განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001820057
საქმე №3ბ/420-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მა---------–-ძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
წარმომადგენელი - გი---------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,მ---------------------ი“
წარმომადგენელი - ზ-------–-----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრების ავტორთა მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ----ის ღ----ს მ----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საჩივარზე №1--------- და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზ-------–-----ს დაუბრუნდა მოცემულ საქმეზე 2017 წლის 16 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 900 (ოთხიათასცხრაასი) ლარი (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - T-------; სახაზინო კოდი: 3--------). სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 (ხუთიათასი) ლარიდან 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 22 აპრილის №1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „მ----ის ღ----ს მ----ის“ კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. აღნიშნულ ბრძანებაში აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 27 ნოემბრის №6---- ბრძანებით შეტანილი ცვლილების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2007 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის პირველ ნოემბრამდე. შემოწმების შედეგებზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „მ---------------------ი“ ახორციელებს ღვინო-მასალების წარმოება-რეალიზაციას. წარმოებისთვის და დამზადებული ღვინო-მასალების დასაწყობებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები იჯარით აქვს აღებული შპს „მ----ის მ-----ისაგან“, რომლის თავდაპირველი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს „მ---------------------ი“. ვინაიდან ვერ მოხერხდა შპს „მ----ის ღ----ს მ----ისათვის“ 2013 წლის 22 აპრილის №1---- ბრძანების კოდექსის დადგენილი წესით ჩაბარება, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 30 ივლისის №3---- ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გადამხდელისათვის საჯარო შეტყობინების მიზნით განხორციელებულიყო მისი საჯაროდ გავრცელება. შპს „მ---------------------ს“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა წერილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარსადგენად, რომლის შეუსრულებლობის გამოც საზოგადოება დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. შემოწმების პროცესში საზოგადოების მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა უფლებამოსილი პირი. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა ღვინოსა და ღ----ს მასალების რაოდენობისა და ხარისხის დადგენის მიზნით, ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება №1---- (თარიღი 13/05/2013), რომლის საფუძველზეც ექსპერტი მოწვეულ იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, რომლის 2013 წლის 4 ივნისის წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება იმ მიზეზით, რომ საზოგადოების მიერ არ იყო წარდგენილი უფლებამოსილი პირი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მიერ ვერ მოხერხდა შპს „მ---------------------ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლის საქართველოში არყოფნის გამო. შემოწმების მიმდინარეობისას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2013 წლის 05 ივნისს აუდიტის დეპარტამენტში გადაგზავნილი იქნა შპს „მ---------------------ის“ საფინანსო-საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაციის დედნები, რომელთა შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია და სრულად არ ასახავს საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის საფინანსო-საბუღალტრო ოპერაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება დაეყრდნო საზოგადოების მიერ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებს, სახელმწიფო ფინანსური მართვის საინფორმაციო სისტემაში გადამხდელზე არსებულ მონაცემებს, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიერ გადაგზავნილ საფინანსო-საბუღალტრო და იურიდიულ დოკუმენტაციას.
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საზოგადოებას 2011 წლის მოგების დეკლარაციაში საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დეკლარირებული აქვს 1 353 662,59 ლარით, 2012 წლის საანგარიშო პერიოდზე კი არ აქვს წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაცია. შპს „მ---------------------ის“ კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ინახებოდა შპს „მ----ის მ-----ის“ ტერიტორიაზე, სადაც იჯარით ჰქონდა აღებული ცისტერნები და სასაწყობო ფართი. 2013 წლის 17 სექტემბერს მოხდა შპს „მ----ის მ-----ის“ მიერ ქონების (უძრავ-მოძრავი) გასხვისება შპს „ბ--------ზე“, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ გარდა უძრავ-მოძრავი ქონებისა, ცისტერნებში აღმოჩენილია ღვინო 43 700 ლიტრი საფერავი და 7 300 ლიტრი რქაწითელი. აღნიშნული ღ----ს რეალიზაციის თაობაზე შპს „მ---------------------ის“ მიერ გამოწერილია ელ. ანგარიშ-ფაქტურა შპს „ბ--------ზე“. შემოწმების შედეგად, 2011 წლის ბოლოს დეკლარაციაში დაფიქსირებულ საბოლოო სმფ-ს გამოაკლდა 2012 და 2013 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და დარჩენილი ნაშთი საბაზრო ფასით 1 319 694*40.8%=1 858 129 ლარით (რომელიც დათვლილი იქნა 2011 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციიდან) ჩაითვალა 2013 წლის სექტემბრის თვეში რეალიზაციად, რაზედაც საწარმოს დაერიცხა დღგ და შესაბამისი სანქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 22 აპრილის №1---- ბრძანება (ს.ფ. 104)
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 27 ნოემბრის №6---- ბრძანება (ს.ფ. 107)
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 28-103)
2.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და შპს „მ---------------------ს“ წარედგინა 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, საწარმოს გადასახდელად დაერიცხა სულ 614 428,85 ლარი, მათ შორის, გადასახადის ძირითადი თანხა - 375 664,91 ლარი, ჯარიმა - 180 134,41 ლარი, საურავი - 58 629,53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- ბრძანება (ს.ფ. 23-27)
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 127)
2.2.3. 2014 წლის 20 იანვარს შპს „მ---------------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- ბრძანებისა და 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ 2013 წლის სექტემბერში შპს „მ---------------------მა“ შპს „ბ--------ს“ მიაწოდა ღვინო - 43 700 ლიტრი საფერავი და 7 300 ლიტრი რქაწითელი. აუდიტორის შეფასებით, 2011 წლის ბოლოს დეკლარაციაში დაფიქსირებულ საბოლოო სმფ-ს (1 353 662.59 ლარს) გამოაკლდა 2012 და 2013 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. სმფ-ს დარჩენილი ნაშთის თვითღირებულება (1 319 694 ლარი), მისი საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გაზარდეს 2011 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციიდან დათვლილი მოგების ოდენობით - 40,8%–ით. დარჩენილი სმფ, საბაზრო ღირებულებით 1 858 129 ლარის ოდენობით, ჩაითვალა 2013 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებულ რეალიზაციად. საწარმოს მიაჩნია, რომ 2011 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში მითითებული 1 353 662.59 ლარის საერთო თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა იყო დაახლოებით 900 ტ. ღვინო. 2012 წელს საწარმომ განახორციელა ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაცია, ვინაიდან მისი პროდუქციის მთელი მარაგი უკვე 2011 წლის ბოლოს გახდა ექსპლუატაციისა და მოხმარებისათვის უვარგისი. წინა წლებშიც, იგივე პროდუქციის სადეგუსტაციო შემოწმების შედეგებით, რამდენჯერმე დადგინდა, რომ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და შესაბამისად, ვერ განხორციელდა ამ პროდუქციის ექსპორტი და შიდა ბაზარზე რეალიზაცია. ამასთან, 2011 სამეურნეო წლის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა იყო წინა წლების სმფ-ს ნაშთი, ვინაიდან 2004-2005 წლების შემდეგ საწარმოს ღ----ს პროდუქცია თითქმის საერთოდ აღარ დაუმზადებია. 2012 წლის დასაწყისში, კომპანიის ხელმძღვანელის მითითებით, თანამშრომლების მიერ აღებული იქნა სმფ-ს (ღ----ს) არსებული მარაგებიდან სინჯები, რომლებსაც, კომპანიის დირექტორის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ჩაუტარდა სათანადო ლაბორატორიული შემოწმება. ლაბორატორიული შემოწმების შედეგები კომპანიის დირექტორმა აცნობა თანამშრომლებს და განუმარტა, რომ პროდუქცია იყო ძალიან გაფუჭებული, მისი მოხმარება იყო კატეგორიულად დაუშვებელი. შესაბამისად, პროდუქციის რეალიზაცია საერთოდ გამოირიცხა და მისი, როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება გახდა ნულის ტოლი. ამის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელის ზეპირი მითითებით, მოხდა გაფუჭებული პროდუქციის დიდი ნაწილის უტილიზაცია, რის თაობაზეც სათანადო წესით ვერ ეცნობა შემოსავლების სამსახურს. პროდუქციის უტილიზაციის განმავლობაში მოხდა მისი მცირე ნაწილის გარკვეულ პირებზე სხვადასხვა მიზერულ (1 ლიტრი მინიმუმ 5-დან მაქსიმუმ 27 თეთრამდე) ფასებში რეალიზაცია, მოხდა ასევე სხვადასხვა პირზე მცირე რაოდენობების უსასყიდლოდ მიწოდებაც. იმის გათვალისწინებით, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განადგურების თაობაზე კომპანიის მიერ სათანადო წესით არ ეცნობა შემოსავლების სამსახურს და ფიზიკურ პირებზე რეალიზაციაც მოხდა უსაბუთოდ, საზოგადოებამ თანხმობა განაცხადა, რომ 2011 წლის ბოლოს არსებულ სმფ-ს 900 ტ. ღვინოს გამოკლებოდა 2013 წლის სექტემბერში სათანადო დოკუმენტაციით რეალიზებული 51 ტ. ღვინო, დანარჩენი 850 ტ. (დამრგვალებული ციფრით) გაუვარგისებული ღვინო, როგორც უტილიზებული და უსაბუთოდ რეალიზებული, ჩათვლილიყო 2013 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებულ რეალიზაციად, მაგრამ არასწორი და არასამართლიანი იყო მათი სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა თვითღირებულების 40.8%-იანი ფასნამატით. კომპანიამ სამართლიანად მიიჩნია, რომ განადგურებული და უსაბუთოდ რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულიყო იგივე პროდუქციის ბოლო პარტიის - 51 ტონის შპს „ბ--------ისთვის“ მიწოდების ფასის მიხედვით, ანუ, საშუალოდ 1 ლიტრი - დღგ-ს ჩათვლით ორმოცი თეთრის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შემოწმებით რეალიზებულად ჩათვლილ ღვინოზე ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმებისა და ექსპერტიზის დასკვნები, (მათ შორის, შპს „ბ--------ის“ მიერ ჩატარებული), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, და თუ წარდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდებოდა გაფუჭებული პროდუქციის ოდენობა, აღნიშნულ ოდენობაზე გაევრცელებინა მომჩივნის მიერ შპს „ბ--------ზე“ რეალიზებული ღ----ს ფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განეხორციელებინა დარიცხვის კორექტირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანება (ს.ფ. 134-137)
2.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანების საფუძველზე მომზადებულ იქნა საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2014 წლის 2 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გადამხდელმა წარადგინა ღ----ს ეროვნული სააგენტოს მიერ 2009, 2010 და 2011 წლებში შპს „მ---------------------ის“ პროდუქციაზე ჩატარებული სადეგუსტაციო შემოწმების შედეგები და მარაგების ნაშთები 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით. ასევე, წარადგინა შპს „ს--------------–-------------იის“ (რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში) მიერ ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე შედგენილი 2012 წლის 18 ივლისის დასკვნა, რომელიც ჩატარებულია 2012 წლის მარტისა და აპრილის თვეებში შპს „მ---------------------ის“ ღვინომასალებზე აღებულ სინჯებზე. შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის შედეგადაც ვერ დგინდება იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზუსტი რაოდენობა (თუ რა რაოდენობისა და რა დასახელების ღვინო-მასალებისაგან შედგებოდა), რომელიც შემოწმების შედეგად ჩართული იქნა რეალიზაციაში, ასევე, ვერ დგინდება თუ რამდენად კომპეტენტურია ორგანიზაცია, რომლის მიერაც შედგენილია 2012 წლის 18 ივლისის დასკვნა. ამასთან, აღნიშნული ს--------------–-------------ია (1------------) რეგისტრირებულია 2012 წლის 03 ივლისს (https://egrul.nalog.ru/), მაშინ როდესაც მის მიერ გაცემულ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნაში მითითებულია: „2012 წლის 16 მაისს შპს „ს--------------–-------------ია“-ში „მ----ის ღ----ს მ----ის“ დირექტორის ო. იუ. ბ--–-----ის მიერ წარმოდგენილია სითხის ნიმუშები ანალიზის ჩატარებისთვის“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მ---------------------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის შემოწმების მთავარი სამმართველოს 2014 წლის 2 დეკემბრის დასკვნა (ს.ფ. 138-140)
2.2.5. 2014 წლის 23 დეკემბერს შპს „მ---------------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და არ დაეთანხმა 2014 წლის 2 დეკემბრის №9-- დასკვნას.
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანების შესაბამისად, 2014 წლის 8 მაისს, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შპს „მ---------------------ის“ საკუთრებაში არსებული ღვინომასალების ნიმუშების აღების ოქმები, რომლებითაც ადვილი შესაძლებელია პროდუქციის რაოდენობის დადგენა, ასევე, წარადგინა ნიმუშების შემოწმების შედეგები, მათ შორის, შპს „ბ--------ის“ მიერ ჩატარებულიც. წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება შემოწმებული პროდუქციის უხარისხობა. გადამხდელი არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 2 დეკემბრის დასკვნით შემოწმებით დარიცხული თანხების უცვლელად დატოვებას და აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული პოზიცია, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება გაუვარგისებული სმფ-ების ზუსტი ოდენობა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მათ მიერ წარდგენილი ნიმუშის აღების ოქმებში ზუსტად არის მითითებული იმ ჭურჭლის მოცულობა და რაოდენობა, საიდანაც მოხდა ღ----ს ნიმუშების აღება, შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია დადგინდეს, თუ რამდენი ლიტრი ღ----ს ნიმუში იქნა აღებული (რამდენი ლიტრი ღვინო შეიძლება ყოფილიყო რეზერვუარებში). გადამხდელმა განმარტა, რომ საექსპერტო დასკვნის გამცემი ორგანიზაცია რეგისტრირებულია 2012 წლის 3 ივლისს და მის მიერ 2012 წლის 18 ივლისს გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ სითხის ნიმუშები წარადგინეს 2012 წლის 16 მაისს, ეს გარემოება კი იწვევს ლეგიტიმურ კითხვას ორგანიზაციის კომპეტენტურობის თაობაზე, თუმცა, გადამხდელის მტკიცებით, აღნიშნულ დასკვნაში არსებობს ტექნიკური შეცდომა, რადგან კომპანია დარეგისტრირებულია 2012 წლის 3 ივლისს, საექსპერტო კვლევის ნიმუშები წარდგენილია 2012 წლის 16 ივლისს და დასკვნა გაიცა 2012 წლის 18 ივლისს. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელმა ითხოვა დარიცხული თანხების შემცირება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, უნდა შეესწავლა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და გაფუჭებული პროდუქციის ოდენობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული დასკვნის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას. გადამხდელის არგუმენტაციით აღნიშნული შეცდომა არის ტექნიკური ხასიათის და შესაძლებელია ამ საკითხის დაზუსტება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მედიაციის საბჭომ აღნიშნა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის, 30 დღის ვადაში, წარედგინა დასკვნის გამცემი პირის მიერ გაცემული ინფორმაცია, მათ შორის, აღნიშნული დაწესებულების რეგისტრაციის თარიღი, საექსპერტო დაწესებულებაში წარსადგენი ე.წ. „გაუვარგისებული“ ღ----ს ნიმუშის აღებისა და მისი წარდგენის თარიღი. აუდიტის დეპარტამენტს კი დაევალა, გადამხდელის მიერ დამატებით ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანება (ს.ფ. 148-151)
2.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანების საფუძველზე მომზადებულ იქნა საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2015 წლის 22 აპრილის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გადამხდელმა 2015 წლის 26 თებერვალს წარადგინა ინფორმაცია შპს „ს--------------–-------------იის“ სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღის შესახებ და ამავე დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორის ვ. ა. ბ--------ის განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მ---------------------ის“ დირექტორმა ო. ბ--–-----მა შპს „ს--------------–-------------იაში“ გამოსაკვლევი სითხის ნიმუშები წარადგინა 2012 წლის 16 ივლისს და დასკვნაში ნიმუშების წარდგენის თარიღი - 2012 წლის 16 მაისი არის მექანიკური შეცდომა. აუდიტორების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია და ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით, რომლითაც დასტურდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ავთენტურობა, იგი არ იქნა გათვალისწინებული. ამდენად, შპს „მ---------------------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის შემოწმების მთავარი სამმართველოს 2015 წლის 22 აპრილის დასკვნა (ს.ფ. 152-155)
2.2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის დასკვნის (სააღრიცხვო №4--) ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე შპს „მ---------------------მა“ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურში 2015 წლის 28 მაისს. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ მიუთითებია სამართლებრივი ნორმა, თუ რატომ იყო გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ფორმა შეუსაბამო და რა წესით უნდა ყოფილიყო იგი დამოწმებული. მხარის დავალდებულება კი წარადგინოს ისეთი ფორმით დამოწმებული დოკუმენტაცია, რასაც კანონმდებლობა არ ითხოვს, არამართლზომიერია. უფრო მეტიც, მართალია, 2014 წლის 2 დეკემბრის დასკვნით აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ არ გაიზიარა ეს დოკუმენტები, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერებისა თუ ბეჭდის ავთენტურობა და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება.
2015 წლის 11 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა №2---- ბრძანება შპს „მ---------------------ის“ 2015 წლის 28 მაისის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, განმარტა, რომ გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რის გამოც საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია - „შპს „მ---------------------ის“ (ს/ნ 2---------) 2014 წლის 23 დეკემბრის საჩივარი დარჩეს განუხილველი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 228-232)
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანება (ს.ფ. 161-162)
2.2.8. 2015 წლის 26 ივნისს შპს „მ---------------------მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის დასკვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით №1--------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო ორგანომ მიუთითა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის სადავო დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მართებულია შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 172-180)
2.2.9. დადგენილია, რომ შპს „მ---------------------ის“ მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 8 მაისს, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია დამატებითი მტკიცებულებები. მათ შორის, წარდგენილია შპს „ს--------------–-------------იის“ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნა რუსულ ენაზე და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
დასკვნის მიხედვით, 2012 წლის 16 მაისს შპს „ს--------------–-------------იაში“ შპს „მ----ის ღ----ს მ----ის“ დირექტორის ო. იუ. ბ--–-----ის მიერ წარდგენილია სითხის ნიმუშები ანალიზის ჩატარებისათვის. ლაბორატორიული კვლევებისათვის წარდგენილი იყო 38 ერთეულის ნიმუში 0,75 ლ. მოცულობის დაბეჭდილ შუშის ბოთლებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილი ღ----ს ნიმუშები არ შეესაბამება ღ----ს წარმოების მოთხოვნების ხარისხის სტანდარტებს, არსებობს ნორმატივებიდან მნიშვნელოვანი გადახრები, შეცვლილია მახასიათებელი თვისებები. ამ ნიმუშების მოხმარებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის ჯანმრთელობას. დასკვნას ხელს აწერენ ექსპერტი და შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორი ვ.ა. ბ--------ი და დასმულია ბეჭედი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს „მ---------------------ის“ 2014 წლის 8 მაისის განცხადება (ს.ფ. 299)
შპს „ს--------------–-------------იის“ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 302-306)
2.2.10. დადგენილია, რომ შპს „მ---------------------ის“ მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრისს №1--- ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 26 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორის ვ.ა. ბ--------ის წერილობითი განმარტება და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ასევე, შპს „ს--------------–-------------იის“ შესახებ იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემები სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით.
შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორის ვ.ა. ბ--------ის წერილობითი განმარტების შესაბამისად, 2012 წლის 18 ივლისის საექსპერტო დასკვნაში ნიმუშების წარდგენის თარიღი - 2012 წლის 16 მაისი არის მექანიკური შეცდომა. ნიმუშები წარდგენილია 2012 წლის 16 ივლისს. შპს „ს--------------–-------------ია“ დაარსდა და მისი რეგისტრაცია მოხდა 2012 წლის 3 ივლისს. წერილს ხელს აწერს შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორი ვ.ა. ბ--------ი და დასმულია ბეჭედი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს „მ---------------------ის“ 2015 წლის 26 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 361)
შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორის ვ.ა. ბ--------ის წერილობითი განმარტება და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 363-364)
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება საჩივრის განხილვის თაობაზე.
2.3.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115 (2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ორგანოებმა ჯეროვნად განახორციელონ მათთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობები. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, რომ წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევასთან, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლში. მათ შორის, მითითებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დასატოვებლად საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი უნდა ჰქონდეს იმავე საგადასახადო ორგანოს და სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მასთან შესაბამისობაში, ამასთან, სავალდებულოა, რომ ორივე გადაწყვეტილების ადრესატი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გამოყენების კანონიერება. კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- ბრძანებისა და 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- საგადასახადო მოთხოვნის სსიპ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების შემდეგ, 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შემოწმებით რეალიზებულად ჩათვლილ ღვინოზე ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმებისა და ექსპერტიზის დასკვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ, 2014 წლის 8 მაისს, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის, შპს „ს--------------–-------------იის“ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნა რუსულ ენაზე და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც არ იქნა აუდიტორების მიერ გაზიარებული. საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2014 წლის 2 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერ დგინდება იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზუსტი რაოდენობა, რომელიც შემოწმებით ჩართული იქნა რეალიზაციაში, ასევე, ვერ დგინდება თუ რამდენად კომპეტენტურია 2012 წლის 18 ივლისის დასკვნის გამცემი ორგანიზაცია. ამასთან, აღნიშნული ს--------------–-------------ია რეგისტრირებულია 2012 წლის 03 ივლისს, ხოლო მის მიერ გაცემულ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნაში მითითებულია, რომ ანალიზის ჩატარებისთვის სითხის ნიმუშები წარდგენილია 2012 წლის 16 მაისს.
მითითებული დასკვნის ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შედეგად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის, 30 დღის ვადაში, წარედგინა დასკვნის გამცემი პირის მიერ გაცემული ინფორმაცია, მათ შორის, აღნიშნული დაწესებულების რეგისტრაციის თარიღი, საექსპერტო დაწესებულებაში წარსადგენი ე.წ. „გაუვარგისებული“ ღ----ს ნიმუშის აღებისა და მისი წარდგენის თარიღი. აუდიტის დეპარტამენტს კი დაევალა, გადამხდელის მიერ დამატებით ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანების საფუძველზე, შპს „მ---------------------მა“, 2015 წლის 26 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორის ვ.ა. ბ--------ის წერილობითი განმარტება და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ასევე, შპს „ს--------------–-------------იის“ შესახებ იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემები სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით. მიუხედავად ამისა, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2015 წლის 22 აპრილის დასკვნით გაზიარებულ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით, რომლითაც დასტურდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ავთენტურობა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის დასკვნის (სააღრიცხვო №4--) ბათილად ცნობის თაობაზე შპს „მ---------------------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, მოხდა თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, რადგან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მისი აღსრულების შემთხვევაში, არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მითითება სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის თარიღის არასწორი აღნიშვნის შესახებ ვერ გახდება სადავო აქტების გაუქმების საფუძველი, რამეთუ ცალსახაა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას და არ არის იმგვარი უზუსტობა, რაც არსებით გავლენას ახდენს აქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგზე, არამედ მოცემული დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებიდან გამომდინარე რამდენად წარადგინა მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებები და რამდენად გამოიცა დასკვნა ბრძანების გათვალისწინებით. რაც შეეხება, ზოგადად დარიცხვის კანონიერების შესწავლასა თუ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გადასახადების გადაანგარიშების საკითხს, აღნიშნული განსახილველი დავის საგანს სცილდება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოების მიმდინარეობის მნიშვნელოვანი ნაწილია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს და პირის უფლებები დაუცველი რჩება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს გადაწყვეტილების საფუძველზე არა ფორმალურად რაიმე ქმედების განხორციელებასა თუ აქტის გამოცემას, არამედ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების შესაბამისად მოქმედებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ წარადგინა რა შპს „მ---------------------მა“ სსიპ შემოსავლების სამსახურში შპს „ს--------------–-------------იის“ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნა რუსულ ენაზე და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, აღნიშნული არ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებული იმ მოტივით, რომ ვერ დგინდება რამდენად კომპეტენტურია დასკვნის გამცემი ორგანიზაცია და რომ დასკვნაში მითითებული ნიმუშების წარდგენის თარიღი წინ უსწრებს ს--------------–-------------იის რეგისტრაციის თარიღს. ამრიგად, აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა სადავო თანხების კორექტირება და რაც მთავარია, არ გაიზიარა შპს „ს--------------–-------------იის“ დასკვნა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მოსარჩელის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი და თავად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებით განისაზღვრა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა დასკვნის გამცემი პირის მიერ გაცემული ინფორმაცია, მათ შორის, აღნიშნული დაწესებულების რეგისტრაციის თარიღი, საექსპერტო დაწესებულებაში წარსადგენი ე.წ. „გაუვარგისებული“ ღ----ს ნიმუშის აღებისა და მისი წარდგენის თარიღი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მიერ დამატებით ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, პირველ ყოვლისა, სწორედ გადამხდელზე იყო დამოკიდებული, რომელსაც განესაზღვრა კონკრეტული ვადა კონკრეტული მტკიცებულებების წარსადგენად. შესაბამისად, საწარმოს მიერ მოცემული ბრძანებით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოყენებულად ჩაითვლებოდა, თუკი იგი სწორედ ბრძანების შესაბამისად წარადგენდა დამატებით მტკიცებულებებს. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს, მის მიერ საკითხის დამატებითი შესწავლის საფუძველს წარმოადგენდა გადამხდელის ქმედება - წარედგინა დავალებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც აუდიტის დეპარტამენტს, ერთი მხრივ, უნდა შეესწავლა და დეტალურად გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო, მეორე მხრივ, საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ დაედგინა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძვლების არსებობა და ასეთ შემთხვევაში, განეხორციელებინა შპს „მ---------------------ისათვის“ დაკისრებული გადასახადების შემცირება.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავდაპირველ დასკვნაში გაკეთებულ მითითებებს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებას და მიიჩნია, რომ გადამხდელმა აღასრულა სადავო ბრძანება დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე მისთვის მინიჭებული შესაძლებლობის ფარგლებში. კერძოდ, მან წარადგინა შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორის ვ.ა. ბ--------ის წერილობითი განმარტება და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელშიც მითითებულია, რომ დასკვნაში აღნიშნული ნიმუშების წარდგენის თარიღი მითითებულია შეცდომით და უნდა ეწეროს 2012 წლის 16 ივლისი, ხოლო შპს „ს--------------–-------------ია“ დაარსდა და მისი რეგისტრაცია მოხდა 2012 წლის 3 ივლისს, ასევე, წარდგენილ იქნა შპს „ს--------------–-------------იის“ შესახებ იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემები სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით. აღნიშნულ წერილს ხელს აწერს შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორი ვ.ა. ბ--------ი და დასმულია ბეჭედი.
ამდენად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ და უშუალოდ პასუხობდა თავდაპირველ დასკვნაში გაჟღერებულ არგუმენტებს და სრულად შეესაბამებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებით დავალებულ დოკუმენტაციას. მიუხედავად ამისა, წარდგენილი ინფორმაცია არ იქნა გაზიარებული საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2015 წლის 22 აპრილის დასკვნით, რომელიც საკითხს აფასებს არა 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებასთან შესაბამისობაში, თავდაპირველ დასკვნასთან მიმართებით თუ ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობაზე აპელირებით, არამედ ყურადღებას ამახვილებს სრულიად ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც ადმინისტრაციული წარმოებისას იქამდე სადავო არ გამხდარა, კერძოდ, დასკვნის მიხედვით, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით, რომლითაც დასტურდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ავთენტურობა, იგი არ იქნა გათვალისწინებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუსაბამოა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემულ აქტებში განვითარებული მსჯელობა, თუკი კონკრეტული კომპანიის მიერ დასკვნის გაცემისას მისი გაუთვალისწინებლობის საფუძველი არ გამხდარა დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ავთენტურობა და შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელს არ დაევალა მსგავსი საკითხის აღმოფხვრა, არ მიეთითა, რომ უნდა წარდგენილიყო შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტი და არც აღნიშნული წესის თაობაზე იქნა განმარტებული, არც ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა იქნა მოთხოვნილი, გაუგებარია, რატომ იქნა მსგავსი მოთხოვნები წაყენებული იმავე საწარმოს მიერ იმავე წესით გაცემული წერილის წარდგენის შემდგომ, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის 11 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ისე გამოიცა №2---- ბრძანება შპს „მ---------------------ის“ 2015 წლის 28 მაისის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე და მიჩნეულ იქნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის სადავო დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანების შესაბამისად, რომ შემოსავლების სამსახურს არც კი უმსჯელია, რომ 2015 წლის 22 აპრილის დასკვნაში მითითებული დოკუმენტაციის გაუთვალისწინებლობის მოტივები სრულიადაც არ ყოფილა 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანების გამოცემისას განხილვის საგანი, ამის საპირისპიროდ კი, გადამხდელმა სწორედ 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებით მითითებული დოკუმენტაცია წარადგინა. ამრიგად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მითითება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანების შესაბამისად.
რაც შეეხება, დოკუმენტის დამოწმების სავალდებულოობას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ წერილობით დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
სასამართლომ დამატებით მიუთითა, როგორც სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებით დამტკიცებულ „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესზე“, ისე დღეს მოქმედ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით დამტკიცებულ „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესზე“, რომლებიც განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას. ორივე აქტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესისა“ და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებით დამტკიცებული „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის“ (განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელების წესს), მე-5 მუხლების „ბ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს, რომ მუხლი ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები.
სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ 2007 წლის 14 მაისიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. აღნიშნული თარიღიდან, ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოსაყენებელი დოკუმენტები საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ მოწმდება სპეციალური შტამპით - აპოსტილით. ამასთან, ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც აგრეთვე არიან მინსკის 1993 წლის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები, გაცემული დოკუმენტები მიიღება ყოველგვარი დამოწმების (ლეგალიზაცია, აპოსტილი) გარეშე. რუსეთი კი წარმოადგენს როგორც ჰააგის, ისე მინსკის კონვენციის წევრ-სახელმწიფოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი იქნა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული დოკუმენტები, შესაბამისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით. კანონმდებლობით კი დოკუმენტის რაიმე სხვა, განსხვავებული წესით დამოწმების შედეგად წარდგენა მოსარჩელეს არ ევალებოდა.
2.3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „მ----ის ღ----ს მ----ის“ საჩივრის განხილვის თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის საკმარისად დასაბუთებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონთან წინააღმდეგობა, ასევე მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. სადავო აქტები შესაბამისობაშია კანონმდებლის მოთხოვნებთან, ხოლო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო ნორმები. სასამართლოს არსებითად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესისა“ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის“ მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესისა“ და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებით დამტკიცებული „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის“ (განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელების წესს), მე-5 მუხლების „ბ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს, რომ მუხლი ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- ბრძანებისა და 2013 წლის 4 დეკემბრის №6---- საგადასახადო მოთხოვნის სსიპ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების შემდეგ, 2014 წლის 3 აპრილის №1---- ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შემოწმებით რეალიზებულად ჩათვლილ ღვინოზე ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმებისა და ექსპერტიზის დასკვნები. კომპანიამ, 2014 წლის 8 მაისს, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის, შპს „ს--------------–-------------იის“ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნა რუსულ ენაზე და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც არ იქნა აუდიტორების მიერ გაზიარებული. საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2014 წლის 2 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერ დგინდება იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზუსტი რაოდენობა, რომელიც შემოწმებით ჩართული იქნა რეალიზაციაში, ასევე, ვერ დგინდება თუ რამდენად კომპეტენტურია 2012 წლის 18 ივლისის დასკვნის გამცემი ორგანიზაცია. ამასთან, აღნიშნული ს--------------–-------------ია რეგისტრირებულია 2012 წლის 03 ივლისს, ხოლო მის მიერ გაცემულ 2012 წლის 18 ივლისის დასკვნაში მითითებულია, რომ ანალიზის ჩატარებისთვის სითხის ნიმუშები წარდგენილია 2012 წლის 16 მაისს.
მითითებული დასკვნის ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შედეგად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის, 30 დღის ვადაში, წარედგინა დასკვნის გამცემი პირის მიერ გაცემული ინფორმაცია, მათ შორის, აღნიშნული დაწესებულების რეგისტრაციის თარიღი, საექსპერტო დაწესებულებაში წარსადგენი ე.წ. „გაუვარგისებული“ ღ----ს ნიმუშის აღებისა და მისი წარდგენის თარიღი. აუდიტის დეპარტამენტს კი დაევალა, გადამხდელის მიერ დამატებით ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2015 წლის 28 იანვრის №1--- ბრძანების საფუძველზე, შპს „მ---------------------მა“, 2015 წლის 26 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა შპს „ს--------------–-------------იის“ დირექტორის ვ.ა. ბ--------ის წერილობითი განმარტება და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ასევე, შპს „ს--------------–-------------იის“ შესახებ იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემები სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით. მიუხედავად ამისა, საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2015 წლის 22 აპრილის დასკვნით გაზიარებულ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით, რომლითაც დასტურდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ავთენტურობა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის დასკვნის (სააღრიცხვო №4--) ბათილად ცნობის თაობაზე შპს „მ---------------------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
2015 წლის 26 ივნისს შპს „მ---------------------მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის დასკვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 ივნისის №2---- ბრძანების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით №1--------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა მიუთითებს და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხებზე.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ დავის არსებით გადაწყვეტას და სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქმეზე გამოკვლეული ფაქტების ობიექტური შეფასება და მათი ერთობრივი ანალიზი.
სააპელაციო პალატა მოცემულ პირობებში ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებებს და მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კრიტერიუმებს. შესაბამისად, პალატის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებული გადაწყვეტილებაა მიღებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე