განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
330210117001880340
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
გირავნობა
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001880340

საქმე №2ბ/2570-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები _ ნატალია ნაზღაიძე

ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ა---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „პ--------------–- X-- ს--------“, მ-----– ო----–---–ი

წარმომადგენელი - რ------------------ე

 

დავის საგანი – გირავნობის მოწმობისა და გირავნობის ჩანაწერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „პ--------------–- X-- ს--------“-სა და მ-----– ო----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სსიპ მ-------------------------ს მიერ 07.06.2016 წელს გაცემული N0----- გირავნობის მოწმობა და შესაბამისად, გაუქმდა გირაოს საგანზე შპს ,,პ--------------–- X-- ს--------ს" საკუთრებაში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო ნომრით - Y------, 2014 წლის 4 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული გირავნობის ჩანაწერი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

დადაგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს ,,ე------------------"სა და მ-----– ო----–---–ს შორის, დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა სესხი 2500 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა შპს ,,პ--------------–- X-- ს--------ს" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო N Y------.

 

ხელშეკრულების მიხედვით, გირავნობის სახეა რეგისტრირებული გირავნობა. გირავნობის საგანი რჩება დამგირავებელს მფლობელობაში და მისი მოგირავნისათვის მფლობელობაში გადაცემა ხდება მოთხოვნის საფუძველზე გირავნობა რეგისტრირებული იქნა შს მ-------------------------ში 11.12.2014წელს.

 

2.3 მ-----– ო----–---–მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. 2015 წლის 25 სექტემბერს შპს "ე--------------- +"მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ-----– ო----–---–ის მიმართ, დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

 

2016 წლის 22 თებერვალს, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დატოვებულია ძალაში. შპს "ევრო კრედიტ+“ის საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

 

2.4 07.06.2016 წელს, შპს „ე--------------- +“-ის მოთხოვნის საფუძველზე, შს მ-------------------------ს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომელიც წარედგინა კერძო აღმასრულებელს გირავნობის საგნის გამოთხოვისათვის.

 

2.5. შპს „ე--------------- +“-ს გაცხადებული აქვს გირავნობის უფლებაზე უარი. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51ე მუხლის შესაბამისად, (ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა) ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ გირაოზე უარის თქმა ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს, რა დროსაც მოგირავნე გირაოზე უარის ნებას აცხადებს დამგირავებლის ან მესაკუთრის მიმართ. კანონი უარის თქმის გამოხატვის რაიმე ფორმას არ აწესებს და ის შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს. საქმის მასალების მიხედვით, 07.09.2015 წელს, მ-----– ო----–---–ს გაეგზავნა წერილი, სადაც შპს „ე---------------+“მა უარი თქვა გირავნობის საგანზე. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 272ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის გზით, ის უარს აცხადებდა გირავნობის უფლებაზე 2014 წლის 4 დეკემბერს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N112564ის საფუძველზე დაგირავებულ ავტომობილზე, ამასთან, განუმარტა მოსარჩელეს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებდა შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის შემდგომ 2015 წლის 25 სექტემბერს მოპასუხემ, მ-----– ო----–---–ის მიმართ, სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 4 დეკემბრის სესხის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სარჩელის მეოთხე გვერდზე (ს.ფ.24) მითითებულია, რომ მან 2015 წლის 7 სექტემბერს მ-----– ო----–---–ს გაუგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის მიზნით, უარი თქვა გირავნობის საგანზე, ვინაიდან მასზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა. გირავნობის უფლებაზე უარი გაცხადებული იქნა ასევე პრესის მეშვეობით, 2015 წლის 910 სექტემბრის გაზეთ „სიტყვა და საქმეში“.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მ-----– ო----–---–ს მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნებაზე უარი არ უთქვამს. მიიღო ნება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირავნობაზე უარი ნამდვილი იყო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 254ე მუხლზე, რომლითაც მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს ,,ე------------------"-სა და მ-----– ო----–---–ს შორის დადებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, მ-----– ო----–---–ის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გირავნობით დაიტვირთა შპს ,,პ--------------–- X-- ს--------ს" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო N-------. გირავნობა რეგისტრირებული იქნა შს მ-------------------------ში 11.12.2014 წელს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ გირავნობის უფლების გაუქმების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ 07.09.2015 წლის წერილით, უარი განაცხადა გირავნობის საგანზე. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მ-----– ო----–---–ისადმი შპს „ე---------------+“ წერილის შინაარსი (ს.ფ. 147, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 3.2.4 პუნქტი) ცალსახად ადასტურებდა გირავნობის უფლებაზე უარის თქმას. შესაბამისად, მოპასუხის მითითება, რომ 2015 წლის 7 სექტემბრის წერილი იყო გაფრთხილებითი ხასიათის, სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლომ მიუთითა, რომ გირავნობაზე უარის ფაქტი დადასტურებული იყო შესაგებელშიც მოპასუხის მიერ, სადაც ის განმარტავდა, რომ მ-----– ო----–---–ისათვის გირავნობის საგნის დაბრუნება მოხდა მასზე არსებული საგადასახადო დავალიანების გამო.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ შპს „ე--------------- +“ის საწინააღმდეგოდ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით დატოვებული იქნა უცვლელად. კრედიტორმა გირავნობის მოწმობა მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების მიღების შემდეგ. აქვე სასამართლო მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუქმებულა არც ზემდგომი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 272ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.

 

განხილულ შემთხვევაში, მოპასუხე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მას რეგისტრაციის გზით უარი გირავნობის უფლებაზე არ განუცხადებია. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 8ე მუხლის 3ე პუნქტის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე, ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და მაკორექტირებელი ფუნქცია. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

 

სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდა სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-----– ო----–---–მა მოპასუხისაგან სესხად მიიღო გარკვეული თანხა და წარმოეშვა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის ინტერესს ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა თანხის მიღება გარკვეული საჭიროებისათვის, ხოლო მოპასუხის ინტერესს მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეკონომიკური სარგებლის მიღება. სასამართლოს მითითებით სადავო არ იყო, რომ მ-----– ო----–---–მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ უარი თქვა გირავნობის უფლებაზე, იმ მოტივით, რომ მასზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა და გირავნობის საგნის რეალიზაცია მისთვის არ იყო შედეგის მომტანი, თუმცა გირავნობის უფლებაზე უარი არ დაარეგისტრირა. შემდგომში, როდესაც მოვალემ დაფარა საგადასახადო დავალიანება, მიიღო გირავნობის მოწმობა და დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგება კრედიტორის მიერ გამოხატულ ნებას და კეთილსინდისიერების ფარგლებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ს.ს.ი.პ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის პირველი მუხლის შესაბამისად, ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ადგენს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, ლიზინგის მოწმობის გაცემის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაგადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს.

 

სასამართლოს განმარტებით, დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ე---------------+“მა უარი თქვა გირავნობის საგანზე. ის გარემოება, რომ მოპასუხე შს მ-------------------------ში გირავნობის უფლებაზე უარის რეგისტრაცია არ განუხორციელებია, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ერთი მხრივ, აღნიშნული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან თავისი არსით დავა არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქმე, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღნიშნული კოლეგიის განსჯად საქმეს, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უგულვებელჰყო მ-------------------------ს შესაგებელში მოყვანილი სამართლებრივი დასაბუთება და მიღებულ იქნა გადაწვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

3.2. აპელანტის განმარტებით გირავნობის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი, ისევე როგორც გირავნობის მოწმობა წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ-------------------------ს მიერ გირავნობის რეგისტაციის გაუქმებისა და გირავნობის მოწმობის გაცემის სამართლებრივი საფუძვლები დგინდება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესით", რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის განხორციელების ფორმას და მისი კანონიერების შემოწმებისას, როდესაც დგას საქმიანობის სამართლებრივი ფორმის გაუქმება - არ გაუქმების საკითხი, საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადს. აპელანტს მიაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ გირავნობის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განაცხადი და მოსარჩელესა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება, არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის გაუქმების საკითხი განსჯადობით ექვემდებარება სამოქალქო კოლეგიას, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი საჯარო სამართლებრივი ფუნქციის შესრულების მოთხოვნით მიმართვისას, სახეზე გვაქვს საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა. აპელანტის განმარტებით, მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით შეიძლება მსჯელობა რეგისტრირებული გირავნობის ან/და გირავნობის მოწმობის გაუქმების შესახებ და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს შორის არსებული ,,გაუგებრობები" არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს მოპასუხედ ჩართვის და მასზე სასამართლო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

3.3. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამარლოს მიერ არაკვალიფიციურად არის შეფასებული რეგისტრირებული გირავნობის და გირავნობის მოწმობის გაუქმების საკითხებიც. კერძოდ, აპელანტი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "წ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მ-------------------------ს ფუნქციას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია. აპელანტი ასევე უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე; გირავნობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთვოდეს მოგირავნის წერილობითი დასტური.

 

აპელანტი განმარტავს, რომ იმპერატიულად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში ხდება გირავნობის უფლების გაუქმება სატრანსპორტო საშუალებზე და მოცემული შემთხვევისათვის სახეზე უნდა იყოს მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა ან დამგირავებლის განცხადება, მოგირავნის წერილობით დასტურთან ერთად, რასაც არ აქვს ადგილი (არცერთ მხარეს არ მოუმართავს სააგენტოსათვის რეგისტრირებული გირავნობის გაუქმებაზე) და შესაბამისად, სასამართლოს მითითება მასზედ, რომ რეგისტრირებულ გირავნობაზე უარის თქმა არ საჭიროებს რაიმე ფორმის დაცვას არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ასევე აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა მითითება მასზედ, რომ მ. ო----–---–ის უმოქმედობა შპს -ს წერილზე არის თანხმობის გამომხატველი გირავნობის გაუქმების ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოში თავისთავად მოჰყვება გირავნობის შესახებ ჩანაწერის გაუქმება. ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, გირავნობის რეგისტრაციის ჩანაწერის გაქმებაზე დასტური უნდა იყოს ცალსახა და მკაფიო ნების გამოვლენა, ხოლო მეორე მხრივ, გირავნობის გაუქმებაზე ნების მოგირავნის გამოვლენას აუცილებელია მოჰყვეს დამგირავებლის მიერ მისი მიღება, რასაც ის გამოხატავს ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე განცხადებისა და აღნშნლი დასტურის წარდგენით, რაც მ. ო----–---–ს არ განუხორციელებია. შესაბამისად, აპელანტითვის გაუგებარია ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების მოტივები სასამართლოს მიერ, მაშინ როცა არ არის სადაო, რომ არცერთ მხარეს მ-------------------------სათვის არ მოუმართავს გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აპელანტის მოსაზრებით, არ არსებობს გირავნობის მოწმობის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან იგი გაცემულია კანონის სრული დაცვით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მოცემულ საქმეზე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოსარჩელეს წარმოადგენდნენ შპს „პ--------------–- X-- ს--------“ და მ-----– ო----–---–ი, მოპასუხეს კი შპს ,,ე---------------ი“ და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. მოცემული დავა მომდინარეობდა მოსარჩელესა და შპს ,,ე---------------ს“ შორის არსებული ვალდებულებებიდან. მხარეთა შორის დადებული იყო სესხისა და გირავნობის ხელსეკრულება. გირავნობის საგანს წარმოადგენდა შპს „პ--------------–- X-- საუკუნის“ კუთვნილი ავტომობილი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ-----– ო----–---–მა დაარღვია შპს ,,ე--------------- +“- თან დადებული ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. დადგენილია ისიც, რომ შპს ,,ე--------------- +“-მა უარი თქვა გირავნობის უფლებაზე, იმ მოტივით, რომ გირავნობის საგანზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა და გირავნობის საგნის რეალიზაცია მისთვის არ იყო შედეგის მომტანი, თუმცა გირავნობის უფლებაზე უარი არ დაარეგისტრირა. შემდგომში, როდესაც მოვალემ დაფარა საგადასახადო დავალიანება, შპს ,,ე--------------- +“-მა მიიღო გირავნობის მოწმობა და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მის მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უარი უთხრა მ-----– ო----–---–ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ დავაში მოსარჩელეები ითხოვენ გირავნობის მოწმობის ბათილად ცნობას და სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული ჩანაწერის გაუქმებას.

 

მეტად საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, რაც არ გასაჩივრებული კრედიტორის მიერ. იგი გასაჩივრდა მხოლოდ და მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. პალატა განმარტავს, რომ არსებულ უფლებათა რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოადგენს ამ უფლების მქონე პირის ინტერესების დაცვის გარანტიას. რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაცვას ამ უფლების მქონე პირთა ინტერესები. სხვა მიზანი და დანიშნულება მას არ გააჩნია. შესაბამისად, სადავო ავტომობილზე გირავნობის უფლების რეგისტრაციას ან გაუქმებას შეუძლებელია რაიმე მნიშვნელობა ქონდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის და შესაბამისად, შეილახოს მისი უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 2581ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას. ამავე მეხლის მეოთხე ნაწილის თანახმად კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტოს როლი ამ ურთიერთობაში მხოლოდ განცხადების საფუძველზე მოწმობის გაცემით შემოიფარგლება. იგი გაცმის მოთხვონის მართლზომიოერებაზეც კი არ არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, მისი როლი ამ ურთიერთობაში მეტად უმნიშვნელოა. მითუმეტეს, რომ სრულიად გამორიცხულია მისი რაიმე სახის ინტერესი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა რეგისტრაციის ან მისი გაუქმების მიმართ. კანონი ჩვენს მიერ განსახილველი შემთხვევის მიმართ არ ითვალისწინებს სააგენტოს რაიმე სპეციფიურ უფლებამოსილებებს, რაც გამორიცხავს მის ინტერესს რეგისტრაციის მიღმა მიმდინარე პროცესების მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებებს სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპებზე დაყრდნობით, სარჩელს სასამართლოში აღძრავს მოსარჩელე, რომელიც თავად განსაზღვრავს მოპასუხეთა წრეს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს არასათანადო მოპასუხის შეცვლის შეთავაზებას სათანადო მოპასუხით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ განსაზღვრა მოპასუხეთა წრე ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად და მოპასუხედ მიუთითა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, რომელმაც მოცემულ სემტხვევაში უნდა განახორციელო სასამართლოს მიერ დადგენილი მატერიალური უფლების რეგისტრაცია ან გაუქმება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს სამოქალაქო დავას. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. პალატის შეფასებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. განსახილველ შემთხვევაში კი დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 7 ივნისს გაცემული №0----- გირავნობის მოწმობის ბათილად გამოცხადება და შესაბამისად, საგანზე შპს ,,პ--------------–- X-- ს--------” ს/კ 4-------- საკუთრებაში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე სახ. ნომრით Y------, 2014 წლის 4 დეკემბრის №1-------- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული გირავნობის ჩანაწერის გაუქმება. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან დავის საგანი კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდანაა წარმოშობილი. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელი მიეკუთვნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, შესაბამისად, პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიიჩნია წინამდებარე საქმე მის განსჯადობას დაქვემდებარებულ დავად და განიხილა ყოველგვარი საპროცესო დარღვევის გარეშე, ჩათვალა რა, რომ ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, ვერ შეცვლიდა დავის კერძოსამართლებრივ ხასიათს და ვერ განაპირობებდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვას.

 

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ აპელანტი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს დავის საგნით დაინტერესებულ მხარეს, ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის მიმართული მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მეტიც - იგი დავაში არც კრედიტორს წარმოადგენს და გაუგებარია, თუ რა ინტერესი ამოძრავებს აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღწევადი შედეგის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანით დაირღვა მ-------------------------ს შიდა ინსტრუქციებით გათვალისწინებული პროცედურა, რომლის მიხედვითაც, გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე; გირავნობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთვოდეს მოგირავნის წერილობითი დასტური.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდა სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ-----– ო----–---–მა მოპასუხისაგან სესხად მიიღო გარკვეული თანხა და წარმოეშვა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მეტიც - პალატა მიიჩნევს, რომ მართალია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ,,გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ საშუალებების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, ლიზინგის მოწმობის გაცემის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაგადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, თუმცა იგი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას გირავნობის მოწმობის რეგისტრაციის გაუქმებაზე იმ მოტივით, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დარღვეულია მისი შიდა პროცედურული ნორმები და სასურველი შედეგის დასადგომად აუცილებელია არა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ - მხარეთა მიერ ნების გამოხატვა განცხადების ან ელექტრონული განაცხდის გზით.

 

ამდენად, პალატის შეფასებით, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, აპელანტმა ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო