განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
100210018002245053
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002245053

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-442-2018 05 სექტემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ა------------------ გ---–----------- შ----------- ზ----------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს „მ---ოს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით შპს „ მ---ო“-სა (შემდგომში ,,მ---ო“) და და ა------------------ს შორის, 2015 წლის 14 მარტს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N L--------/0125, რომლის თანახმადაც, ლიზინგის საგნის- სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7450 ლარი, ამას დაემატა სახელშეკრულებო საკომისიო 150 ლარი და მთლიანმა თანხამ შეადგინა 7600 ლარი.

ლიზინგის მიმღებმა, ა------------------მ შპს „მ---ოს“ ანგარიშზე შეიტანა 2320 ლარი, რის შედეგადაც გადასახდელმა ლიზინგის თანხამ შეადგინა 5280 ლარი.

მოპასუხე, ა------------------მ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სრულად დაეფარა, როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები.

მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ და არსებული დავალიანების (5280 ლარი) დასაფარავად, შ---------- ანგარიშზე დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეიტანა 3863 ლარი, საიდანაც დაიფარა ნაწილი ძირითადი თანხა, ნაწილი სარგებელი და ჯარიმა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, დარჩენილი დავალიანება აღარ გადაუხდია.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის საფუძველზეც სატრანსპორტო საშუალება საკუთრებაში გადაეცა შპს „მ---ოს“ და სრული უფლება მიენიჭა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად გაესხვისებია და მიღებული თანხით დაეფარა ლიზინგის მიმღების დავალიანება.

ლიზინგის მიმღებმა (ა.სამხარაძე) თავის მხრივ იკისრა ვალდებულება დაეფარა დარჩენილი სხვაობა, რომელიც დარჩებოდა მანქანის რეალიზაციის შედეგად.

მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „მ---ომ“ გაასხვისა ავტომანქანა 1500 ლარად, რაც გამოაკლდა იმ დროისათვის არსებულ დავალიანებას და სხვა ხარჯების დაფარვის შემდეგ, ა. ს---------- დავალიანებამ შეადგინა 3305, 94 ლარი, რომლის ნებაყოფილობით გადახდაზე მოპასუხე უარს აცხადებს.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ა------------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნამდვილად ჰქონდა გადასახდელი 5280 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადა სამი წლის განმავლობაში, თუმცა მოსარჩელემ გადასახდელად დაუდგინა ძალიან მაღალი პროცენტი, თვეში 4.57 %, ანუ წლიური 54.84%, რაც შეუსაბამოდ დიდი პროცენტია.

მიუხედავად აღნიშნულისა, პირველი თორმეტი თვის განმავლობაში გადაიხადა 3863 ლარი, შემდეგ კი ვეღარ შეძლო თანხის გადახდა და მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც შპს „მ---ოს“ მიეცა უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, ხოლო ლიზინგის მიმღებს არ აუღია ვალდებულება დაეფარა დარჩენილი სხვაობა, რაც დარჩებოდა მანქანის რეალიზაციის შემდეგ.

ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სატრანსპორტო საშუალება გადაეცა შპს „მ---ოს„ რომელმაც ავტოსატრანსპორტო საშუალება რეალურ ფასზე მკვეთრად ნაკლებ ფასში გაყიდა, რითაც დაარღვია კეთილსინდისიერების პრინციპი.

ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება მისი შეძენის დროისათვის შეადგენდა 7450 ლარს და ერთი წლის განმავლობაში ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში, შეუძლებელია შემცირებულიყო, მით უფრო-1500 ლარამდე.

გარდა ამისა, მოსარჩელემ ავტომანქანა გაასხვისა არამუშა მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტისას და შპს „მ---ო“-ზე გადაცემისას, ავტომანქანა გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ნივთის ნაკლთან/დაზიანებასთან დაკავშირებით პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

შპს „მ---ო“-ს მიერ, სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ ფასად გასხვისებაზე თანხმობა გამოწვეული იყო იმ ვარაუდით, რომ გასხვისების შედეგად მიღებული თანხით სრულად დაიფარებოდა დავალიანება და შპს მ---ო“-ს მიმართ ვალდებულება აღარ ექნებოდა.

გარდა ამისა, ასევე გაურკვეველია სარჩელში მითითებული ხარჯები: მანქანის რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯი 160 ლარი, ვალდებულების ჯარიმა 268,36 ლარი, პროცენტი- 2960, 58 ლარი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს. ,,მ---ო“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს და ა------------------ს შპს. ,,მ---ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, 3305 (სამიათასსამასხუთი) ლარისა და 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) თეთრის გადახდა. 2. ა------------------ს, შპს ,,მ---ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. 3. ა------------------ს, შპს ,,მ---ოს“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები 50 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 14 მარტს, შპს მ---ო-სა (ს/კ 4--------) და ფ/პ ა------------------ს შორის, დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N L--------/0125, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7450 ლარით, რასაც დაემატა სახელშეკრულებლო საკომისიო-150 ლარი და მთლიანმა თანხამ შეადგინა 7600 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წელი, 2018 წლის 14 მარტამდე, საპროცენტო განაკვეთი- თვეში 4,57 პროცენტი, ლიზინგის საერთო ღირებულება 10864,44 ლარი. 2.2. ლიზინგის მიმღებმა ა------------------მ, ხელშეკრულების გაფორმებისას, შპს „მ---ოს“ ანგარიშზე წინასწარ შეიტანა 2320 ლარი, რაც გამოაკლდა 7600 ლარს და ლიზინგისათვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 5280 ლარი. მოპასუხე ა------------------მ აიღო ვალდებულება, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა, როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი, პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2.3. ა------------------ს, ლიზინგის საგნის გაყიდვამდე, სესხის დასაფარავად, შ---------- ანგარიშზე შეტანილი აქვს 3863 ლარი, საიდანაც ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 მარტს, ხოლო შემდეგ, მიუხედავად გაფრთხილებისა (2016 წლის 25 აპრილის გაფრთხილების წერილი და 2016 წლის 4 მაისის წერილი) თანხა არ გადაუხდია. 2.4. მხარეები შეთანხმდნენ ფინანსური ლიზინგის N L--------/0125 ხელშეკრულების შეწყვეტაზე. „შეთანხმების“ მიხედვით, ლიზინგის მიმღები ა------------------ არ არის თანახმა გააგრძელოს ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება და თანახმაა საკუთარი ვალდებულების დასაფარად, შ.პ.ს. ,,მ---ომ“ შეინარჩუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილი-T-----, მოდელი V---, ვინ კოდი A------------, რეგისტრაციის ნომერი B------. აღნიშნული შეთანხმების მე-2 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა, ნებისმიერ ფასად გაესხვისებია სატრანსპორტო საშუალება. გასხვისებით მიღებული თანხა მიემართა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებული იყო სატრანსპორტო საშუალების დანაკლისის ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან. შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან, ხუთი დღის განმავლობაში, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო დაეფარა განსხვავება ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობას... და იმ ფასს შორის, რომლის ოდენობითაც ,,მ---ო“ თანახმაა გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება მესამე პირზე. შეთანხმების საფუძველზე, ლიზინგის მიმღების მიერ, სატრანსპორტო საშუალების შ----------ათვის გადაცემის შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად, გარდა ლიზინგის მიმღების მიერ დავალიანების დაფარვის ვალდებულებისა. 2.5. ლიზინგის მიმღებმა ა.ს---------- სატრანსპორტო საშუალება გადასცა მოსარჩელეს, რომელმაც 2018 წლის 2 ივნისს ავტომანქანა გაყიდა 1500 ლარად ბ---- კუ------ეზე. მყიდველმა, ავტომანქანა T-----, მოდელი V---, ვინ კოდი A------------ რეგისტრაციის ნომერი B------ ჩაიბარა 2018 წლის 2 ივნისს. 2.6. მანქანის რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯი-160 ლარი, სითი პარკის ჯარიმა -70 ლარი, საპატრულო ჯარიმა -50 ლარი და ევაკუატორის ხარჯი -40 ლარი (სულ-320 ლარი) გადახდილი იქნა კომპანიის მიერ. 2.7. დავალიანების ცნობის თანახმად, რეალიზებული ავტომანქანის საფასურის ჩათვლით, ა------------------- მიერ გადახდილია 5363 ლარი (3863+1500=5363), საიდანაც ძირი არის 1974,06 ლარი, პროცენტი - 2960,58, გადახდილი ჯარიმა- 268,36 ლარი, სხვა ხარჯი 160 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, შეწყდა პროცენტის დარიცხვა. აღნიშნული ცნობის შესაბამისად, ა------------------ს გადასახდელი დარჩა ძირი თანხა -3305,94 ლარი (5280-1974,06=3305,94). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 50-ე, 52-ე, 316-317, 576-ე, 5805-5807-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ფინანსური ლიზინგის N L--------/0125 ხელშეკრულებიდან, რაც მხარეთა შეთანხმებით შეწყდა. 2.9. ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმებით, ლიზინგის მიმღები ა------------------ დაეთანხმა, რომ საკუთარი ვალდებულების დასაფარად შპს ,,მ---ომ“ გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, გასხვისებით მიღებული თანხით დაფაროს ლიზინგის მიმღების დავალიანება და ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების დანაკლისების ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან. ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობას შორის სხვაობის, ანუ დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აიღო მოპასუხემ (ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმების მე-2 პუნქტი). ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიერ, მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების დარჩენილი სხვაობის 3305,94 ლარის (ძირი თანხა) ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ავტომანქანა გაყიდა 1500 ლარად, თუმცა ყურადღება არ მიაქცია მეტად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, ა------------------მ, შპს „მ---ოს“ კარგ მდგომარეობაში ჩააბარა ავტომობილი, ხოლო შპს მ---ომ 2016 წლის 02 ივნისს 1500 ლარად გაასხვისა მოქალაქე ბ---- კუ------ეზე. იმავე დღეს შედგა მიღება-ჩაბარების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ შპს მ---ომ, მყიდველს- ბ---- კუ------ეს გადასცა არა მუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანა. მოსარჩელემ ვერ განმარტა, თუ რაში გამოიხატებოდა ავტომანქანის არამუშა მდგომარეობა, რა ჰქონდა კონკრეტულად მას დაზიანებული. 3.2. გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: 1) სესხის პროცენტი იყო უსაშველოდ დიდი, 2) მოსაჩელემ გაასხვისა არამუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანა, მაშინ, როდესაც ა------------------მ ავტომანქანა მუშა მდგომარეობაში ჩააბარა, 3) მხარემ ვერ დაასაბუთა როდის და ვისგან დაზიანდა ავტომანქანა, რომელიც დაზიანების გამო გაასხვისა მცირე ფასად-1500 ლარად. 3.3. მხარეთა შორის კერძო სამართლებრივი ურთიერთობები დამყარებული უნდა იყოს კეთილსინდისიერების პრინციპზე და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2015 წლის 14 მარტს, შპს მ---ო-ს (ს/კ 4--------), ა------------------სა და საშა ფორუმიანს შორის შორის, დაიდო N L--------/0125 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „მ---ომ, საშა ფორუმიანს გადაურიცხა, 7450 ლარი შემდეგი სატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით: T-----, მოდელი V---, ვინ კოდი A------------, რეგისტრაციის ნომერი B------ (ს.ფ.18-19 ). აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება აღირიცხა შპს „მ---ოს“ საკუთრებაში (ს.ფ.35-36). თავის მხრივ, შპს „მ---ომ“ ავტომობილი გადასცა ა------------------ს, რომელსაც ამავე ხელშეკრულებით განუსაზღვრა ავტომობილის საფასურის პერიოდული გადახდა, რაც აისახა მხარეთა შეთანხმებით შედგენილ გადახდის გრაფიკში. აღნიშნული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა ანუიტეტური მეთოდით, თვეში 4,57%. ყოველთვიურად შეტანილი თანხით ხდებოდა ავტომანქანის საფასურის ნაწილის და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი წელი-2018 წლის 14 მარტამდე; ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა -10864,44 ლარი (ს.ფ.18-19). 4.2. 2015 წლის 14 მარტის N L--------/0125 ე.წ. „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების თანახმად: ლიზინგის მიმღები (ა------------------) კისრულობს ვალდებულებას, შეიტანოს სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის შენატანები და დარიცხული სარგებელი იმ ვადაში, ოდენობით და ვალუტით, რაც დადგენილია გრაფიკით. „მ---ო“ ადგენს და წარუდგენს ლიზინგის მიმღებს სახელშეკრულებო გადასახდელების ანგარიშებს, რომელიც შესაძლებელია შეტანილ იქნეს გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებში (სტანდარტული ხელშეკრულების 7.1.პუნქტი); ლიზინგის მიმღებს გააჩნია უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება ლიზინგის ვადის დასრულებამდე „მ---ოსთვის“, სულ მცირე სამი დღით ადრე შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაუხადოს „მ---ოს“ სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი და დაგროვილი საპროცენტო სარგებელი (სტანდარტული პირობების 7.5.პუნქტი); ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევებში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადასცეს „მ---ოს“ სატრანსპორტო საშუალება თავდაპირველ კომპლექტაციაში... მას არ უნდა გააჩნდეს დეფექტი ან ნაკლი, რაც არ უკავშირდება ჩვეულებრივ ცვეთას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია „მ---ოს“ პირველივე მოთხოვნისთანავე დაფაროს სარემონტო სამუშოებისა და მასალების ხარჯები, რაც აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების იმ მდგომარეობამდე მიყვანისათვის, რომელშიც იგი იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის გადახდის დღეს (სტანდარტული პირობების 11.12.პუნქტი); თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება... „მ---ოს“ გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან... (სტანდარტული პირობების 15.7.პუნქტი). 4.3. ა------------------მ, ხელშეკრულების გაფორმებისას, შპს „მ---ოს“ ანგარიშზე წინასწარ შეიტანა 2320 ლარი (ს.ფ.37), როგორც გამოსყიდვის საფასურის ნაწილი, ხოლო შემდეგში, პერიოდულად, 2016 წლის 23 მარტამდე, გრაფიკის შესაბამისად, შ---------- ანგარიშზე ჩარიცხა 3863 ლარი, რაც მოიცავდა, როგორც ავტომანქანაში გადახდილი საფასურის ნაწილს, ისე საპროცენტო სარგებელს (ს.ფ.45-55). სულ, ა------------------ს, ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „მ---ოს“ ანგარიშზე შეტანილი აქვს 6183 ლარი (2320+3863=6183). ამასთან 2016 წლის აპრილის მდგომარეობით, გრაფიკით გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობამ შეადგინა 4342,94 ლარი. 4.4. 2016 წლის აპრილში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ N L--------/0125 ხელშეკრულების შეწყვეტაზე. „შეთანხმების“ მიხედვით, ა------------------ არ არის თანახმა გააგრძელოს ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება და თანახმაა საკუთარი ვალდებულების დასაფარად, შ.პ.ს. ,,მ---ომ“ საკუთრებაში შეინარჩუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილი-T-----, მოდელი V---, ვინ კოდი A------------, რეგისტრაციის ნომერი B------. აღნიშნული შეთანხმების მე-2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა ნებისმიერ ფასად გაესხვისებია სატრანსპორტო საშუალება. გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა „ლიზინგის მიმღების“ დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებული იყო სატრანსპორტო საშუალების დანაკლისის ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან. ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან, ხუთი დღის განმავლობაში დაეფარა განსხვავება ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობას... და იმ ფასს შორის, რომლის ოდენობითაც ,,მ---ო“ თანახმაა გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება მესამე პირზე. აღნიშნული შეთანხმების მე-3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერისა და ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების შპს „მ---ოსათვის“ გადაცემის შემდეგ (რაზედაც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი), მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად და მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, გარდა შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად. 4.5. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ა.ს---------- სატრანსპორტო საშუალება გადასცა მოსარჩელეს, რომელმაც 2018 წლის 2 ივნისს ავტომანქანა გაყიდა 1500 ლარად ბ---- კუ------ეზე. მყიდველმა ავტომანქანა T-----, მოდელი V---, ვინ კოდი A------------ რეგისტრაციის ნომერი B------ ჩაიბარა, არამუშა მდგომარეობაში 2018 წლის 2 ივნისს (ს.ფ.61-65). 4.6. მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით ირკვევა, რომ შპს „მ---ომ“ გადაიხადა სითი პარკის ჯარიმები სულ -70 ლარი, საპატრულო ჯარიმა -50 ლარი და ევაკუატორის ხარჯი -40 ლარი, სულ-160 ლარი, თუმცა ჯარიმების გადახდის დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჯარიმა დარიცხულია ა-------------------ათვის გადაცემული ავტომობილით გამოწვეული დარღვევისათვის (ს.ფ.67-75). 4.7. შპს „მ---ოს“ მიერ შედგენილ დავალიანების ცნობაში დაფიქსირებულია, რომ 2016 წლის 02 ივნისის მდგომარეობით, რეალიზებული ავტომანქანის საფასურის (1500 ლარი) ჩათვლით, ა------------------- მიერ გადახდილია 5363 ლარი, საიდანაც ძირი არის 1974,06 ლარი, პროცენტი - 2960,58, გადახდილი ჯარიმა- 268,36 ლარი, სხვა ხარჯი 160 ლარი. ა------------------ს გადასახდელი დარჩა ძირი თანხა -3305,94 ლარი (ს.ფ.56) სამართლებრივი დასაბუთება 4.8. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ფულადი თანხის დაკისრება, რაც მოსარჩელეს მითითებით გამომდინარეობს ლიზინგის ხელშეკრულებიდან. მოსარჩელეს მითითებით, დავალიანება მოიცავს ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ავტომანქანის გამოსყიდვის საფასურის გადაუხდელ ნაწილს-3305,94 ლარს. მოპასუხემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში, ლიზინგის საგნის გამოსყიდვისათვის, შპს „მ---ოს“ ანგარიშზე ჩარიცხა 6183 ლარი, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შპს „მ---ოს“ გადასცა ავტომობილი, რომლის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულიად საკმარისი იყო ვალდებულების შესრულებისთვის, თუმცა შპს „მ---ო“-მ ავტომობილი არ გაყიდა შეძენის დროისათვის არსებული ფასით და გაურკვეველ ვითარებაში დაზიანების გამო (არამუშა მდგომარეობა) გაასხვისა რეალურ ფასზე ნაკლებად-1500 ლარად და თავისი ბრალით სრულად ვერ აინაზღაურა ავტომანქანის ღირებულება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს შპს „მ---ოს“ წინაშე დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულებას. 4.9. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა უპირველესად მიზანშწონილად მიიჩნევს, განმარტოს რა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხარეები, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის იმგვარი დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. (იხ. სუსგ Nას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე Nას-973-1208-04; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე N 664-635-2016, 187-ე პუნქტი). 4.10. სამოქალაქო კოდექსი, სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში საკუთარი შეხედულებით მოაწესრიგონ მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ამგვარი ხელშეკრულებები შესაძლოა, ზოგჯერ არ თავსდებოდეს სამოქალაქო კოდექსში მზა სახით მოცემული სახელშეკრულებო მოდელის ჩარჩოებში. შესაბამისად, სადავოობისას სამართლებრივი შედეგების მოწესრიგება საჭიროებს სასამართლოს მიერ ხელშეკრულების შინაარსის განმარტებას. თითოეული ხელშეკრულების შინაარსი უნდა განიმარტოს არა მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, არამედ იმ უფლება-მოვალეობათა სისტემის გათვალისწინებით, რომელსაც შეიცავს კონკრეტული გარიგების შინაარსი; 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. განსახილველ საქმეში, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებაში და მის სტანდართულ პირობებში დაფიქსირებული შეთანხმების შინაარსზე, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რათა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას. 4.12. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით... 4.13. ამავე კოდექსის 5804-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება, შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მდგომარეობაში. 4.14. ამრიგად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ - ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა. სწორედ, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას “ფინანსური ლიზინგის” ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს. 4.15. ლიზინგისაგან განსხვავებით ფული, როგორც ხელშეკრულების საგანი სასესხო ურთიერთობაში გამოიყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ეს ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების საგანი ფული ან სხვა გვაროვნული ნივთია. ამ ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს საკუთრებაში და მსესხებელმა მას, იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი უნდა დაუბრუნოს. სესხი, ჩვეულებრივ, სასყიდლიანია და მას საპროცენტო სარგებელი ერიცხება. 4.16. სამოქალაქო კოდექსის 254.1 მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მ---ირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. (29.06.2007 N5127) 4.17. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ა------------------ს, შპს „მ---ო“-სგან ავტომობილი სარგებლობაში კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ მან ფული ისესხა ავტომანქანის შესაძენად, რაც შპს „მ---ომ“ თავად გადაურიცხა გამყიდველს და, სწორედ, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა მოპასუხემ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. ამ მსჯელობას ადასტურებს თავად ხელშეკრულების 1-ლი პუნქტი (მნიშვნელოვანი პირობები), სადაც ლიზინგის თანხა განმარტებულია კრედიტად, ხოლო გრაფიკის მიხედვით, ა------------------ს უნდა გადაეხადა არა ქირა ქონებით სარგებლობისათვის, არამედ - სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის საფასური, მასზედ დარიცხული პროცენტით (ს.ფ.18-19), ხოლო თანხის გადახდის ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებისათვის ჯარიმა (პირგასამტეხლო). 4.18. პალატის აზრით, 2015 წლის 14 მარტის N L--------/0125 ხელშეკრულება, შინაარსობრივად, უფრო ახლოს დგას სამომხმარებლო კრედიტთან, რომლის განმარტებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 370.2 მუხლში, კერძოდ: ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა. 4.19. სამომხმარებლო კრედიტისაგან განსხვავებით, ლიზინგის მიმღებს, მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან შეწყვეტის შემთხვევაში გააჩნია ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლება და არა ვალდებულება, როგორც ეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.1. პუნქტშია დაფიქსირებული. ამდენად, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ამ მიზნით თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგება ლიზინგის ხელშეკრულების არსს, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა სარგებლობის მიზნით ქონების გადაცემაში მდგომარეობს. 4.20. ამგვარად, ნათელია, რომ, სინამდვილეში, ა------------------ს ავტომობილით სარგებლობისათვის ქირა კი არ უნდა გადაეხადა, არამედ - ანუიტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით უნდა დაეფარა ავტომობილის შეძენის მიზნით აღებული სესხი, რაც მითითებულია კიდეც ხელშეკრულების მე-4 პუნქტში. საყურადღებოა, რომ ეს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება, სწორედ სასესხო ვალდებულებების დასაფარად და არა გადასახდელი ქირის ოდენობის განსასაზღვრის მიზნით. თუკი ხელშეკრულება ლიზინგად იქნებოდა მიჩნეული, ან განვადებით ნასყიდობად, ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, კრედიტორს, ე.ი. შპს „მ---ოს“ ფულის მოთხოვნის უფლება არ ექნებოდა, პირიქით, ნივთის დაბრუნების შემდეგ, ნივთის გამოსყიდვისათვის გადახდილი საზღაური მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა. ვინაიდან, ხელშეკრულებით მხარეები მოპასუხის ფინანსურ ვალდებულებაზე (და არა უფლებაზე) შეთანხმდნენ და ამ ვალდებულებას მოპასუხე სადავოდ არც ხდის, უბრალოდ აცხადებს, რომ შეწყვეტილი აქვს შესრულებით, ეს ყველაზე ნათლად ამტკიცებს, რომ, სინამდვილეში, მხარეთა შორის ლიზინგის ხელშეკრულება არ დადებულა. 4.21. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 14 მარტის “ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება”, რეალურად უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც შპს „მ---ომ“, ა------------------ს, ავტომობილის შესაძენად სამი წლის ვადით ასესხა თანხა-7450 ლარი, აღნიშნული თანხა თავად გადაურიცხა გამყიდველს, ხოლო ა------------------ს სესხით სარგებლობისათვის განუსაზღვრა სარგებელი, ყოველთვიურად 4,57 %, ამასთან, სესხის უზრუნველყოფა მოახდინა შეძენილი ავტომობილით, რაზედაც ნაცვლად გირავნობის უფლების რეგისტრაციისა, თანხის სრულად გადახდამდე ავტომობილი თავის საკუთრებაში აღირიცხა. შესაბამისად, ამ ურთიერთობის ფარგლებში წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება უნდა მოხდეს სესხისა და გირავნობის მარეგულირებელი ნორმებით. 4.22. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მ---ირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მ---ირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4.23. დადგენილია, რომ 2016 წლის აპრილის თვეში, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, სესხის ძირითადი თანხის დავალიანებამ შეადგინა 4342,94 ლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით, ა------------------მ გირავნობის საგანი გადასცა შპს „მ---ოს“, რომლის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ შეადგინა 1500 ლარი, რაც მიმართული იქნა ა------------------- სესხის გადაუხდელი ნაწილის დასაფარად, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა და სხვაობამ შეადგინა 2842,94 ლარი (4342,94 – 1500). ვინაიდან, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებით, ა------------------მ იკისრა ვალდებულება დაეფარა ხოლო შპს „მ---ოს“ წინაშე არსებული დავალიანების ის სხვაობა, რაც დარჩებოდა უზრუნველყოფის საგნის-სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხის უკმარისობის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სკ-ის 624-ე, 276-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სესხის დარჩენილი ნაწილის-2842,94 გადახდევინების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 4.24. პალატა არ იზიარებს მოსარჩელეს მოთხოვნას ამ გადაწყვეტილების 4.7. პუნქტში მითითებული, დამატებითი ხარჯების-160 ლარის გადახდევინების თაობაზე, ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა მის მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის ამ ხარჯების გაწევის ფაქტი, ხოლო მოსარჩლეს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელი იქნება იდენტიფიცირება იმისა, რომ დამატებითი ხარჯები გაწეულია უშუალოდ ა-------------------ათვის გადაცემული ავტომობილით გამოწვეული დარღვევისათვის. ამდენად, ამ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ, სსკ-ის 102-ე მუხლით მინიჭებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ა------------------- ვალი დამატებითი ხარჯების ჩათვლით განისაზღვრა 3305,04 ლარით არასწორია, რაც მისი გაუქმების საფუძველია. 4.25. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დავალიანების განსაზღვრის მიზნით შეფასება უნდა მიეცეს იმ ფაქტს, რომ უზრუნველყოფის საგნის დაბალ ფასად რეალიზაცია გამოწვეულია თავად მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით, კერძოდ, არამუშა მდგომარეობაში მყოფი, დაზიანებული ავტომობილის რეალიზაციით. პალატა მიუთითებს, რომ სკ-ის 283.1 მუხლის თანახმად, მ---ირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, და გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მ---ირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მ---ირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მ---ირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის. მიუხედავად ასეთი დანაწესისა, იმისათვის, რომ სასამართლომ შეაფასოს მ---ირავნის მოქმედების მართლზომიერება და მისი დაუცველობით დამგირავებლისათვის მიყენებულ ზიანი, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანებისა და დამგირავებლისათვის მიყენებული ზიანის ურთიერთგაქვითვისა, უნდა არსებობდეს დამგირევებლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის წარდგენის გზით. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში ა.სამხარაძეს ამ უფლებით არ უსარგებლია, მის მიერ მითითებული ფაქტის კვლევას სასამართლო ამ სარჩელის ფარგლებში ვერ მოახდენს. 4.26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც შპს „მ---ოს“ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ა------------------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „მ---ოს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ა------------------ს, შ---------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2842,94 ლარის გადახდა,6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შ----------, ა------------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დამაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის-463 ლარის (3305,94-2842,94=463) პროპორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 18,52 (463-ის 4%) ლარის ანაზღაურება. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ა------------------ს, შპს „მ---ოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დამაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 2842,94 ლარის პროპორციულად, სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახლმწიფო ბაჟის ნაწილის 85,28 ლარის ანაზღაურება (2842,94-ის 3%=85,28).

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „მ---ოს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ა------------------ს, შ---------- სასარგებლოდ დაეკისროს, 2842,94 ლარის გადახდა;

5. შპს „მ---ოს“, ა------------------- სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 18,52 ლარის ანაზღაურება;

6. ა------------------ს, შპს „მ---ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-85,28 ლარის ანაზღაურება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე