განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.06.2018
საქმის ნომერი
330310016001427364
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001427364

საქმე №3ბ/2738-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,ე-----------------------ა“

წარმომადგენელი - ც---–-----------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

 

მესამე პირი - ეკ----------------–-ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „ე-----------------------ას’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ მოქალაქე ეკ----------------–-ას ელექტროენერგია მიეწოდება სს „ე-----------------------ას“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან (მისამართი: ქ. ბათუმი, ა---------------––---------–-----------–--–- №-, შ-----------), მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველით და კომპანიის მიერ მინიჭებული აქვს სააბონენტო N6---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 32-42).

 

3.2. 2015 წლის 18 მარტს, მესამე პირმა ეკ----------------–-ამ განცხადებით მიმართა სს ,,ე-----------------------ა”-ს და მოითხოვა აბონენტის სახელის შეცვლა, კერძოდ, კ-–---- გ--------ის ნაცვლად ეკ----------------–-ას აბონენტად დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 18 მარტის განცხადება №3-- (ს.ფ. 18).

 

3.3. აბონენტის - ეკ----------------–-ას მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 13 მარტს შემოწმდა №2------ მრიცხველი და შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №------- აქტი, რომლის მიხედვითაც, აბონენტს ჩართული ჰქონდა წყლის გამაცხელებელი, ხოლო აღნიშნულ დატვირთვაზე მრიცხველის სააღრიცხვო მექანიზმს ციფრი არ გადაჰქონდა. 2015 წლის 26 მარტს დაზიანებული მრიცხველი შეიცვალა ახლით, რომლის მიხედვითაც მრიცხველი მუშაობდა გამართულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 13 მარტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი №------- (ს.ფ. 20);

-2015 წლის 26 მარტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი №------- (ს.ფ. 21).

 

3.4. ე-------კომპანიის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის დამრიცხავი კომისიის მიერ 2015 წლის 12 ივნისს შედგა დარიცხვის № ს----------- აქტი, კომპანიამ იხელმძღვანელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების, აღრიცხვის კვანძის შემოწმება - მიღების აქტისა და სს ,,ე-----------------------ას“ 2015 წლის 3 თებერვლის R-------- წესის საფუძველზე და საბოლოოდ აბონენტს დაარიცხა აღურიცხავი ელ. ენერგიის ღირებულება 719.32 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 12 ივნისის №ს----------- დარიცხვის აქტი (ს.ფ. 22).

 

3.5. ეკ----------------–-ა არ დაეთანხმა შედგენილ დარიცხულ აქტს და მოითხოვა 2015 წლის 12 ივნისს სს ,,ე----------------------იას“ მიერ შედგენილი აქტის გაუქმება.

 

ე-------კომპანიის ცენტრალური დამრიცხავი კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს №ს----------- დარიცხვის აქტით, დაზიანების პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 13 მარტამდე პერიოდი, გაუქმდა 2015 წლის 12 ივნისის № ს----------- დარიცხვის აქტით დარიცხული 4 110,56 კვტ. სთ, თანხით 719,32 ლარი და ეკ----------------–-ას დაერიცხა 2798.36 კვტ/სთ - თანხით 489,72 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 11 აგვისტოს №ს----------- დარიცხვის აქტი (ს.ფ. 23).

 

3.6. 2015 წლის 3 სექტემბრის წერილით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აცნობა სს „ე-----------------------ას“ გენერალურ დირექტორს, რომ კომისიაში შესული იყო მოქალაქე ეკ----------------–-ას განცხადება აღრიცხვასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე. აგრეთვე, კომისიამ მიმართა სს ,,ე-----------------------ას“ გენერალურ დირექტორს დაევალებინა შესაბამისი სამსახურისთვის, შეესწავლათ აღნიშნული საკითხი და წარედგინათ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულად (მათ შორის შემოწმების ოქმები, დარიცხვის აქტი და ექსპერტიზის დასკვნა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 3 სექტემბრის N6-------------- წერილი (ს.ფ. 27).

 

3.7. 2015 წლის 10 სექტემბრის წერილით სს „ე-----------------------ამ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ გაუქმდა 2015 წლის 12 ივნისის აქტით დარიცხული 4110.56 კვტ/სთ, თანხით - 719,32 ლარი და აბონენტ ეკ----------------–-ას დაერიცხა მის მიერ აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2798,36 კვტ/სთ, თანხით - 489,72 ლარი. ასევე მიუთითა, რომ აბონენტ ეკ----------------–-ას განაწილების ლიცენზიატისთვის წერილობით არ მიუმართავს მრიცხველის საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების მოთხოვნით და აღნიშნული არც კომპანიის ინიციატივით განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 10 სექტემბრის N5------ წერილი (ს.ფ. 28).

 

3.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 24 აგვისტოს წერილით ეკ----------------–-ას აცნობა, რომ ე-------კომპანიამ გააუქმა 2015 წლის 12 ივნისის აქტით დარიცხული 4 110,56 კვტ.სთ, თანხით 719,32 ლარი და გადასახდელად დაარიცხა 2798,36 კვტ.სთ - 489,72 ლარი. ასევე მიუთითა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თუ კვლავ ექნებოდა პრეტენზია კომპანიის მიმართ, შეეძლო წარედგინა წერილობითი მოთხოვნა, სათანადო მტკიცებულებებთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 აგვისტოს წერილი (სფ 25-26).

 

3.9. 2016 წლის 07 მარტს, მოქალაქე ეკ----------------–-ამ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის მოხმარებისათვის დარიცხული თანხის - 489,72 ლარის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 07 მარტის №2------ წერილი (ს.ფ 83-85).

 

3.10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 9 მარტის წერილით აცნობა სს ,,ე----------------------იას“ ეკ----------------–-ას 2016 წლის 7 მარტის წერილის შესახებ.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2016 წლის 23 მარტის წერილით სს ,,ე----------------------იამ“ მიუთითა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას პოზიცია უკვე წარდგენილი ჰქონდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,ე----------------------იას“ 2016 წლის 23 მარტის წერილი (ს.ფ. 77).

 

3.11. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2016 წლის 11 მაისს გამართულ ზეპირ სხდომაზე განხილული იქნა მოქალაქე ეკ----------------–-ას (აბონენტის №6---------) წერილი, სადაც განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მისი მრიცხველი არ იყო დაზიანებული, ვინაიდან შეუძლებელია დაზიანებულ მრიცხველს აღერიცხა 2289 კვტ/სთ ელექტროენერგია. ასევე, მოითხოვა აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის მოხმარებისათვის დარიცხული თანხის - 489,72 ლარის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 მაისის №-- სხდომის ოქმიდან ამონარიდი (ს.ფ. 66-71).

 

3.12. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს ,,ე----------------------ია“-ს მიერ წარმოდგენილი იქნა აბონენტის ბარათი, რომელშიც დადგენილია, რომ მომხმარებლის მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით - 2289 კვტ/სთ. შესაბამისად, მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა ხდებოდა ყოველთვიურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 12 აგვისტოს აბონენტის ბარათი (ს.ფ. 89-92).

 

3.13. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის N3---- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ეკ----------------–-ას განცხადება. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოქალაქე ეკ----------------–-აზე (აბონენტი N6---------) სს „ე-----------------------ა“-ს მიერ 2015 წლის 11 აგვისტოს ,,დარიცხვის აქტი Nს1/2-126-15“-ით განხორციელებული 2798.36 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის - 498.72 ლარის დარიცხვა. ამავე გადაწყვეტილებით სს „ე-----------------------ას“ დაევალა N6--------- აბონენტზე უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის N3---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 93 -95).

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №3---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

4.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

ამასთან, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები კომისიის ლიცენზიატებს შორის ან ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის.

 

კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს N12 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

 

აქედან გამომდინარე, მოქალაქე ეკ----------------–-ას 2016 წლის 07 მარტის N2------ განცხადებაში აღნიშნული საკითხი პირდაპირ ეხება მის უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და მისი განხილვა წარმოადგენდა კომისიის კომპეტენციას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე”.

 

აღნიშნული წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

ამავე წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. მე-9 პუნქტის თანახმად კი, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მოქალაქე ეკ----------------–-ას ელექტროენერგია მიეწოდება სს „ე-----------------------ას“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან და მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველით. ასევე უდავოა, რომ ეკ----------------–-ას მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 13 მარტს შემოწმდა №2------ მრიცხველი და შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №------- აქტი, რომლის მიხედვითაც, აბონენტს ჩართული ჰქონდა წყლის გამაცხელებელი, ხოლო აღნიშნულ დატვირთვაზე მრიცხველის სააღრიცხვო მექანიზმს ციფრი არ გადაჰქონდა. 2015 წლის 26 მარტს დაზიანებული მრიცხველი შეიცვალა ახლით, რომლის მიხედვითაც მრიცხველი მუშაობდა გამართულად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული წესების მე-11 მუხლი შეეხება ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებას და აღრიცხვასთან დაკავშირებულ დავას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

 

საქმეში წარმოდგენილი აბონენტის აღრიცხვის ბარათის მონაცემებით დადგენილია, რომ მომხმარებლის მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით - 2289 კვტ/სთ, რისი გადახდაც ეკ----------------–-ას მიერ ხდებოდა ყოველთვიურად. სს ,,ე-----------------------ას” დამრიცხავი კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს №ს----------- დარიცხვის აქტით მრიცხველის დაზიანების გამო, (მრიცხველს მაღალ ტვირთზე იმპულსი ჰქონდა და ციფრი არ გადაჰქონდა), აბონენტს დაერიცხა 2798.36 კვტ/სთ - თანხით 489,72 ლარი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იმისათვის, რომ ე-------კომპანიამ აბონენტს დაარიცხოს აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასური, მრიცხველის დაზიანების გამო, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მრიცხველის დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი განსაზღვრა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მრიცხველს მაღალ ტვირთზე ციფრი არ გადაჰქონდა, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ეკ----------------–-ა აღურიცხავად მოიხმარდა ელექტროენერგიას მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ე-------კომპანიის მიერ განსაზღვრული დაზიანების პერიოდში, მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა შემოწმების შედეგად გამოვლენილ მრიცხველის დაზიანების ფაქტზე, თუმცა აღნიშნული ფაქტის უდავოდ არსებობის თაობაზე საქმეში შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ასევე არ არის უტყუარად დადასტურებული ის გარემოება, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში არასწორად ხდებოდა ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების წაკითხვა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ეფუძნება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოკვლევას. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა სს „ე-----------------------ას“ მიერ აბონენტ ეკ----------------–-აზე 2798.36 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის - 489.72 ლარის დარიცხვის შესაძლებლობას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მრიცხველის დაზიანება არ გამოკვლეულა დადგენილი წესით. კერძოდ, სს „ე-----------------------ას“ არ განუხორციელებია სადავო მრიცხველის საექსპერტო შემოწმება, რაც გახდებოდა წესების ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებების არსებობა მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა.

 

4.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის აზრით, ეკ----------------–-ას მრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა რეალურად მოხმარებულ ელექტროენერგიას, გაუმართავი მრიცხველის არსებობა კი დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 24 აგვისტოს წერილით ეკ----------------–-ას აცნობა, რომ ე-------კომპანიამ გააუქმა 2015 წლის 12 ივნისის აქტით დარიცხული 4 110,56 კვტ.სთ, თანხით 719,32 ლარი და გადასახდელად დაარიცხა 2798,36 კვტ.სთ - 489,72 ლარი, ე-------კომპანიას ჰქონდა კანონიერი ნდობა და მოლოდინი, რომ სადავო საკითხი გადაწყვეტილი იყო და ეკ----------------–-ას განცხადება ამავე საკითხზე განმეორებით არ იქნებოდა განხილული.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ასევე არ უმსჯელია ე-------კომპანიის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე - დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა აქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ სემეკს მის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტის დასაბუთების ვალდებულება არ გააჩნია. გაუგებარია, რა საფრთხე იქმნებოდა დარიცხული თანხის დაუყოვნებლივ არჩამოწერის შემთხვევაში. ვინაიდან ე-------კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სავარაუდოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სემეკის ეს ქმედება (დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა) გამართლებულად მიიჩნია, თუმცა აღნიშნული სამართლებრივად არ დაუსაბუთებია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ზუსტად არ დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სს ,,ე-----------------------ას“ სარჩელი.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული იმგვარ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6.2. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

პალატა ასევე იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაკეთებულ დასკვნას მასზედ, რომ მოქალაქე ეკ----------------–-ას 2016 წლის 07 მარტის N2------ განცხადებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენდა კომისიის კომპეტენციას და ის გარემოება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 24 აგვისტოს წერილით ეკ----------------–-ას აცნობა, რომ ე-------კომპანიამ გააუქმა 2015 წლის 12 ივნისის აქტით დარიცხული 4 110,56 კვტ.სთ, თანხით 719,32 ლარი და გადასახდელად დაარიცხა მხოლოდ 2798,36 კვტ.სთ - 489,72 ლარი, არ შეიძლება გამხდარიყო სრული მოცულობით დარიცხული თანხის გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კომისიის ამავე წერილის მითითებით, ეკ----------------–-ას მიეცა შესაძლებლობა პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში კვლავ წარედგინა წერილობითი მოთხოვნა, სათანადო მტკიცებულებებთან ერთად.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლზე, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებას და აღრიცხვასთან დაკავშირებულ დავას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

 

მოცემულ შემთხვევაში აბონენტის აღრიცხვის ბარათის მონაცემებით დადგენილია, რომ მომხმარებლის მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით - 2289 კვტ/სთ, რისი გადახდაც ეკ----------------–-ას მიერ ხდებოდა ყოველთვიურად. ასევე დადგენილია, რომ სს ,,ე-----------------------ას” დამრიცხავი კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს №ს----------- დარიცხვის აქტით მრიცხველის დაზიანების გამო, (მრიცხველს მაღალ ტვირთზე იმპულსი ჰქონდა და ციფრი არ გადაჰქონდა), აბონენტს დაერიცხა 2798.36 კვტ/სთ - თანხით 489,72 ლარი.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ იმისათვის, რომ ე-------კომპანიამ აბონენტს დაარიცხოს აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასური, მრიცხველის დაზიანების გამო, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მრიცხველის დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი განსაზღვრა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მრიცხველს მაღალ ტვირთზე ციფრი არ გადაჰქონდა, ვერ გახდება აბონენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების და იმის მტკიცების საფუძველი, რომ ეკ----------------–-ა აღურიცხავად მოიხმარდა ელექტროენერგიას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ე-------კომპანიის მიერ განსაზღვრული დაზიანების პერიოდში, მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სადავო აქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო 166-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უზრუნლველყოფის ღონისძიება გამოყენებულია უფლებამოსილი პირის მიერ და სადავო აქტის შესაბამისად მიზნად ისახავს მომხმარებლის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფას. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა აპელანტის მითითება დაუყოვნებლივი აღსრულების შესაძლებლობის გამოყენების უკანონობაზე.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი მართებულად არ დააკმაყოფილა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სს „ე-----------------------ას“ მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,ე-----------------------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №--) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

მარიამ ცისკაძე