განაჩენი

სისხლის სამართლის 24.08.2018
საქმის ნომერი
010141318700065392
ინსტანცია
თარიღი
24.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700065392

საქმე №1აგ/494-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2018წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ლევან თევზაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით:

ი-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 8(რვა) წლის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ი-----------–---–ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 8(რვა) წლის გამოსაცდელი ვადით;

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით:

ი-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მანვე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელებების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით;

_ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;

_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით, ი-----------–---–ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 7(შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენით, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება მსჯავრდებულ ი-----------–---–ის მიმართ არ გავრცელდა.

 

2018 წლის 16 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი-----------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ი-----------–---–ი თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა უფლებები.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან, ასევე უმდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

რაც შეეხება თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენს, აღნიშნული განაჩენით ი-----------–---–ი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის უკანონო დამზადება, შენახვისათვის და არა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, რის თაობაზეც ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაშია საუბარი. შესაბამისად მასზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება.

 

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ი-----------–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან.

 

ი-----------–---–ს აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენი და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/

 

/ლ. თევზაძე/