განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2018
საქმის ნომერი
080310016001383264
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310016001383264

საქმე №3/ბ-493-2017წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

პელანტი (მოსარჩელე) – ა-----–------–------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

წარმომადგენელი – მ-–---------–---–ი

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2016 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა-----–------–------მა საქართველოს ფინნასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართ და მოპასუხისათვის მისთვის მიყენებული ზიანის 162950 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, მათ შორის 155750 ლარი მიუღებელი შემოსავლის სახით, ხოლო 7200 ლარი ავტომანქანის ღირებულების სახით;

 

მოსარჩელის მითითებით, 2004 წლის 15 აპრილს ქ.გორში ფინანსურმა პოლიციამ უკანონოდ ჩამოართვა შერეული საქონლით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა ,,გაზ 53ა’’, სახელმწიფო ნომრით DA---5. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა ავტომანქანის დაბრუნება და ტვირთის ღირებულება 1801,93 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება აღსრულდა ნაწილობრივ - დაუბრუნდა ტვირთის ღირებულება, მაგრამ ავტომანქანის წამოყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან იყო გაძარცვული და დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანის შენახვა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც უზრუნველყოფილი ვერ იქნა. შესაბამისად იგი მოითხოვს დაეკისროს მოპასუხეს 2009 წლის 20 იანვრიდან (უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის თარიღიდან) ყოველთვიურად 1750 ლარის ანაზღაურება, რაც 89 თვის გათვალისწინებით შეადგენს 155750 ლარს. აღნიშნული ოდენობის თანხას იგი მიიღებდა ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად, რაც შეუძლებელი აღმოჩდა, ვინაიდან ავტომობილი დღემდე არ დაუბრუნებია მოპასუხეს და იმყოფება მასთან დაზიანებულ მდგომარეობაში.

 

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარჩელი იყო დაუსაბუთებელი და ამავე დროს ხანდაზმული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განჩინებით აჩ--–------–------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ა-----–------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. გორის ფინანსური პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა 2004 წლის 15 აპრილს შინდისის მონაკვეთზე შეაჩერეს ა-----–------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,გაზ-53’’, სახელმწიფო ნომრით DA---5. ავტომანქანა განთავსებული იქნა ქ. გორის შპს ,,ტ---------------–---’’-ში, ლუქით 3702--.

 

ა-----–------–------მა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გორის ფინასური პოლიციის მე-4 განყოფილების მიმართ. მოსარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით. ზიანის არსებობა უკავშირდებოდა - ა-----–------–------ისათვის სატვირთო ავტომობილის და შერეული საქონლის ჩამორთმევას, მისი მესაკუთრისათვის არ დაბრუნებას, მანქანის მოცდენას და პროდუქტების გაფუჭებას. მოსარჩელე მოითხოვდა ჩამორთმეული ტვირთის (შერეული საქონლის) გაფუჭების შედეგად მიყენებული ზიანის 2500 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო სხდომაზე ა-----–------–------მა უარი განაცხადა მის ერთ-ერთ მოთხოვნაზე - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნაზე და 2008 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა;

 

2.1.2. გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა-----–------–------ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ა-----–------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს არ---–-------–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 1801,93 ლარის გადახდა და სატვირთო ავტომანქანის (,,გაზ-53’’, სახელმწიფო ნომრით DA---5) დაბრუნება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის ?ბს-1190-1152(4კ-08) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, მიჩნეული იქნა დაუშვებლად;

 

2.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2012 წლის 23 მაისს მოვალის წარმომადგენლისა და კრედიტორ ა-----–------–------ის თანდასწრებით დათვალიერებული იქნა ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე განთავსებული, სააღსრულებო ფურცელში მითითებული ავტომანქანა ,,გაზ-53’’. დათვალიერების ოქმის თანახმად ავტომანქანა არის ტექნიკურად გაუმართავი, კერძოდ, რამა, დისკები, საბურავები (დაზიანებული), არის მანქანის ე.წ. კაბინა, აქვს დახურული საბარგული.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2012 წლის 23 მაისის ოქმით ა-----–------–------ს გადაეცა ავტომანქანა ,,გაზ-53’’, რომელიც ა-----–------–------მა არ წამოიყვანა და კვლავ განთავსებულია ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე;

 

2.1.4. შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის ?011--------5 საქმეზე არ---–-------–-------ს კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრულ მავალდებულებელ სარჩელს, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქმედებასა (უმოქმედობას) და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, მოხელის ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ მოქმედებაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგენას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 162950 ლარის ოდენობით, მათ შორის 155750 ლარი მიუღებელი შემოსავლის სახით, ხოლო 7200 ლარი ავტომანქანის ღირებულების სახით.

 

სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ა-----–------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ა-----–------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1801,93 ლარის გადახდა და სატვირთო ავტომანქანის (,,გაზ 53’’, სახელმწიფო ნომრით DA---5) დაბრუნება.

 

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2012 წლის 23 მაისის ოქმით ა-----–------–------ს გადაეცა ავტომანქანა ,,გაზ-53’’, რომელიც ა-----–------–------მა არ წამოიყვანა.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მართალია ა-----–------–------ის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს, რომ ავტომობილის მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები. ანუ იმ პირობებში როდესაც არ---–-------–------- ითხოვს ავტომობილის სრულ ღირებულებას იგი ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გორის ფინანსური პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლების მიერ 2004 წლის 15 აპრილს ა-----–------–------ისათვის ჩამორთმეული ავტომანქანა ,,გაზ 53’’, სახელმწიფო ნომრით DA---5, მისი გაქურდვის გამო იმდენად იყო დაზიანებული 2012 წლის 23 მდგომარეობით, რომ შეუძლებელი იყო მისი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ან/და აღნიშნული შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა, თუმცა, „მიუღებელი შემოსავალი“ წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდენი მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული. „მიუღებელი შემოსავალი“, როგორც ანაცდენი სარგებელი (მოგება), არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის თავად ამ შემოსავლის მიღების სავარაუდობაც და ზოგადი პრინციპის თანახმად (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები) მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან უნდა წარმოედგინა იმგვარი მტკიცებულებები და დაემტკიცებინა იმგვარი გარემოება, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით კი, ავტომობილის გაქირავებით მიღებული თანხის ოდენობის თაობაზე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა და იმის აბსტრაქტულად გაცხადება, რომ მოსარჩელეს შეეძლო გაექირავებინა ავტომობილი სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევას გამორიცხავს.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ. სუბიექტურ ფაქტორს ყურადღება ექცევა იმ შემთხვევაში უკეთუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. საერთო წესის თანახმად, ივარაუდება, რომ დაზარალებულმა უფლების დარღვევისთანავე შეიტყო დამდგარი ზიანის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რადგან თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას (სსკ-ის 102-ე მუხ.).

 

სასამართლოს აღნიშვნით, განსახილველ შემთხვევაში ავტომობილის დაზიანების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2012 წლის 23 მაისს, როდესაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ოქმით გადაეცა ავტომანქანა ,,გაზ-53’’. მოსარჩელე განმარტავს, რომ მან ავტომობილი არ წამოიყვანა იმის გამო, რომ იგი იყო დაზიანებული. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2016 წლის 23 მაისს (გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით). აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა-----–------–------მა, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, მას ეკუთვნოდა ტექნიკურად გამართული (ისეთი, როგორიც წართმევის დროს იყო) მანქანის დაბრუნება სამოქალაქო კოდექსი 992-ე მუხლის საფუძველზე, ვიანაიდან პირი, რომელიც სახვა პორს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზრაუროს მას ეს ზიანი. მითითებული მუხლიდან გამომდინარე სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) ქმედება; ბ) მართლწინააღმდეგობა; გ) ბრალეულობა; დ) მიზეზ-შედეგობრიობა; და ე) ზიანი.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2012 წლის 23 მაისის ოქმით და გორის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 18 აპრილის ?13--------1 და 2009 წლის 17 აპრილის ?გ.17.04.20---- წერილებით დასტურდება გორის ფინანსური პოლიციის მე-4 განყოფილების (ახლანდელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) მიერ ყაჩაღურად მისი კუთვნილი ავტომანქანის წართმევა, შემდეგ კი მისი გაქურდვა. გორის პროკურატურა საქმეს გააჭიანურებს შემდეგ კი შეწყვიტავს გამოძიებას ხანდაზმულობის მოტივით. ეს მათი ჩვეული ხერხია ჩემ შემთხვევაში;

 

2.1.2. აპელანტის აღნიშვნით, დავა რომ გამოიწვია მანქანის გაძარცვამ და ტექნიკურად გაუმართაობამ, ამის შედეგია მისი სასამართლოსათვის მიმართვა. მას არ განუცხადებია, რომ მანქანის ტექნიკურად გამართვა შეუძლებელი იყო და იგი ითხოვდა გაცილებით ნაკლებ (7200 ლარი) თანხას, რაც მანქანის ტექნიკურად გამართვა ღირდა. ამასთანავე არც სასამართლოს და არც საგამოძიებო სამსახურს ეს შემოთავაზება არ მისთვის არ გაუკეთებიათ.

 

აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმი არ ადასტურებს მანქანის წამოყვანას, ადასტურებს, რომ მანქანა იყო ტენიკურად გაუმართავი და გაძარცული, რაზედაც სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავის ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად;

 

3.1.3. აპელანტის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეთხოვა გორის რაიონული პროკურატურიდან, როგორც მანქანის წართმევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის ?110---- საქმე და ასევე მანქანის გაქურდვის ფაქტზე აღძრული ?011--------5 სისხლის სამართლის საქმე. ამით სასამართლომ დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ვინაიდან კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სახვა პირთ მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.)

 

3.1.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვადა სამ წელს შეადგენს. ამავე კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშვალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განსახორციელებლად. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები;

 

3.1.5. აპელანტის აღნიშვნით, მითითებული მუხლებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მან მიმართა გორის რაიონულ პროკურატურას 2012 წლის 02 ივლსს და 2013 წლის 29 მარტს, რასაც ადასტურებს გორის რაიონული პროკურატურის 2013 წლის 18 აპრილის ?13/-------5 წერილი, 2014 წლის 11 აპრილის N13/-------8 წერილი და 2014 წლის 15 დეკემბრის ?13/-------6 წერილი, ასევე პროკურატურის 2015 წლის 20 მარტის ?13/-------5 წერილი, 2016 წლის 18 აპრილის ?13--------1 წერილი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 06 აპრილის ბრძანება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს იმავე შემადგენლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, შესაბამისად საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღიარებულმა უფლებამ ასახვა ჰპოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

იმავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები; კერძოდ, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2004 წლის 4 აპრილს გორის ფინანსური პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ა-----–------–------ს ჩამოართვეს შერეული საქონლით დატვირთული ავტომანქანა ,,გაზ-53’’, სახელმწიფო ნომრით DA---5, რომელიც სამართლებრივი რეაგირების მიზნით გადაყვანილი იქნა ქ.გორის შპს ,,ტ---------------–--’’-ის ტერიტორიაზე, ლუქით 3702--.

 

ამავე გადაწყვეტილებით ისიც დადგენილია, რომ ა-----–------–------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა, არც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულა და არც საგადასახადო პასუხისმგებლობა დაკისრებია.

 

მითითებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს არ---–-------–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა შერეული საქონლის ღირებულების სახით 1801,93 ლარის გადახდა და სატვირთო ავტომანქანის (,,გაზ-53’’, სახელმწიფო ნომრით DA---5) დაბრუნება (იხ.ს.ფ.14-18).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2012 წლის 23 მაისის ოქმით ა-----–------–------ს გადაეცა ავტომანქანა ,,გაზ-53’’, რომელიც დათვალიერების ოქმის თანახმად იყო ტექნიკურად გაუმართავი, კერძოდ, რამა, დისკები, საბურავები (დაზიანებული), ავტომანქანას ჰქონდა ე.წ. კაბინა და დახურული საბარგული (იხ.ს.ფ.147). შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის ?011--------5 საქმეზე არ---–-------–-------ს კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.

 

ამდენად ცალსახაა, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ა-----–------–------ისათვის ავტომანქანის ჩამორთმევითა და 4 წლის განმავლობაში დაუბრუნებლობით მას ავტომანქანა ჩაბარდა ძირითადი სათადარიგო ნაწილების გარეშე, ტექნიკურად გაუმართავი, ანუ ცალსახაა, რომ ამ მოქმედებით ა-----–------–------მა განიცადა ქონებრივი ზიანი.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა დელიქტით გათვალისწინებული მოქმედებისათვის დამახასიათებელი ყველა აუცილებელი წინაპირობა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის დაკისრების საფუძველია.

 

პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

პალატას მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ ადმინისტრაციული წესით სარჩელის წარდგენამდე, არაერთგზის მიმართა ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას და სხვა უწყებებს ავტომანქანის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რა მიმარტებით მტკიცებულებათა ნაწილი წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო ნაწილ დოკუმენტებს ურთავს სააპელაციო საჩივარაზე (იხ.ს.ფ.17, 19-21,69, 232-237).

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა შეეხება გაყიდვების შედარების მეთოდის გამოყენებით ,,გაზ-53’’ მარკის ავტომანქანის ფასს, თუმცა ამ ფასში არ არის გათვალისწინებული (გამოკლებული) ა-----–------–------ზე ჩაბარებული ავტომანქანის ღირებულება, რაც დამატებით დადგენასა და გამოკვლევას საჭიროებს მათ შორის ექპერტიზის ჩატარების გზით, რა საპროცესო მოქმედებები საქალაქო სასამართლოს არ განუხორციელებია. ამასთან სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მიუღებელი შემოსავლის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად სპეციალისტის დასკვნის არასაკმარისობის შესახებ, ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამრთლოში ახსნა-განმარტების მიცემისას მიუღებელი შემოსავლის ნაცვლად ავტომანქანის ჩამორთმევისას არსებუოლ მდგომარეობაში დაბრუნება მოითხოვა, რა მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა დააზუსტებინოს სასარჩელო მოთხოვნა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა მოხდეს სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენა და კანონის მართებული გამოყენებით მათი შეფასება, რაც განაპირობებს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 385-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-----–------–------ის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებით;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი