განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310017001979224
საქმე №3/ბ-02-2018წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – ქ---------–-----ე
წარმომადგენელი – კ--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახური
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 22 ივნისს ქ---------–-----ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების მშენებლობის სამსახურის მიერ 2016 წლის 07 სექტემბერს გაცემული მითითებისა და ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 05 მაისის N8-- ბრძანების ბათილად ცნობა;
სარჩელის მიხედვით, სივრცითი მოწყობის, აქრქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის მიერ 2016 წლის 15 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №-- ქალაქ ოზურგეთში, გ-------–------------ის ქუჩის №2--ში მის სარგებლობაში არსებულ ფართზე უკანონო მიშენებას. ამის შემდეგ 2016 წლის 07 სექტემბერს გაცემული მითითებით ეცნობა, რომ დარღვეული ჰქონდა სამშენებლო კანონმდებლობის ნორმები, რადგანაც მშენებლობა არ ჰქონდა შეთანხმებული მშენებლობა მერიის შესაბამის სამსახურთან და მოსალოდნელი იყო მისი დაჯარიმება 3000 ლარით. შემოწმების აქტი, სადანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა, შედეგენილია 2016 წლის 15 ივლისს, ხოლო გასაჩივრებული აქტი გამოცემულია 2017 წლის 05 ივნისს, ანუ დარღვევის აღმოჩენიდან 11 თვის გასვლის შემდეგ, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
მოსარჩელის პოზიციით, სადავო მიშენება არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის 43-ე მუხლი შედის ამავე კანონის მეოთხე თავში, ამავე თავში შედის მე-14 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით ამ თავით დადგენილი წესები არ გამოიყენება, თუკი მშენებლობა არ საჭიროებს ნებართვას, რაც არ გაითვალისიწნა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბალად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწვეტილებით ქ---------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ქ---------–-----ეს საკუთრებაში გააჩნია ქ.ოზურგეთში, გ-------–------------ის ქუჩა N2-, ბინა N22-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების მშენებლობის სამსახურის მიერ 2017 წლის 15 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N--;
2.2.2. 2017 წლის 05 მაისს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა ბრძანება N8--, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა 3000 ლარით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლოს მითითებით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-14 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა- ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები.
ამავე კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,,სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.
სასამართლოს განმარტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. მავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
ამავე მუხლის მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნაწილების თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
სასამართლოს აღნიშვნით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: ა) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ---------–-----ეს მიშენება აქვს განხორციელებული ნებართვის გარეშე, რაზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოებისას მის მიმართ გამოტანილი იქნა მითითების აქტი 2016 წლის 07 სექტემბერს. მხარემ არ შეასრულა შესაბამისი მითითება. აღნიშნულზე შედგა შესაბამისი შემოწმების აქტი 2017 წლის 08 მაისს და 2017 წლის 05 ივნისს გამოცემული იქნა ბრძანება პირის დაჯარიმების შესახებ. დაჯარიმების ბრძანების გამოცემამდე ქ---------–-----ეს არ აქვს მიმართული ლეგალიზების კომისიისთვის და არ აქვს შესრულებული მითითება. ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე სახის არსებითი დარღვევა არ განხორციელდა, შესაბამისად სასამართლომ სარჩელი მიიჩნია უსაფუძშვლოდ და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქ---------–-----ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მითითებით, სივრცითი მოწყობის, აქრქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის მიერ 2016 წლის 15 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №--, რომელშიც მითითებულია, რომ განხორციელებული ჰქონდა მიშენება. ამის შემდეგ 2016 წლის 07 სექტემბერს გაცემული მითითებით ეცნობა, რომ დარღვეული ჰქონდა სამშენებლო კანონმდებლობის ნორმები, რადგანაც არ ჰქონდა შეთანხმებული მშენებლობა მერიის შესაბამის სამსახურთან და მოსალოდნელი იყო მისი დაჯარიმება 3000 ლარით. რაც შეეხება 2017 წლის 08 მაისის შემოწმების აქტს, ის წარმოდგენილი იქნა სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღებას იმაზე, რომ შემოწმების აქტი სადანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა შედეგენილია 2016 წლის 15 ივლისს, ხოლო გასაჩივრებული აქტი გამოცემულია 2017 წლის 05 ივნისს, ანუ დარღვევის აღმოჩენიდან 11 თვის გასვლის შემდეგ;
3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის 2--ე მუხლის 13-ე ნაწილის მიხედვით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც შედგა შემოწმების აქტი და უნდა დასრულებულიყო 2 თვის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ;
3.1.3. აპელანტის მითითებით, სადავო მიშენება არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის 43-ე მუხლი შედის ამავე კანონის მეოთხე თავში, ამავე თავში შედის მე-14 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით ამ თავით დადგენილი წესები არ გამოიყენება, თუკი მშენებლობა არ საჭიროებს ნებართვას;
3.1.4. აპელანტის აღნიშვნით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული ბინისა და შესაბამისად ფართის მესაკუთრის ვინაობა, შესაბამისად არანაირი განმარტება არ მიუცია ამავე ორგანოსათვის ბინის მესაკუთრეს, აქტი გამოცემულია არა იმ პირის მიმართ, ვისაც სარგებლობაში/საკუთრებაში აქვს ფართი;
3.1.5. აპელანტის მითითებით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახე“ კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. ამავე კანონის 2--ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა;
3.1.6. აპელანტის აღნიშვნით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მის მიერ განხორცელებული ქმედება წარმოადგენს რემონტს, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ, შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; რემონტი კი არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუქნტის მიხედვით;
3.1.7. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის და 27-ე და 28-ე მუხლების მოთხოვნები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არსებითად დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიხედვით, მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის სამართლებრივი საფუძველი გახდა საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით.
საქმის მასალებით, მათ შორის ფოტოსურათებით (იხ.ს.ფ.65-72) დადგენილია და არც აპელანტი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქალაქ ოზურგეთში, გ-------–------------ის ქუჩის №2--ში მე-2 სართულზე საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა №22, რომელზეც განახორციელა მიშენება რკინის ბოძების გამოყენებით. აღნიშნულის შემდგომ (მოსარჩელის განმარტებით 2016 წელს) მოახდინა მე-2 სართულის მიშენების ქვეშ არსებულ საყრდენ ბოძებზე ტიხრების ამოშენება სამშენებლო მასალის გამოყენებით და გაუკეთა ღიობი. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მიშენების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების პროცესს არეგულირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილება, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის იყოფა 5 კლასად.
დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე პუნქტის ,,ყ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, I კლასს განეკუთვნება კიბის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი აგრემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ქალაქ ოზურგეთში, გ-------–------------ის ქუჩის №2--ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისას არ იქნა დაცული ზემოთ აღნიშნული ნორმების მოთხოვნები, შესაბამისად აღნიშნული მშენებლობა განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა, რა გარემოებაც მართებულად შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
რაც შეეხება ადმინისტრაციული წარმოების ვადების დარღვევის შესახებ აპელანტის პოზიციას, პალატა აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად მიხედვით, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.
ამავე კანონის 2--ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილია ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, აქრქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის მიერ 2017 წლის 8 მაისს შედგენილი შემოწმების აქტი №-- (იხ.ს.ფ.43), რომლითაც დაფიქსირებულია 2016 წლის 9 სექტემბერს ამავე სამსახურის მიერ გაცემული მითითების მოსარჩელის მხრიდან შეუსრულებლობა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის №8-- ბრძანება უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ქ---------–-----ის დაჯარიმების შესახებ გამოიცა 2017 წლის 5 ივნისს, ანუ კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში.
პალატა ვერ გაიზაირებს აპელანტის პოზიციას ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ივნისის №8-- ბრძანების გაყალბების შესახებ, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ მითითებულ ბრძანებას გააჩნია რეგისტრაციის ნომერი, ასევე ელექტრონული შტრიხკოდი, რა გარემოებაც გამორიცხავს მის სიყალბეს.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას გასაჩივრებული ბრძანების პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 2--ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შესახებ და აღნიშნავს, რომ სარჩელზე დართული 2016 წლის 15 ივლისის შემოწმების აქტი №-- გამოცემულია ხ---------–-----ის და ქ---------–-----ის მიმართ და მასში არ არის მოცემული მითითების შესრულები ან შეუსრულებლობის შესახებ, მხოლოდ დაფიქსირებულია ქალაქ ოზურგეთში, გ-------–------------ის ქუჩის №2--ში პირველ სართულზე უნებართვო მშენებლობის მიმდინარეობის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით 2016 წლის 20 ივლისის მითითების კანონიერებასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხ---------–-----ის და ქ---------–-----ის მიერ აღძრული იყო სარჩელი, რომლითაც აღნიშნული მითითება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 20 ივლისის მითითება გამოცემული უნდა ყოფილიყო არა ხ---------–-----ის, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრის ქ---------–-----ის მიმართ (იხ. ს.ფ.23). პალატის მოსაზრებით, 2016 წლის 15 ივლისის შემოწმების აქტი №--, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ფაქტის ფიქსაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და არა შემოწმების აქტს, გამოცემული იყო სწორედ ხ---------–-----ის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის პროცესში, რასაც მისი გამოცემის თარიღთან ერთად ადასტურებს მასში ხ---------–-----ის სახელისა და გვარის მითითება, რომლის მოანცემები მისი შემდგენის მიერ არის სწორი ხაზით მონიშნული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ ქ---------–-----ის სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ---------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება:
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე