განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100118002388905
ინსტანცია
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002388905

საქმე #1/ბ-985-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - იზ----------------ი;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - გა-–---------------------------------ე, დაბადებული 1--- წლის 2---------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ---------------–------–---–----------–---------–--–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------------------------.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით გა---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გა-–------------------------ის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სპეციფიკასთან. გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის წარსული ნასამართლობები. ის არაერთხელაა გასამართლებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. გა---------------------ის მიმართ შეფარდებული მსუბუქი სასჯელის ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, შესაძლოა აღმოჩნდეს წამახალისებელი, მსჯავრდებულს გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და კვლავ ჩაიდინოს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სწორედ ამიტომ აუცილებელია მის მიმართ გამოყენებული იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რათა მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები.

მსჯავრდებულმა გა---------------------ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მყავს ოთხი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. განაჩენით მანქანა უბრუნდება დაზარალებულს, ხოლო ვიზეც აღნიშნული ავტომანქანა გაასხვისა მას აუნაზღაურა მიყენებული ზიანი.

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის ივლისის თვის დასაწყიში, გა-–------------------------ის ცნობილი გახდა, რომ კო-----------------ი ყიდდა მის მფლობელობაში არსებულ ,,ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით T--------. გა---------------------ემ განიზრახა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ხსენებულ ავტომანქანას, რისთვისაც ტელეფონით დაუკავშირდა კო-----------------ს და განუცხადა, რომ სურდა ავტომანქანის შეძენა. ამ მიზნით ისინი ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში, ქ--------–-------–-- ქუჩა №7---- მდებარე მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, სადაც ხსენებული „ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომანქანა იყო გაჩერებული, გა---------------------ემ ავტომანქანის ნახვის შემდგომ კო-----------------ს განუცხადა, რომ ავტომანქანა მოეწონა და ვითომდა 6 000 (ექვსი ათასი) ლარად, ოცი თვის ეტაპობრივი გადახდით შეიძენდა. აღნიშნულზე კო-----------------ი დათანხმდა და გაატანა ავტომანქანა. გა---------------------ემ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გადაუხადა თანხა კო-----------------ს ჯამში 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით. გა---------------------ემ დაუფლებული იყო რა კო-----------------ის კუთვნილ „ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომანქანას 2017 წლის ივლისში 2160 (ორი ათას ას სამოც) ლარად გაასხვისა ის გი--------------ეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად კო-----------------ს მიადგა 5 100 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გა---------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ და-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამასთან, გაიზიარა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ გა---------------------ე გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოხატავს მზადყოფნას გააგრძელოს მუშაობა და გი--------------ეს, რომელზეც გაასხვისა დაზარალებულის ავტომანქანა აუნაზღაუროს ზიანი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე, შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

სააპელაციო საჩივარში გა-–------------------------ის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად სახელმწიფო ბრალმდებელი მიუთითებს მის წარსულ ნასამართლობებზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარსული ნასამართლობა ვერ ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. გა---------------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის განაჩენებით დანიშნული ძირითადი სასჯელებისგან, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 3000 ლარი გადახდილი აქვს და დღეის მდგომარეობით იგი სასჯელმოხდილია. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების (მათ შორის) - სასჯელის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და აღნიშნულზე განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც. ამდენად, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სასჯელის დამძიმების ნაწილში უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატა გა---------------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: გა---------------------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. მზადაა აუნაზღაუროს ზიანი გი--------------ეს სრულად, (დარჩენილი აქვს მცირედი თანხა), რომელზეც გაასხვისა კო-----------------ის ავტომანქანა, ხოლო დაზარალებულ კო-----------------ს დაუბრუნდება კუთვნილი ავტომანქანა და შესაბამისად ზიანი სახეზე არ არის. ამასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ და-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი გა---------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ და-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი გა---------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გა---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გა---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება:

გი--------------ისაგან ამოღებული „ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით T--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

გი--------------ისაგან ამოღებული ავტომანქანის გასაღები და სარეგისტრაციო მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე