განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.07.2018
საქმის ნომერი
190310016001376236
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190310016001376236 (3ბ/445-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - პ------–------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ-----–---–---–-

 

დავის საგანი - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების N0------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოსარჩელისათვის სუბსიდიის აღდგენა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ-----–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების N0------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა გ-----–---–---–-ს მიმართ სუბსიდიის აღდგენის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 28 ივნისს N----------------- წერილით მოსარჩელეს სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ ეცნობა, რომ სს ,,ლ-------- ბანკსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო ყოველთვიურად მიმდინარე თვის 22 რიცხვის მდგომარეობით, აღნიშნული თარიღიდან 03 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სააგენტოს ყველა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის იმ ,,ბენეფიციართა“ სახელობითი მონაცემები, რომელთა პირადი ანგარიშებიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ,,ბენეფიციარის’’ მხრიდან არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ასევე ეცნობა, რომ სოციალური გასაცემლების დანიშვნა, შეჩერება, აღდგენა არ განეკუთვნებოდა ბანკის უფლებამოსილებებს და შედიოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაში.

 

2.2. 2016 წლის 16 მარტს გ-----–---–---–ს ეცნობა, რომ მის საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ-------- ბანკში“ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული საინკასო დავალებებით ბიუჯეტში გადარიცხულია 15.04.2011 წელს 22 ლარი, ხოლო 02.02.2012 წელს 153.50 ლარი, სულ 175.50ლარი.

 

2.3. მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დაენიშნა 2005 წლის 01 იანვრიდან, მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება მოხდა 2011 წლის 01 დეკემბრიდან, ხოლო შეუწყდა 2012 წლის 01 სექტემბერიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. იმავე მუხლის ,,კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 23-ე მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

2.5. საქალაქო სასამართლოს მითითებით, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის წერილით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის (2011 წლამდე მოქმედი რედაქციით) საფუძველზე გამოცემული 26.02.22010 წლის №---- ბრძანებით, ი/მ გ-----–---–---–-ს საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იყო საინკასო დავალებები. აღნიშნული საინკასო დავალებების სფუძველზე, სს ,,ლ-------- ბანკში“, ი/მ გ-----–---–---–-ს საბანკო ანგარიშებიდან ბიუჯეტში გადარიცხული იქნა 15.04.2011 წლს 22 ლარი, ხოლო 02.02.2012 წლს 153.50 ლარი, სულ 175.50 ლარი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის №01-65/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილები, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით განსაზღვრულია სოციალური პაკეტი. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა უზრუნველეყო შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს სოციალური პაკეტის დანიშვნის, გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის განახლებას და გადაანგარიშებას. კერძოდ: სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს - ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ხოლო სოციალური პაკეტი განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

 

2.7. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება, განსახილველ შემთხვევაში სს ,,ლ-------- ბანკი“, რომელმაც თავად განახორციელა ი/მ გ-----–---–---–-ს საბანკო ანგარიშებიდან 15.04.2011 წელს 22 ლარის და 02.02.2012 წელს 153.50 ლარის გადარიცხვა ბიუჯეტში და ასევე ინფორმაციის მიწოდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, სს ,,ლ-------- ბანკმა“ 2013 წლის 28 ივნისს №1---------------- წერილით, მოსარჩელეს აცნობა, რომ სს ,,ლ-------- ბანკსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო ყოველთვიურად მიმდინარე თვის 22 რიცხვის მდგომაროებით, აღნიშნული თარიღიდან 03 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სააგენტოს ყველა შესაბამის ტერიტორიული ერთეულისთვის იმ ,,ბენეფიციართა“ სახელობითი მონაცემები, რომელთა პირადი ანგარიშებიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ,,ბენეფიციარის’’ მხრიდან არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ამდენად, მოსარჩელეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუჩერდა 2011 წლის 1 დეკემბრიდან სს ,,ლ-------- ბანკის“ 28.11.2011 წლის №------- წერილის საფუძველზე, როგორც 6 თვის მიუღებელი. აღნიშნული წერილის გაგზავნისა და სუბსიდიის შეჩერების შემდეგ განხორციელდა 2012 წლის 02.02-ში თავად სს ,,ლ-------- ბანკის“ საბანკო ოპერაცია. 2013 წლის 23 მაისს მოსარჩელემ მიმართა რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა შეჩერებული გასაცემლის განახლება, რაზეც 2013 წლის 23 მაისს №0------------ წერილით ეცნობა გასაცემლის განახლების სამართლებრივად შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის №01-65/ნ ბრძანებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-16 მუხლის მე- 5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა შეჩერებული გასაცემლის აღდგენა/გაცემის წესი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია) შეუწყდა 2012 წლის 01 სექტემბერიდან. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავების წესი. სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავებას ბანკი ახორციელებდა შემოსავლების სამსახურის დავალების საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იღებდა თანხას. მოსარჩელეს არც შემოსავლების სამსახურიდან, არც ბანკიდან და არც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან მიუღია შეტყობინება გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, რაც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული იქნა და შესაბამისი ჩაბარების მტკიცებულება წარმოდგენილი არ იქნა. საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2011 წლის 28 ნოემბერს სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ მოპასუხეს №------- წერილით ეცნობა მოსარჩელის მიერ ანგარიშიდან 6 თვის განმავლობაში თანხების მიუღებლობა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარმოადგენს ვალდებულებას გასაცემლის შეჩერებისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო მითითებული კანონის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს 2007 წლის №4 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-8 მუხლის 2 პრიმა ქვეპუნქტი. მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება მოხდა 2011 წლის 01 დეკემბრიდან. აღნიშნულის შესახებ მხარეს გაეგზავნა შეტყობინება 2011 წლის 08 დეკემბერს, თუმცა იგი დაუბრუნდა სააგენტოს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა მისამართზე. ამდენად, მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა გასაცემლის შეჩერების გასაჩივრების უფლება. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილების გარდამავალი დებულებების თანახმად, პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობას, ან რომელიც არ განეკუთვნება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმღებ პირთა წრეს, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდება შეჯამებულად სოციალური პაკეტის სახით ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი სოციალური პაკეტი განისაზღვრება ამ წესით განსაზღვრული ოდენობით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა‘‘ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი შეჩერებულად ითვლება და, თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, სოციალური პაკეტი შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

2.9. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

2.11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს სასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სწორედ ისეთი შემთხვევა, როდესაც საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, არამედ მთლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერების/შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორციელებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხე რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების 0------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ-----–---–---–-ს მიმართ სუბსიდიის აღდგენის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად ჩათვალა, რომ სახეზე იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საკითხი განეკუთვნება დისკრეციულ უფლებამოსილებას, ამიტომ მას აღნიშნული საკითხი უნდა განეხილა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის ჭრილში. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნულით სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად ითვალისწინებს სოციალური პაკეტის შეჩერებას შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. შეჩერების საფუძვლები ჩამოთვლილია იმავე მუხლის პირველ პუნქტში და „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში“, წარმოადგენს სოცილური პაკეტის შეჩერების საფუძველს. სასამართლოს მიერ მითითებული და განმარტებული დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპის გამოყენება ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს არა აქვს მინიჭებული თავისუფლება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები - მან შეჩერების საფუძვლის წარმოშობისთანავე უნდა შეაჩეროს სოციალური პაკეტი.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, უნდა გაერკვია სს „ლ-------- ბანკის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება/შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ იმავე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება, რომელიც ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით. შესაბამისად, საბანკო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია უკვე არის სამართლებრივი საფუძველი და მან იმპერატიულად უნდა შეაჩეროს სოციალური პაკეტის გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით გ-----–---–---–-სათვის სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 28 ივნისს N----------------- წერილით მოსარჩელეს სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ ეცნობა, რომ სს ,,ლ-------- ბანკსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო ყოველთვიურად მიმდინარე თვის 22 რიცხვის მდგომარეობით, აღნიშნული თარიღიდან 03 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სააგენტოს ყველა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის იმ ,,ბენეფიციართა“ სახელობითი მონაცემები, რომელთა პირადი ანგარიშებიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ,,ბენეფიციარის’’ მხრიდან არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ასევე ეცნობა, რომ სოციალური გასაცემლების დანიშვნა, შეჩერება, აღდგენა არ განეკუთვნებოდა ბანკის უფლებამოსილებებს და შედიოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაში.

 

4.3. 2016 წლის 16 მარტს გ-----–---–---–ს ეცნობა, რომ მის საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ-------- ბანკში“ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული საინკასო დავალებებით ბიუჯეტში გადარიცხულია 15.04.2011 წელს 22 ლარი, ხოლო 02.02.2012 წელს 153.50 ლარი, სულ 175.50ლარი.

 

4.4. მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დაენიშნა 2005 წლის 01 იანვრიდან, მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება მოხდა 2011 წლის 01 დეკემბრიდან, ხოლო შეუწყდა 2012 წლის 01 სექტემბერიდან.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4.8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. იმავე მუხლის ,,კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 23-ე მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

4.9. განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის წერილით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის (2011 წლამდე მოქმედი რედაქციით) საფუძველზე გამოცემული 26.02.22010 წლის №---- ბრძანებით, ი/მ გ-----–---–---–-ს საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იყო საინკასო დავალებები. აღნიშნული საინკასო დავალებების სფუძველზე, სს ,,ლ-------- ბანკში“, ი/მ გ-----–---–---–-ს საბანკო ანგარიშებიდან ბიუჯეტში გადარიცხული იქნა 15.04.2011 წლს 22 ლარი, ხოლო 02.02.2012 წლს 153.50 ლარი, სულ 175.50 ლარი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის №01-65/ნ ბრძანებით „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილები, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა, სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „საპენსიო პაკეტი“ ფულადი გასაცემლის სახით შეჩერებულად ითვლება და თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, მაშინ პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 

4.10. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით განსაზღვრულია სოციალური პაკეტი. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა უზრუნველეყო შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს სოციალური პაკეტის დანიშვნის, გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის განახლებას და გადაანგარიშებას. კერძოდ: სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს - ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ხოლო სოციალური პაკეტი განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

 

4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება, განსახილველ შემთხვევაში სს ,,ლ-------- ბანკი“, რომელმაც თავად განახორციელა ი/მ გ-----–---–---–-ს საბანკო ანგარიშებიდან 15.04.2011 წელს 22 ლარის და 02.02.2012 წელს 153.50 ლარის გადარიცხვა ბიუჯეტში და ასევე ინფორმაციის მიწოდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, სს ,,ლ-------- ბანკმა“ 2013 წლის 28 ივნისს №1---------------- წერილით, მოსარჩელეს აცნობა, რომ სს ,,ლ-------- ბანკსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო ყოველთვიურად მიმდინარე თვის 22 რიცხვის მდგომაროებით, აღნიშნული თარიღიდან 03 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სააგენტოს ყველა შესაბამის ტერიტორიული ერთეულისთვის იმ ,,ბენეფიციართა“ სახელობითი მონაცემები, რომელთა პირადი ანგარიშებიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ,,ბენეფიციარის’’ მხრიდან არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ამდენად, მოსარჩელეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუჩერდა 2011 წლის 1 დეკემბრიდან სს ,,ლ-------- ბანკის“ 28.11.2011 წლის №------- წერილის საფუძველზე, როგორც 6 თვის მიუღებელი. აღნიშნული წერილის გაგზავნისა და სუბსიდიის შეჩერების შემდეგ განხორციელდა 2012 წლის 02.02-ში თავად სს ,,ლ-------- ბანკის“ საბანკო ოპერაცია. 2013 წლის 23 მაისს მოსარჩელემ მიმართა რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა შეჩერებული გასაცემლის განახლება, რაზეც 2013 წლის 23 მაისს №0------------ წერილით ეცნობა გასაცემლის განახლების სამართლებრივად შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის №01-65/ნ ბრძანებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-16 მუხლის მე- 5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა შეჩერებული გასაცემლის აღდგენა/გაცემის წესი. მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია) შეუწყდა 2012 წლის 01 სექტემბერიდან. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავების წესი. სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავებას ბანკი ახორციელებდა შემოსავლების სამსახურის დავალების საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იღებდა თანხას. მოსარჩელეს არც შემოსავლების სამსახურიდან, არც ბანკიდან და არც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან მიუღია შეტყობინება გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, რაც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული იქნა და შესაბამისი ჩაბარების მტკიცებულება წარმოდგენილი არ იქნა. საქალაქო სასამართლომ სწორად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2011 წლის 28 ნოემბერს სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ მოპასუხეს №------- წერილით ეცნობა მოსარჩელის მიერ ანგარიშიდან 6 თვის განმავლობაში თანხების მიუღებლობა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარმოადგენს ვალდებულებას გასაცემლის შეჩერებისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო მითითებული კანონის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს 2007 წლის №4 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-8 მუხლის 2 პრიმა ქვეპუნქტი. მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება მოხდა 2011 წლის 01 დეკემბრიდან. აღნიშნულის შესახებ მხარეს გაეგზავნა შეტყობინება 2011 წლის 08 დეკემბერს, თუმცა იგი დაუბრუნდა სააგენტოს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა მისამართზე. ამდენად, მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა გასაცემლის შეჩერების გასაჩივრების უფლება. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილების გარდამავალი დებულებების თანახმად, პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობას, ან რომელიც არ განეკუთვნება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმღებ პირთა წრეს, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდება შეჯამებულად სოციალური პაკეტის სახით ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი სოციალური პაკეტი განისაზღვრება ამ წესით განსაზღვრული ოდენობით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა‘‘ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი შეჩერებულად ითვლება და, თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, სოციალური პაკეტი შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს სასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

4.13. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერების/შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში კი სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავებას ბანკი ახორციელებდა შემოსავლების სამსახურის დავალების საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იღებდა თანხას. მოსარჩელეს არც შემოსავლების სამსახურიდან, არც ბანკიდან და არც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან არ მიუღია შეტყობინება გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ: საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ნორმის მიზანს წარმოადგენს ბენეფიციარს შეუჩეროს სოციალური პაკეტის გაცემა მაშინ, როდესაც იგი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საკუთარი ნებით არ იღებს სუბსიდიას, ანუ საკუთარი ნებით, საკუთარი არასაპატიო მიზეზით არ ახდენს მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ თანხას არ იღებს არა საკუთარი ნებით, არამედ მისი ნების გარეშე, ეს არ უნდა ჩაითვალოს ზემოაღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიუღებლობად და მისი შეჩერების საფუძვლად. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მისთვის დანიშნულ სოციალურ დახმარებას არ იღებდა არა საკუთარი ნებით, არამედ მის საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ-------- ბანკში“ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული საინკასო დავალების საფუძველზე და თანხების გადარიცხვა ხდებოდა მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რომც ჩაითვალოს, რომ ამ შემთხვევაში ბენეფიციარის ნებას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა და სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, მიუხედავად მისი ნებისა, მაშინ რატომ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე იღებდა სუბსიდიას და შემდეგ იძულების წესით, საიკასო დავალების საფუძველზე, ურიცხავდა შესაბამის ადრესატს. ანუ, იმ პირობებში, როდესაც თანხა ირიცხებოდა მოსარჩელის ანგარიშზე, ხოლო შემდეგ საინკასო დავალებით ეს ტანხა იჭრებოდა ანგარიშიდან, ეს რატომ არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე იღებდა (მართალია არა პირდაპირ, არამედ ანგარიშზე დარიცხვით) ამ თანხას და შემდეგ იძულების წესით, საიკასო დავალების საფუძველზე, ურიცხავდა შესაბამის ადრესატს. შესაბამისად, თუ ანგარიშზე თანხის ჩარიცხავს გავაიგივეთ მის მიერ თანხის მიღებასთან და შემდეგ იძულების წესით ადრესატისათვის გადარიცხვასთან, აღარ იარსებებს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების შეჩერების და შესაბამისად, შემდომში შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დასაბუთებულად უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზეც და სადავო საკითხის მიმართ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგევლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე