განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002307490
საქმე #1/ბ-892-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - თე-----------------------------რი, დაბადებული 1----–-–-------------- ა------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------------------–-------–------, ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით თე------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
თე------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 იანვრიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა თე------------------მა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით რომ სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენის მიხედვით, თე------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 30 დეკემბერს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ს---------- ქუჩა #1--ში, თე------------------მა და გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, გი------ დი-----–-–---–ს ძალის გამოყენებით წაართვეს თანხა 210 ლარის ოდენობით. კერძოდ, თე------------------მა და მისმა თანმხლებმა პირმა წააქციეს გი------ დი-----–-–---–ი და ურტყამდნენ თავისა და ბეჭის არეში, შემდეგ კი კომოდის უჯრიდან ამოიღეს თანხა 210 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თე------------------ი და მასთან ერთად მყოფი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედების შედეგად გი------ დი-----–-–---–ს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლითა და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 210 ლარის ოდენობით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თე------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თე------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს წარსულში მოცემული დანაშაულის ანალოგიური ხასიათის ქმედებასთან ერთად განზრახი მკვლელობის ჩადენა, რაც წარმოაჩენს მის პიროვნებას და ხასიათს. ასევე სასამართლომ გაითვალისწინინა თე------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ძალადობრივი სახე და ხერხი, მისი როლი ქმედების ჩადენაში, შემთხვევამდე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობა, განვითარებული მოვლენები და ისე შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თე------------------ს ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 210 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული - ძარცვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით. ძარცვისათვის დამახასიათებელი აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება ამ დანაშაულს უფრო საშიშს ხდის საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თე------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სასჯელის შემსუბუქების საფუძველი. მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თე------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თე------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი თე------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
თე------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
თე------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ერთი ცალი სპორტული ზევითური მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ხის დაფა მოწითალო ფერის ლაქებით და ერთი ცალი შავი ფერის ნაქსოვი ქუდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
ნერწყვის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში, ქსოვილის ნაჭერი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი ბალიშის კონვერტი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები, თეთრი ფერის ფურცელი მოწითალო ლაქებით, 4 ცალ დანამულ და მშრალ ჩხირზე აღებული ანაწმენდები, ერთი ცალი ნამწვის ნიმუში მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, სამი ცალი სიგარეტის ნამწვი, მოწითალო ფერის ანაწმენდები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი და სუნის კვალის ნიმუშები -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე