განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001781741
2ბ/606-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ოთარ სიჭინავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი- ი----- ს--------–--ე
წარმომადგენელი - დ-------- გ------ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ----------“
წარმომადგენელი - ი-----–- კ--------ა, ნ---- ს-----–-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. შ.პ.ს. „ბ----------.“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. ი----- ს--------–--ის (პ/ნ 0----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ.თბილისში, ნ--–-----ის ფ--------ზე, მე-3 მ/რ-ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №2----) არსებული მშენებარე კორპუსის მე-8 სართულზე მდებარე 148 კვ.მ. ფართი და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე შ.პ.ს. ,,ბ----------”-ს (ს/კ 4--------).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნ--–-----ის ფ--------ი, მე-3 მ/რაიონში მდებარე ნაკვეთი №2----, და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდი №0---------------, რეგისტრირებულია შ.პ.ს. „ბ----------“-ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი 12/06/2014, ნოტარიუსი ქ. ძ-–-----–---–ი (ტ.1.,ს.ფ. 14-15);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ნ--–-----ის ფ--------ზე, მე-3 მ/რ-ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №2----) არსებული მშენებარე კორპუსის მე-8 სართულზე მდებარე 148 კვ.მ. ფართს ფლობს მოპასუხე ი----- ს--------–--ე, მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს ფლობს კანონიერად. მოპასუხემ მიუთითა, რომ არის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრი, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის ს----------–--ს რაიონის გამგეობის 1996 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ი----- ი------ის ასული ს--------–--ე გამოყვანილი იქნა მ----------- კავშირის ამხანაგობა ,,ს-------ი”-დან (ს.ფ. 55).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნ--–-----ის ფ--------ი, მე-3 მ/რაიონში მდებარე ნაკვეთი №2----, და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით №0---------------, რეგისტრირებულია შ.პ.ს. „ბ----------“-ს საკუთრებად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, შ.პ.ს. „ბ----------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ი----- ს--------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ.თბილისში, ნ--–-----ის ფ--------ზე, მე-3 მ/რ-ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №2----) არსებული მშენებარე კორპუსის მე-8 სართულზე მდებარე 148 კვ.მ. ფართი და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკჲთრე შ.პ.ს. ,,ბ----------”-ს .
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სასამართლოს შეუძლია უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნიოს მხოლოდ ისეთი ფაქტები, რომლებიც მხარეებს შორის არ არის სადავოდ გახდილი. აღნიშნულ შემთხვევაში დავის არსი სწორედ ეს იყო - ჰქონდა თუ არა ი----- ს--------–--ეს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე აქედან აღნიშნული გარემოების უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევა მთლიანად სხვა მიმართულებას აძლევს საქმეს. რეალურად, სასამართლოს რაზეც უნდა ემსჯელა და გამოერკვია მფლობელობის კანონიერება და/ან უკეთესი მფლობელობის უფლებას ხომ არ ჰქონდა ადგილი, პირდაპირ მიიჩნია დადგენილად, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
3.2. აპელანტის განმარტებით, საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომელიც, სასამართლოს მოპასუხის შემთხვევისთვის უნდა მოერგო, განმარტა მოსარჩელის საკეთილდღეოდ. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ გამოიკვლია და ისეთი მნიშვნელობის საქმეზე, როგორცი არის საკუთრება, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მხარეს უტოვებს უსამართლობის განცდას. აპელანტის განმარტებით, მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს სთხოვა პროცესის გადადება მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, თუმცა, სასამართლომ არც მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება ჩათვალა მიზანშეწონილად და ფაქტობრივად, საქმე განიხილა მხარის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების გარეშე. ვფვიქრობთ, სახეზეა სასამართლოს გულგრილობა, ვინაიდან, მხარეს არ მიეცა საშუალება გონივრულულ ვადაში მოეპოვებინა ის მტკიცებულებები, რომელიც მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია და რომლის მოპოვებაც მხარემ მანამდე ვერ შეძლო. საგულისხმოა, აპელანტი მხარს ინტერესი, გონივრული განსჯის შედეგად, არ შეიძლება იყოს პროცესის გაჭიანურება, ვინაიდან, მისი ინტერესია საკუთრების ხელშეუშლელად ფლობა და სარგებლობა, რომელიც, მხოლოდ სასამართთლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მიიღწევა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ დარღვეულ იქნა დისპოზოციურობის პრინციპი. აღნიშნულის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება არასრული და იურიდიულად დაუსაბუთებელია. აპელანტის განმარტებით, საცხოვრებელ სახლში ასევე ცხვორობენ მოპასუხის შვილები და შვილიშვილები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა მოპასუხეების გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება, როგორ მოხდება ფაქტობრივად მოპასუხის ოჯახის წევრების გამოსახლება, თუ სრულ წლოვან შვილებს სურთ მათთან ერთად ცხვორება და ნებას რთავენ, რომ გააგრძელონ ერთობლივი თანაცხოვრება
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:
- მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
- მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და
- მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნ--–-----ის ფ--------ი, მე-3 მ/რაიონში მდებარე ნაკვეთი №2----, და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდი №0---------------, რეგისტრირებულია შ.პ.ს. „ბ----------“-ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი 12/06/2014, ნოტარიუსი ქ. ძ-–-----–---–ი (ტ. 1, ს.ფ. 14,15).
- სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე.
4.2 . პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს არ აქვს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ქონება მოსარჩელის სახელზეა აღრიცხული, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უდავოა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს.
რაიმე მტკიცებულება რაც სადავო ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის უფლებაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მფლობელობის მართლზომიერების დასტურად მიუთითებდა, რომ არის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის ს----------–--ს რაიონის გამგეობის 1996 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ი----- ი------ის ასული ს--------–--ე გამოყვანილი იქნა მ----------- კავშირის ამხანაგობა ,,ს-------ი”-დან (ტ.1, ს.ფ. 55).
პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მხრიდან უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, ის უკანონოდ ფლობს უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.
მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მესაკუთრის სარჩელი.
არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, არ არსებობს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
6.2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016).
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“) (სუსგ 07.05.2018წ. საქმე Nას-316-316-2018; 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით. წინამდებარე დავის საგნის მხედველობაში მიღებით და ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ი----- ს--------–--ისთვის დაკისრებული არ ყოფილა შპს „ბ----------“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი, პალატას გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია ი----- ს--------–--ეს შპს „ბ----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- ს--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.2017წ. გადაწყვეტილება.
3. ი----- ს--------–--ეს შპს „ბ----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე ოთარ სიჭინავა