განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
330100116001349483
ინსტანცია
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/746-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელი

26 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - მ-----–---------ის;

მსჯავრდებულ - ლ-------------–---–ის;

ადვოკატ - გ-------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის და მისი ადვოკატის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ---------------–------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჭ-------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ” ქვეპუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით:

 

ლ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

ლ-------------–---–ს 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

 

ლ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რომ:

 

2011 წლის 01 სექტემბერს შ------–---------–-“, შრომითი ხელშეკრულების N---------- საფუძველზე, დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობა დაიწყო ლ-------------–---–მა. მის მოვალეობაში შედიოდა კახეთის რეგიონში არსებული სავაჭრო ობიექტების კურირება, ჟურნალ-გაზეთების მიწოდება, გაყიდვებზე კონტროლი, ობიექტებიდან ნავაჭრი თანხის ამოღება და შ------–----------------------------–ზე ან სალაროში შეტანა.

 

შპს „ელვასერვისის“ დისტრიბუტორმა ლ-------------–---–მა, 2014 წლის 01 იანვრიდან, 2015 წლის 23 მაისამდე პერიოდში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა - 7 826.42 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-------------–---–მა და მისმა ადვოკატმა გ-------------–---–მა. აპელანტებმა ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლ-------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მ-----–---------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

ცვლილება იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენში;

 

ლ-------------–---–ი არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას და მასში ასახულ პირობებს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა პროკურორმა მ-----–---------ემ.

 

ადვოკატმა გ-------------–---–მა და მსჯავრდებულმა ლ-------------–---–მა ასევე მხარი დაუჭირეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დამტკიცებას.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ლ-------------–---–მა უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტებით, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009).

 

ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული ლ-------------–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ლ-------------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთა ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება ლ-------------–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმეების: გ--------------------------------------------------------–---–-------------------------------------–---–-------------------–---–-------------------–---–-- ჩვენებები; ანგარიშის ამონაწერი; დასაბრუნებელი პროდუქციის აქტები; სასაქონლო ზედნადებები; ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და რეესტრები; ბანკში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები; შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლების ბრძანება; სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 29 თებერვლის ცნობა, ელექტრონული ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ მ-----–---------ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენში;

 

ლ-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ლ-------------–---–ს ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი;

 

მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

 

ლ-------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.

 

მსჯავრდებული ლ-------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

კონტროლი და მეთვალყურეობა მის ყოფაქცევაზე გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ლ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ყადაღა მოეხსნას ლ-------------–---–ის (პირადი №01027025453) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი, საკადასტრო კოდი 56.05.47.052;

 

ნივთიერი მტკიცებულება: ორი ცალი დისკი და ოთხი ბაინდერი მოთავსებული 01 ტომარაში შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე