განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002471917
საქმე #1ბ/1103-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------), ხ-----------–-–---–ის, დაბადებულის 1983 წლის 28 აპრილს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ-----------------------------–-------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ-----------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 მარტს, ბ-----------------------------–-------ში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ხ-----------–-–---–მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან რ--------------–---–ს, კერძოდ, სამჯერ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, ასევე უკბინა მარჯვენა ლოყაზე, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:
ხ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 7 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი - 1 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ, ხ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 7 თვის ვადით.
ხ-----------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას ხ-----------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ--–----------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - რ--------------–---–ის, ლ------------–---–ის, ნ------------–-–---–ის, ნ------------–-–---–ის, ს--------–---------ას, გ---–-------ის, გ----------------–---–ის, მ-----–-------–---–ის, ნ-------–-–---–ის, ნ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, ხ-----------–-–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების, რ--------------–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, რ--------------–---–ის დაბადების მოწმობის, პაციენტ რ--------------–---–ის სტაციონარული სამედიცინო ბარათის, სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ-----------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ხ-----------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხ-----------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების სპეციფიკური ხასიათი, კერძოდ, ის გარემოება, რომ განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც მეტყველებს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიდრეკილებაზე, ამასთან, ხ-----------–-–---–ი ნასამართლევია და მის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაული წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ხ-----------–-–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად. აგრეთვე, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ ხ-----------–-–---–ი მიდრეკილია ძალადობისკენ, რაზეც აპელირებს პროკურორი სააპელაციო საჩივარში. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სამართლებრივად სწორად აისახა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, როდესაც მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, წარსულში მისი ნასამართლობის და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ხ-----------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ხ-----------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ხ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ხ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ხ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით), გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე