განაჩენი

სისხლის სამართლის 19.10.2018
საქმის ნომერი
010141318700066789
ინსტანცია
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700066789

საქმე № 1ა------18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ---------------ის (დაბადებული 1----–-–----------ს, პ/ნ 4----------) ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით, გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით, გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორასორმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 02 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად გ---------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე გ---------------ს დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორასორმოცი) საათის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის განჩინებით თბილისის პრობაციის ბიუროს უ--------- წარდგინება დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ გ---------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმა 240 (ორასორმოცი) საათის ვადით შეეცვალა ჯარიმით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 21 სექტემბერს მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა გ---------------ის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით არაკოსნტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა გ---------------ის მიმართ გამოტანილი ზემოხსენებული განაჩენები უნდა გადაისინჯოს, ვინაიდან არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ---------------ი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფრდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გ---------------ი უნდა გათავისუფლდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენებით გ---------------ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებით მსჯავრდების საფუძველი გახდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, გ---------------ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს იმ ქმედებებისთვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს კახეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრის 2----–-–-------ვნისის შემაჯამებელი ანგარიშით ირკვევა, რომ გ---------------მა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკმებრის განაჩენით სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცაათი) საათის ვადით დაასრულა 2016 წლის 04 ივნისის.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს კახეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრის 2----–-–----- ოქტომბრის შემაჯამებელი ანგარიშით ირკვევა, რომ გ---------------მა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით დაასრულა 2016 წლის 03 ოქტომბერს.

 

რაც შეეხება გ---------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმას 240 (ორასორმოცი) საათის ვადით, აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის განჩინებით შეეცვალა ჯარიმით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულს გადახდილი არ აქვს. პალატა თვლის, რომ გ---------------ი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ---------------ი გათავისუფლდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

გ---------------ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ---------------ი გათავისუფლდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისგან.

 

დანარჩენ ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ---------------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისგან. გაუქმდეს ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით დადგენილ სასჯელზე მითითება.

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე

 

მ.ისაევი