განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002561489
საქმე N1b/1186-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა-----------------------ში; დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენით, კ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი.
კ---------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 მაისს ახმეტის რაიონის სოფელ მ-----ის მიმდებარედ არსებულ ტყეში კ---------–---–მა ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა ერთი ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიადგა 3299,40 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ------------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ კ---------–---–ისთვის დამატებითი სასჯელის სახით, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების ,,ზ--–------’’ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევა.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კ---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მომართვის წერილით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან თანდართულ გაანგარიშებასთან ერთად და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ კ---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის, ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად: ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ურთიერთობა, ხოლო დანაშაულის საგანია - ხე-ბუჩქნარი, რომელზეც უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე ზემოქმედებით ხდება დანაშაულის ჩადენა. ობიექტური მხრივ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება და აუცილებელია შედეგის დადგომა. კერძოდ, დანაშაული დამთავრებულია, როდესაც დამნაშავე პირი რაიმე იარაღის გამოყენებით ან უამისოდ გაჩეხავს (მოჭრის, ამოთხრის, მოხერხავს და ა.შ.) ხე-ბუჩქნარს და ასევე, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.
კ---------–---–ს დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად - ერთი ძირი წიფლის ჯიშის ხის მოსაჭრელად არ გამოუყენებია „ზ--–----“ მარკის ავტომანქანა, იგი არ ყოფილა არც დანაშუალის ჩადენის იარაღი და არც ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ნივთი. ხე-ბუჩნარის უკანონოდ გაჩეხვა მსჯავრდებულის მიერ დასრულდა მაშინ, როდესაც მან მოჭრა ხე, ხოლო საკითხს, თუ რა საშუალებით მოახდინა მსჯავრდებულმა აღნიშნული დანაშულის საგნის ტრანსპორტირება, ან მოახდინა თუ არა საერთოდ, არ მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის შემადგენლობას. შესაბამისად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვერ ჩაითვლება განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ან საამისოდ გამოყენებულ ნივთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. კ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4.საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ კ---------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავტომანქანა „ზ--–----“ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
6. საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს ერთი ცალი ბენზოხერხისა და ოცი ერთეული წიფლის ჯიშის მორის საპროცესო კონფისკაცია.
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი