განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
010141318700066634
ინსტანცია
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700066634

საქმე №1აგ/535-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2018წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ--–-------------ის (დაბადებული 1----–-–------------, პირადი N3----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:

მ--–-------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა დიდი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის - წონით 0,0000736 გრამის უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი და 6(ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:

მ--–-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის, 4(ოთხი) თვისა და 29(ოცდაცხრა) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მ--–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენი მ--–-------------ის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მ--–-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის, 4(ოთხი) თვისა და 29(ოცდაცხრა) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მ--–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

2018 წლის 19 სექტემბერს მსჯავრდებულმა მ--–-------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ--–-------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის წონით 0,00009 გრამი, დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული მ--–-------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის, წონით 0,0000736 გრამის, უკანონო შეძენა და შენახვისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი (ყველა ნაწილი) სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მსჯავრდებული მ--–-------------ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მ--–-------------ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ--–-------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ--–-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მ--–-------------ის ქმედება /თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენი/ გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

გაუქმდეს მითითება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე და მ--–-------------ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/

 

/რ. ნადარაია/