განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 02021011800253325
საქმე №2/ბ-901-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: შპს ,,ჯ--------- მ-------–-“
წარმომადგენელი: ლ---- ს------
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ჯ--- ბ--–---“
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 09 ივლისს, შპს ,,ჯ--- ბ--–---ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ჯ--------- მ-------–-ი“ და მოპასუხეზე, ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების - 61 017.2 ლარის და საპროცესო ხარჯების - 1830.53 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საგნის ღირებულების, სახელდობრ, აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში (62 897,72 ლარი) ყადაღა დაედოს შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის საბანკო ანგარიშებს მათ შორის, შპს ,ჯ--------- მ-------–-''-ის საბანკო ანგარიშს სს ,,თ----- ბ---–-'' - G---------------------.
მოსარჩელის განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის სექტემბრიდან-2018 წლის აპრილამდე პერიოდში, მოპასუხის დაკვეთით, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ღირებულებამ შეადგინა 61017.2 ლარი, რაზედაც მოსარჩელის მიერ გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დაადასტურა მოპასუხემ.
აღნიშნული თანხა, შემსრულებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების მიხედვით, რასაც მოპასუხე არ ასრულებს.
მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ შესაძლებლობას, მისი მიუღებლობა კი შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 62 897,72 ლარის ფარგლებში ყადა-------------–-------------------------–-----------------------–----------–--------–---------რჯიან მ-------–-''-ის საბანკო ანგარიშს სს ,,თ----- ბ---–-'' - G---------------------.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხის მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს კუთვნილ ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა, რამაც შეიძლება შემდგომში გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
შესაბამისად, არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ჯ--------- მ-------–-“-ის წარმომადგენელმა, მისი გაუქმება ან სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოითხოვა.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემული საქმე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსჯადი არ არის, ვინაიდან, ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელდეს საბანკო გადარიცხვით, რა მიზნითაც ხელშეკრულებაში მითითებულია საბანკო რეკვიზიტები. შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შესაძლებელი იყო მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვითაც, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს სარჩელით უნდა მიემართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოსათვის. სწორედ ამ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზეა მოპასუხის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი.
გარდა ამისა, შპს ,,ჯ--------- მ-------–-“-ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, სადავო თანხა წარმოადგენს საწარმოს საბრუნავ სახსრებს, რომლითაც ღებულობს შემოსავალს, ჰყავს დასაქმებულები და სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები გამოიწვევს საწარმოს მთლიან პარალიზებას, რითაც მიადგება სერიოზული ზიანი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის წარმომადგენლის ლ---- ს------- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გაუქმდა, შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის მიმართ, 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა და ნაცვლად ყადაღისა, მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის აეკრძალა, საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, მათ შორის, სს ,,თ----- ბ---–-’’, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის, ჯამში - 62 897,72 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა.
ასევე, აღნიშნული აკრძალვით, მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება, საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
მხარეთა შორის, 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, ანგარიშსწორება დამკვეთს უნდა განეხორციელებია ყოველთვიურად.
ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტულად უნაღდო, თუ ნაღდი ანგარიშსწორების სახეზე. ასეთ შემთხვევაში კი, მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც შესრულების ადგილის საეჭვოობისას, ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.
წინამდებარე სარჩელით, კრედიტორია მოსარჩელე შპს ,,ჯ--- ბ--–---'', რომლის იურიდიული მისამართია ქ. ზუგდიდი. შესაბამისად, სარჩელი სწორად არის აღძრული ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
რაც შეეხება თავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ღონისძიების გაუქმების თაობაზე ნაწილობრივ დასაბუთებული იყო, კერძოდ:
შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ი არის მეწარმე სუბიექტი, გააჩნია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, საწარმოში დასაქმებული არიან პირები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებას. მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, ბუნებრივია გააჩნია სხვადასხვა სახის ვალდებულებები, მათ შორის, სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალდებულებები. მის ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით, მხარეს აეკრძალება ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რაც საფრთხეს შეუქმნის და დააბრკოლებს მის საქმიანობას, კერძოდ ვერ გადაიხდის გადასახადებს, რის გამოც, შესაძლოა, საწარმომ ფუნქციონირებაც კი შეწყვიტოს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანს, ვინაიდან, მისი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და არა მოვალის გადახდისუუნარო მდგომარეობამდე მიყვანა, რაც თავის მხრივ საფრთხის ქვეშ დააყენებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფით არ შეიძლება შეილახოს მესამე პირის ინტერესები.
ვინაიდან, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ მთელს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შემთხვევაში, შეიზღუდება მოპასუხე საწარმოში დასაქმებულ პირთა შრომითი და სოციალური უფლებები, ამასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგის მიმართ გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოთხოვნას, სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი დაუსაბუთებელი იყო, რადგან შპს ,,ჯ--------- მ-------–-მა'' ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ--------- მ-------–-“-ის საჩივრის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმებისა და უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ივლისს, შპს ,,ჯ--- ბ--–---ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ჯ--------- მ-------–-ი“ და მოპასუხეზე ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების - 61 017.2 ლარის და საპროცესო ხარჯების - 1830.53 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საგნის ღირებულების, სახელდობრ, აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში (62 897,72 ლარი) ყადაღა დაედოს შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის საბანკო ანგარიშებს მათ შორის, შპს ,ჯ--------- მ-------–-''-ის საბანკო ანგარიშს სს ,,თ----- ბ---–-'' - G---------------------.
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, 62 897,72 ლარის ფარგლებში ყადა-------------–-------------------------–-----------------------–----------–--------–---------რჯიან მ-------–-''-ის საბანკო ანგარიშს სს ,,თ----- ბ---–-'' - G---------------------.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ჯ--------- მ-------–-“-ის წარმომადგენელმა, მისი გაუქმება ან სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა კერძოდ, მოსარჩელისათვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე სარჩელის შესაბამისი ოდენობის, 62 897,72 ლარის განთავსების დავალდებულება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის წარმომადგენლის, ლ---- ს------- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის მიმართ 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა და მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის აეკრძალა, საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, მათ შორის, სს ,,თ----- ბ---–-’’, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის, ჯამში - 62 897,72 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია, მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს ,,ჯ--------- მ-------–-''-ის საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2.”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სასარჩელო მოთხოვნაა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 61 017.20 ლარის დაკისრება, ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 629-656-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.
შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხეს არ აღმოაჩნდება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება ან ფულადი თანხა, აღნიშნული გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის შპს ,,ჯ--- ბ--–---ს“ სასარგებლოდ მის აღსრულებას.
ამდენად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია.
პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში, კანონი ასევე იცავს მოპასუხის ინტერესებსაც. მართალია, ეს ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, სარჩელის უზრუნველყოფის საგანი, არის თუ არა ადექვატური დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.
საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მხარეები არ უნდა აღმოჩნდნენ ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, რომ ნაცვლად მათი დარღვეული უფლებების რეალური აღდგენისა და ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიისა, უზრუნველყოფის ღონისძიებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ მიზეზით, რომ ამ ღონისძიების შედეგად მას ადგება ზიანი, რადგან არის მეწარმე სუბიექტი და ჰყავს დასაქმებულები.
ვინაიდან, მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოეხსნა აკრძალვა საბიუჯეტო (საგადასახადო), სახელფასო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემელზე, ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით, პალატას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საფრთხეები, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მას, გამოიწვევს ზიანს და შელახავს მესამე პირთა უფლებებს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცულია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე და დამატებით განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესაებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც.
აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემაც უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, განმცხადებელმა სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის გარანტიის საჭიროებისა. დასაბუთებული ვარაუდი კი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობით, თუმცა არ მიუთითებია ამ ღონისძიების გამოყენებით, რა ოდენობით ზიანი შესაძლოა მიადგეს და არც დასაბუთებული მსჯელობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამდენად, პალატას არ ჩამოუყალიბდა ვარაუდი უზრუნველყოფის გარანტიის საჭიროებისა და მოსარჩელისათვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 62 897,72 ლარის განთავსების დავალდებულებისა, რაც გამორიცხავს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე შპს ,,ჯ--------- მ-------–-“-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შპს ,,ჯ--------- მ-------–-“-ის საჩივრის სრულად დაკმაყოფილებისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინების სრულად გაუქმების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჯ--------- მ-------–-“-ის საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმების ან უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე