განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001103578
N2ბ/7344-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,თ--–---’’
წარმომადგენლები - კ------- ჭ------–---–-, თ----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ბ-–----------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–---ს’’ სარჩელი მოპასუხე ბ-–-- ხ------–--ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის შესაბამისად, მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------- მ----–--. აბონენტის ნომრად N------- რეგისტრირებულია - თ--------------–---–-. აბონენტის (პიროვნების) ცვლილება არსებულ მომენტამდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მონაცემები უცვლელია (ს/ფ 12-21);
2.2. საქმეზე წარმოდგენილი 2013 წლის 13 აგვისტოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების შესაბამისად აბონენტს N------- (შ---------), რომელსაც სს ,,თ--–---ს“ მიმართ გააჩნდა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 4532.17 ლარის ოდენობით, მოპასუხე ბ-–-- ხ------–--ის განცხადების საფუძველზე, აღნიშნული დავალიანება გადაუნაწილდა 90 თვეზე და ყოველთვიურმა მინიმალურმა პორციამ შეადგინა 50.36 ლარი.
ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას სს ,,თ--–---ს“ მხრიდან ხელს აწერს კ--------------------------, როგორც კრედიტორი, ხოლო მეორე მხარეს მოვალის გრაფაში მითითებულია ბ-–-- ხ------–--ის სახელი და გვარი, ასევე დაფიქსირებულია ხელმოწერა (ს/ფ 27);
2.3. მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის N------- (თ-------------–---–-) ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ არსებული მდგომარეობით აბონენტს ერიცხება დავალიანება ჯამში - 4489.02 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით მიუხედავად აბობნენტის ბრუნვის ისტორიაში არსებული მიმდინარე და გადანაწილვადებული თანხების მაჩვენებლისა, მთლიანი თანხა წარმოადგენს ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებას. მითითებული ციფრის გამიჯვნა მოხდა მხოლოდ პროგრამულად, ვინაიდან ყოველთვიური პორცია გადადის პროგრამულად მიმდინარე დავალიანებაში (ს/ფ 27; 12-21);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მითითებული 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება აიღო გადაეხადა დავალიანება, აღიარა ვალი (ისე რომ არ მომხდარა აბონენტის ცვლილება). მითითებული განმარტების შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ვალის აღიარება, თავისი შინაარსით ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს, რადგან იგი მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ. თუმცა, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი მიმართულია არა ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების წარმოშობისაკენ, არამედ ადასტურებს ვალის ამღიარებლის მოვალეობას, შეასრულოს უკვე არსებული ვალი. სასამართლოს მითითებით, დაუშვებელია, რომ ვალის აღიარება ატარებდეს აბსტრაქტულ ხასიათს, ამიტომ იგი უნდა განხორციელდეს არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. ზემოთ მითითებული დებულების პირველი წინადადება, სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიერ ნების გამოვლენის ვალის აღიარებად მიჩნევისათვის, იგი უნდა აკმაყოფილებდეს რიგ კრიტერიუმებს. პირველი, ნების გამოვლენიდან ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი ნების გამოვლენა ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს ვალის არსებობაზე. წერილობითი ფორმით არსებული დოკუმენტით გარკვევით უნდა იკითხებოდეს ვალდებულების არსი, მოცემულ შემთხვევაში - აბონენტის/მოვალის გადასახდელი თანხის ოდენობა. ამგვარი ტიპის ხელშეკრულებაში, დაუშვებელია ისეთი ფრაზების მითითება, რომლებიც ბუნდოვანს ან გაურკვეველს გახდის მის შინაარსს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, ყოველი ეჭვი უნდა გადაწყდეს მოვალის სასარგებლოდ. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, სასამართლოს მითითებით, იგი მოიცავს ამღიარებლის მზადყოფნას, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ დროში. სასამართლომ განმარტა, რომ ამგვარი დათქმა, თავისთავად, არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ვალდებული პირი შებოჭილია კონკრეტული თარიღით, არამედ ის შეიძლება ასევე რაიმე მოვლენას უკავშირდებოდეს. მთავარია, რომ მკაფიოდ იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ განსაზღვრულ ვადებში ვალდებულების შესრულების სურვილი. ამასთან, არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ ვალის აღიარება, როგორც გარიგება, უნდა იყოს მხარის უშუალო ნების გამოხატულება და მისი დამოუკიდებელი მოქმედების შედეგი - ხელწერილი თუ ობიექტურად არსებული დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი და უნდა ასახავდეს მხარის სურვილს, დამოუკიდებელ ნებას, შეასრულოს არსებული ვალდებულება.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ნათელი იყო, რომ აბონენტი იყო სხვა პირი, ხოლო მოსარჩელე მხარის მითითებით მოვალე სხვა პირი, უნდა მომხდარიყო მითითებული ურთიერთობის სხვა სამართლებრივ ჭრილში განხილვაც.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. ხოლო ამავე კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.
ზემოაღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნის მფლობელის მიმართ ვალდებულების შესრულება შეიძლება მოვალის ნაცვლად იკისროს მესამე პირმა, თუკი თავად ვალდებულების არსიდან გამომდინარე იგი არ შეიძლება მხოლოდ მოვალის პიროვნებას უკავშირდებოდეს. მითითებულ შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოვალის (რეგისტრირებული აბონენტი თ. მ------–---–-) ჩანაცვლებას მესამე პირის მიერ და შესაბამისად, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ვალის გადაკისრებას ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. ანუ, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, ვალის გადაკისრება უნდა მომხდარიყო მესამე პირს - ბ-–----------–---ს და მოთხოვნის მფლობელს - სს ,,თ--–---“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და მის შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს, ანუ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც ნების გამომვლენ მხარეებს სურთ. სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას მხარეები სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხებას აღწევენ ყველა არსებით პირობაზე და შესაბამისად, ხდება მხარეთათვის წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების დადგენა. სასამართლოს მითითებით, არსებული სასამართლო დავის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო უპირველეს ყოვლისა განსაზღვრულიყო ხელშემკვრელი მხარეები და შესაბამისად, ის თუ ვის წარმოეშობოდა კონკრეტული ვალდებულებები მოეხდინა დავალიანების დაფარვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების შესაბამისად, სუბიექტებს წარმოადგენდნენ აბონენტი N------- (შ---------) და სს ,,თ--–---“, თუმცა ისე რომ არსად ხელშეკრულების ტექსტში არ ფიქსირდებოდა მოპასუხე ბ-–----------–---, ბოლოს ხელშეკრულების ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილი იყო მისი ხელმოწერა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე უკვე დასადგენი იყო მოპასუხე ბ-–-- ხ------–--ის მონაწილეობა და მისი სტატუსი, ხელშეკრულების შინაარსი და ხომ არ იყო რაიმე სახის უზუსტობა აბონენტის პიროვნებაში. საქმის მასალებით (აბონენტის ბრუნვის ისტორია) ცალსახა იყო, რომ სს ,,თ--–---“ ელექტროენერგიას აწვდიდა და შესაბამისად ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში იმყოფებოდა აბონენტ - თ. მ------–---–----. ასევე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა, რომ გადანაწილვადების შემთხვევაში თვიური პორცია დაიტანებოდა ყოველთვიურ ქვითარზე მიმდინარე დავალიანებასთან ერთად და ეგზავნებოდა აბონენტს - თ. მ------–---–-. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები იყო უცვლელი - თ. მ------–---–- და სს ,,თ--–---“, მოცემული 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებით ასევე მოწესრიგებული იყო აბონენტისათვის დაგროვილი დავალიანების ფარგლებში თვიური გადახდის პორციების ოდენობა (ეგზავნება ქვითრით თვის ბოლოს მიმდინარე გადასახადთან ერთად). აქვე, საგულისხმო იყო, რომ ვალის გადანაწილების მომენტში აბონენტს წარმოადგენდა სულ სხვა პირი - ,,შ---------". შესაბამისად, თავად აბონენტი - თ----- მ------–---–-ს იდენტიფიცირება (უძრავი ქონების მესაკუთრე) ხელშეკრულების დადების მომენტში არც ფიქსირდებოდა აბონენტის ბრუნვის ისტორიაში. შესაბამისად ცალსახა იყო, რომ შეთანხმების შედეგი, შესაბამისად ვალდებულება - გადაიხადოს ნაწილ-ნაწილ არსებული დავალიანება დადგა აბონენტისათვის - ხელშეკრულების დადების მომენტში - ,,შ-----------------", რომელსაც ყოველთვიურად მოსარჩელე მხარის მიერ დაანგარიშებულ მიმდინარე დავალიანებასთან ერთად ეგზავნებოდა შეტყობინება გადანაწილვადებული პორციის გადახდის თაობაზე (ქვითარშივე ცალკე ეთითება) და სწორედ იგი იმყოფებოდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მხარესთან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნათელი იყო, რომ 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებდა სსკ-ის 341-ე მუხლის დანაწესს და ასევე, არ ჯდებოდა სსკ-ის 203-ე მუხლის ნორმის ფარგლებშიც, ვიანიდან ვალდებულების მატარებელი იყო ბუნდოვანი.
სასამართლო მიუთითა, რომ ხელშეკრულება შესაძლებელია დადებული იქნეს თავად მოვალის ან მისი წარმომადგენლის მიერ, თუმცა მოსარჩელე მხარის განმარტების შესაბამისად, მითითება არ ხდებოდა წარმომადგენლობის უფლებამოსილებაზე და უშუალოდ მოვალედ ეთითებოდა - მოპასუხე ბ-–----------–---, რომლის სამართლებრივი სტატუსი და როგორც ზემოთ აღნიშნული იქნა ვალდებულება 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებიდან არ იკვეთებოდა არც ვალის აღიარებისა და არც ვალის გადაკისრების სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე ბ-–----------–---მ სასამართლო სხდომებზე არაერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დავალიანების გადანაწილების პროცესში მისთვის გასაგები იყო, რომ დავალიანება მის მიერ ეტაპობრივად უნდა გადახდილიყო. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ მომხმარებელმა არ იცოდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შინაარსი და შესაძლო სამართლებრივი შედეგები, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
აპელანტმა აღნიშნა, რომ 2014 წლის 13 აგვისტოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით, ბ-–----------–---მ იკისრა აბონენტ შ---------ს დავალიანების 4532.17 ლარის გადახდა ეტაპობრივად 90 თვის განმავლობაში. დავალიანების ნაწილობრივი გადახდის გამო, დავალიანება შემცირდა და შეადგინა 4489.02 ლარი. მოპასუხე ბ-–----------–---მ 2014 წლის 25 ივლისს გააკეთა განაცხადი დავალიანების გადანაწილების თაობაზე, მოითხოვა დავალიანების გადანაწილება და ასევე განახორციელა წინასწარი შენატანის სახით 300 ლარის გადახდა საბონენტო ბარათზე N-------.
აპელანტის განმარტებით, მოპასუხე ბ-–----------–--- სს "თ--–------ ურთიერთობაში გამოვიდა, როგორც ფაქტობრივი მომხმარებელი, რომელმაც დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით იკისრა სააბონტო ბარათზე არსებული დავალიანების გადახდა, რადგან სააბონენტო მისამართზე (ქ. თბილისი, დ-------- მ----–--. №--) ფაქტობრივად ცხოვრობდა. აღნიშნულს ადასტურებს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, სადაც ბ-–----------–---ს მისამართად დაფიქსირებული აქვს დ-------- მ----–--. №--. აღნიშნული ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე.
3.2. აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია 2014 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე მოპასუხისა და შემდგომში სასამართლოს მსჯელობა.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს: 1. განაცხადს, სადაც აბონენტის მიმართ არსებული დავალიანების გადანაწილებას ითხოვს დაინტერესებული პირი (სააბონენტო მისამართზე მცხოვრები მოსარგებლე) და აღიარებს კონკრეტული დავალიანების არსებობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა; 2. შეიცავს ხელშეკრულების ძირითად ნაწილს, სადაც მოვალედ მითითებულია დაინტერსებული პირი (განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - ბ-–----------–---მ), რომელიც კისრულობს დავალიანების გადახდას ეტაპობრივად (განსახილველ შემთხვევაში დავალიანება გადანაწილდა 90 თვეზე).
გარდა ამისა, აპელანტმა აღნიშნა, რომ სს "თ--–---ს" აბონენტების განცხადებას დავალიანების გადანაწილების თაობაზე განიხილავს სს "თ--–--–-" არსებული სპეციალური კომისია. კომისიის მიერ განაცხადის განხილვა ხორციელდება დავალიანების ნაწილის წინასწარი გადახდის პირობით. მოპასუხე ბ-–----------–---მ ხელშეკრულების გაფორმების დღეს 2014 წლის 13 აგვისტოს გადაიხადა 300 ლარი წინასწარი შენატანისა სახით, რითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს გააჩნდა დავალიანების გადანაწილების ინტერესი, ცხოვრობდა და მოიხმარდა ელექტროენერგიას სააბონენტო მისამართზე. აგრეთვე პერიოდულად იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ "პორციასა" და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. სწორედ ბ-–----------–--- ახორციელებდა 2014 წლიდან გადახდებს. შესაბამისად, სწორედ ფაქტობრივი მომხმარებელი - ბ-–----------–---, წარმოადგენს სს "თ--–---ს" წინაშე ვალდებულ პირს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2014 წლის 25 ივლისს, ბ-–--ი ხ------–---მ მიმართა სს „თ--–---“ შემდეგი შინაარსის განცხადებით: „გამაჩნია (აბონენტს N------- გააჩნია) მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 4532;17 ლარი. გთხოვთ სს „თ--–--–-“ დადგენილი წესების შესაბამისად, დავალიანება გამიწილვადოთ 90 თვეზე, ხოლო ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური პორცია განმისაზღვროთ 50.36 ლარით“ (ტ. 1, ს.ფ. 27).
4.2. 2014 წლის 13 აგვისტოს, სს ,,თ--–---ს’’ წარმომადგენელს კ--------------------------სა და ბ-–----------–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად, აბონენტს N------- (შ---------), რომელსაც სს ,,თ--–---ს“ მიმართ გააჩნდა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 4532.17 ლარის ოდენობით, ბ-–-- ხ------–--ის განცხადების საფუძველზე, გადაუნაწილდა 90 თვეზე. ყოველთვიურმა მინიმალურმა პორციამ შეადგინა 50.36 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 27);
4.3. საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის შესაბამისად, მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------- მ----–--. აბონენტის ნომრად N------- რეგისტრირებულია - თ--------------–---–-. აბონენტის (პიროვნების) ცვლილება არსებულ მომენტამდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მონაცემები უცვლელია (ტომი 1; ს.ფ. 12-21);
4.4. აბონენტის N------- (თ-------------–---–-) ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ არსებული მდგომარეობით აბონენტს ერიცხება დავალიანება ჯამში - 4489.02 ლარის ოდენობით. სააბონენტო ბარათზე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მიმდინრე დავალიანება შეადგენს 561.17 ლარს, ხოლო, გადანაწილებული ვალიდან გადასახდელი თანხა, 3927,85 ლარს, რაც საერთო ჯამში შეადგენს 4 489.02 ლარს;
სს ,,თ--–---ს’’ წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად აბობნენტის ბრუნვის ისტორიაში არსებული მიმდინარე და განაწილვადებული თანხების მაჩვენებლისა, მთლიანი თანხა წარმოადგენს ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებას. მითითებული ციფრის გამიჯვნა მოხდა მხოლოდ პროგრამულად, ვინაიდან ყოველთვიური პორცია გადადის პროგრამულად მიმდინარე დავალიანებაში;
4.5. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ გარემოებას იმის შესახებ, რომ ბ-–--ი ხ------–--- არ წარმოადგენს სს ,,თ--–---ს” მიმართ N------- აბონენტზე რიცხული დავალიანების გადახდაზე ვალდებულ პირს.
პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოპასუხემ 13.08.2014 წ. ხელშეკრულებით ნებაყოფლობით აღიარა, რომ გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 4532.17 ლარი და გამოავლინა ნება მისი ეტაპობრივად გადახდის თაობაზე, მან უნდა გადაიხადოს ამ ვალის აუნაზღაურებელი ნაწილი. რაც შეეხება აბონენტზე რიცხულ მიმდინარე დავალიანებას, რაც შეადგენს 561.17 ლარს, მოპასუხეს ასევე ეკისრება მისი ანაზღაურება. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 13.08.2014 წ. ხელშეკრულებაში ბ-–--ი ხ------–--ის საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა აბონენტის საცხოვრებელ მისამართს - დ-------- მ----–--. კორპ.0---- (ტ.I, ს.ფ. 27). ამდენად, ბ-–--ი ხ------–--- - რომელიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის წარმოადგენდა დ-------- მ----–--. კორპ.0-----ში ფაქტობრივად მცხოვრებ პირს, აღიარებდა ამ მისამართზე მიწოდებული ელ. ენერგიის დავალიანებას და კისრულობდა მის დაფარვას, მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მისამართზე მიწოდებული ელ. ენერგიის დავალიანების გადახდაზე ვალდებულ სუბიექტად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ამდენად, იგი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე.
ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. წარმოდგენილ 13.08.2014წ. ხელშეკრულებაში დაცულია ყველა აღნიშნული პირობა: მითითებულია ვალდებულების მოცულობა, მისი შესრულების ნება და შესრულების წესი (ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე შეთანხმება).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, როგორც ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების გაქარწყლება, ისე ამ აღიარების შემდგომ წარმოშობილი დავალიანების გასტუმრებაზე მისი ვალდებულების არარსებობის დადასტურება, თუმცა მას ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის, ხოლო ის გარემოება, რომ აბონენტად სხვა პირი არის მითითებული, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა ვერ მიიჩნევს მოპასუხე მხარის ვალდებულებისაგან გათავისუფლების უალტერნატივო წინაპირობად. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლითაც მოხდა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადანაწილება 90 თვეზე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ვალის აღიარებას. ზემოაღნიშნული მტკიცებულება შეიცავს მოპასუხის განცხადებას №------- აბონენტის დავალიანების გადანაწილების შესახებ. აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის ნებით მოხდა ვალის გადანაწილების შესახებ შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით მან აღიარა, რომ წარმოადგენს აბონენტის №------- დავალიანების დაფარვის ვალდებულების მქონე პირს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე წესების მე-9 მუხლის პირველი პუქნტით: მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; მე-7 პუნქტით, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
დადგენილია რა, რომ №-------- აბონენტს სს ,,თ--–---ს” მიმართ ერიცხება ვალი 4489.02 ლარი და დადგენილია ამ დავალიანებაზე ვალდებული სუბიექტი, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სს ,,თ--–---ს’’ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თ--–---ს’’ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სს ,,თ--–---ს’’ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ბ-–--ი ხ------–---ს სს ,,თ--–---ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, საერთო ჯამში 4489.02 ლარის ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს’’ სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, ბ-–--ი ხ------–---ს სს ,,თ--–---ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე (134.7 ლარი) და სააპელაციო საჩივარზე (179.5 ლარი), გადახდილი სახელმწიფო ბაჟების თანხა, ჯამში, 314.5 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ--–---ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,თ--–---ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბ-–--ი ხ------–---ს სს ,,თ--–---ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების, 4489.02 ლარის ანაზღაურება;
5. ბ-–--ი ხ------–---ს სს ,,თ--–---ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი, სახელმწიფო ბაჟების, ჯამში, 314.5 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი