განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.07.2018
საქმის ნომერი
330310017002111994
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002111994

საქმე N3ბ/1124-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტიო;

წარმომადგენელი- ლ-–- ქ--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ---- გ----------;

წარმომადგენელი- თ----- მ----;

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით გ---- გ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. (ტ1ს.ფ.207-220)

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 გ---- გ---------- არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირი (2ჯგ ინვალიდი), რომელიც წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.4.-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს.

 

ასევე დადგენილია, რომ გ---- გ----------მ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტს და იმის გათვალისწინებით, რომ ესაჭიროებოდა გეგმიური ქირურგიული მომსახურება - ბარიატრიული ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 12500 ლარს, მოითხოვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 18);

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 23 ივნისის ცნობა (ს.ფ.

19);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივნისის ცნობა (ს.ფ. 22);

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 23-24);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის N8----- მიმართვის თანახმად დგინდება, რომ N36 დადგენილებით გათვალისწინებული მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაიცა მიმართვა (მოთხოვნის შექმნის თარიღი - 31.03.2017, მიმართვის გაცემის თარიღი -

02.05.2017, მიმართვის გამოყენების ბოლო ვადა - 01.06.2017) მასზედ, რომ გეგმიური ქირურგიული მომსახურების, კერძოდ, კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია, რომლის საერთო ჯამური ფასი შეადგენდა 12500 ლარს, სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდებოდა 11100 ლარით, ხოლო პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 1400 ლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის N8----- მიმართვა (ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.3. სამედიცინო ცენტრი ,,ი-----ს“ 2017 წლის 29 მაისის ანგარიშფაქტურით, სამედიცინო მომსახურების კალკულაციით, გადახდის ქვითრებითა და N4-- წერილით დგინდება, რომ გ---- გ----------ს 2017 წლის 31 მაისს ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით, რისთვისაც მის მიერ გადახდილი იქნა სამედიცინო მომსახურების თანხა სრული მოცულობით 12500 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამედიცინო ცენტრი ,,ი-----ს“ 2017 წლის 29 მაისის ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 26);

- სამედიცინო ცენტრი ,,ი-----ს“ სამედიცინო მომსახურების კალკულაცია და გადახდის ქვითრები (ს.ფ. 27-29);

- სამედიცინო ცენტრი ,,ი-----ს“ N4-- წერილი (ს.ფ. 33-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.4. 2017 წლის 29 ივნისს გ---- გ----------მ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის მიერ გადახდილი 12500 ლარიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის N8----- მიმართვით გათვალისწინებული 11100 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ---- გ----------ს ეცნობა, რომ, ვინაიდან განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 40 000 ლარის და მეტი წლიური შემოსავლის მქონე პირი, მათ შორის, ვეტერანი 2017 წლის 1 მაისიდან ვერ ისარგებლებდა აღნიშნული პროგრამის შესაბამისი დანართებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით, ამდენად არ არსებობდა გ----

გ----------სთვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გ---- გ----------ს 2017 წლის 29 ივნისის განცხადება (ს.ფ. 136-139);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ. 135);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

3.2. გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N0------- წერილი გ---- გ----------ს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, მათ შორის შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე გ---- გ----------ს მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის საფუძველზე, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური

 

უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი N1), რომლის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1-ის) მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.4-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანები, ხოლო მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის

 

შესაბამისად, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, მის მიერ რეგისტრირებულ/აღრიცხულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ, შეთანხმებული ფორმატით.

 

ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1-ის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში განმახორციელებელი), ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი - ანაზღაურდება სრულად.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გ---- გ---------- არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირი (2ჯგ ინვალიდი), რომელიც წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.4. -ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, რომელზეც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 მარტს

 

შეიქმნა N8----- მიმართვა. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, გ---- გ----------ს 2017 წლის 1 ივნისამდე შეეძლო მიეღო სამედიცინო მომსახურება, კერძოდ, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდებოდა 11100 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 1400 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ გ---- გ----------ს 2017 წლის 31 მაისს ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით, თუმცა სახელმწიფოს მიერ არ იქნა ანაზღაურებული 11100 ლარი და პაციენტის მიერ გადახდილი იქნა სამედიცინო მომსახურების თანხა სრული მოცულობით 12500 ლარის ოდენობით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N8----- მიმართვა სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურების თაობაზე და გ---- გ----------, ვინაიდან მისი შემოსავალი აღემატებოდა 40 000 ლარს, აღარ წარმოადგენდა აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე სუბიექტს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებაზე, რომლითაც ცვლილება განხორციელდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და აღნიშნავს, რომ ხსენებული ცვლილების შედეგად N36 დადგენილების მე-2 მუხლს დაემატა მე-33 მუხლი, რომლის თანახმად, ,,ამ დადგენილების დანართი №1.1-ით, №1.3-ითა და №1.4 - ით განსაზღვრული პირობებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი, ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის

„ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა (საპენსიო ასაკი).“ ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნულ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე გაცემული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მიმართვა, რის გამოც მოსარჩელე გ---- გ----------მ ვერ შეძლო შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება სახელმწიფოს თანადაფინანსებით.

 

სასამართლომ ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

სასამართლომ მოიხმო საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის (საქმე №ბს-698-691(კ-16)) განჩინება, სადაც განმარტებუილ იქნა, რომ ,,კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის შეფარდებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებული და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედი კანონი. საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ნორმისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭების იურისდიქცია მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს გააჩნია, მისი კანონშემოქმედებითი ფუნქციიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს - მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე ეფუძნება კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, რამდენადაც მოსარჩელე ვერ იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების სუბიექტად მიჩნეული, რამეთუ მან განსახილველ შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსი ჯერ კიდევ ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე შეიძინა . ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოსარჩელე გ---- გ----------ს უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება - მიეღო სამედიცინო მომსახურება, როგორც N36 დადგენილებით გათვალისწინებულ სუბიექტს, ამდენად, არ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვის გაუქმებისა და მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლომ მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ---- გ----------ს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელისათვის ზიანის სახით გ---- გ----------ს სასარგებლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

5.2. სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ , №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვების განმეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland).

 

5.3. პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N0------- წერილი გ---- გ----------ს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, მათ შორის შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე გ---- გ----------ს მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი N1), რომლის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1-ის) მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.4-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანები, ხოლო მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის

 

შესაბამისად, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, მის მიერ რეგისტრირებულ/აღრიცხულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ, შეთანხმებული ფორმატით.

 

პალატა განმარტავს, რომ ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1-ის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში განმახორციელებელი), ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი - ანაზღაურდება სრულად.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, უდავოა, რომ გ---- გ---------- არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირი (2ჯგ ინვალიდი), რომელიც წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.4. -ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, რომელზეც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 მარტს შეიქმნა N8----- მიმართვა. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, გ---- გ----------ს 2017 წლის 1 ივნისამდე შეეძლო მიეღო სამედიცინო მომსახურება, კერძოდ, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდებოდა 11100 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 1400 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ გ---- გ----------ს 2017 წლის 31 მაისს ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით, თუმცა სახელმწიფოს მიერ არ იქნა ანაზღაურებული 11100 ლარი და პაციენტის მიერ გადახდილი იქნა სამედიცინო მომსახურების თანხა სრული მოცულობით 12500 ლარის ოდენობით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N8----- მიმართვა სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურების თაობაზე და გ---- გ----------, ვინაიდან მისი შემოსავალი აღემატებოდა 40 000 ლარს, აღარ წარმოადგენდა აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე სუბიექტს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებაზე, რომლითაც ცვლილება განხორციელდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და აღნიშნავს, რომ ხსენებული ცვლილების შედეგად N36 დადგენილების მე-2 მუხლს დაემატა მე-33 მუხლი, რომლის თანახმად, ,,ამ დადგენილების დანართი №1.1-ით, №1.3-ითა და №1.4 - ით განსაზღვრული პირობებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი, ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა (საპენსიო ასაკი).“ ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნულ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე გაცემული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ მიმართვა, რის გამოც მოსარჩელე გ---- გ----------მ ვერ შეძლო შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება სახელმწიფოს თანადაფინანსებით.

 

პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით , რომლითაც მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.

 

სააპელაციო პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის (საქმე №ბს-698-691(კ-16)) განჩინებას, სადაც განმარტებუილ იქნა, რომ ,,კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის შეფარდებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებული და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედი კანონი. საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.“

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზების შედეგად პალატა განმარტავს, რომ კანონის ნორმისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭების იურისდიქცია მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს გააჩნია, მისი კანონშემოქმედებითი ფუნქციიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს - მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე ეფუძნება კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, რამდენადაც მოსარჩელე ვერ იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების სუბიექტად მიჩნეული, რამეთუ მან განსახილველ შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსი ჯერ კიდევ ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე შეიძინა . ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოსარჩელე გ---- გ----------ს უკვე მოპოვებული ჰქონდა უფლება - მიეღო სამედიცინო მომსახურება, როგორც N36 დადგენილებით გათვალისწინებულ სუბიექტს, ამდენად, არ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვის გაუქმებისა და მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემნოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშჯერების შედეგად პალატა განმარტავს, რომ ადგილი აქვს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ---- გ----------ს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელისათვის ზიანის სახით გ---- გ----------ს სასარგებლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 11100 ლარის ანაზღაურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ სახეზე არ არის მისი დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ და ,,უ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა