განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
330210016001366253
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001366253

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1903-18 14 ივნისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ალანია

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - სს „სი-–-----ი“

 

წარმომადგენელი - და-----–---------–--ლი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს------“

 

წარმომადგენელი - მა------------ძე, ლა------------–-ძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს-------ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე სს „სი-–-----ისთვის“ უსაფუძვლო გამდიდრების გზით მიღებული სარგებლის 21 000 ლარის ოდენობით დაკისრება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების გამოთავისუფლება და მის ტერიტორიაზე მოპასუხისთვის საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს-------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „სი-–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 15 250,00 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 457,5 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი 610 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, ასევე, სს „სი-–-----ს“ შპს „ს-------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: თ---–--–----------------------–---------------------------–-----------–---------------------------- გათავისუფლება დაევალა და მოსარჩელის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება აეკრძალა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „სი-–-----მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი სრულად გაუქმება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. საჯარო რეესტრიდან 2011 წლის 25 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ხ--–-------–---------–----------------------------------–---------------------------–-----------–-------------------------------------------–---------------------------------------------–------------------------------–-------------------------------------–---------------------00 კვ.მ, შპს „ს-------ის“ საკუთრებაში ირიცხება (ტომი I, ს.ფ. 21-29).

6. სს „სი-–-----ი“ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობს, რაც შპს „ს-------ის“ საკუთრებაში არსებულ 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო (საჰაერო) გაყვანილობების განთავსებაში გამოიხატება (ტომი I, ს.ფ. 200-204, 224-230, ს.ფ. 122).

7. 2016 წლის პირველ აგვისტოს შპს „მა------–-----ა“ და შპს „ს-------ს“ შორის გაფორმებული სანებართვო მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, შპს „მა------–----ის“ (ოპერატორის) მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი სამუშაოების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და UTP კაბელების განსათავსებლად მესაკუთრის ინფრასტუქტურის გამოყენებისა და მესაკუთრის ტერიტორიაზე მეწარმე სუბიექტებისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისათვის, ყოველთვიური სანებართვო მომსახურეობის ღირებულება შეადგენს 250,00 ლარს, დღგ-ის გადასახადის ჩათვლით (ტომი I, ს.ფ. 213-215).

8. სს „სი-–-----ს“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები შპს „ს-------ის“ საკუთრებაში არსებულ 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 2012 წლის თებერვლის თვიდან აქვს განთავსებული (ტომი I, ს.ფ. 224-230, ს.ფ. 122).

9. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და იგი ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნით.

ამავე კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სს „სი-–-----ის“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები შპს „ს-------ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, არამედ მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება თუ რა სამართლებრივი საფუძვლით განხორციელდა აღნიშნული ქმედება. საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული მყარი პრაქტიკის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ მომწესრიგებელი ნორმები სუბსიდური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური წინაპირობები, კერძოდ: 1. ვითომ-კრედიტორი უნდა გამდიდრდეს 2. ვითომ-კრედიტორის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შემსრულებლის ქმედებამ 3. ვითომ-კრედიტორის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი მიზანია, იმ ნამატის ამოღება, რომელიც ვითომ-კრედიტორმა მიიღო ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ აპელანტი მხარის კუთვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, მოსარჩელის ტერიტორიაზე 2012 წელს განთავსდა, მას შემდეგ, თავად მოსარჩელე და ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები (მეიჯარეები) სს „სი-–-----ისგან“ გარკვეული სახის მომსახურებას იღებდნენ, რისთვისაც შესაბამის საფასურსაც იხდიდნენ. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად მომსახურების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს არ მიუკუთვნება, შესაბამისად მისი დადება ზეპირი ფორმითაც არის შესაძლებელი. ასევე საყურადღებოა აღნიშნულ სფეროში მოქმედი სპეციალური კანონქვემდებარე აქტის - (სადავო სამართალურთიერთიბის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-16 მუხლის დანაწესიც, რომელიც მართალია კონკრეტულ ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელი) გაყვანას მიწის მესაკუთრის თანხმობას უკავშირებს, თუმცა ასეთი თანხმობის წერილობითი ფორმით გაცემის ვალდებულება აღნიშნულ აქტში რეგლამენტირებული არ არის. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ერთობლიობაში შეფასებაც შესაძლებელს გახდის მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის კვალიფიკაციას. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების სრული, ყოვლისმომცველი და ობიექტური კვლევისას უნდა შეფასდეს, მოდავე მხარეებს შორის ხომ არ არსებობდა ზეპირი ფორმის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, ან/და მესაკუთრის მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა მომსახურების გაწევის თაობაზე/ქსელის გაყვანის კონკლუდენტურ თანხმობას, ამასთანავე უნდა დადგინდეს საქმეში არსებული 2016 წლით დათარიღებული მხარეთა შორის მიმოწერა ხომ არ ემსახურებოდა აღნიშნული ზეპირი მომსახურების ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებას ან/და განსხვავებული პირობებით მხარეთა შორის ახალი გარიგების წერილობითი ფორმით დადებას. აღნიშნული რელევანტურია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელე მხარის წერილი, სადაც იგი აპელანტ მხარეს სთხოვს მათი „ურთიერთობა“ გარკვეულ სამართლებრივ სიბრტყეში მოაქციონ (ტომი I, ს.ფ. 116-126). ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, უნდა დადგინდეს მხარეთა შორის ხომ არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის კონდიქციური სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის გარდა სს „სი-–-----ისგან“ მომსახურებას, მოსარჩელის მეიჯარეებიც (ფიზიკური და იურიდიული) იღებენ. ასევე უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 24 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში მეიჯარეების (მომსახურების მიმღებები/აბონენტი), როგორც მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩართვის შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 342-346). მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მისი ტერიტორიიდან სს „სი-–-----ის“ კუთვნილი ელექტრო საკომუნიკაციო საშუალებების გატანა წარმოადგენდა, რაც სრულად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის კერძო საკუთრება ბიზნეს საქმიანობისთვის გამოიყენება. დღესდღეობით ინტერნეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, იგი არა მხოლოდ გასართობად ან/და ინფორმაციის მიღების წყაროდ გამოიყენება, არამედ მის არსებობასთანაა დაკავშირებული რიგი სამეწარმეო პროგრამების ფუნქციონირება. საქმის მასალებიდან არ ირკვევა თუ რა დრო დასჭირდება სადავო ტერიტორიიდან მოპასუხის ელექტრონული კავშირგაბმულობის ხაზის გატანას და სხვა ოპერატორის შემოყვანას ან საერთოდ იგეგმება თუ არა ახალი ოპერატორთან ხელშეკრულების დადება. ასევე, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამ, შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მეიჯარეების სამეწარმეო საქმიანობის უწყვეტობას და ფუნქციონირებას მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება მესაკუთრის მიერ (მოსარჩელე) მეიჯარეებისთვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ. პროცესში მესამე პირების ჩართვის ინსტიტუტი იმ პირთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას ემსახურება, რომელთა ინტერესზე ან უფლებაზეც სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს. აღნიშნული უფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მესამე პირების უფლებების დაცვისთვის, არამედ პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ეფექტურად განხილვისთვის, ვინაიდან აღნიშნული საპროცესო უფლების დარღვევა მოგვიანებით შესაძლებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი). ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეილახოს მესამე პირის უფლებები და ინტერესები შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

ამდენად, წინამდებარე დავის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო ქონებაზე მომსახურების მიმღები მეიჯარეების წრე, მათი საპროცესო მონაწილეობა აღნიშნულ დავაში, მათი საპროცესო სამართლებრივი სტატუსი და მატერიალურ სამართლებრივი პოზიცია, რაც სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე დაუშვებელია, ვინაიდან საქმეში მხარედ, თუ მესამე პირად ჩაბმული სუბიექტი, კარგავს ე.წ. ერთ ინსტანციას სასამართლო სამართალწარმოებაში. სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, მიიჩნია სააპელაციო პალატამ, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

13. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ამასთანავე სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია ჩააბას პროცესში პირები მესამე პირის სტატუსით, რადგან მათთვის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქმის სამართლიანი განხილვა სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აპელანტისთვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა გამოიანგარიშა მოსარჩელესა და სხვა მეწარმე სუბიექტს (შპს „მა------–----ი“) შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მეწარმე სუბიექტი მოსარჩელეს განსხვავებულ სერვისს აწვდის და ამასთანავე კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დადგინდეს ერთ სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების მიერ მიღწეული შეთანხმება მომსახურების კონკრეტული თანხით ანაზღაურების შესახებ, რამდენად შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა სამართალურთიერთობაში მყოფი კერძო სუბიექტისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების პრეზუმირებულ ოდენობად, მით უფრო კი იმ პირობებში როდესაც მათ მიერ მიწოდებული სერვისი სხვადასხვაა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დაზუსტებას საჭიროებს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა/შეთავაზება სასამართლოს დამაზუსტებელი მტკიცებულება წარმოუდგინონ, რომელიც ზიანის ოდენობის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დათვლის რელევანტურ საზომად იქნება მიჩნეული. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „...მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“.

 

14. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით იმისათვის, რომ მოსარჩელეს, მოპასუხეს და სავარაუდო მესამე პირებს არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „სი-–-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე მოსამართლეები თამარ ალანია ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე