განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.06.2018
საქმის ნომერი
080310016001478564
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310016001478564

№3/ბ-122-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,ტ------------–------------’’

დირექტორი - ა-–---------------–------ი

წარმომადგენელი - ხათუნა უჩაძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - თ----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

სს ,,ტ------------–------------’’-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი; ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №----- ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 4 ივნისის №------ საგადასახადო მოთხოვნა ნაწილობრივ - დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №----- ბრძანება; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „ტ------------–------------“-ის საჩივარი; დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს აქტით დარიცხული თანხების დაანგარიშება.

 

მოსარჩელის მითითებით, 2010 წელს სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია კერძო სუბიექტების კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით. აღნიშნული ოპერაციები საგადასახადო ორგანომ ჩათვალა გადამხდელის მიერ განხორციელებულ მიწოდების ოპერაციად, გამოიყენა სსკ-ის 225-ე მუხლი და დაბეგრა შესაბამისად დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული არის უკანონო ვინაიდან იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ შეიცავდა დებულებას იმ შემთხვევისათვის, როდესაც რეალიზაცია ხორციელდება არა გადასახადის გადამხდელის ნების გამოვლენის საფუძველზე, არამდე იძულებითი წესით, სააღსრულებო ბიუროს მიერ. ასეთ პირობებში შემმოწმებლის მიერ გამოყენებული იქნა კანონის ანალოგიის პრინციპი და განხორციელებულ ოპერაციაზე გავრცელდა სსკ-ის 225-ე მუხლი, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ზოგადი პრინციპი. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ არ იქნა გათვალისიწნებული რომ: ა) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია სააღსრულებო ბიურომ მოახდინა მოვალისათვის შეტყობინების გარეშე, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ინფორმაციის მოპოვება თუ რა საგნების რეალიზაცია მოხდა და ვინ იყვნენ მყიდველები, ხოლო აღნიშნული ინფორაციის გარეშე კი შეუძლებელი იყო ოპერაციის დაბეგვრა; ბ) კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია რა ფასად გაიყიდა საქონელი და ვისზედ მოხდა თანხის განაწილება, საქონლის ღირებულების გარეშე კი გადასახადის დეკლარირება შეუძლებელია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაიფარებოდა ბიუჯეტის დავალიანება, მოსარჩელე საერთოდ გათავისუფლდებოდა დღგ-ის გადახდისაგან; გ) ინფრმაციის არქონის პირობებში გაურკვეველი რჩებოდა ოპერაციის განხორციელების დრო, რაც აუცილებელი პირობაა დაბეგვრის განსახორციებლად; დ) იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იყო კომპანიას დაებეგრა ოპერაცია, ასეთივე ვალდებულება გააჩნდა სააღსრულებო ბიუროსაც - ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან, რომელიც თავისთავში მოიცავდა დღგ-საც, დაებრუნებინა მოსარჩელისათვის ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი - 15,25%.

 

მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს რომ, შრომითი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების დასაფარავად, გატარებულ იქნა იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებანი, რის შედეგადაც ამოღებული თანხა გადაეცა შესაბამის კრედიტორებს (კომპანიაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა მოსამსახურეებს). საზოგადოებამ, კრედიტორული დავალიანების დაფარვის მომენტში, არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ფუნქცია, კერძოდ არ მოახდინა დაკავებული თანხის დაკავება და ბიუჯეტში გადახდა. საზოგადოებაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა- მოსამსახურეების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

მოპასუხეთა განმარტებით 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საზოგადოების მიმართ კერძო სამართლებრივი ურთიერთბის საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანების დასაფარავად გატარებული იყო იძულებითი აღსრულების ღონისძიებანი, რომლის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და სმფ-ები იყო გასხვისებული. მეწარმე სუბიექტის მიერ არ მომხდარა წინამდებარე ოპერაციების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით. შესაბამისად, შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული იყო სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებული საზოგადოების ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და სმფ-ები, რაზედაც დარიცხული იყო შესაბამისი ძირითადი გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,ტ------------–------------’’-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 30 მაისის №----- ბრძანებით, დაინიშნა სს ,,ტ------------–------------’’-ის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე, ხოლო მოგების და ქონების გადასახადის ნაწილში შესამოწმებელმა პერიოდმა მოიცვა 2008-2013 წლების საანგარიშო პერიოდი.

 

2015 წლის 30 იანვარს შედგა სს ,,ტ------------–------------’’-ის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, ხოლო 2015 წლის 1 ივნისს შედგა სს ,,ტ------------–------------’’-ის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე, კომპანიას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №----- ბრძანებით, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 363453 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 242302 ლარი, ჯარიმა 121151 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №----- ბრძანების საფუძველზე, გამოიცა №------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სს ,,ტ------------–------------’’-ს დაერიცხა გადასახადი სულ 580883,06 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 242302 ლარი, საიდანაც დღგ-ის გადასახადმა შეადგინა 194189 ლარი, მოგების გადასახადმა - 8382 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 14451 ლარი, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 25280 ლარი. კომპანიას ასევე დაერიცხა ჯარიმა 121151 ლარი და საურავი 217430,06 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №----- ბრძანებით, სს ,,ტ------------–------------’’-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საქართველოს სკ-ის 225-ე მუხლზე და განმარტა, რომ შემოწმებით სწორად არის განსაზღვრული საზოგადოების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე განმარტა, რომ გადამხდელის მიმართ შრომითი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების (დავალიანების) დასაფარავად გატარებული იქნა იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებანი, რის შედეგადაც ამოღებული თანხა გადაეცა შესაბამის კრედიტორებს (კომპანიაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა მოსამსახურეებს). საზოგადოებამ კრედიტორული დავალიანების მომენტში არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ფუნქცია, კერძოდ, არ მოახდინა დაკავებული თანხების დაკავება და ბიუჯეტში გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სს ,,ტ------------–------------’’-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №----- ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №------ საგადასახადო მოთხოვნა გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც კომპანიას დარიცხული ჰქონდა ჯარიმა და საურავი, ხოლო სხვა ნაწილში სს ,,ტ------------–------------’’-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების ფარგლებში, სადაც მოვალე იყო სს ,,ტ------------–------------’’, განხორციელდა სხვადსხვა უძრავი ქონების, მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა მოძრავი ქონების რეალიზაცია. რეალიზაციის შედეგად დაიფარა შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავალიანებები და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ არსებული დავალიანებები. ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, თანხის ნაწილი გადარიცხული იქნა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ხოლო ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არის დასაბეგრი ოპერაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).

 

სასამართლომ განმარტა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, გადასახადის იურიდიული გადამხდელია პირი, რომელსაც კანონის ძალით ევალება გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, არაპირდაპირი გადასახადი არის გადასახადი (დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი და სხვა), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ არაპირდაპირ გადასახადს იხდის გადასახადის გადამხდელი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შემოწმების აქტით, რომ 2010 წლის საგადასახადო პერიოდში საზოგადოების მიმართ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანების დასაფარავად, გატარებული იქნა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, რომლის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და სმფ-ები იქნა გასხვისებული. მეწარმე სუბიექტის მიერ არ მომხდარა წინამდებარე ოპერაციების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე დადგენილია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების ფარგლებში, სადაც მოვალე იყო სს ,,ტ------------–------------’’, განხორციელდა რეალიზაცია სხვადსხვა უძრავი ქონების, მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა მოძრავი ქონების. რეალიზაციის შედეგად დაიფარა შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ არსებული დავალიანებები. ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, თანხის ნაწილი გადარიცხული იქნა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ ვინაიდან ქონების რეალიზაცია განხორციელდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში იძულებითი რეალიზაციის გზით, კომპანია არ იყო ვალდებული გადაეხადა დამატებული ღირებულების გადასახადი.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცი) 230-ე მუხლზე, რომელიც ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც დღგ-ისაგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურების მიწოდება ან/და იმპორტი და მათ შორის ქონების აუქციონზე რეალიზაცია გათვალისწინებული არ არის.

 

საქალაქო სასამართლომ მოიხმო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №----------- საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც სააპელაციო პალატამ განმარტა: „პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ოპერაცია, მიუხედავად უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებისა, ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას, რაც აპელანტს არ განუხორციელებია. აპელანტის წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტებისას ადასტურებენ, რომ ამ ოპერაციის შედეგად აპელანტმა გაისტუმრა ბანკის მიმართ არსებული ვალდებულება, ანუ მიიღო როგორც ფულადი, ისე სხვა სარგებელიც - იპოთეკა მოეხსნა ამ ვალდებულების ფარგლებში დატვირთულ შპს ,,.....’’-ს დირექტორის კუთვნილ ქონებასაც. შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენდა დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლის მიწოდებას (აღნიშნულ საქმეზე საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბ--------8 (3კ-16) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული).

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც კონკრეტულ გადახდებთან მიმართებით საშემოსავლო/მოგების გადასახადის მიზნებისთვის წარმოადგენენ საგადასახადო აგენტებს. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა ხელფასების გაცემა და აღნიშნული განხორციელდა იძულებითი აღსრულების გზით. გათვალისწინებით იმისა, რომ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ საზოგადოების მუშა მოსამსახურეების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპ არტამენტის 2015 წლის 4 ივნისის №----- ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 4 ივნისის N------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ივლისის №----- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ტ------------–------------’’-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისიწნა ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყველა პროცედურა, მათ შორის ქონების შეფასება ექსპერტის მიერ, აუქციონის გამოცხადება და სხვა, ჩაატარა აპელანტისაგან დამოუკიდებლად, ისე რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა აუქციონის ჩატარების თარიღის, გასაყიდი ქონების ნუსხის, მათი სარეალიზაციო ფასის, მყიდველის, კრედიტორთა ნაწილზე ქონების ნატურით გადაცემის და ა.შ. სულ აღსრულების ბიუროს მიერ გატარდა 200-ზე მეტი ღონისძიება. ქონების რეალიზაციისგან ამონაგები თანხა მიიმართებოდა სააღსრულებოს ანგარიშზე და ის ანაწილებდა თავად კრედიტორებზე, აპელანტისათვის შეტყობინების გარეშე.

 

აპელანტის მითითებით, არაერთხელ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ინფორმაცია ქონების რეალიზაციის თაობაზე, პასუხი არ მიუღია. როცა შემოწმება დაიწყო, მიიღო მხოლოდ გაყიდული ქონების ჩამონათვალზე პასუხი, ისევ მიმართვის შემდეგ კი მიიღო სრული პასუხის თანხების შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს თავად შემმოწმებლებმა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. აღნიშნული არ შეაფასა სწორად სასამართლომ, სხვა შემთხვევაში დაადგენდა, რომ მიწოდება ჩვენ არ განგვიხორციელებია და შესაბამისად, განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ განზრახ გადასახადების დამალვას ადგილი რომ არ ქონია, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დავების განხილვის საბჭომ დარიცხული საურავები და ჯარიმები მოუხსნა. დავების განხილვის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში ამის საფუძვლად უთითებს შემდეგს: „საგადასახადო კოდექსისი 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან“.

 

სააღსრულებო ბიუროს მიერ განკარგული თანხა კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს, რომლითაც მას საბიუჯეტო დავალიანება უნდა დაეფარა. ამდენად, სახეზეა მოყენებული ზიანი მათი მხრიდან, მათი უკანონო ქმედებით.

 

2012 წლის 05 ივნისს მოქმედ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დარეგულირდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობება ზუსტად იმდაგვარად, რაზედაც აპელირებდა აპელანტი. კერძოდ, 1761 მუხლით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით, ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. აღნიშნული, დამატებით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საგადასახადო შემოწმებისას არ არსებობდა სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა და საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონის ანალოგია, რაც ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული ამ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას და რომელთაც არსებითად არც სააპელაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. პალატა თვლის, რომ სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებზე განაწილებულია სწორად;

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობა.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია, სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულებისაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

 

გადასახადის გადახდის კონსტიტუციური ვალდებულება აისახა საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს ასევე საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი, საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში, ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები, იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები.

 

გადასახადის გადამხდელთა მხრიდან, კონსტიტუციური ვალდებულების - საგადასახადო დავალიანების შესრულების ეტაპზე, შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სახის დაბრკოლებები, რამაც შეაფერხოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, გადამხდელთა მიერ შეგნებულად, მიზანმიმართულად იქნეს არიდებული კუთვნილი ვალდებულებების შესრულება. ასეთ შემთხვევათა პრევენციის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთა ქონების მეშვეობით საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას სარჩელის უარყოფის ნაწილში და მიუთითებს, რომ 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არის დასაბეგრი ოპერაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა). დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, გადასახადის იურიდიული გადამხდელია პირი, რომელსაც კანონის ძალით ევალება გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, არაპირდაპირი გადასახადი არის გადასახადი (დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი და სხვა), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ არაპირდაპირ გადასახადს იხდის გადასახადის გადამხდელი.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის საგადასახადო პერიოდში საზოგადოების მიმართ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანების დასაფარავად, გატარებული იქნა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, რომლის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები და სმფ-ები იქნა გასხვისებული. მეწარმე სუბიექტის მიერ არ მომხდარა წინამდებარე ოპერაციების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე დადგენილია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების ფარგლებში, სადაც მოვალე იყო სს ,,ტ------------–------------’’, განხორციელდა რეალიზაცია სხვადსხვა უძრავი ქონების, მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა მოძრავი ქონების. რეალიზაციის შედეგად დაიფარა შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ არსებული დავალიანებები. ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, თანხის ნაწილი გადარიცხული იქნა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ოპერაცია, მიუხედავად უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებისა, ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას, რაც აპელანტს არ განუხორციელებია. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან ქონების რეალიზაცია განხორციელდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში იძულებითი რეალიზაციის გზით, კომპანია არ იყო ვალდებული გადაეხადა დამატებული ღირებულების გადასახადი.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლში მითითებულია, რომ დღგ-ისაგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურების მიწოდება ან/და იმპორტი და მათ შორის ქონების აუქციონზე რეალიზაცია, გათვალისწინებული არ არის.

 

საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც კონკრეტულ გადახდებთან მიმართებით საშემოსავლო/მოგების გადასახადის მიზნებისთვის წარმოადგენენ საგადასახადო აგენტებს.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა ხელფასების გაცემა და აღნიშნული განხორციელდა იძულებითი აღსრულების გზით. გათვალისწინებით იმისა, რომ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ, საზოგადოების მუშა მოსამსახურეების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრა, მართლზომიერად განხორციელდა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეთა მიერ მიერ სადავო აქტების გამოცემისას დარღვეული არ ყოფილა მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ისინი არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6.საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები (სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი) გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მარტის განჩინებით, სს ,,ტ------------–------------’’-ის დირექტორის ა-–---------------–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა არ აკმაყოფილებს რა სს ,,ტ------------–------------’’-ის სააპელაციო საჩივარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, რომელიც სააპელაციო ინსტანციაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად შეადგენს 7 000 ლარს, მას ეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,ტ------------–------------’’ დირექტორის ა-–---------------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, (სახელმწიფო ბაჟი ჩარიცხული უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150).

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

მაკა გორგოძე