სახელის მინიჭების თაობაზე. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3--------ის სხდომის ოქმი N0-------- ით და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N-- 3-----2017 განკარგულებით უარი ეთქვა სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის ო----- მ–------ის სახელის მინიჭებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის N83/ნ ბრძნების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის ტერიტორიულ ორგანოს- დ---------ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლას მიენიჭა სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე, გარდაცვლილი საერო პირის - თ----------------ის სახელი.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ/გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 27-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3--------ის სხდომის ოქმი N0------- და N-- განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ბათილად ცნობაზე მსჯელობისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების კანონიერება შეამოწმა ადმინისტრაციული აქტის მომზადების, გამოცემის, სრულყოფილად გამოკვლევისა და დასაბუთების თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ამ კუთხითაც კანონის მოთხოვნის იმგვარ დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლოა გამხდარიყო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, არ გამოვლენილა. იგი სრულად აკმაყოფილებდა ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსითა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მიღების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საჯარო სკოლის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16-------ის N194- ბრძანება, რომლის 41 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ - საკრებულომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე მიუთითებს დასახელებული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სკოლას შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ: ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მაშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ 20 წელი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დასახელებული საფუძვლით შეუძლებელია სკოლას მიენიჭოს თ----------------ის სახელი და დავის არსის მიმოხილვაში მოთხოვნილი აქვს ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის თ----------------ის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ ხ-------–ის საჯარო სკოლაზე თ----------------ის სახელის მინიჭების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის N83/ნ ბრძანებით.
,,საჯარო სკოლის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16-------ის N194- ბრძანების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინამდებარე წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემული განკარგულება და სხდომის ოქმი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან და ამდენად მოსარჩელის მოთხოვნის არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ-------–------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგანაც დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის მოთხოვნა, აგრეთვე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის. აპელანტის წარმომადგენლის მიერ ორგზის გაკეთდა მოთხოვნა, საქმის გადადების შესახებ, რომელიც რატომღაც დარეგისტრირდა, მაგრამ საქმის გადადება არ მომხდარა. ასევე დაირღვა მისი (დ.მ–------ის) მიმართ სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 თავი მუხლი 70, 71) პრინციპი.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ სხდომის გაგრძელება, მხედველობაში აქვს მეორე სხდომა, მომხდარა ქედის საკრებულოს წარმომადგენლის მოთხოვნით, რაც გადაწყვეტილებაშიც არის ფიქსირებული, აღნიშნულით კი თავის მხრივ დაირღვა როგორც მისი (დ.მ–------ის), ისე მისი წარმომადგენლის კონსტიტუციური უფლებები, აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 13.1 მუხლისა და 75-ე მუხლის ,,გ" პუნქტის მოთხოვნები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ საქმე მის დაუსწრებლად განიხილა და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულის გამო ითხოვს სააპელაციო საჩივრით საქმის ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნებას.
საქმის მასალებით არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის სასამართლო სხდომაზე მიწვევის სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევა, ამასთან, სააპელაციო პალატამ საქმე მხარეთა ზეპირი მოსმენით განიხილა, შესაბამისად, აპელანტს მიეცა საშუალება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რაზეც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სსსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან ( I ინსტანციის სასამართლოში ) და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61.1 მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 61.2 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება. 61.4 - 61.6 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
სარჩელით სადავო ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3--------ის N 0------- სხდომის ოქმი და N-- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინიატრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების წესს ადგენს ,,საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16-------ის N194 ბრძანება. აღნინული ბრძანების 1.2 მუხლის თანახმად, წინამდებარე წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში.
ზემოთ მოხსენიებული „წესის“ 3.1. მუხლით, სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (ინიციატივის) უფლება აქვთ: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობას; ბ) სკოლის დირექციას; გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს; დ) შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ე) პედაგოგიურ საბჭოს; ვ) იმ თვითმმართველ ერთეულში მკვიდრს, რომელშიც მდებარეობს სკოლა. 3.2 მუხლის მიხედვით, ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას. 3.3 მუხლის შესაბამისად, ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის კანცელარიაში და რეგისტრაციის დღესვე გადაეცემა სამეურვეო საბჭოს. 4.1 მუხლით, ინიციატივას პირველად განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. 4.3 მუხლის პირველი წინადადებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება.
2017 წლის 2--------ს სსიპ სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, 0-----2017წ N- სხდომის ოქმის საფუძველზე, ინიციატივით შევიდა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის ო---- (ო-----) მ–------ის სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ სკოლისათვის ო---- (ო-----) მ–------ის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივის განხილვის პროცედურა დაიწყო და დასრულდა მოხსენიებული „წესის“ 3.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 4.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 4.3 მუხლის პირველი წინადადებით დადგენილი პირობების დაცვით.
„წესის“ 41 მუხლის შესაბამისად, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამეურვეო საბჭო ინიციატივას და შესაბამისი სხდომის ოქმს უგზავნის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ.
ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 3--------ის N0------- სხდომის ოქმითა და N-- 3-----2017 განკარგულებით უარი თქვა სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის ო----- მ–------ის სახელის მინიჭებაზე, რისი უფლებაც საკრებულოს გააჩნდა „წესის“ 41 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს სკოლისთვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილება (განკარგულება) წარმოადგენს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს ამასთან არ დასტურდება მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც მისი ბათილად ცნობას განაპირობებს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე 2017 წლის 14 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა წერილობით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოითხოვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის თ----------------ის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა იმ საფუძვლით, რომ თ----------------ეს აქვს განსაკუთრებული დამსახურება სამშობლოს დაცვის საქმეში, - დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასალის მესამე ხარისხის ორდენით და სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით ზრუნავდა თანამებრძოლებისა და თითოეული ვეტერანის პრობლემათა გადაწყვეტაზე. მიმართვაში დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტას ვეტერანების საქმეთა სამსახური ითხოვდა ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით.
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის ხსოვნის უკვდავყოფის ერთერთი ძირითადი ფორმაა - სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის სახელისა და გვარის დარქმევა ქუჩისათვის, მოედნისათვის, დაწესებულებისათვის, სკოლისათვის, აგრეთვე სამხედრო ნაწილისა და გემისათვის, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის N83/ნ ბრძანების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის ტერიტორიულ ორგანოს - დ---------ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლას მიენიჭა სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე, გარდაცვლილი საერო პირის - თ----------------ის სახელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ამას მოწმობს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 31.05.2017წ ნ83/ნ ბრძანებაც, რომლითაც სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ის საჯარო სკოლას მიენიჭა თ----------------ის სახელი და იმავდროულად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში (სარეგისტრაციო კოდი - 0-------------------------) შევიდა ცვლილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
როგორც აღინიშნა, ხ-------–ის საჯარო სკოლისთვის თ----------------ის სახელის მინიჭების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის N83/ნ ბრძანებით (ნორმატიული აქტით). ხსენებული ბრძანება არ გასაჩივრებულა და ის ძალაშია. სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ იკვეთება ხ-------–ის საჯარო სკოლისათვის ო---- (ო-----) მ–------ის სახელის მინიჭებაზე უარის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რამდენადაც საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის N83/ნ ბრძანების ძალმოსილების პირობებში ვერ გამოიწვევს მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებას (სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას), რადგან სკოლას უკვე მინიჭებული აქვს სახელი და აღნიშნულის თაობაზე მიღებული ნორმატიული აქტი არ არის გასაჩივრებული.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ დ-------–------ეს, მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი არ დაუბრუნდება, - სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ-------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი