განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001673564
საქმე №3ბ/829-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - გ---------------
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ოზ----------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრების ავტორთა მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ოზ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილება. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ნოემბრის N1----- ბრძანება. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თანაბარწილად დაეკისრათ მოსარჩელის - ოზ----------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს შედგენილი იქნა N0----- საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ოზ----------–---–ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე და ოზ----------–---–ს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საჯარიმო ქვითარი არ გასაჩივრებულა და დაკისრებული ჯარიმა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ გადახდილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 20 ნოემბრის N0----- საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 48);
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 მარტს მიღებული იქნა N4----------- დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, რომლის თანახმადაც მოქ. ოზ----------–---–ს (პ/ნ 54---------) დაევალა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში 832 (რვაას ოცდათორმეტი) ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ (ს.ფ. 67);
2.2.3. ოზ----------–---–მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილება 2016 წლის 13 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ოზ----------–---–ის 2016 წლის 13 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 64-66);
2.2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ნოემბრის N1----- ბრძანებით, ოზ----------–---–ის 2016 წლის 13 აპრილის N1-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ნოემბრის N1----- ბრძანება (ს.ფ. 59-63);
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
2.3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები აკმაყოფილებენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და შეიცავენ მოწესრიგებას, წყვეტენ, კონკრეტული პირის: ოზ----------–---–ის უფლებებსა და მოვალეობებს. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
ამავე კოდექსის მე-401 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს შედგენილი იქნა N0----- საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ოზ----------–---–ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე და ოზ----------–---–ს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი არ გასაჩივრებულა და დაკისრებული ჯარიმა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ გადახდილია.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 მარტს მიღებული იქნა N4----------- დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, რომლის თანახმადაც მოქ. ოზ----------–---–ს (პ/ნ 54---------) დაევალა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში 832 (რვაას ოცდათორმეტი) ლარის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე, ერთი მხრივ, აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს გამოეცა ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილება, ვინაიდან მოჭრილი კუნელის ბუჩქები მდებარეობდა კერძო საკუთრებაში არსებულ და არა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, მართალია, უფლებამოსილი იყო შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი ოზ----------–---–ის მიმართ, კუნელის ბუჩქების მოჭრის ფაქტზე, თუმცა არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მისგან ზიანის ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით კუნელი მიეკუთვნება ხილ-კენკროვან მცენარეს, რის გამოც მასზე არ ვრცელდება ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების წესი.
სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება.
აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახური წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე - რეკლამის, აბრის, გარე - ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვის ზედამხედველობას. ასევე პასუხისმგებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - თბილისის საკრებულო) მიერ საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვაზე.
ამავე დებულების მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, ხოლო მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის ფუნქციაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ვრცელდება ქალაქ თბილისის საზღვრებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, მწვანე ნარგავები განთავსებულია კერძო თუ სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. მეტიც, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი ცალსახად ახდენს ნარგავების/მცენარეების განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის გამოთვლის წესის დიფერენციაციას ნარგავის განთავსების ტერიტორიის კუთვნილების მიხედვით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2, 1,5 და 1, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით.
ამასთან, ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ვერხვი (ყველა სახეობის), ცხენისწაბლა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართული ნეკერჩხლისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორა, გლედიჩია, არღავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად.., ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, ხილკენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად...
ამდენად, ცალსახაა, რომ ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კუნელი მიეკუთვნება ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეების და არა ხილკენკროვან სახეობათა ხე-მცენარეების ჯგუფს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო დადგენილება ზიანის ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიცია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება, მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილებაში დადგენილების გამოტანის საფუძვლად მითითებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-63 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება, რომელიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულით დარღვეულია აქტის გამოცემის ფორმალური კანონიერება, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მისი გამოცემის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ოზ----------–---–ის მიმართ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დროს მიღებული იქნა მხოლოდ 2014 წლის 20 ნოემბრის N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი. საქმის განმხილველ ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-401 მუხლის საფუძველზე სამართალდარღვევის საქმის განხილვის დროს არ უმსჯელია და არ მიუღია დადგენილება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ხსენებული ნორმის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების მითითებული წესი გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რაც იმას ადასტურებს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დადგენილება მიღებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში. ასეთი დადგენილება არ საჭიროებს სასამართლოს მიერ დადასტურებას და თუ სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო დადგენილება მიღებულია მას შემდეგ, რაც დასრულდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, განვლო ასევე სახდელის აღსრულების (ჯარიმის გადახდის) კანონით გათვალისწინებულმა ვადებმა. 2014 წლის სამართალდარღვევის საქმეზე 2016 წელს იქნა მიღებული დადგენილება ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს. თავის მხრივ, უდავო გარემოებაა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის №4----------- დადგენილება სწორედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე იქნა მიღებული.
სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში, ოზ----------–---–ის მიმართ 2014 წლის 20 ნოემბერს შედგენილ იქნა N0----- საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, შესაბამისად, 2015 წლის 20 ნოემბრის შემდგომ ოზ----------–---–ი აღარ ითვლებოდა ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილება მიღებული იქნა 2016 წლის 18 მარტს. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილება მიღებული იქნა იმ დროს, როდესაც ოზ----------–---–ი აღარ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს, მაშინ როცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-401 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა იმ პირის მიმართ, რომლის მიერ ჩადენილმა სამართალდარღვევამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი, ესე იგი სამართალდამრღვევი პირის მიმართ. ასევე მითითებულია, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება სამართალდამრღვევს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ იყო უფლებამოსილი 2014 წელს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, 2016 წლის 18 მარტს მიეღო დადგენილება ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის N4----------- დადგენილება, ამ დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს მიღებული N1----- ბრძანებაც ბათილად იქნა ცნობილი.
3. სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის საკმარისად დასაბუთებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონთან წინააღმდეგობა, ასევე მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. სადავო აქტები შესაბამისობაშია კანონმდებლის მოთხოვნებთან, ხოლო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო ნორმები. სასამართლოს არსებითად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
4.2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშეუსაბამოა, რის გამოც არსებობდა მათი გაუქმების სზაკ-ის მე-601 მუხლით დადგენილი საფუძვლები. კერძოდ:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
ამავე კოდექსის მე-401 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს შედგენილი იქნა N0----- საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ოზ----------–---–ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე და ოზ----------–---–ს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი არ გასაჩივრებულა და დაკისრებული ჯარიმა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ გადახდილია.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 მარტს მიღებული იქნა N4----------- დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, რომლის თანახმადაც მოქ. ოზ----------–---–ს (პ/ნ 54---------) დაევალა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში 832 (რვაას ოცდათორმეტი) ლარის გადახდა.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების შეფასების შედეგად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ სადავო დადგენილება მიღებულია მას შემდეგ, რაც დასრულდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, განვლო ასევე სახდელის აღსრულების (ჯარიმის გადახდის) კანონით გათვალისწინებულმა ვადებმა, თუმცა 2014 წლის სამართალდარღვევის საქმეზე 2016 წელს იქნა მიღებული დადგენილება ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ იყო უფლებამოსილი 2014 წელს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, 2016 წლის 18 მარტს მიეღო დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ.
პალატა აქვე განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტთა მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობით საქმიანობას წარმოადგენს, შესაბამისად, სადავო შემთხვევაშიც გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დათქმები.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ დავის არსებით გადაწყვეტას და სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქმეზე გამოკვლეული ფაქტების ობიექტური შეფასება და მათი ერთობრივი ანალიზი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კრიტერიუმებს. შესაბამისად, პალატის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებული გადაწყვეტილებაა მიღებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. აპელანტები ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დაადგინა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე