განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2018
საქმის ნომერი
330210017001808083
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001808083

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/2740-18 21 ივნისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „მ----“

წარმომადგენელი - გი--------------–-–---–ი

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) - თე---------–-–--ძე

წარმომადგენელი - აკ------------ძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. თე---------–-–--ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ----ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის 8,000 ლარის, მორალური ზიანის სახით 15, 000 ლარის, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 1100 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის ჩასატარებლად გადახდილი 401 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით თე----------–-–---ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „მ----ს“ მოსარჩელე თე---------–-–--ძის სასარგებლოდ 5 904 ლარის გადახდა დაეკისრა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის დაკისრების თაობაზე და მოპასუხე შპს „მ----ს“ მოსარჩელე თე---------–-–--ძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით დაეკისრა. მოპასუხეს მოსარჩელე თე---------–-–--ძის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 303.6 ლარის, საექსპერტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 401 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 250 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ----მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოსარჩელე თე----------–-–---ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი აღძრა, და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 20---–-–------------ მხარეებს შორის სასყიდლიანი სამ----ცინო სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება №2--, დაიდო რომელიც მიზნად მოსარჩელისათვის პროთეზის დამზადებას და არსებულ კბილებზე და იმპლანტატებზე დამაგრებას ისახავდა. აღნიშნული სამ----ცინო ჩარევა მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე მის დანიშნულებას მოსარჩელისათვის ღეჭვის, ყლაპვისა და მეტყველების შესაძლებლობების შენარჩუნება წარმოადგენდა. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს პაციენტისთვის ფასიანი სამ----ცინო (სტომატოლოგიური) მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის მიხედვით, საბოლოო ურთიერთანგარიშსწორება განხორციელდებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებების დასრულებისთანავე. 4.4. პუნქტის თანახმად, გადახდა ნაღდი ან უნაღდო ფორმით ხდებოდა. ხელშეკრულების 5.2.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი პასუხს არ აგებდა პაციენტის წინაშე, თუ პაციენტს მკურნალობის პროცესში ან მის შემდეგ აღმოაჩნდებოდა უშუალოდ ბიოლოგიური ხასიათის პრობლემები, რომლებიც არ უკავშირდებოდა შემსრულებლის მიერ სამკურნალო ტექნოლოგიების დარღვევას. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე მოქმედებდა (ტომი I ს.ფ. 14-16, 26-35).

 

6. მოსარჩელეს 2----–-–------------ ხელშეკრულების ფარგლებში ზედა ყბაზე არსებული კბილების თერაპიული მკურნალობა ჩაუტარდა. ზედა ყბის კბილებზე გაკეთდა მეტალოკერამიკული ხიდისებური პროთეზი საკეტოვანი ფიქსატორებით ბიგელისებური პროთეზის დასამაგრებლად. განხორციელდა პათოლოგიურად მორყეული კბილების ამოღება, ქვედა ყბაში ოთხი იმპლანტატის ჩასმა, შემდგომში ამ ყბაზე მოსახსნელი პროთეზის დასამაგრებლად. მოგვიანებით კიდევ სამი იმპლანტის დამატება მოხდა (ტომი I ს.ფ. 26-35).

 

7. 2----–-–---------–--- მოსარჩელემ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიმართა. 20---–-–------------ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თე---------–-–--ძეს ზედა ყბაზე არსებული კბილების (11, 12, 13, 22, 23, 24, 25) თერაპიული მკურნალობა ჩაუტარდა. არხები ფესვები მწვერვალებამდე კარგად არის დაბჟენილი. ზედა ყბის კბილებზე მეტალოკერამიკული ხიდისებური პროთეზი გაკეთდა საკეტოვანი ფიქსატორებით ბიგელისებური პროტეზის დასამაგრებლად. აღნიშნული ორთოპედიული კონსტრუქცია სწორად არის შერჩეული. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით თე---------–-–--ძეს ზედა ყბაზე 7 კბილი ჰქონდა. ამ კბილებზე მოთავსებული იყო მეტალოკერამიკის ხიდი, რომელიც დაზიანებული იყო. კერამიკული გვირგვინები მოცილებული იყო კბილის ფიზიოლოგიურ ყელს, ამ სივრცეში ხდებოდა საჭმლის ნარჩენების დაგროვება, გართულებული იყო პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც საბოლოო ჯამში ორალ სეფსისის რეალურ რისკს ქმნიდა. სერიოზულად იყო დაზიანებული ხიდის კიდურა სეგმენტები, რომელზეც საკეტოვანი ფიქსაციის კონსტრუქციები იყო გამაგრებული. ეს კონსტრუქციებიც უხარისხოდ იყო დამზადებული და მასზე ბიგელისებური პროთეზის დამაგრება შეუძლებელი იყო. თავად ბიგელისებურ პროთეზს ჰქონდა მთელი რიგი ხარვეზები, რაც მისი დამზადების ეტაპზე ტექნოლოგიური პროცესების დარღვევაზე მიუთითებდა. ორთოპანტოგრამა, გადაღებული 10.06.2008წ. მკურნალობის დაწყებამდე, ცხადყოფდა, რომ მკურნალობის გეგმა სწორად იყო შედგენილი. პათოლოგიურად მორყეული კბილები ორივე ყბაზე ამოღებული იყო და ქვედა ყბაში ჩასმულ იქნა ოთხი იმპლანტი შემდგომში ამ ყბაზე მოსახსნელი პროთეზის დასამზადებლად (ორთოპანტომოგრამა, გადაღებული 17.06.2008წ). იმპლანტები მდებარეობდა 43, 41, 32 და 34 კბილების საპროექციო მიდამოებში. მოსახსნელი პროთეზის ფიქსაციისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური მდგომარეობა იყო. ამავე ორთოპანტომოგრამით ირკვეოდა, რომ იმპლანტები სწორად იყო ყბის ძვალში მოთავსებული - იმპლანტის ყელი მდებარეობდა ალვეოლური მორჩის ქედის დონეზე. იმპლანტაციიდან სამი თვის შემდეგ ქვედა ყბაზე დამზადდა მოსახსნელი პროთეზი იმპლანტებზე საფიქსაციოდ ბოლ-ატაჩმენტების გამოყენებით. პროთეზირების ვადა სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული, რადგან ქვედა ყბაზე იმპლანტების ოსტეოინტეგრაციისთვის ეს პერიოდი ოპტიმალური იყო. ოსტეოინტეგრაციის შემდეგ იმპლანტებისთვის აუცილებელია ფუნქციონალური დატვირთვა. ეს წარმატებული იმპლანტაციისთვის უალტერნატივო პირობაა. ქვედა ყბაზე პროთეზის საბოლოო ფიქსაციის დროს მოხდა მცირე, მაგრამ საკმაოდ ხშირი გართულება - ერთ-ერთი იმპლანტიდან თავისუფლად ვერ მოხერხდა პროთეზის მოხსნა და საჭირო გახდა სპეციალური მოსახსნელი - კოპას მაშის გამოყენება. მსგავსი შემთხვევა არც თუ ისე იშვიათია ორთოპედიულ პრაქტიკაში. ამ მანიპულაციიდან დაუზუსტებელი დროის შემდეგ მოხდა ამ იმპლანტის (43) დაკარგვა. ამის მიზეზი პაციენტის ამბულატორიულ ბარათში არ არის დაფიქსირებული. მესამე ორთოპანტომოგრამაზე (გადაღებული 22.12.2010წ.) ჩანს ექვსი იმპლანტი. ძველ იმპლანტებზე დამაგრებულია კიდევ სამი იმპლანტი - 46, 45 და 36 კბილების საპროექციო მიდამოებში. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით თე---------–-–--ძეს ქვედა ყბაზე მოთავსებულია 3 იმპლანტი - 41, 32 და 35-ის საპროექციო მიდამოებში. 35-ის საპროექციო მიდამოში მოთავსებული იმპლანტი გადახრილია ლოყისკენა მხარეს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მასზე მოსახსნელი ტიპის პროთეზის ფიქსაციას. იმპლანტის ლოყისკენა მხარეს გადახრა ექსპერტმა არ მიიჩნია პაციენტის მიერ პროთეზის არასწორი მოხმარების მიზეზად (ტომი I ს.ფ. 20-25, 26-35, 61-67)

 

8. წინამდებარე დავის განხილვის დროისთვის მოსარჩელეს კბილების დიდი რაოდენობა აქვს დაკარგული (ზედა ყბაზე არ აქვს 9 კბილი და ქვედა ყბაზე არ აქვს არცერთი), რაც განაპირობებს იმას, რომ მოსარჩელეს შეზღუდული აქვს ღეჭვის, ყლაპვისა და მეტყველების შესაძლებლობები, საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას და განმეორებით სტომატოლოგიურ მკურნალობას (ტომი I ს.ფ. 26-35)

 

9. ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის მკურნალობის დაგეგმარება და მკურნალობა უტარდებოდა კლინიკური სიტუაციის შესაბამისად. არსებული სამ----ცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ძნელი იყო შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად ჩატარდა 20---–-–------------ ოთხი კბილის იმპლანტირება. დასკვნაში ნათქვამია, რომ საბოლოო შედეგის წარუმატებლობა ძირითადად გამოწვეული შეიძლება იყოს იმპლანტების ფუნქციონალური დაუტვირთაობით (ქვედა ყბაზე), ქრონიკული პაროდონტიტით და ბიგელისებური პროთეზის გამოუყენებლობით (ზედა ყბაზე), იმპლანტების დაკარგვის სხვა უშუალო მიზეზების დადგენა შეუძლებელია, ამბულატორიულ ბარათში მწირი ჩანაწერების და ორთოპანტოგრამების არასაკმარისი რაოდენობის გამო (ტომი I ს.ფ. 26-35).

 

10. მოსარჩელემ ექიმ ზვ-----–-----–-ას მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების მოთხოვნით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ ექიმს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა დისციპლინური გადაცდომის გამო. კერძოდ, ზვ-----–-----–-ამ სამსახურებრივი მოვალეობები არაჯეროვნად შეასრულა, რადგან ის დეტალურ ჩანაწერებს არ აკეთებდა პაციენტის ამბულატორიულ ბარათში, სადაც უნდა აღნიშნულიყო პაციენტის სტომატოლოგიური მკურნალობის პროცედურების და შესაბამისი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია (ტომი I ს.ფ. 26-35).

 

11. მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგები ვერ მიიღო. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაწეული სამ----ცინო მომსახურების შედეგი აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც პირდაპირ კავშირშია მკურნალობის წარუმატებელ შედეგთან. მოსარჩელისათვის გასაწევი სამ----ცინო მომსახურება მიზნად ისახავდა კონკრეტული შედეგის მიღწევას-პროთეზირებას, რათა პაციენტს შენარჩუნებოდა ღეჭვის, ყლაპვის, მეტყველების შესაძლებლობები და დაცული ყოფილიყო ესთეტიკური მხარე. აღნიშნული შედეგი მიღწეული ვერ იქნა (ტომი I ს.ფ. 26-35).

 

12. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მკურნალი ექიმი ვალდებულია, პაციენტისთვის დაადგინოს საგარანტიო და სამსახურის ვადები გაწეულ მომსახურებაზე, ახსნას პირობები, რომლის დროსაც შემსრულებლის საგარანტიო გარემოებანი შენარჩუნდება. შემსრულებლის მკურნალი ექიმი ადგენს საგარანტიო და სამსახურის ვადებს, რომლებსაც აღნიშნავს საგარანტიო ტალონში. შპს „მ----ს“ მოსარჩელისთვის ასეთი საგარანტიო დოკუმენტი არ შეუდგენია (ტომი I ს.ფ. 14-24).

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თე----------–-–---ესა და შპს „მ----ს“ შორის დადებული ხელშეკრულება მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულდა. მას არაჯეროვანი მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც მისთვის, როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. სააპელაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის დასკვნას, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

ხელშეკრულების დადებისთანავე, მხარეები ვალდებულები არიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით - ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ეს კი თითოეული მხარის მიერ მისთვის ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევას გულისხმობს.

 

ამასთან, დელიქტური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას გამოიყენება სახელშეკრულებო ზიანის მომწესრიგებელი ნორმები. სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელი ნორმები სპეციფიკურია და არეგულირებს ვალდებულებით ურთიერთობას სახელშეკრულებო თავისებურებათა გათვალისწინებით. თუმცა, განსხვავებულ შესაძლებლობას გვაძლევს სსკ-ის 326-ე მუხლი, რომლის ძალითაც წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მითითებული ნორმა წარმატებულადაა გამოყენებული სასამართლო პრაქტიკაში პერსონალისა და სამ----ცინო დაწესებულების მიერ პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შედეგად წარმოშობილი დავების სამართლებრივი კვალიფიკაციისას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით აღნიშნული ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტური სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ.

 

14. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, მხარეების სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლები არ არის აბსოლუტური, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხარეს ცალმხრივად შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულება.

 

მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმა) სამართლებრივ ინსტიტუტსა და ხელშეკრულების შეწყვეტას შორის პრინციპული განსხვავებაა კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდებიან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელებული შესრულება და მისი შედეგები ძალაში რჩება. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარე ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას უყენებდა მოპასუხეს, შესაბამისად ამ პირობებში აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების დისპოზიციით განსაზღვრული ყველა საჭირო წინაპირობის დადგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა 2008 წელს სასყიდლიანი სამ----ცინო სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო. შემკვეთმა მიზნად დაისახა პირის ღრუს საფუძვლიანი, ხარისხიანი გამოკვლევა და პროთეზირება. ხელშეკრულების პირობების როგორც სიტყვასიტყვითი ასევე გონივრული განსჯის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთის მიზანს გონივრულ დროში, მოწესრიგებული პირის ღრუს ქონა წარმოადგენდა, რისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო პალატაც იზიარებს, რომ 2008 წლიდან დღემდე თე----------–-----–-ას დასახული მიზანი - პირის ღრუს პროთეზირება და მისი მოწესრიგება მიღწეული არ არის.

 

15. ისეთ შემთხვევაში, როდესაც მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ამას, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში მოხდა, სისტემატიური ხასიათი აქვს, მხარეს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვოს, თუმცა უნდა დაიცვას სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულების დარღვევისას დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება არ არის აუცილებელი თუ აშკარაა, რომ აღნიშნულს არანაირი შედეგი არ ექნება. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ხანგრძლივობისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ შპს „მ----ს“ მკურნალი ექიმისთვის ხელშეკრულების შესასრულებლად დამატებითი ვადის დაწესება ან მისი გაფრთხილება უშედეგო იქნებოდა, რადგან ცალსახაა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ექიმმა ვერ უზრუნველყო პაციენტისთვის ჯეროვანი დახმარების გაწევა და შესაბამისად, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

მოსარჩელე მხარემ ახსნა-განმარტებაში არაერთხელ მიუთითა და აღნიშნული მოპასუხის მხრიდან სადავო არ გამხდარა, რომ იგი კლინიკისგან მის მიერ გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას ანუ, ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას ითხოვდა, შესაბამისად ცხადია, რომ შპს „მ----სთვის“ ცნობილი იყო თე----------–-–---ის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ.

 

16. სწორედ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის აპელირებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკისრა მას მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის სრული ოდენობა. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და შესაბამისი წინაპირობების განხორციელების დადგენა მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისათვის, აღნიშნული კი სასამართლოს პრეროგატივაა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წინამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

17. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი შპს „მ----ს“ მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მორალური ზიანის დაკისრების არამართებულობასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს თე----------–-–---ის სააპელაციო შეგებებულ საჩივარში ასახულ პრეტენზიას მორალური ზიანის ოდენობის გაზრდასთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მორალური ზიანის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურების ნორმატიული საფუძველი არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო პირველყოვლისა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის მხარეებს წარმოადგენენ პაციენტი (მოსარჩელე) და კლინიკა (მოპასუხე), დავის საგანს კი არასწორი მკურნალობის განხორციელების შედეგად მისთვის ჯანმრთელობისათვის ვნების, ტანჯვის მიყენება წარმოადგენს, რაც სამოქალაქო კოდექსის, 992-ე, 1007-ე და 413-ე მუხლების დისპოზიციით გათვალისწინებული ნორმატიული შემადგენლობის განხორციელებულად მიჩნევის შემთხვევაში კლინიკისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

 

დავის თავისებურებიდან და იმავდროულად, სადავოდ გამხდარი საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საკვლევ საკითხთა წრეს ექიმის ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის, არამართლზომიერი ქმედებისა და ამ ორ ელემენტს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს.

 

18. სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, რომლის დანაწესი სამ----ცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს აკისრებს დაზარალებულს. ნორმის აღნიშნული დანაწესის თანახმად, დაზარალებულმა ერთდროულად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, როგორიცაა: ა) ზიანი ბ) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა ბ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.

 

სამ----ცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, თითოეული ამ კომპონენტების თავისებურება სამ----ცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. თითოეული ამ კომპონენტის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ექიმის ან სამ----ცინო დაწესებულების მიმართ პაციენტს შეიძლება წარმოეშვას, როგორც ხელშეკრულებიდან, ასევე დელიქტური ნორმებიდან. შეიძლება ექიმს იმ შემთხვევაშიც დაეკისროს პასუხისმგებლობა თუ, მას არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია პაციენტთან, გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობის დაწყებით ექიმისათვის და არასამ----ცინო (დამხმარე) პერსონალისათვისაც წარმოიშობა ვალდებულება, კანონით დადგენილ ფარგლებში დაიცვან და შეინარჩუნონ პაციენტის ჯანმრთელობა. ექიმის მიერ ჩატარებული მცდარი მკურნალობა, როგორც წესი, ხელშეკრულების დარღვევაც არის და დელიქტიც. მოთხოვნის ორივე საფუძველი თანაბარია და შესაბამისად, მოთხოვნის დაფუძნება ორივე საფუძველზე ერთდროულად არის შესაძლებელი.

 

19. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას. თუ პაციენტის განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამ----ცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას.

 

საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა, რომ დაზარალებულის, პაციენტის მიერ მხოლოდ ფაქტებზე მითითების ტვირთი არ წარმოადგენს სასურველი მატერიალურ სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინაპირობას, ასეთივე დოზითაა აუცილებელი მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამ----ცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებულ დიაგნოსტიკა, ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. სამ----ცინო საქმიანობის მიზანი მიღწეული არ არის (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მ----ცინის მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამ----ცინო მაჩვენებლებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------ ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნაში ექსპერტის მიერ მითითებულია, რომ 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით თე---------–-–--ძეს ზედა ყბაზე აღენიშნებოდა 7 კბილი. ამ კბილებზე მოთავსებული იყო მეტალოკერამიკის ხიდი, რომელიც იყო დაზიანებული. კერამიკული გვირგვინები მოცილებული იყო კბილის ფიზიოლოგიურ ყელს, ამ სივრცეში ხდებოდა საჭმლის ნარჩენების დაგროვება, გართულებული იყო პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც საბოლოო ჯამში ორალ სეფსისის რეალურ რისკს ქმნიდა. სერიოზულად იყო დაზიანებული ხიდის კიდურა სეგმენტები, რომელზეც საკეტოვანი ფიქსაციის კონსტრუქციები იყო გამაგრებული. ეს კონსტრუქციებიც უხარისხოდ იყო დამზადებული და მასზე ბიგელისებური პროთეზის დამაგრება შეუძლებელი იყო. თავად ბიგელისებურ პროთეზს ჰქონდა მთელი რიგი ხარვეზები, რაც მისი დამზადების ეტაპზე ტექნოლოგიური პროცესების დარღვევაზე მიუთითებდა... ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, ქვედა ყბაზე პროთეზის საბოლოო ფიქსაციის დროს მოხდა მცირე, მაგრამ საკმაოდ ხშირი გართულება - ერთ-ერთი იმპლანტიდან თავისუფლად ვერ მოხერხდა პროთეზის მოხსნა და საჭირო გახდა სპეციალური მოსახსნელი - კოპას მაშის გამოყენება. მსგავსი შემთხვევა არც თუ ისე იშვიათია ორთოპედიულ პრაქტიკაში. ამ მანიპულაციიდან დაუზუსტებელი დროის შემდეგ მოხდა ამ იმპლანტის (43) დაკარგვა. ამის მიზეზი პაციენტის ამბულატორიულ ბარათში არ არის დაფიქსირებული. მესამე ორთოპანტომოგრამაზე (გადაღებული 22.12.2010წ.) ჩანს ექვსი იმპლანტი. ძველ იმპლანტებზე დამაგრებულია კიდევ სამი იმპლანტი - 46, 45 და 36 კბილების საპროექციო მიდამოებში.

 

ასევე, 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით თე---------–-–--ძეს ქვედა ყბაზე მოთავსებული იყო 3 იმპლანტი - 41, 32 და 35-ის საპროექციო მიდამოებში. 35-ის საპროექციო მიდამოში მოთავსებული იმპლანტი გადახრილია ლოყისკენა მხარეს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მასზე მოსახსნელი ტიპის პროთეზის ფიქსაციას. იმპლანტის ლოყისკენა მხარეს გადახრა ექსპერტმა არ მიიჩნია პაციენტის მიერ პროთეზის არასწორი მოხმარების მიზეზად. ექსპერტმა დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ შესამოწმებლად წარდგენილი ვერცერთი მოსახსნელი პროთეზი, პირის ღრუში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სამ----ცინო დასკვნაში ერთ-ერთი ექსპერტი მიუთითებს: თე----------–-–---ის მკურნალობას 2008 წლიდან ხშირი გართულებები ახლდა თან. 2008 წლის სექტემბერში პაციენტს იმპლანტებზე დაუფიქსირდა ორთოპედიული კონსტრუქცია. იმავე დღეს კონსტრუქციის მოხსნისას 44 მოირყა, სულ მალე კი ჩამოყალიბდა პერიიმპლანტიტი მისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი რის გამოც კლინიკაში მოხდა ამ იმპლანტის ამოღება.

 

2008 წლის ოქტომბერში, ზუსტად იმავე ადგილას (44) განმეორებით ჩასვეს ახალი იპმპლანტი (რენტგენოგრაფიული კონტროლის გარეშე), რომლებიც დაახლოებით სამ კვირაში კვლავ ჩამოვარდა.

 

2011 წლის დეკემბერში პაციენტს კიდევ ორი დამატებითი იმპლანტის დაფიქსირება შესთავაზეს, რასაც ექიმთა მოსაზრებით პაციენტის მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა, თუმცა, 2012 წლის იანვარში 47 მოირყა და ამოიღეს 2012 წლის ოქტომბერში კი 36.

 

ამასთანავე, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, ის რომ მოსარჩელემ ექიმ ზვ-----–-----–-ას მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების მოთხოვნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მიმართა რომლის საფუძველზეც სამინისტრომ ექიმს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა დისციპლინური გადაცდომის გამო. კერძოდ, ზვ-----–-----–-ამ სამსახურებრივი მოვალეობები არაჯეროვნად შეასრულა, რადგან ის დეტალურ ჩანაწერებს არ აკეთებდა პაციენტის ამბულატორიულ ბარათში, სადაც უნდა აღნიშნულიყო პაციენტის სტომატოლოგიური მკურნალობის პროცედურების და შესაბამისი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

 

21. სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, სამ----ცინო დოკუმენტაციის არარსებობა ან არასწორად წარმოება გავლენას ახდენს მ----ცინის მუშაკის მტკიცების ტვირთზე, ვინაიდან ექიმმა მიუხედავად სამ----ცინო დოკუმენტაციის არასათანადობისა, უნდა ამტკიცოს მისი ქმედების სისწორე. ამდენად, სამ----ცინო დოკუმენტაციის არასრულყოფილი წარმოება უალტერნატივოდ იწვევს მ----ცინის მუშაკის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის კი აუცილებელია ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. თუმცა, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ექიმისთვის პასუხისმგებლობის საფუძველი მხოლოდ სამ----ცინო დოკუმენტაციის არასათანადო მომზადება არ გამხდარა. ექსპერტიზის დასკვნიდან ცალსახად და არაორაზროვნად ჩანს, რომ პაციენტისთვის მომზადებულ ბიგელისებურ პროთეზს ჰქონდა მთელი რიგი ხარვეზები, რაც მისი დამზადების ეტაპზე ტექნოლოგიური პროცესების დარღვევაზე მიუთითებდა, ასევე მისთვის დამზადებული სხვა პროთეზების გამოყენება იყო შეუძლებელი, ამასთანავე ექსპერტის განმარტებით, საბოლოო შედეგის წარუმატებლობა ძირითადად გამოწვეული შეიძლება იყოს იმპლანტის ფუნქციონალური დაუტვირთაობით, ხოლო მისი დაუტვირთაობა კი გამოიწვია ბიგელისებური პროთეზისა და დანარჩენი ორი პროთეზის ტექნოლოგიურად არასწორმა დამზადებამ და შესაბამისად მისმა გამოუსადეგობა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ექიმის ბრალი, განსახილველ შემთხვევაში მდგომარეობდა არა მხოლოდ სამ----ცინო დოკუმენტაციის არასრულ შედგენაში, არამედ ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ტექნიკურ და სამკურნალო დარღვევებს რამაც, პაციენტისთვის სავალალო შედეგი გამოიღო. კერძოდ, 2013 წლის მდგომარეობით პაციენტს დაკარგული ჰქონდა კბილების უმეტესობა - ქვედა ყბაზე მას არცერთი, ხოლო ზედა ყბაზე მხოლოდ 9 კბილი ჰქონდა.

 

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც აპელანტი სამ----ცინო დაწესებულების მიერ კანონით დადგენილი წესით, წარდგენილი სამ----ცინო დასკვნის ავთენტურობა შედავებული არ ყოფილა და არც მისი გამაბათილებელი ან/და საპირწონე მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ დარღვევების გათვალისწინებით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული ექიმის ბრალეულობა იკვეთება, რომლის გარეშეც ის შედეგი არ დადგებოდა რაზეც დღეს პაციენტი ჩივის. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამ----ცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის შემადგენლობაში ბრალის ხარისხს. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა დადასტურდეს ექიმის გაუფრთხილებლობა და არა განზრახვა არასასურველი შედეგის დადგომის მიმართ, ამასთანავე, დამდგარი ზიანი უშუალოდ ამ ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს და არა მკურნალობის თანმდევ შედეგს, რომლის თავიდან აცილების შესაძლებლობაც სამ----ცინო დაწესებულებას ობიექტურად არ შეეძლო. საქმის მასალების კვლევის შედეგად პალატას შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ ექიმის გაუფრთხილებლობას ჰქონდა ადგილი, შესაბამისად ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში კი, აპელანტმა მხარემ სასამართლოსთვის შექმნილი რწმენის გაბათილება რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ მოახერხა, მხოლოდ ზეპირი განმარტებების მიცემა კი თავისთავად, კვალიფიციურ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

23. გარდა ამისა, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, კერძოდ უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობების განხორციელებულად მიჩნევა დაუდო საფუძვლად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. ამ საქმეზე დადგენილი იქნა, რომ კლინიკამ მოსარჩელეს ორთოპედიული მკურნალობა არასწორად ჩაუტარა, რის შედეგადაც პროთეზირების შემდგომ მოსარჩელის ჯანმრთელობა საგრძნობად გაუარესდა, მას დაუზიანდა ჯანმრთელი კბილები, რამაც დამატებითი მკურნალობის აუცილებლობა წარმოშვა. პალატამ პაციენტის სამ----ცინო შემოწმების დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ მკურნალობის პროცესში ხარვეზები დაშვებულ იქნა, არა მარტო შეუსაბამო სადიაგნოზო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების დროს, არამედ სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში ფაიფურის გამოწვის პროცესშიც.

 

24. სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის - არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები: კლინიკამ მოსარჩელეს ორთოპედიული მკურნალობა არასწორად ჩაუტარა, რის შედეგადაც პროთეზირების შემდგომ მოსარჩელის ჯანმრთელობა საგრძნობად გაუარესდა; მას დაუზიანდა ჯანმრთელი კბილები, რამაც დამატებითი მკურნალობის აუცილებლობა წარმოშვა. ამასთანავე, კლინიკის მიერ გაწეული ორთოპედიული მომსახურების დროს ჩატარებული მოსარჩელის მდგომარეობისათვის შეუსაბამო მკურნალობითა და ხარვეზიანი პროთეზების დამზადებით პაციენტის ჯანმრთელობას სტომატოლოგიური კუთხით მიადგა ვნება, რამაც გამოიწვია მისთვის არა მარტო მატერიალური ზიანი, არამედ სულიერი ტანჯვა, ტკივილი და ემოციური განცდები.

 

25. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა პაციენტისთვის ჯეროვანი სამ----ცინო დახმარების გაწევა, შესაბამისად სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება და საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნა და მივიდა დასკვნამდე, რომ ექიმის დაუდევრობამ მოსარჩელეს სულიერი ტრავმა მიაყენა.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადგენს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და როგორც უკვე აღინიშნა, ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისადმი მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თე----------–-–---ეს წლების განმავლობაში პირის ღრუს მიდამოში ტკივილები ჰქონდა, მან მისი მიზნის მიუხედავად ვერ მოახერხა პირის ღრუს ესთეტიური თვალსაზრისით მოწესრიგება, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის მას ქვედა ყბაზე არცერთი კბილი არ ჰქონდა ხოლო ზედა ყბაზე 9 კბილი ეკლდა, რაც სასამართლოს უქმნის ვარაუდს, რომ თე----------–-–---ეს გაძნელებული აქვს ღეჭვისა და ყლაპვის რეფლექსები, ასევე ხელი ეშლება საუბარში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებული მხარისთვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრება რელევანტური და ადექვატური ოდენობა იქნება.

 

26. პალატა ყურადღებას ამახვილებს ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4 %-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა 1000 ლარით განსაზღვრა, რაც პალატის მოსაზრებით არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს, თანაზომიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რაც შეიძლება მოგებული მხარის სასარგებლოდ დაეკისროს წაგებულ მხარეს საადვოკატო მომსახურების სახით. თავად თანხის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, რომლის დადგენაც სასამართლოს პრეროგატივაა. ამდენად, ის გარემოება, რომ სასამართლომ სრულად არ დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის გადახდა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

 

27. სააპელაციო პალატა ასევე, არ იზიარებს აპელანტი შპს „მ----ს“ აპელირებას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით და განმარტავს რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც ასევე დადასტურებულია ამ თემაზე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ მიმართებით სიღრმისეულ სამართლებრივ მსჯელობაში შესვლას არარელევანტურად მიიჩნევს.

 

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, თე----------–-–---ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით 692 ლარი ხოლო სააპელაციო ინსტანციაში იგი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. მოსარჩელის მოთხოვნა პირველ და მეორე ინსტანციაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხოლო მოპასუხეს (აპელანტის) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. შესაბამისად, შპს „მ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი, სულ 160 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „მ----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თე----------–-–---ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების მე-3 ნაწილი გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

4. შპს „მ----ს“ მოსარჩელე თე----------–-–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით;

 

5. შპს „მ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 160 ლარის გადახდა დაეკისროს;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე ქეთევან მესხიშვილი