განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1341-17, 330310016001629809
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
31 იანვარი 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს მთავარი პროკურატურა
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ცი–---------------ე
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ცი–---------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
ცი–---------------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ც.ზი-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის 1500 ლარის და მორალური ზიანის სახით 19 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ანაზღაურება,ასევე მოსარჩელე ც.ზი-------ის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაღებული თანხის 500 ლარისა და მცხეთის რაიონული სასამართლოდან სისხლის სამართლის საქმის ქსეროასლების მიღების ხარჯის - 30 ლარისა და 60 თეთრის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც.ზი-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაეკისრა მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ც. ზი-------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 1000 (ერთი ათასი) ლარისა და მატერიალური ზიანის 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე
ც.ზი-------ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა
ც. ზი-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ც.ზი-------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არცერთი სახე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განაჩენით, ც. ზი-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მას განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მოეთხოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება. განაჩენში აღინიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულ ც. ზი-------ისათვის წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას, რის გამოც იგი გამართლდა მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი, ც. ზი-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, ც. ზი-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ადვოკატ გე-–--------–--–---–სა და ც. ზი-------ეს შორის 2013 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურეობის შესახებ, რომლითაც მომსახურეობის თანხა განისაზღვრა 1500 (ათას ხუთასი) ლარით, საიდანაც 500 ლარი გადახდილ იქნა 2013 წლის 31 ოქტომბერს და 1000 ლარი - 2016 წლის 5 ოქტომბერს.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 14 ნოემბერს ადვოკატ მა-–--------------ას მიერ გაცემული ორდერი N92, კლიენტი ც. ზი-------ე (პ/ნ 0----------), რომლის თანახმად ადვოკატი მალ--------------ია იცავს კლიენტის ქონებრივ და/ან არაქონებრივ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 27 სექტემბრის სს ,,თიბისი” ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად ც.ზი-------ის მიერ გადახდილ იქნა 500 ლარი. შემოტანის დანიშნულება: ,,ცი–---------------ის საქმეზე სასამართლოში წარმომადგენლობის ანაზღაურება სარჩელზე საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ.
საქმეში წარმოდგენილი სს ,,საქართველოს ბანკის“ 2016 წლის 22 აგვისტოს N9 საგადასახადო დავალებით ც.ზი-------ის მიერ გადახდილი იქნა 29 ლარი და 60 თეთრი. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.
მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-7 მუხლი, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, 413-ე მუხლი, 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტება #ბს-648-623(2კ-13, №ბს-52-47 (კ-13)23.07.2013წ, №ბს-972-936 (3კ-08), (საქმეNბს -648-623(2კ-13) საქმეებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის Nბს -648-623(2კ-13)გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტებებით; ასევე იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), რომელშიც აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ -ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ; ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, ასევე, მის მიმართ ხანგრძლივი პერიოდის (19 თვემდე) განმავლობაში სისხლის სამართალწარმობის მიმდინარეობა წარმოადგენს მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის ასაკი, განათლება, სოციალური მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმე, სახელდობრ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხანგრძლივი პერიოდის (19 თვემდე) განმავლობაში მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართალწარმობა, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში; ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა - 1000 ( ათას) ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ადვოკატ გე-–--------–--–---–თან 2013 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი იქნა იურიდიული მომსახურების თანხა 1500 (ათას ხუთასი)ლარი. აღნიშნული დასტურდება შემოსავლის ორდერებით N5--------- და N5---------; სასამართლოს მოსაზრებით,ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ საქმის მასალებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 500 (ხუთასი) ლარი; იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმიდან ასლების გადაღების საფასურის - 30 ლარისა და 60 თეთრის ხარჯის გაწევის ფაქტი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელიც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ც.ზი-------ის მიმართ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს, ამის გამო, აპელანტი თვლის, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
სააპელაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, ც.ზი-------ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა კანონით დადგენილი წესის დაცვით, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. ამასთან, საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ ც. ზი-------ის მიმართ არ გამოყენებულა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე.
აპელანტი მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის №3/2827-14 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ. ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე და 02 დღე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის №3/4964-14 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ. ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის №3/1237-13 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მორალური ზიანის ოდენობად განისაზღვრა 500 ლარი, მოსარჩელე ლ.ჩ.-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 07 წლის განმავლობაში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იყო პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, შემდეგ კი ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის №3/3412-14 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ. გ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა – გირაო, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი და შეეფარდა ჯარიმა. სისხლის სამართლის საქმის წარმოებდა მიმდინარეობდა 1 წელი 06 თვე და 26 დღე; ამასთან, აღნიშნული პიროვნება სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაყენებული იყო თანამდებობიდან.
აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ც. ზი-------ეს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებულია არ ჰქონია, იგი სისხლის სამართლის საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე დაკავებული-დაპატიმრებული არ ყოფილა; სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა 1 წლის 06 თვისა და 24 დღის განმავლობაში. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 207-ე მუხლს, 208-ე მუხლის პირველი ნაწილს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლის მესამე ნაწილს.
აპელანტი თვლის, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები, სასამართლო პრაქტიკა და მოცემული საქმის გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.
აპელანტს მიაჩნია, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აპელანტი თვლის ,რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარდა მხედველობაში უნდა მიიღოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა; კერძოდ, ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი; საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა. საქართველოს პროკურატურა სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ ), რომელშიც მითითებულია, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი, ამიტომ მისთვის კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო; ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა მსგავს საქმეებთან მიმართებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე ც. ზი-------ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი , მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილება, კერძოდ მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ცი–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის 18630 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და სასამართლო ხარჯების 30 ლარის და 60 თეთრის ანაზღაურება; ცი–---------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ც. ზი-------ის უკანონო სამართლებრივი დევნის გამო, რომელიც დადგენილია მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განაჩენითა და საქართველოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით ერთმნიშვნელოვნად სახეზეა მორალური ზიანის კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრული მაკვალიფიცირებელი დანაწესები: გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებით, უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები, უკანონო გადაწყვეტილებები (სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი), სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონო მიცემა და ზოგადად ფალსიფიცირებული საქმე (სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი), ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება სულიერი ტანჯვით (სკ 413.2-ე მუხლი), მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, სკ 1005-ე მუხლი).
შეგებებული სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შემდეგი განმარტებებით: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. (ადმინისტრაციული საქმე №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ); „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“ (ადმინისტრაციული საქმე № ბს-648-623(2კ-13), 10.04. 2014წ).
ც. ზი-------ე შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს სუბიექტური გარემოებების და განცდების შესახებ და აღნიშნავს, მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მიუხედავად უსამართლო და უკანონო საპროცესო მოქმედებებისა, თავი არასოდეს უცვნია დამნაშავედ; მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის ყველა მის ხელთ არსებული სამართლებრივი საშუალებებით იბრძოდა უდანაშაულოდ ცნობისათვის, შელახული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღსადგენად; ასეთი ხარისხის დაძაბულობა, რომელიც უსამართლობისგან დამდგარი სულიერი ტანჯვის სიღრმით და მნიშნელოვანი მორალური რესურსის მობილიზაცით არის განპირობებული, ადამიანის ფიზიკურ და მორალურ კონდიციებზე სერიოზულ კვალს ტოვებს, ხოლო ასაკიდან ( 5--–-–----) გამომდინარე, ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის შემცველიცაა.
აპელანტი თვლის, რომ მის სასრგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს უნდა გაეთვალისიწინებინა ოჯახი და სოციალური მდგომარეობა ც. ზი-------ე არის დაუოჯახებელი, მარტოხელა. არის მაღალი კვალიფიკაციის ისტორიკოსი. ის 35 წლის განმავლობაში მუშაობდა სვ----–-----–ის ტა----ში გ------, რაც უდავოდ მეტყველებს მის მაღალ პროფესიონალიზმზე და საზოგადოებრივ რეპუტაციაზე. ის არის ზოგადად ქართული კულტურის, მსოფლიო ისტორიისა და ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ძეგლისა და კერის- მცხეთის სვ----–-----–ის პროპაგანდისტი ახალგაზრდა თაობაში, საქართველოს მოსახლეობასა და ჩვენი ქვეყნის სტუმართა შორის. არის 1989 წლის 9 აპრილს ქ.თბილისში საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილე და დაზარალებული, რომლის დროსაც მიღებული ტრამვებისა და მოწამვლის გამო ის ცნობილ იქნა შშმპ პირად, ყოველივე ეს კი უდავოდ მეტყველებს მის მაღალ სამოქალაქო შეგნებასა და პასუხისმგებლობაზე, მის მიმართ სრულიად უსამართლო მოპყრობისა და დევნის გამო სულიერი განცდისა და ტანჯვის ღრმა ხარისხზე.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია სულიერი ტანჯვის განგრძობადობის თაობაზეც, კერძოდ ც. ზი-------ის წინააღმდეგ შსს მცხეთის სამმართველოში გამოძიება დაიწყო 2013 წლის 12 სექტემბერს; საბოლოო გამამართლებელი განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა 2015 წლის 21 აპრილს; შესაბამისად, სულიერი ტანჯვისა და მორალური ზიანი განგრძობადობა შეადგენს 19 თვეს.
აპელანტი მიუთითებს ასევე ბრალის ხარისხსა და მოპყრობის გათვალისწინების აუცილებლობაზე, კერძოდ, სულიერი ტანჯვის ხარისხისა და მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვისას განსაკუთრებით ყურადსაღებია ც. ზი-------ის სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განაჩენი, ც. ზი-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 125.1 მუხლით, რისთვისაც სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარი. საქმის წარმოება ამ სასამართლოში იყო არაობიექტური და მიკერძოებული, რაც დასაბუთებულად იქნა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით, რომლის თანახმად: და-------------–-–---–ისა და მოწმე მა--------------–---–ის ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას (განაჩენის გვ.5-6); სვ----–--ა ბი--------------–---–ის, მა------–-–---–ისა და სხვათა ჩვენებები არის ირიბი, რადგან ეს პირები ფაქტის თვითმხილველი არ არიან, და ვერ გამოდგება ცემის ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად. ჩვენებები შეიცავენ წინააღმდეგობებს და საეჭვო გარემოებებს (განაჩენის პ.11); საკასაციო სასამართლომ ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, მიუთითა მოცემულ შემთხვევაში ნეიტრალური და საქმის შედეგებით დაუინტერესებელი მოწმეების ჩვენებების აუცილებლობაზე (განაჩენის პ.11); ცემა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2010 წლიდან სვ----–-----–ის წინამძღვრად გამწესებულ იქნა მა------------ე, რომელმაც დაიბარა ც.ზი-------ე, აცნობა რომ სვ----–------–ს სა-------------------–-------------------ის დეპარტამენტიდან ეყოლებოდა გ-----ი, შესთავაზა მათ რიგებში ყოფნა იმ პირობით, რომ ყოველთვიურად გადაუხდიდა შემოსავლის ნაწილს, როგორც სხვა გ-----ი. ც. ზი-------ემ ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგ სასულიერო პირებმა დაიწყეს ც.ზი-------ის შევიწროება, ხოლო მა------------ემ მას აუკრძალა საქმიანობა. ც.ზი-------ის ადვოკატების ჩარევით კონფლიქტი მოგვარებულ იქნა, მაგრამ ამჯერად ც.ზი-------ეს შევიწროება მა------------ეს მიერ მოწვეული გ-----მა დაიწყეს; ისინი აცხადებდნენ მას უკანონო, არასერტიფიცირებულ გ------ (თუმცა გ---- პროფესიული სერტიფიკატი არ სჭირდება), საკუთარ თავს საპატრიარქოს ოფიციალურ გ-----ად (სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-6.3 მუხლის თანახმად, ეკლესია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას), არ აძლევდნენ მას საქმიანობის შესაძლებლობას, ეწეოდნენ მის დისკრედიტაციას ექსკურსანტებთან, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იწვევდნენ პირად კონფლიქტში. ერთ-ერთი მათგანისაგან ჰქონდა ადგილი ცემასაც, რაზედაც დამდგარია სასამართლოს განაჩენი. ც.ზი-------ე ასეთ მოპყრობას აპროტესტებდა სხვადასხვა ორგანოში, მაგრამ უშედეგოდ. 2013 წლის 12 სექტემბერს ც. ზი-------ე გახდა გ-----ის შეთქმულების მსხვერპლი და-------------–-–---–ის ,,ცემის“ ფაქტის მოგონებით, რომლის მიზანი იყო გამამტყუნებელი განაჩენით ც.ზი-------ის ტ-------ან გაძევება.
აღნიშნულ გარემოებებზე ც.ზი-------ე მიუთითებდა წინასწარი გამოძიების დროს, მაგრამ ისინი შესწავლილი არ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პოლიციისათვის მისი მრავალრიცხოვანი მიმართვები და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ადრინდელი განაჩენიც.
ც.ზი-------ე აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია მოწმე მ. გე-–-–---–ის შემდეგ ჩვენებაზე:ც.ზი-------ის მოწინააღმდეგე გ-----მა ,,ნაცნობ იურისტთანაც გაიარეს კონსულტაცია და გაერკვნენ, რომ მარტო წყევლისათვის ც.ზი-------ე ვერ დაისჯებოდა, იმავდროულად მსხვერპლს ფიზიკური დაზიანება უნდა მიეღო (განაჩენის გვ.7, 1-ლი აბზ.,). . .და სასამართლომდე უნდა მისულიყო საქმე. დასახალებულმა ფაქტმა დაცვის მხარეს მისცა საფუძველი მტკიცებისათვის, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მოწვეულ მოწმეებს იმთავითვე ჰქონდათ განზრახული დანაშაულის ჩადენის ცრუ ბრალდებით მიეღწიათ ც.ზი-------ის სისხლის სამართლის წესით დასჯისა და საბოლოოდ მის ტ-------ან გაძევებისათვის (განაჩენის გვ.8, მე-3 აბზ.); ამ გარემოებას უზენაესმა სასამართლომაც მიაქცია ყურადღება, როდესაც აღნიშნა, რომ ჩვენებები შეიცავენ საეჭვო გარემოებებს (განაჩენის პ.11).
ც.ზი-------ე შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ისეთ კრიტერიუმზე,როგორიცაა სულიერი ტანჯვის ქრონოლოგიური ჩარჩო, რომელიც განისაზღვრება ტანჯვის გამომწვევი გარემოებების წარმოშობით და შეწყვეტით.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის სასამართლოს პრაქტიკიდან ყურადღებას ამახვილებს ორ საქმეზე, სადაც განსაზღვრულია მორალური ზიანის დენადობის ქრონოლოგიური ჩარჩოები: პირველ საქმეში (სუს-ის №2კ-56კოლ.-2001, 11.09.2001 წ. განჩინება) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამ ზიანის ქრონოლოგიურ ჩარჩოდ შემოფარგლა წინასწარი და სასამართლო გამოძიების თითქმის 3 წელი (მორალური ზიანის საერთო განგრძობადობა),რომლის განმავლობაშიც 1 წლის 11 თვისა და 28 დღის განმავლობაში განმცახდებელი იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში (პატიმრობის ვადა) და სასამართლო განხილვის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების ეს ზომა მას შეეცვალა გაუსვლელობის ხელწერილით. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებებიც, რომ მოსახლეობის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 20 ლარს, პენსია-12 ლარს, აგრეთვე სახელმწიფოს ვალდებულებები დაცული მუხლების მიხედვით გასული წლებისთვის გაუცემელი პენსიებისა და ხელფასების ანაზღაურების თაობაზე და რეაბილიტირებულ პირთათვის სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 59 ათასის ლარის გამოყოფა (სახელმწიფოს ტვირთის შემამსუბუქებელი გარემოებები) და დაადგინა, რომ განმცხადებლის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის 25 000 ლარის დაკისრება (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმდროინდელი გაცვლითი კურსით 15 034 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (1 დოლარი-1,6628 ლარი)).
ც.ზი-------ის მიერ მითითებულ მეორე საქმეში (№ბს-648-623(2კ-13) 10.04.2014 წ. განჩინება) კი პატიმრობის ვადა და მორალური ზიანის განგრძობადობის დრო ერთმანეთს ემთხვევოდა და შეადგინა თითქმის 1 წელი. ამ ვითარებაში სასამართლომ სახელმწიფოს განმცხადებლის სასარგებლოდ დააკისრა 7 500 ლარი (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმდროინდელი გაცვლითი კურსით 4 287 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (1 დოლარი-1,7495 ლარი).
შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სარჩელის მიხედვით 19 თვის განმავლობაში განგრძობადი მორალური ზიანის ანაზღაურების თანხად მან განსაზღვრა 19 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (გასაშუალოებულად თვეში 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი). სასამართლომ
ც. ზი-------ეს მიაკუთვნა 1000 ლარის ანაზღაურება, რაც შეადგენ 370 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. შესაბამისად არის განსაზღვრული მისი სააპელაციო მოთხოვნაც, როგორც სხვაობა სარჩელის მოთხოვნასა და დაკმაყოფილებულ ნაწილს შორის. თანხის ოდენობის აშშ დოლარის ექვივალენტის სახით დასახელება განპირობებულია უკანასკნელი პერიოდის მანძილზე კურსის მნიშვნელოვანი მერყეობით და აქედან გამომდინარე ეროვნული ვალუტის - ლარის ასევე მნიშვნელოვანი გაუფასურებით.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ც. ზი-------ის მოთხოვნა მის მიერ სისხლის სამართლის საქმიდან ასლების გადაღებისათვის გადახდილი საფასურის 30 ლარისა და 60 თეთრის გადახდის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთი ფაქტი არ დასტურდება. ც. ზი-------ე მიუთითებს, რომ აღნიშნული ხარჯი დასტურდება სარჩელზე დართული 24-ე დანართით-საბანკო ქვითრებით სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ; სხვა რაიმე საბუთი მოცემულ შემთხვევაში არ გაიცემა.
სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებულიგადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის და შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დაკმაყოფილდეს ც. ზი-------ის მოთხოვნა წარმომადგენლისათვის გაწული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის და შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა ც. ზი-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ და ც. ზი-------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის განაჩენით, ც. ზი-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მას განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მოეთხოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება. განაჩენში აღინიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულ ც. ზი-------ისათვის წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას, რის გამოც იგი გამართლდა მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი, ც.ზი-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, ც. ზი-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ადვოკატ გე-–--------–--–---–სა და ც.ზი-------ეს შორის 2013 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურეობის შესახებ, რომლითაც მომსახურეობის თანხა განისაზღვრა 1500 (ათას ხუთასი) ლარით, საიდანაც 500 ლარი გადახდილ იქნა 2013 წლის 31 ოქტომბერს და 1000 ლარი - 2016 წლის 5 ოქტომბერს; პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე სწორად იქნა ყურადღება გამახვილებული იმის შესახებ, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 14 ნოემბრით დათარიღებული ადვოკატ მა-–--------------ას მიერ გაცემული ორდერი N92, კლიენტი ც. ზი-------ე (პ/ნ 0----------), რომლის თანახმად ადვოკატი მალ--------------ია იცავს კლიენტის ქონებრივ და/ან არაქონებრივ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში; საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული სს ,,თიბისი” ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად კი დასტურდება, რომ ც. ზი-------ის მიერ გადახდილ იქნა 500.00 ლარი (შემოტანის დანიშნულება: ,,ცი–---------------ის საქმეზე სასამართლოში წარმომადგენლობის ანაზღაურება სარჩელზე საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ.).
სააპელაციო პალატა საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე; აღნიშნულ სამართლებრივ ნორმაში მითითებულია, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო; იმავე კოდექსის 207-ე მუხლი კი ითვალისწინებს ??????????? ?????????? ???????? ??????????? ????????????? ??????????????? ??????? ???? ?????????? ?????? ?????????????? . სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოტივს კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაითვალისწინა მოსარჩელის ასაკი, განათლება, სოციალური მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმე, ხანგრძლივი პერიოდის (19 თვემდე) განმავლობაში მის მიმართ რომ მიმდინარეობდა სისხლის სამართალწარმოება, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში; ამიტომ სააპელაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა - 1000 ( ათას) ლარი.ამიტომ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს გადაჭარბებულ მიდგომას.
სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია შეგებებული სააპელაციო საჩივრის მითითება არაქონებრივი ზიანის მცირე მოცულობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე; ამ მუხლით განმტკიცებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით და მისი ოდენობის საბოლოოდ განსაზღვრა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს; ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს არაქონებრივი ზიანის მოცულობის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის მითითებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პროპორციულობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას ც.ზი-------ის სასარგებლოდ სწორად დაეკისრა მორალური ზიანის სახით 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი სს ,,საქართველოს ბანკის“ 2016 წლის 22 აგვისტოს N9 საგადახდო დავალებით ( რომელშიც მითითებულია, რომ ც.ზი-------ის მიერ გადახდილი იქნა 29 ლარი და 60 თეთრი, გადახდის დანიშნულება - საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი) არ დასტურდება მოსარჩელის მიერ კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებით ასლების გადაღებისთვის თუ იქნა ეს თანხა გაღებული, რის გამოც შეგებებული სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის 2017 წლის 12 დეკემბრის №1--------- ორდერზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ ც. ზი-------ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, საადვოკატო მომსახურების საფასურად, ადვოკატისათვის გადახდილი არის 500 ( ხუთასი) ლარი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს,რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით კი სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ ხარჯი გაღებულია. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს; იმავე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადებაში კი მითითებულია, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა,ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით; იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების და განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს ც.ზი-------ის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის და ცი–---------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი.
2. არ დაკმაყოფილდეს ცი–---------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
3. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
4. დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას ცი–---------------ის სასარგებლოდ სარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯებიდან 300 ლარის ანაზღაურება.
4. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე