განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002292751
საქმე №1ბ/717-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
მეია მელქაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–---–ის
გამართლებულის: რ-------------–---ის
ადვოკატის: ზ---------------ის
თარჯიმნის: ზ----------------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ რ-------------–---ის, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2-----------, საშუალო განათლების მქონის, დასოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–---------------------–--------–--ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ-------------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 დეკემბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ-----------––--------–-----–-------------ში, რ--------------–---ს შელაპარაკება მოუვიდა თავის ძმასთან, - რ-–-----------–---თან, რა დროსაც რ-------------–---მა გაიწია რ-–-----------–---ზე და მსუბუქად დაარტყა სახის არეში. მათი გაშველების მიზნით, ჩაერია დედა, - ბ-----–---------–----, რომელიც ცდილობდა რ-------------–---ი დაეწყნარებინა. აღნიშნულზე განაწყენებულმა რ-------------–---მა მაგიდიდან აიღო ტაფა, რომელიც ბ-----–---------–----ს მარცხენა ხელში ჩაარტყა, რის შედეგადაც ბ-----–---------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით:
რ-------------–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს რ-------------–---ის მიმართ გამოტანილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და რ-------------–---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი გამართლებულ რ-------------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ-------------–---ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ბ-----–---------–---მა და მოწმე რ-–-----------–---მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება წერილობით მტკიცებულებს, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ-----–---------–----ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ბ-----–---------–----მ (რ-------------–---ის დედა) და რ-–-----------–---მა (რ-------------–---ის ძმა), რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მშობელი და ძმა. ბ-----–---------–---ი და რ-–-----------–---ი არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები (მოწმეები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდთ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ-------------–---ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას აღნიშნული დასკვნით არ დადასტურდა ბ-----–---------–----სათვის ფიზიკური დაზიანების ფაქტი. და ბოლოს, სააპელაციო პალატა აფასებს რა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, არ გამორიცხავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს ბ-----–---------–----ს, რ-------------–---ის და რ-–-----------–---ის ოჯახში ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არასაკმარისია იმ გარემოების დასადგენად, რომ რ-------------–---მა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ რ-------------–---მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ-------------–---ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა რ-------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი რ-------------–---ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი რ-------------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ-------------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ-------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რ-------------–---ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი