განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002503516
საქმე №1ბ/1175-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა-------------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #6----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი, გ-–-------------------------------------------, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,120-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით ვა------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვა-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვა-------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
1) 2018 წლის მარტის თვეში, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ-–--------------------------------------------------ში, ვა-------------მ არ შეუშვა სადარბაზოში მყოფი მეუღლე - მა---------- და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ასევე, 2018 წლის 12 აპრილს, ღამის საათებში და 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------ში, ვა------------- კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს. ვა-------------ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობით დამუქრებისას, მა----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2) 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ვა-------------მ ჯანმრთელობა განზრახ მსუბუქად დაუზიანა თავის მეუღლეს - მა----------ს, კერძოდ, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------ში, ძლიერად დაარტყა შეკრული ხელის მტევანი მარცხენა თვალისა და ცხვირის არეში, რა დროსაც მა----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და რის შედეგადაც მა----------მ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიიღო, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ ვა-------------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვალოს, რადგან სასამართლომ ვა-------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მათ შორის მუქარის განხორციელების არაერთი ფაქტი და ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საფრთხე, ვა-------------ს მიერ ჩადენილია მეუღლის მიმართ იმ ხარისხის ფიზიკური ძალადობა, რამაც მსხვერპლის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, გამოხატული არაერთჯერადად, რამაც დაზარალებულს, შექმნილი ვითარებით გამოწვეულმა შიშმა, მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფით განცდილმა ტკივილმა აიძულა მიემართა სამართალდამცავი ორგანოსთვის. მიუხედავად ბრალდებულის პიროვნების მომეტებული საფრთხისა, სასამართლომ შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი გამოიყენა მის მიმართ, რომელიც არათუ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, არამედ პირს შესაძლოა კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ უბიძგოს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პრინციპული დამოკიდებულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დამნაშავეებისა და პოტენციური დამნაშავეების შემდგომი ქცევის კანონის ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად. „ქალთა წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ - სტამბულის კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს შეაცვლევინონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, რათა „სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში“. დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშობა სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. აპელანტის აზრით მსუბუქი სასჯელის გამოყენება, იმ პირობებში როდესაც პირის მიერ ჩადენილი განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, გამოხატული არაერთჯერადი ქმედებით (მუქარის ეპიზოდი) და აღნიშნულის პარალელურად, ჯანმრთელობის მოშლის ნიშნით დახასიათებული ფიზიკური დაზიანების მიყენებით, არათუ ვერ უზრუნველჰყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ „წამახალისებელიც“ კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის, რისკენაც იგი, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მიდრეკიალია.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული, დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ვა-------------ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც თავის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. ამასთან, სასამართლოს მითითება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არ წარმოადგენს რელევანტურ ფაქტორს, ვინაიდან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შეუსაბამო სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდასთან, ხოლო მითითება დაზარალებულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით გაბათილებულია ვა-------------ს წინასასამართლო სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც ის პროკურატურისგან დაუყოვნებლივ ითხოვდა სატელეფონო კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის გაუქმებას, რათა გაეგო, მის დაუკითხავად სად გაემგზავრა მისი მეუღლე, რაც მსჯავრდებულის რუსეთის სახელმწიფოსთან წარსული კავშირის გათვალისწინებით, ნამდვილად ქმნის საშიშროებას, რომ იგი რუსეთის ფედერაციაში ჩააკითხავს თავის მეუღლეს, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულის დაცვის გარანტია ფაქტობრივად მინიმუმამდეა დაყვანილი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მა----------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეები: სლ---------------ს, ვა-–----------–-–---–ის, ირ---–---------ს, მი----–----------ის, ლე-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დთვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ნაჯახი, შპს „ვ---------დან“ მა----------ს სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღების ოქმი და ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაცია, ბრალდებულ ვა-------------ს დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატა მხედველობაში იღებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვა-------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს დანაშაულების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, პალატა სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ დაზარალებული წასულია საზღვარგარეთ და მის მიმართ დანაშაულის ჩადენის საფრთხე აღარ არსებობს. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ არის საშიშროება მსჯავრდებულმა ჩააკითხოს მეუღლეს რუსეთის ფედერაციაში, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს და რუსეთს შორის არ არის თავისუფალი მიმოსვლა. ამასთან, დაზარალებული არ ითხოვს მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას. პირიქით, აღნიშნავს, რომ მზადაა დაეხმაროს მას. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვა-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვა-------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ვა-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 14 აპრილიდან 2018 წლის 05 ივლისის ჩათვლით.
ნივთმტკიცებები: ამოღებული ნაჯახი, რაც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 02 დისკად და მა----------ს დაკითხვის ამსახველი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 01 ცალი მყარი დისკის სახით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვა-------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე