განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210015001070566
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-290-2018 26 ივნისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს ლ---------ი
წარმომადგენელი - ვ-–-------- ხ---–--ე, ვ----–---------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ფ------------–----–------ი
წარმომადგენელი - ი--------------, შ--------–------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება საავტორო უფლებების დარღვევის გამო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ლ---------ის სარჩელი ქ.ფ------------–----–------ის მერიის მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხე ქალაქ ფ------------–----–------ის მერიას მოსარჩელის შპს ლ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის და საადვოკატო ხარჯების 40 ლარის გადახდა. მოპასუხე ქალაქ ფ------------–----–------ის მერიას მოსარჩელის შპს ლ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 30 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ლ---------ის სარჩელი ქალაქ ფ-------------–-------- თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის მიმართ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2007 წლის 10 იანვარს თვითმმართველი ქალაქ ფ-----------ის მშენებლობის სამსახურის უფროსსა და მოსარჩელეს შორის დაიდო №6-ა ხელშეკრულება. რომლის შესაბამისად მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა საავტორო ზედამხედველობა თეატრის მშენებლობაზე, ხოლო დამკვეთს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის 30920 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 10 იანვრიდან 2009 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. 2.2. 2007 წლის 10 ინავრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქალაქ ფ------------–----–------ის მერიამ არ გადაუხადა მოსარჩელეს 30920 ლარიდან 1000 ლარი. აღნიშნული გარემოება დასტურდება სარჩელის 1-ლი ფაქტობრივი გარემოებით და მხარეთა განმარტებებით. 2.3. 2012 წლის 5 ივნისს თვითმმართველ ქ--–---------სა და მოსარჩელეს შორის დაიდო №185 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ფოთის თეატრის შიდა ინტერიერის პროექტის ზედამხედველობა, ხოლო დამკვეთს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის 30000 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 5 ივნისიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2.4. 2012 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქალაქ ფ------------–----–------ის მერიამ არ გადაუხადა მოსარჩელეს 30000 ლარიდან 1000 ლარი. 2.5. ფოთის თეატრის მშენებლობა დასრულდა და იგი შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით. 2.6. მოცემული სარჩელი აღიძრა სასამართლოში 2015 წლის 28 მაისს. 2.7. 2007 წლის 10 იანვარს №6-ა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის 1050 ლარის და პირგასამტეხლო 20748 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე, რის გამოც, ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. 2007 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2007 წლის 10 იანვრიდან 2009 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ვადაში ხელშეკრულების მხარეებს უნდა შეესრულებინათ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დამკვეთს უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის სამუშაოების შესრულების საფასური 2009 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. დამკვეთმა არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 1000 ლარი, რის გამოც, მოსარჩელეს აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის 30 დეკემბრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგან 2009 წლის 30 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე 2015 წლის 28 მაისამდე გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლო დამოკიდებული იყო ძირითადი ვალდებულების არსებობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, რადგან, ამ შემთხვევაში, ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმულია, ამ მოთხოვნის დამატებითი საშუალების პირგასამტეხლოს მოთხოვნაც ხანდაზმულია. 2.8. სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ ფ-------------–-------- თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამავე კოდექსის, 54-ე მუხლის თანახმად, მერი ხელმძღვანელობს და კორდინირებას უწევს მერიის სტრუქტურ ერთეულების საქმიანობას, ახდენს მერიის თანამდებობის პირების უფელბამისილების დელეგირებას. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მერის მიერ ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის. ქალაქ ფ-------------–-------- თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური არ იყო დამოუკიდებელი ორგანო და გამომდინარე აქედან მისი საქმიანობიდან გამომდინარე ვადებულებებზე პასუხისმგებელს მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის და 2012 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე პასუხისმგებელი იყო ქალაქ ფ------------–----–------ის მერია და არა მოპასუხე ქალაქ ფ-------------–-------- თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანხმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მხარეებმა დადეს 2007 წლის 10 იანვრის და 2012 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა სამუშაოები, ხოლო ფ------------–----–------ის მერიას, ეტაპობრივად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის, 2007 წლის ხელშეკრულების შესაბამისად 30920 ლარი, ხოლო 2012 წლის ხელშეკრულების თანახმად, 30000 ლარი. მოპასუხემ არ გადაუხადა მოსარჩელეს 2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარი და 2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ შუსრულებია, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად, რადგან მითითებული ხელშეკრულებებით არ იყო განსაზღვრული მოსარჩელის ვალდებულება წარედგინა რაიმე კონკრეტული დოკუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ შეასრულა სრულად ვალდებულება. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ თეატრის მშენებლობა დასრულებული იყო და იგი ექსპლუატაციაში იყო შესული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ ფ------------–----–------ის მერიას სრულად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება. მოსარჩელის მიერ მითითებული ინფლაცია, რომლის მხედევითაც 1000 ლარს უნდა დამატებოდა 5%, არ დასტურდებოდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, 2007 წლის 10 იანვარს №6-ა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის 1050 ლარის და პირგასამტეხლო 20748 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში იყო ხანდაზმული და, ამასთან, მოპასუხე მხარემ ამ საფუძვლით უარი განაცხდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანხად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხერათა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ იყო მითითებული პირგასამტეხლოზე შეთანხმების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანამხად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე ქალაქ ფ-------------–-------- თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რის გამოც, სარჩელი მის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთან, ამ სარჩელის სათანადო - მოპასუხე ქ--–---------ის მუნციპალიტეტის მერია მოსარჩელის მიერ მითითებული იყო სარჩელში და, გამომდინარე აქედან, არ იყო საჭირო მოპასუხის შეცვლა. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური და მორალური ზიანის სახით 11277 ლარის დაკისრებას. მოსარჩელე მხარეს არა ჰქონდა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეს მიადგა 11277 ლარის მორალური ან მატერიალური ზიანი. ამასთან, მორალურ ზიანთან დაკაავშირებით გასათვალისიწნებელი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა იურიდიულ პირს და კანონით, ამ შემთხვევაში, არ იყო გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ, ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო. 2.10. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საავტორო უფლების დარღვევისათვის მოპასუხეებზე 21000 ლარის დაკირება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოპასუხემ მასთან შეუთანხმებლად განათავსა მონუმენტი, მოსარჩელის მიერ დაპროექტებულ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „“’ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება არქიტექტურულ ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა. ამავე კანონის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოსარჩელემ, მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა თეატრის მშენებლობის არქიტეტურული სამუშაოები და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ამ შემთხვევაში, შესრულებული არქიტექტურული ნაწარმოების საავტორო უფლება ეკუთვნოდა დამკვეთს - ქალაქ ფ------------–----–------ის მერიას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს, როგორც თეატრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ამავე თეატრის არქიტექტურული პროექტის საავტორო უფლების მესაკუთრეს ჰქონდა უფლება განეთავსებინა მონუმენტი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხის ამ ქმედებით დამახინჯდა არქიტექტურული ნაწარმოები და შეილახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია. ამ გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, საავტორო უფლების დარღვევისათვის მოპასუხეებზე 21000 ლარის დაკირების შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა შპს ლ---------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უდავოდ და დადგენილად მიჩნეული სადაო არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს სწორად. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არასწორად არის გადმოცემული და ზოგიერთი მათგანი სინამდვილეს არ შეესაბამება. სწორედ ამის გამო მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტიური ვითარება და გამოიტანა არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივად და ფაქტობრივად არის დაუსაბუთებელი. 3.2. ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტში უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 20102 წლის 5 ივნისს დადებული №185 ხელშეკრულების პირობებთან და მხარეთა ვალდებულებებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ არასრულად არის და არასწორად არის მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და არ არის უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული ის ფაქტი, რომ აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა საურავისა და პირგასამტეხლოს სახით შესაბამისი პროცენტი. 3.3. ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში დადგენილად მიჩნეული სადაო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადაო 2007 წლის 10 იანვრის №6-ა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა თითქოსდა ხანდაზმულია და მოსარჩელეს თითქოსდა აღნიშნული ხელშეკრულებით თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის 30 დეკემბრიდან. საქმე იმაშია, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არასრულად და არასწორად არის მითითებული აღნიშნული ხელშეკრულების 2007 წლის 10 იანვრის 36-ა ხელშეკრულების საგანი. კერძოდ, ის გარემოება, რომ არნიშნული ხელშეკრულება ეხებოდა უძრავ ნივთს, კერძოდ თეატრის ნაგებობისა და მშენებლობის არქიტექტურულ პროექტს. ამდენად, ხანდაზმულობის მომენტი უნდა გამოითვალოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის შეტანამდე არანაირი ხანდაზმულობა არ არის დარღვეული. ამასთანავე ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ თითქოსდა მოსარჩელე მხარეს ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა წარმოეშვა 2009 წლის 30 დეკემბრიდან. მოსარჩელე 30 დეკემბრის შემდეგ როგორც წერილობით ასევე ზეპირსიტყვიერად არაერთხელ მიმართავდა მოპასუხე მხარეს, რომ მას გადაეხადა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, რაზედაც მოპასუხე იძლეოდა თანხმობას და ითხოვდა დროს, მაგრამ შემდგომში მოპასუხე მხარის კერძოდ, ქ. ფ-----------ის ხშირი ცვლილებების შედეგად მოსარჩელისათვის 2013 წელში გახდა ცნობილი, რომ მოპასუხე მხარე არ აპირებდა ზემოხსენებული სადაო თანხის გადახდას. აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გაშვებული ხანდაზმულობის ვადა. 3.4. ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტში დადგენილად მიჩნეული სადაო ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ფ-------------–-------- თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური, თითქოსდა, წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და იგი არ არის დამოუკიდებელი ორგანო. საქმე იმაშია, რომ ქ. ფ-------------–-------- თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური არის ქ. ფ-------------–-------- თვითმმართველობის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული და იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია თავისი ბეჭედი და ფინანსური ანგარიშები. აღნიშნული გარემოება დასტურდება იმით, რომ აღნიშნულმა სამსახურმა თვითონ დადო სადაო ხელშეკრულებები მოსარჩელე მხარესთან, თავად არის ამ ხელსეკრულებების დამოუკიდებელი მონაწილე მხარე და თავად აიღო როგორც მხარემ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამდენად, ზემოხსენებული სამსახური უნდა ჩაითვალოს სათანადო მოპასუხედ და დამოუკიდებელ ორგანოდ, რომელზეც უნდა გავრცელდეს სასარჩელო მოთხოვნის ანაზღაურების და დაკისრების პასუხისმგებლობა. 3.5. ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებებად არ არის მიჩნეული ის ფაქტი, რომ მონუმენტის განთავსება თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. ფოთის თეატრის არქიტექტურულ კომპლექსზე განხორციელდა თეატრის არქიტექტურული კომპლექსის გათვალისწინების, გვერდის ავლისა და არქიტექტურული კომპლექსის ავტორის ნებართვისა და მისი საავტორო უფლების გარეშე. აღნიშნული არქიტექტურული კომპლექსი საერთოდ არ ითვალისწინებდა მონუმენტის განთავსებას და სწორედ მონუმენტის განთავსებით დაირღვა მთლიანობაში თეატრის არქიტექტურული კომპლექსის ღირებულება და შესაბამისად არქიტექტორის საავტორო უფლება. სამართლებრივი საფუძვლები 3.6. სასამართლო პროცესი წარიმართა და სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამოქალაქო პროცესის კოდექსის ნორმების უხეში დარღვევით. სასამართლო პროცესზე ქ. ფ-------------–-------- თვითმმართველობისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურს წარმომადგენლის სახით წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირი, რომელზედაც აღნიშნული მოპასუხის მიერ წარმომადგენლობა გაცემული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული პირი სარჩელის მთელი სასამართლო წარმოების დროს იღებდა მონაწილეობას სასამართლო პროცესებზე და მიუხედავად აპელანტის არაერთგზის შუამდგომლობისა სასამართლოს აღნიშნული პირი არ დაეშვა პროცესზე მონაწილეობის მისაღებად ამან არარნაირი შედეგი არ გამოიღო. უფრო მეტიც ზემოხსენებული საფუძვლით, იმდენად რამდენადაც მოპასუხის არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე ნიშნავდა მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას და ამავე დროს ამას ასევე რეალურად და ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა, აპელანტმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოპასუხის ქ. ფ-------------–-------- თვითმმართველობისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლომ ეს მოთხოვნა სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა. ამით სასამართლომ უხეშად დაარღვია საქ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 232-ე პრიმა მუხლის მოთხოვნები. ამდენად, ფაქტობრივად ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად აპელანტი, ასევე, ასაჩივრებს განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ. 3.7. სასამართლოს მიერ უხეშად არის დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც სასამართლო ვალდებული იყო საქმის განხილვის მოსამზადებელ ან მთავარი სხდომის სტადიაზე არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით თუკი იგი ამ დასკვნამდე მივიდოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მოპასუხე მხარე ქ. ფ-------------–-------- თვითმმართველობისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური არასათანადო მოპასუხედ ჩათვალა აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს უნდა გაეკეთებინა სასამართლო განხილვის ადრეულ სტადიებზე. ამით სასამართლომ სამართლებრივად და ფაქტობრივად საქმეში მონაწილეობა მიაღებინა არასათანადო მოპასუხეს და სათანადო მოპასუხეს არ მიცა პროცესზე მონაწილეობის საშუალება. 3.8. სასამართლომ უხეშად დაარღვია საქ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება არ მოახდინა ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ზემოხსენებულმა საპროცესო ნორმის დარღვევებმა არსებითი ზეგავლენა მოახდინა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანაზე რის შდეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. 3.9. სასამართლომ აასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა საქ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლის მოთხოვნები 3.10. სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული გამოყენებული საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ საქ. კანონის შესაბამისი მუხლები და მათ შორის მე-3-ე და 43-ე მუხლის მე-8-ე ნაწილი, რომელთა თანახმადაც თითქოსდა შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება ეკუთვნის შემკვეთს. საქმე იმაშია, რომ ამ კანონის თანახმად შემკვეთს ეკუთვნის არა საავტორო უფლება არამედ ქონებრივი უფლება. ამდენად სასამართლოს კანონის ეს განმარტება არასწორი და სრული აბსურდია. 3.11. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიულ პირს და მისთვის თითქოსდა კანონი არ ითვალისწინებს არა ქონებრივ ზიანს. საქმე იმაშია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქმოქალაქო კოდექსი 18-ე მუხლი, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს დაიცვას თავისი პირადი არაქონებრივი უფლებები და მათ შორის საქმიანი რეპუტაცია. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის თანახმად მოსარჩელეს, როგორც იურიდიულ პირს სრული უფლება აქვს მოითხოვოს მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის განმარტება და გამოყენება არასწორი და არაკვალიფიციურია. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსი 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 394-ე და 629-ე მუხლები. სასამართლოს მიერ არ არის გამოყენებული კანონი, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა, კერძოდ კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2005 წლის 20 ოქტომბერს შპს ლ---------ს (შემსრულებელი) და ფ------------–----–------ს (დამკვეთი) შორის დაიდო ხელშეკრულება. 4.1.1. ხელშეკრულების თანახმად, შპს ლ---------ს უნდა შეედგინა ფოთში, ქალაქის ცენტრში გ. ჭანტურიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს შორის 400-450 მაყურებელზე გათვლილი თეატრის შენობის საპროექტო დოკუმენტაცია. 4.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის მუნიციპალიტეტს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა 163 843 ლარი. 4.1.3. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური აპელანტისათვის უნდა გადაეხადა პროექტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. 4.1.4. თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, კი, ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პროექტის ღირებულების 1%-ის ოდენობით. 4.1.5. აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა და 2007 წლის 1 აგვისტოს შემკვეთმა შესრულებული სამუშაო მიიღო. 4.2. 2007 წლის 10 იანვარს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სამშენებლო-სარემონტო-სარეკონსტრუქციო-საპროექტო სამუშაოების ჩატარების შესახებ. 4.2.1. ამ ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს თეატრის მშენებლობაზე უნდა ეწარმოებინა საავტორო ზედამხედველობა. 4.2.2. სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 30920 ლარს. 4.2.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2009 წლის 20 დეკემბერს. 4.3. 2012 წლის 5 ივნისს მხარეთა შორის კვლავ დაიდო ხელშეკრულება. 4.3.1. ამ ხელშეკრულების მიხედვით, შპს ლ---------ს უნდა შეედგინა ფოთის თეატრის 450 ადგილიანი დარბაზის 600 ადგილამდე გაზრდისა და შესაბამისი თანმდები ფუნქციების - თეატრის შიდა ინტერიერის გადაწყვეტის პროექტი. მასვე უნდა გაეწია პროექტის შესრულების ზედამხედველობა. 4.3.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 100 000 ლარი იყო. 4.3.3. ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და, საბოლოოდ, სამუშაოს შესრულების ვადა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. 4.3.4. არც ამ ხელშეკრულებითა და არც მასში შეტანილი ცვლილებებით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა. 4.3.5. აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა შემკვეთმა მას შეთანხმებულზე 1000 ლარით ნაკლები გადაუხადა. 4.4. ხელშეკრულებათა საფუძველზე შესრულებული ყველა პროექტის ავტორი შპს ლ---------ის ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი, ვ-–-------- ხ---–--ეა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.5.1. მხარეებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს ლ---------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. 4.5.2. ამის შესაბამისად, გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ფ------------–----–------ს აპელანტის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა, კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო პალატა მას ვერ შეამოწმებს. 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე 2005 წლის 20 ოქტომბრისა და 2007 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები მართებულად მიიჩნია ხანდაზმულად. 4.7. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ არც მუნიციპალიტეტის მერია და არც მისი რომელიმე სამსახური იურიდიული პირი არ არის. 4.7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირი თვითმმართველი ერთეულია. 4.7.2. ამის შესაბამისად, სინამდვილეში, ყველა ხელშეკრულება დადებული იყო ფ------------–----–------სა და შპს ლ---------ს შორის და ამ ვალდებულებათა შესრულებაზე პასუხისმგებელი არა რომელიმე ადმინისტრაციული ერთეული, არამედ მუნიციპალიტეტი იყო. 4.7.3. ამგვარად, შპს ლ---------ს სარჩელი, არსებითად, მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ ჰქონდა აღძრული. 4.7.4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტს მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი წარმოადგენს. 4.7.5. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე ფ------------–----–------ის მერის მიერ უფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ. 4.7.6. ამის შესაბამისად, ორივე ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე სხდომებზე გამოცხადებული იყო. 4.8. უდავოა, რომ ყველა ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს შემკვეთის სასარგებლოდ სამუშაო უნდა შეესრულებინა, ხოლო შემკვეთს შეთანხმებული საზღაური უნდა გადაეხადა. 4.8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების, ხოლო ხოლო მეორე მხარე შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულებას, ნარდობაა. 4.8.2. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება იყო დადებული. 4.9. პალატის აზრით, სამივე ხელშეკრულება ერთი, საერთო სამართლებრივი ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი არ არის. 4.9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 4.9.2. მართალია, მხარეთა შორის დადებული ყველა ხელშეკრულება ერთ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა აშკარაა, რომ, თითოეულ შემთხვევაში, მხარეები სხვადასხვა არსებით პირობებზე იყვნენ შეთანხმებულნი. 4.9.3. ასე, როგორც აღინიშნა, 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებით აპელანტს თეატრის შენობის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეედგინა; 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით უნდა განეხორციელებინა პროექტის შესრულებაზე ზედამხედველობა, ხოლო 2012 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებით უნდა შეედგინა უკვე არსებული ინტერიერის რეკონსტრუქციის პროექტი. 4.9.4. აშკარაა, რომ აპელანტმა არა ერთი მთლიანი, არამედ რამდენიმე სამუშაო შეასრულა და ყოველი შესრულებული სამუშაოსათვის დამოუკიდებელი ანაზღაურება მიიღო. 4.9.5. ამის გამო, შემკვეთის ანაზღაურების ვალდებულება თითოეული ხელშეკრულებიდან ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს აპელანტისათვის საზღაური საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა გადაეხადა. 4.10.1. ამის შესაბამისად, 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემკვეთს გადახდის ვალდებულება 2007 წლის 1 აგვისტოს, ხოლო 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2009 წლის 20 დეკემბერს წარმოეშვა. 4.10.2. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1 ნაწილისა და 130-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტს სარჩელი ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, პირველ შემთხვევაში, 2010 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2012 წლის 20 დეკემბრამდე უნდა აღეძრა. 4.10.3. აპელანტმა სარჩელი 2015 წლის 28 მაისს აღძრა. ეს კი ნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. 4.10.4. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა საფუძველზე, აპელანტს შემკვეთისათვის უძრავ ნივთზე უფლება კი არ უნდა გადაეცა, არამედ სამუშაო უნდა შეესრულებინა. 4.10.5. ამის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანი არა უძრავი ნივთი, არამედ შესასრულებელი სამუშაო - პროექტი და ზედამხედველობა იყო. 4.10.6. ამიტომ, ამ სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის გამოყენა შეუძლებელია. 4.10.7. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მაინც ხანდაზმული იქნებოდა. 4.11. პალატის აზრით, რადგან ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმული იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია ხანდაზმულად აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც. 4.11.1. მითუმეტეს, რომ 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულების გარდა, პირგასამტეხლოს არც-ერთი ხელშეკრულება ითვალისწინებდა. 4.12. პალატას მიაჩნია, რომ 2005 წლის 20 ოქტომბრისა და 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილი არ ყოფილა. 4.12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობას არა კრედიტორის მოთხოვნა, არამედ მოვალის მიერ ვალდებულების არსებობის აღიარება წყვეტს. 4.12.2. აპელანტმა კი ვერ დაამტკიცა, რომ მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდეგ, შემკვეთმა რაიმე ფორმით ვალდებულების არსებობა აღიარა და თანხის გადახდა იკისრა. 4.13. ამრიგად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2005 წლის 20 ოქტომბრისა და 2007 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დაკისრების თაობაზე მართებულად არ დააკმაყოფილა. 4.14. როგორც აღინიშნა, 2012 წლის 5 ივნისის ხელშეკრულება პირგასამტეხლოს არ ითვალისწინებდა. 4.14.1. ამიტომ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დაკისრების თაობაზე სასამართლომ აპელანტს უარი სავსებით სწორად უთხრა. 4.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი მხარეს შეიძლება აუნაზღაურდეს, მხოლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად და, არაუმეტეს, 4%-სა. 4.15.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, 1000 ლარის 4% კი 40 ლარია. 4.15.2. ამრიგად, ამ ნაწილშიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სავსებით, კანონშესაბამისია. 4.16. ამის გამო, ზემოხსენებულ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს. 4.17. თუმცა, ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების გარდა, აპელანტს სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევის გამოც ჰქონდა აღძრული. 4.17.1. აპელანტის განმარტებით, შესრულებული სამუშაოს მიღების შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარემ, ავტორის ნებართვის გარეშე, არქიტექტურულ ნაწარმოებში შეიტანა ცვლილება, რითაც იგი ხელჰყო და ამით ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები დაარღვია. 4.17.2. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე შემკვეთს შეიძლება, მხოლოდ, ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნოდეს. 4.17.3. კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებები ეკუთვნის ავტორს, მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. 4.17.4. ამავე მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება). დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება). 4.17.5. ამ ნორმათა საფუძველზე, მუნიციპალიტეტს ნაწარმოებზე არაქონებრივი უფლებები არ ეკუთვნოდა და ნაწარმოების ავტორი უფლებამოსილი იყო ნაწარმოებზე პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა მოეთხოვა. 4.18. თუმცა, კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. 4.18.1. დადგენილია, რომ ნაწარმოებები, რომლებსაც აპელანტი ხელყოფილად მიიჩნევს, ვ-–-------- ხ---–--ემ შექმნა. 4.18.2. ამის შესაბამისად, აღნიშნულ ნაწარმოებებზე არაქონებრივი უფლებები ვ-–-------- ხ---–--ეს და არა შპს ლ---------ს გააჩნია. 4.18.3. ეს კი ნიშნავს, რომ, სინამდვილეში, ამ ნაწილში, მოთხოვნის უფლების მქონე პირი, ე.ი. სათანადო მოსარჩელე არა შპს ლ---------ი, არმედ ვ-–-------- ხ---–--ეა. 4.19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. 4.19.1. ამ ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ შპს ლ---------ს არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა შესთავაზა. 4.19.2. სასამართლოს ამ შეთავაზებას შპს ლ---------ის დირექტორი, ვ-–-------- ხ---–--ე დაეთანხმა. 4.19.3. თუმცა, ამის მიუხედავად, პალატას მიაჩნია, რომ იგი არ არის უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე არასათანადო მხარე სათანადო მხარით შეცვალოს. 4.19.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-382-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლში მხარეთა საპროცესო უფლებების რეალიზაცია, მნიშვნელოვნად, შეზღუდულია. ეს კი სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს დაარღვევს. 4.20. ამის გამო, საავტორო უფლებების დაცვის ნაწილში, საქმე საქალაქო სასამართლოს უნდა დაურუნდეს ხელახლა განსახილველად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ფ------------–----–------ის მერიის მიმართ შპს ლ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე. უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ლ---------ის მოთხოვნა საავტორო უფლებების დარღვევიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე და, ამ ნაწილში, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 53-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საავტორო უფლებებიდან გამომდინარე დავის ნაწილში, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს. 6.2. დანარჩენ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ლ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ფ------------–----–------ის მერიის მიმართ შპს ლ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე;
3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ლ---------ის მოთხოვნა საავტორო უფლებების დარღვევიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე და, ამ ნაწილში, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს;
4. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა