განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002043312
საქმე №3ბ/914-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - მა----–--------–--ე
წარმომადგენელი - ზ-------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ-------------აძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ს-----------------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მა----–--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3. ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 3--------- წ. N-----------5) დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩა N3, საკადასტრო კოდი N-----------------------, შენობა N5, ავტოფარეხი 13.79 კვ.მ., მესაკუთრეს წარმოადგენს გ--–- გ--–-–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 0--------- წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ------–---–- 3-ის“ კრების ოქმი N9. 2017 წლის 02 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება უფიქსირდება მა----–--------–--ეს და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 0--------- წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 3--------- წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 1-17).
- 02.06.2017 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 20-21).
3.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 მაისის N------- გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა გ--–- გ--–-–---–ის კუთვნილი N5 ავტოფარეხის ფასადზე თუნუქის ფურცლის გაკვრისა და შიდა სივრცეში აგურის კედლის მოწყობის შესაძლებლობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 09 ივნისს მიღებულ იქნა ბრძანება N---, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი იმავე წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილება ძალაში შესვლის დღიდან. აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მა----–--------–--ის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.05.2017 წ. გადაწყვეტილება N------- (ს.ფ. 57-58).
- 09.06.2017 წ. ბრძანება N--- (ს.ფ. 14-15).
- ადმინისტრაციული საჩვარი (ს.ფ. 59-61).
3.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გამოცემულ იქნა ბრძანება N1----- მა----–--------–--ის 15.06.2017 წ. N1--------------01 და 20.06.2017 წ. N19/0------------- ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანების ბათილად ცნობა. არ დაკმაყოფილდა მა----–--------–--ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.08.2017 წ. ბრძანება N1----- (ს.ფ. 23-28).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში პირდაპირ მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური, თუმცა საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური. საქმეში „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975.), სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული უფლება, თავისი შინარსით, მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ასეთი რეგულირება არ უნდა არღვევდეს კონვენციით დაცულ სხვა უფლებებს. პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ნებისმიერი რეგულირება ჩაითვლება კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისად, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზნებს და თუ დაცულია პროპორციულობის პრინციპი გამოსაყენებელ საშუალებებსა და მისაღწევ მიზნებს შორის.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. იგი კონსტიტუციის მე-18 და მე-40 მუხლებთან ერთობლიობაში, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან საპროცესო უფლებებს შეიცავს, ქმნის ძირითადი კანონით გარანტირებული იუსტიციური უფლებების ერთობლიობას. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის“ უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 09.06.2017 წ. N--- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 02.08.2017 წ. N1----- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის ნორმებთან.
4.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნული სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.
აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვალად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
4.4. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულება) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: უზრუნველყოს თბილისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შესაძლებლობა აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებაზე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, რომლის 39-ე მუხლის მე-16 პუნქტი ადგენს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა: ა) თუ ერთიანი პროექტის საფუძველზე დაგეგმილია არსებული დროებითი შენობა–ნაგებობების (გარაჟების) აღება-გადატანა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის ან/და სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით; ბ) თუ გარაჟების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის (მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც დროებითი შენობა-ნაგებობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციაპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება N-------, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაუდასტურდა ავტოფარეხის ფასადზე თუნუქის ფურცლის გაკვრისა და შიდა სივრცეში აგურის კედლის მოწყობის შესაძლებლობა, წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც პირს მიენიჭა გარკვეული სახის უფლებამოსილება. 2017 წლის 01 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა მა----–--------–--ე, რომელიც 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილებით აღიჭურვა მშენებლობის განხორციელების უფლებამოსილებით და მოახდინა ავტოფარეხის რეკოსტრუქცია, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას კანონიერი ნდობა გააჩნდა აღნიშნული აქტის მიმართ, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 3--------- წ. N------- გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებდა უფლებას და სარგებელს. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რამდენადაც ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის ქმედების ფაქტის არსებობის ხაზგასმა გულისხმობს სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის – კანონიერი ნდობის უფლების პატივისცემას, თუმცა, საკანონმდებლო დანაწესი იმ აღმჭურველი აქტის ბათლად ცნობის აკრძალვასთან ერთად, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი ნდობა, ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც, მიუხედავად კანონიერი ნდობისა, შესაძლებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა. ამგვარი ლეგიტიმური გამონაკლისია, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერებაში დამკვიდრებულ და აღიარებულ კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირების გამოხატულებას. ამდენად, კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარომმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-428-423(2კ-14)).
სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება Nბს-930-922(კ-16), სადაც საკასასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. ხოლო აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერება, მმართველობის კანონიერების პრინციპი მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, უკეთუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ამ საფუძვლით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს უნდა აუნაზღაურდეს აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი. ამასთან, მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება“.
სასამართლომ აღნიშნა, მოცემული დავის ფარგლებში დასადგენია, რამდენად უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ეცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლომ განმარტა, რომ დოქტრინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორეს მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ N14-39 დადგენილების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, დაუშვებელია ისეთი სახის ობიექტების მშენებლობა, რომლებიც განკუთვნილია ავტოსატრანასპორტო საშუალებების განთავსებისათვის, ასევე, არსებულის რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, თუმცა დადგენილების 39-ე მუხლის მე-16 პუნქტი უშვებს გარკვეული სახის გამონაკლისებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთზე ამგვარი ობიექტის მშენებლობისათვის. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სამშენებლო სამუშაოები ეხებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრებში ავტოფარეხის განვითარებას, კერძოდ, მასზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას, მაგრამ ზემოაღნიშნული წესებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებიდან არც ერთი არ იყო სახეზე, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ავტოფარეხის რეკონსტრუქცია (ექსტერიერის) დაუშვებელია და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებაში. აქვე, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილია, რომ ასეთი დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც დროებითი შენობა-ნაგებობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავას - „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან...... ამდენად, კანონის ნება აღნიშნული ნორმის დადგენისას გამომდინარეობს მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვის მიზნიდან. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ნორმის სქემატური ხასიათი ასეთია: აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ერთ - კანონიერების პრინციპთან, არამედ ერთბაშად, ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან, კანონიერებისა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლებასთან, თუმცა, ამავდროულად, კანონმდებელი ამავე მუხლის მე-6 ნაწილით მაინც არ ტოვებს უკანონო აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის უფლების მქონე ადრესატს სამართლებრივი დაცვის გარეშე, მას, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საფუძველზე, აუნაზღაურდება აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგებით კანონმდებელი უაღრესად სამართლიან სტანდარტს ადგენს, რაც სრულად შეესაბამება და უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით გაცხადებულ ადმინისტრაციული სამართლის მიზნის მიღწევას....... აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას“.
4.5. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე“. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მას მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა. მხარის მოთხოვნა, მართალია, არ გულისმობს უპირობოდ მის დაკმაყოფილებას, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და მიუთითოს, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს უფლების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
4.6. სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, დასახელებულ მატერიალური სამართლისა და პროცედურულ ნორმებზე დაყრდნობით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთანავე, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოთა ყურადღება მიაქცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
4.7. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 02 აგვისტოს N1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-243 (კ-14)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ „ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.“
სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რა დროსაც დაცულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს ამ ნაწილშიც სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის შესახებ. აპელანტი მიუთითებს, რომ სადავო აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა ადრესატის სამართლებრივ ინტერესსაც კანონმდებელი პრიორიტეტს ანიჭებს, რაც კანონიერი ნდობის პატივისცემით არის გამოწვეული. აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-930-922 განჩინებაზე, რომელიც შეეხება აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და კანონიერ ნდობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის სქემატური ხასიათი ასეთია: აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტში უნდა იყოს არა მხოლოდ ერთ - კანონიერების პრინციპთან, არამედ ერთდროულად ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან - კანონიერებისა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლებასთან, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან უნდა იკვეთებოდეს მესამე პირთა კანონიერი ინტერესების მიმართ არსებითი სახის ზიანის მიყენების ფაქტი. აპელანტის მითითებით, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო აქტების მიუღებლობა არსებით (კონკრეტულ) ზიანს მიაყენებდა მესამე პირთა ინტერესებს. ამასთან, წარმოდგენილია თბილისში, თ------–---–-ს ქ. N3-ში მცხოვრები მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებითაც დასტურდება, რომ თანახმანი არიან, მა----–--------–--ემ განახორციელოს ავტოფარეხის რეკონსტრუქცია და აღნიშნულით ზიანი არ მიადგებათ.
აპელანტი მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 39-ე მუხლის მე-16 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლი სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მა----–--------–--ე იმოქმედებდა ნებართვის გარეშე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტმა ავტოფარეხის რეკონსტრუქცია განახორციელა არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 მაისის N------- გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლის მიმართაც კანონიერი ნდობა გააჩნდა.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და უნდა დაკმაყოფილდეს მა----–--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ 2010 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩა N3-ში მდებარე 13,79 მ2 ფართობის ავტოფარეხის (შენობა N5), საკადასტრო კოდი N01---------------------, მესაკუთრედ დარეგისტრირდა გ--–- გ--–-–---–ი. (ს.ფ. 16-17).
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა გ--–- გ--–-–---–ის კუთვნილი N5 ავტოფარეხის ფასადზე თუნუქის ფურცლის გაკვრისა და შიდა სივრცეში აგურის კედლის მოწყობის შესაძლებლობა. დადგენილ იქნა, რომ დაგეგმილი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო არსებული ავტოფარეხის გაბარიტული ზომების უცვლელად. (ს.ფ. 57-58)
2017 წლის პირველ ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისში, თ------–---–-ს ქუჩა N3-ში მდებარე 13,79 მ2 ფართობის ავტოფარეხის (შენობა N5), საკადასტრო კოდი N01---------------------, მესაკუთრედ დარეგისტრირდა მა----–--------–--ე. (ს.ფ. 20-21).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის დღიდან. (ს.ფ. 55-56).
დადგენილია, რომ მა----–--------–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 02 აგვისტოს N1----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანება. (ს.ფ. 23-28)
7.1.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონიერების შემოწმება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მითითებული მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონსაწინააღმდეგო თუ კანონით დადგენილი მომზადებისა ან გამოცემის წესების არსებითი დარღვევით მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისი პროცედურებისა და ვადების დაცვით, ექვემდებარება ბათილად ცნობას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილია გამონაკლისი ამ საერთო წესიდან, როდესაც დავის საგანი ეხება კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომლის ბათილად ცნობისათვისაც კანონმდებლობით დადგენილია დამატებითი მოთხოვნები. კერძოდ, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკმარის წინაპირობას არ ქმნის კანონიერების პრინციპის დარღვევა, არამედ იმავდროულად უნდა დადგინდეს, რომ პირს ასეთი აქტის მიმართ არ გააჩნდა კანონიერი ნდობა, ან ასეთი აქტის მოქმედება იწვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებებისა ან ინტერესების არსებით დარღვევას.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილებით დადასტურდა რა ავტოფარეხის ფასადზე თუნუქის ფურცლის გაკვრისა და შიდა სივრცეში აგურის კედლის მოწყობის შესაძლებლობა, მა----–--------–--ემ განახორციელა ავტოფარეხის რეკონსტრუქცია. ამდენად, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილება ანიჭებდა აპელანტს გარკვეულ უფლებამოსილებას და წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც პირმა განახორციელა შესაბამისი ქმედება. ამრიგად, სახეზეა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც მა----–--------–--ის კანონიერი ნდობის არსებობა დადასტურებულია. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანებით 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო გაუქმებული აქტის მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებებისა ან ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა.
7.1.3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განმარტებულია, რომ ექსტერიერის რეკონსტრუქცია არის ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია არის მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;
ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთან, დადგენილების 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 39-ე მუხლის მე-16 პუნქტზე, რომლის თანახმად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა: ა) თუ ერთიანი პროექტის საფუძველზე დაგეგმილია არსებული დროებითი შენობა–ნაგებობების (გარაჟების) აღება-გადატანა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის ან/და სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით; ბ) თუ გარაჟების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის (მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა ავტოფარეხის რეკონსტრუქცია, რაც წარმოადგენდა I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, იგი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მხოლოდ შესაბამის თანხმობას საჭიროებდა, რის თაობაზეც გამოიცა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N------- გადაწყვეტილება. ამასთან, გადაწყვეტილების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია, რამდენად არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 39-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი ავტოფარეხის რეკონსტრუქციის განხორციელების დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ სადავო შემთხვევის მიმართ არ დასტურდება ავტოფარეხის რეკონსტრუქციის განხორციელების კანონიერი საფუძვლის არსებობა, რაც N------- გადაწყვეტილებას უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აქცევს, ვინაიდან საქმე ეხება აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართაც ადრესატს კანონიერი ნდობა გააჩნია, აქტის მხოლოდ უკანონობა, როდესაც იგი თავად ადრესატის უკანონო ქმედებით არ არის გამოწვეული, ვერ გახდება აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განმარტებაზე (საქმე Nბს-226-224(კ-17)), რომ „ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.“
ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობამდე აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული ის ზიანი, რომელიც აქტის ბათილად ცნობით მშენებლობის განმახორციელებელ პირს მიადგება და ის საფრთხე და რისკი, რომელიც აქტის ძალაში დატოვებით მესამე პირების კანონიერ ინტერესს ემუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს, რომ ადგილი არ ჰქონია ავტოფარეხის მშნებელობას, არამედ დადასტურდა მისი რეკონსტრუქციის შესაძლებლობა, რაც გამოიხატა შენობის ფასადზე თუნუქის ფურცლის გაკვრასა და შიდა სივრცეში აგურის კედლის მოწყობაში, თუმცაღა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ დაგეგმილი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო არსებული ავტოფარეხის გაბარიტული ზომების უცვლელად. ამდენად, ავტოფარეხის გაბარიტული ზომების ცვლილება არ უნდა განხორციელებულიყო, ავტოფარეხის ექსტერიერის ცვლილება გამოიხატა მხოლოდ ფასადზე თუნუქის ფურცლის გაკვრაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, დაუსაბუთებელია, თუ რა არსებითი ზიანი შეიძლება მიეყენებინა რეკონსტრუქციას მესამე პირების, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინტერესისათვის. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით ცალსახად დადასტურდება მესამე პირთა ინტერესის აღმატებულობა მა----–--------–--ის ინტერესზე. ასეთ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული თბილისში, თ------–---–-ს ქ. N5-ში მცხოვრებ პირთა განცხადება მათი უფლებების დარღვევის თაობაზე (ს.ფ. 75-80), მით უფრო, როდესაც საქმეში ასევე წარმოდგენილია უშუალოდ სადავო ტერიტორიაზე (თბილისი, თ------–---–-ს ქ. N3) მცხოვრებ პირთა ნაწილის თანხმობა, მა----–--------–--ემ განახორციელოს ავტოფარეხის შიდა პერიმეტრის მოწყობა (ს.ფ. 137)
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოკვლეულა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2017 წლის 31 მაისის N------- გადაწყვეტილების მოქმედება დაარღვევთა მესამე პირთა კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს, მით უმეტეს, არ დასტურდება, რომ ასეთ დარღვევას ექნებოდა არსებითი ხასიათი, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო მითითებული აქტის ბათილად ცნობისათვის.
7.1.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 02 აგვისტოს N1----- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მა----–--------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. მა----–--------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 02 აგვისტოს N1----- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
9. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მა----–--------–--ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს კი უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომლის გადახდაც გადავადებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის ავტორს.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----–--------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. მა----–--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N--- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 02 აგვისტოს N1----- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ მა----–--------–--ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე