განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002319564, №1/ბ-754-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა-----------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ირ---–- ცე--–---ე, დაბადებული 198--–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბ--–---------------–------------–-------------------------------------------------------–----------------–---------------------–----------–-------------------.
ადვოკატი - ნი----------–--ე;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლი (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
სასჯელი:
დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ ირ---–- ცე--–---ის და მისი ადვოკატის ნი----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ირ---–- ცე--–---ის ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა, შემდეგ გარემოებათა გამო: ირ---–- ცე--–---ეს არ სურდა გვ--–- იო---–---ის მოკვლა, ასეთი სურვილის შემთხვევაში ის მარტივად მოიყვანდა მის განზრახვას სისრულეში. ის არ გაქცეულა გო----–---–-ას გამოჩენისას, რაც იმითაც დასტურდება, რომ ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. ირ---–- ცე--–---ეს ყოფილი მეუღლისთვის სურდა ტკივილის მიყენება და არა სიკვდილი, მას დანის პირი ისე ჰქონდა დაფიქსირებული, რომ არ მიეყენებინა მისთვის ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება, რასაც ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა ირ---–- ცე--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. ირ---–- ცე--–---ემ მუქარის ნაწილში დამატებით განმარტა, რომ არ ახსოვს დაემუქრა თუ არა გვ--–- იო---–---ს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით, ირ---–- ცე--–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, კა-–----------------ში მდებარე ბინა N---ში მყოფ გვ--–- იო---–---ს სატელეფონო საუბრის დროს ყოფილი მეუღლე ირ---–- ცე--–---ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გვ--–- იო---–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, თბილისში, კა-–----------------ის მიმდებარედ, ირ---–- ცე--–---ემ ყოფილ მეუღლეს - გვ--–- იო---–---ს შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანის საშუალებით მიაყენა 12 ნაკვეთი ჭრილობა, კერძოდ: გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა ზედაპირზე ორი ჭრილობა, გულმკერდის უკანა ზედაპირზე ერთი ჭრილობა, მარცხენა მხარის უკანა და ლატერალურ ზედაპირზე ექვსი ჭრილობა, წელის არეში ორი ჭრილობა და ასევე მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ერთი ჭრილობა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე გამვლელმა მოქალაქემ გო----–---–-ამ შეუშალა ხელი. აღნიშნულის შემდეგ გვ--–- იო---–---ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფო შპს ,,ო-------–-----ში“, სადაც სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა გვ--–- იო---–---ის სიცოცხლის გადარჩენა.
2015 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ირ---–- ცე--–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. 2018 წლის 8 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, კა-–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე ირ---–- ცე--–---ე ატარებდა დანას, რომელიც საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით, ირ---–- ცე--–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ირ---–- ცე--–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ირ---–- ცე--–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
სასჯელის ვადის ათვლა ირ---–- ცე--–---ეს დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გვ--–- იო---–---მა განმარტა, რომ განქორწინების შემდეგ ირ---–- ცე--–---ე მის მიმართ გახდა უფრო აგრესიული, რაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს ფიზიკურ ძალადობაში გამოიხატა და ავტომანქანაში გააუპატიურა. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ირ---–- ცე--–---ე კვლავ უკავშირდებოდა ტელეფონზე, თხოვდა შეხვედრას და შერიგებას. სატელეფონო საუბრების დროს ყოველთვის ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ ადრე თუ გვიან მოკლავდა და შურს იძიებდა მის გამო ტყუილად მოხდილი სასჯელისთვის. ამის გამო სამსახურში დადიოდა შიშით და იყო მოლოდინში, რომ ირ---–- ცე--–---ე სადმე დახვდებოდა და მოკლავდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ირ---–- არ უნახავს, თუმცა ჰქონდა განცდა, რომ უთვალთვალებდა. 2018 წლის 7 იანვარს ირ---–- ცე--–---ე კვლავ დაუკავშირდა ტელეფონზე და თხოვდა შეხვედრას, რაზეც კვლავ უარი განუცხადა. აღნიშნულზე ირ---–- ცე--–---ე დაემუქრა და უთხრა, რომ არ იყო სიცოცხლის ღირსი და ადრე თუ გვიან მოკლავდა. 2018 წლის 8 იანვარს, სახლიდან გამოსვლისას სადარბაზოში პირველ და მეორე სართულებს შორის შენიშნა ვიღაც, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ წამოეწია ირ---–- ცე--–---ე, აგრესიული ტონით თხოვდა გაჩერებას, შემდეგ ხელი მოკიდა და უთხრა, რომ თუ არ დაელაპარაკებოდა, სისრულეში მოიყვანდა იმას, რის გასაკეთებლადაც იყო მოსული. ირ---–- ცე--–---ეს უთხრა, რომ მას თუ მოკლავდა ბავშვები გაუბედურდებოდნენ, რაზეც ირ---–-მ უპასუხა, რომ მისნაირი დედა ბავშვებს არ სჭირდებოდათ და იყო მოსაკლავი. ამ დროს მისმა ყოფილმა მეუღლემ ხელი ჩაიყო ჯიბეში და ამოიღო დანა. ძალიან შეეშინდა და გაიქცა, გადაკვეთა გზა, თუმცა ირ---–- ცე--–---ე წამოეწია და დანა მოუქნია. დანის მოქნევის დროს გამხეცებული ყვიროდა, რომ იქვე უნდა დაეკლა და ეყურებინა სისხლისგან როგორ იცლებოდა. სხეულის სხვადასხვა ადგილებში გრძნობდა ტკივილს და მიუხედავად მისი ყვირილისა, ირ---–- ცე--–---ე არ ჩერდებოდა, დანიან ხელს იქნევდა მისი მიმართულებით და ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ამ დროს ქუჩაში გაჩერდა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსული მამაკაცი წავიდა მათკენ, თუმცა იყვირა დანა უჭირავსო და გაბრუნდა უკან. ამ დროს ირ---–- ცე--–---ემ თავი დაანება და გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, რომ არა ჩხუბის შემსწრე გამვლელი მოქალაქეები, ირ---–- ცე--–---ე სისრულეში მოიყვანდა თავის განზრახვას და მოკლავდა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ დანის მოქნევის დროს ყვიროდა „მოკვდი და ჩაძაღლდიო“.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, კა-–-------- ქუჩაზე, 3--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 8 იანვარს 12:05 საათზე და გაგრძელდა 13:30 საათამდე. დათვალიერებისას ამოღებული იქნა შავტარიანი დანა მოწითალო ფერის ლაქებით. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ასფალტის ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქის ამონატეხი და გადაღებული იქნა ფოტოსურათები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა. მოწმეებმა: გო---------–---–მა და გი------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 8 იანვარს თო---------------სთან და ექსპერტებთან ერთად ჩაატარეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. გი------------------მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი დაცული იყო ლენტით. მოწმე პა-----------–---–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, მან, როგორც ექსპერტმა, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მეწყვილე ლე--------------თან და გამომძიებლებთან ერთად ამოიღეს მოწითალო ფერის ლაქები და დანა მოწითალო ფერის ლაქით.
შეტყობინებით დგინდება, რომ 2018 წლის 8 იანვარს (რეზოლუცია 12:13 საათი), ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების სამორიგეო ნაწილთან გამოცხადდა ირ---–- ცე--–---ე, რომელმაც ითხოვა გამოკითხვა.
ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ამ----------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს დილის საათებში ისანი-სამგორის სამმართველოს პ------–-----------–--აში შესული შეტყობინების თანახმად, კა-–-------- ქუჩაზე გვ--–- იო---–---ს ყოფილმა მეუღლემ ირ---–- ცე--–---ემ დანით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. გვ--–- იო---–---ი გადაყვანილი იქნა კლინიკა ,,ო-------–-----ში“. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-108-ე მუხლით. მიმდინარეობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ირ---–- ცე--–---ის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, მაგრამ ირ---–- ცე--–---ე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, ითხოვა საქმის გამომძიებელთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება. ირ---–- ცე--–---ე აღიარებდა დანაშაულს და ჩადენილი დანაშაულისთვის იღებდა პასუხისმგებლობას თავის თავზე. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა ბინის ჩხრეკა, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან თავისი ნებით აჩვენა ის ადგილი თუ სად დახვდა გვ--–- იო---–---ს, სად მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, ასევე აჩვენა ავტომანქანა, რომლითაც მივიდა შემთხვევის ადგილზე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ო-------–-----ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N68/18-დან მოქ. გვ--–- იო---–---ი, 08.01.2018წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 08.01.2018წ. სადაც დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში, არა შემავალი გულმკერდის ღრუში, მრავლობითი ჭრილობები მარცხენა მხარის არეში, ჭრილობები წელის არეში და მარცხენა წვივის არეში. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გვ--–- იო---–---ს მარჯვენა მხარის არეში ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის ნაკვეთი ჭრილობები, მხრის სარტყლის უკანა ზედაპირზე 3X2სმ. ჭრილობა, მარჯვენა ბეჭის ძვლის კუთხეში ჭრილობა კუნთოვანი 2,5X2,5 სმ., წელის არეში მე-2 მალის საპროექციოდ განივი ჭრილობა 3X2სმ., მარცხენა არეში .... 1,5X1,5სმ., გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა ზედაპირზე 2 ნაკვეთი ჭრილობა 2,5X1სმ. წვივის წინა ზედაპირზე ჭრილობა 3X1 სმ და ა.შ..
მოწმე მუ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის კლინიკა ,,ო-------–-----ის“ ქირურგი. გვ--–- იო---–---ი საავადმყოფოში შეიყვანეს მრავლობითი ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ჭრილობები აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა წინა და უკანა ზედაპირზე, კერძოდ, გულმკერდის ზედაპირზე წინა მხარეს ორი ჭრილობა, უკანა ზედაპირზე ერთი ჭრილობა, მარცხენა მხრის ლატერალურ და უკანა ზედაპირზე ექვსი ჭრილობა, წელის არეში 2 ჭრილობა და წვივის არეში ერთი ჭრილობა. შეყვანამდე პაციენტს პირველადი დახმარება არ გაწევია, აღენიშნებოდა სისხლდენა, ჭრილობები დამუშავდა ოპერაციის გზით, ერთი ნაკერი დაედო წინა გულმკერდის არეში და ერთი კი უკანა მხარეს. მოწმემ განმარტა, რომ პაციენტს პირველადი დახმარება ჭირდებოდა, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება არ ჰქონდა, რადგან არ იყო მუცლის ღრუს და გულმკერდის შემავალი ჭრილობები, თუმცა, რომ არ გაკერილიყო ჭრილობები და არ შეჩერებულიყო სისხლდენა, მის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე.
მოწმე გო----–---–-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს მეუღლესთან ერთად მოძრაობდა ავტომანქანით, რა დროსაც დაინახა, რომ გოგო და ბიჭი ჩხუბობდნენ და გადარბოდნენ გზაზე. ბიჭი ცემდა გოგოს, თვალი მოკრა ნივთსაც, რომელიც ბრწყინავდა, თუმცა ვერ მიხვდა დანა იყო, თუ სამაჯური. მან მეუღლეს, რომელიც მართავდა ავტომანქანას, სთხოვა გაჩერება. მის ყვირილზე ბრალდებული არ გაჩერდა, რის გამოც მიბრუნდა ავტომანქანისკენ ნივთის ასაღებად. ამ დროს გოგონამ დააკაკუნა ფანჯარაზე და უთხრა, რომ დაჭრილი იყო. ამავე დროს დაინახა, როგორ წავიდა მოძალადე. გოგონამ თავად დარეკა სასწრაფოში, ვინაიდან მან და მისმა მეუღლემ არ იცოდნენ სასწრაფო დახმარების ნომერი.
მოწმე ეკ-------------------ას ჩვენებით, მეუღლესთან - გო----–---–-ასთან ერთად ავტომანქანით მოძრაობისას წინ გადაურბინეს ბიჭმა და გოგომ, ბიჭი გოგონას ცემდა. გო----–---–-ა გადავიდა ავტომანქანიდან და დაუყვირა მოძალადეს, შემდეგ დაბრუნდა ავტომანქანასთან და რაღაცას ეძებდა, სწორედ ამ დროს გოგონამ დაუკაკუნა კარზე და რაღაც თქვა ქართულ ენაზე. ვინაიდან მას ქართული არ ესმის, გ----მ უთხრა, რომ ის დაჭრილი იყო და მოძალადე მისი ქმარი იყო. ბიჭი სხვა მიმართულებით მიდიოდა. სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა დაჭრილი, ხოლო თავად წავიდნენ პოლიციაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ირ---–- ცე--–---ემ არ ცნო თავი დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის და მუქარის ნაწილში და აღნიშნა, რომ 2018 წლის 8 იანვარს ჰქონდა გვ--–- იო---–---ისათვის დაზიანებების მიყენების და არა მოკვლის განზრახვა. დანის პირი დაფიქსირებული ჰქონდა ხელით იმისთვის, რომ არ მიეყენებინა ღრმა ჭრილობები. მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში კი სხვაგვარად იმოქმედებდა და ხელის ნაცვლად დაარტყამდა ყელში. გო----–---–-ას და სხვა ადამიანების ხმა გაიგო, თუმცა მათ გამო არ გაჩერებულა, გაჩერდა იმიტომ, რომ გაიგო თავის მეუღლის ხმა - „მომკლავს“. ირ---–- ცე--–---ემ ასევე ვერ გაიხსენა დაემუქრა თუ არა მოკვლით გვ--–- იო---–---ს და მუქარის შემცველ შეტყობინებებზე განმარტა, რომ ეს იყო უმნიშვნელო.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ირ---–- ცე--–---ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლო განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს ყოფილი მეუღლე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - გვ--–- იო---–---ი არის ირ---–- ცე--–---ის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.
,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება. 42-ე მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები ან ადათ-წესები.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 8 იანვარს, ირ---–- ცე--–---ემ ყოფილ მეუღლეს - გვ--–- იო---–---ს ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა 12 ჭრილობა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვ--–- იო---–---ს დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში, არაშემავალი გულმკერდის ღრუში, მრავლობითი ჭრილობები მარცხენა მხარის არეში, ჭრილობები წელის არეში და მარცხენა წვივის არეში. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჭრილობები იყო სხვადასხვა ზომის, მათ შორის 3X2სმ., 2,5X2,5 სმ., 3X2სმ., 1,5X1,5სმ., 2,5X1სმ., 3X1 სმ. და ა.შ.. ქირურგმა მურმან მაჭარაშვილმა განმარტა, რომ პაციენტს სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე რომ არ გაკერილიყო ჭრილობები და არ შეჩერებულიყო სისხლდენა.
საგულისხმოა, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ირ---–- ცე--–---ის მიერ გვ--–- იო---–---ისთვის ჭრილობების მიყენების ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა არა ყოფილი მეუღლის სიცოცხლის მოსპობის, არამედ მისთვის ტკივილის მიყენების განზრახვა, რაც ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ უდავო მტკიცებულებად მიიჩნია მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის გვ--–- იო---–---ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. გამოკითხვის ოქმში მითითებულია ირ---–- ცე--–---ის მიერ განხორციელებული არაერთი მუქარის და 2018 წლის 8 იანვარს განვითარებული მოვლენების შესახებ. დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ ირ---–- ცე--–---ე დანის მოქნევის დროს უყვიროდა მომკვდარიყო და ჩაძაღლებულიყო და რომ არა ჩხუბის შემსწრე გამვლელი მოქალაქეები, თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანდა და მოკლავდა.
დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ირ---–- ცე--–---ეს არ სურდა არც გვ--–- იო---–---ის და არც მისი ოჯახის წევრების სხდომაზე ნახვა, რამაც განაპირობა გამოკითხვის ოქმის უდავო მტკიცებულებად მიჩნევა, წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის და მასში ეჭვის შეტანის საფუძველს. მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა ირ---–- ცე--–---ის ჩვენებისა, სასამართლოში არ წარმოდგენილა სხვა მტკიცებულება, რაც გააბათილებდა გვ--–- იო---–---ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს.
გამოძიებისას ამოღებულია და საქმეს ერთვის ცივი იარაღი დანა, რომლითაც ირ---–- ცე--–---ემ ყოფილ მეუღლეს მიაყენა დაზიანებები. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანის სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 19,5 სმ-ია, ხოლო პირების სიგრძე ქუსლთან ერთად შეადგენს 8,5 სმ-ს. დანის პირის ცალმხრივლესილი მხარე წვერიდან უკან 5,3 სმ-ზე არის დაკბილული (ხერხისებური).
გვ--–- იო---–---ის ჩვენებით არ დგინდება, რომ ირ---–- ცე--–---ეს დანა დაფიქსირებული ჰქონდა თითებით და ისე ურტყამდა მას. გვ--–- იო---–---ს სხვეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის გულმკერდის მიდამოში მიყენებული აქვს ჭრილობები. ირ---–- ცე--–---ემ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას აქვს სამედიცინო განათლება და იცოდა თუ სად უნდა მიეყენებინა ჭრილობები გვ--–- იო---–---ისთვის. პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოქმედებები ვითარდებოდა დინამიკაში, შესაბამისად მსხვერპლი არ იყო სტატიკურ მდგომარეობაში, იგი იცვლიდა პოზებს, რაც დასტურდებოდა კიდეც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად სხეულზე არსებული ჭრილობები ლოკალიზებულია სხვადასხვა ადგილას, ნაწილი წინიდან, ნაწილი უკნიდან, რაც ცხადია ასევე გამორიცხავდა ირ---–- ცე--–---ის გათვლებს გაეკონტროლებინა დარტყმების ზომა და მით უფრო ადგილმდებარეობა, აღნიშნული კი მიუთითებს მის განზრახვაზე და დამოკიდებულებაზე შესაძლო შედეგთან.
დაცვის მხარე ერთის მხრივ აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ირ---–- ცე--–---ე არ გაქცეულა გო----–---–-ას გამოჩენისას, ხოლო მეორეს მხრივ თავადვე ადასტურებს, რომ მან ავტომანქანა დატოვა შემთხვევის ადგილზე. ის ფაქტი, რომ ირ---–- ცე--–---ე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, არ გამორიცხავს მკვლელობის განზრახვის არსებობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შეტყობინების თანახმად ირ---–- ცე--–---ე განყოფილებაში გამოცხადებულია დაახლოებით 1 საათის გასვლის შემდეგ და არა დაუყოვნებლივ, როგორც ეს განმარტა დაცვის მხარემ. თუმცა, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება არც ერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას წარდგენილი ბრალდების შესაბამისად.
მოწმე გო----–---–-ამ დაკითხვისას აღწერა თუ რისი შემსწრე გახდა ავტომანქანით მოძრაობისას. მისი ჩვენებით, ქუჩაში გოგო და ბიჭი ჩხუბობდნენ და გადარბოდნენ გზაზე. ბიჭი ცემდა გოგოს, თვალი მოკრა ნივთს, რომელიც ბრწყინავდა. მიბრუნდა ავტომანქანისკენ ნივთის ასაღებად, რა დროსაც გოგონამ დააკაკუნა ფანჯარაზე და უთხრა, რომ დაჭრილი იყო, იმავე დროს დაინახა, როგორ წავიდა მოძალადე. ის ფაქტი, რომ ირ---–- ცე--–---ე ავტომანქანის გაჩერების და ავტომანქანიდან მამაკაცის გადმოსვლის შემდეგ წავიდა და მე-13, მე-14 და კიდევ სხვა დაზიანებები ვეღარ მიაყენა გვ--–- იო---–---ს, არ გულისხმობს იმას, რომ მას არ სურდა მისი შვილების დედის და ყოფილი მეუღლის მოკვლა. პალატას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ირ---–- ცე--–---ე არ განიცდის სინანულს მომხდართან დაკავშირებით და მყარად იმეორებდა, რომ სურდა ყოფილ მეუღლეს ტკივილი განეცადა. თუმცა მას არ განუმარტავს თუ რატომ აყენებდა ქალს ასეთ ტანჯვას და რატომ მიიჩნევდა, რომ მის შვილებს ასეთი დედა არ უნდოდათ, ან რატომ წყვეტდა მის შვილებს დედა უნდოდათ თუ არა. მის განზრახვას, გარდა დანით მიყენებული არაერთი ჭრილობისა, ადასტურებს მისი ქმედებაც. ის სადარბაზოში დახვდა და შემდეგ აედევნა გვ--–- იო---–---ს, თხოვდა გაჩერებას და დალაპარაკებას, ხოლო წინააღმდეგობის გამო ჯიბიდან ამოიღო დანა, გაეკიდა და დაიწყო ქნევა მისი მიმართულებით. ის, რომ გვ--–- იო---–---ი არ გაუჩერდა ერთ ადგილზე და დანამ ვერ დააზიანა სასიცოცხლო ორგანო, არ უნდა გახდეს მისი ქმედების შემსუბუქების და შედეგის მიხედვით დაკვალიფიცირების საფუძველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ირ---–- ცე--–---ე მოქმედებდა მინიმუმ არაპირდაპირი განზრახვით და 12 დაზიანების მიყენებისას, მათ შორის გულმკერდის არეში, გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა შესაძლო შედეგს - გარდაცვალებას და უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
პალატას მიაჩნია, რომ გამვლელის ჩართულობამ და მისმა მზადყოფნამ დახმარებოდა ქალს, რომელიც ითხოვდა შველას, დააბრკოლა ირ---–- ცე--–---ე სისრულეში მოეყვანა განზრახვა. როგორც აღინიშნა, განზრახვაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ირ---–- ცე--–---ემ დანით არაერთი ჭრილობა მიაყენა გვ--–- იო---–---ს. რაც შეეხება დაცვის მხარის იმ არგუმენტს, რომ არ დაზიანებულა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, რის შედეგადაც შესაძლებელი იყო დამდგარიყო სიკვდილი და მხოლოდ ჭრილობების რაოდენობა არ უნდა გამხდარიყო განზრახვის დამადასტურებელი, პალატა ვერ მიიჩნევს დასაბუთებულად. მხოლოდ დაზიანების ხარისხი არ უნდა გახდეს განზრახვის გამორიცხვის საფუძველი, რადგან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არაერთ გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დაზიანებების ლოკალიზაცია და რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს ეცვა ზამთრის ტანსაცმელი და შეძლებისდაგვარად უწევდა წინააღმდეგობას. აღნიშნული გარემოებები დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ირ---–- ცე--–---ის ქმედებები მიმართული იყო არა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებისკენ, არამედ სიცოცხლის ხელყოფისკენ. მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა შესაძლო შედეგს - ყოფილი მეუღლის გარდაცვალებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაურჩა სიკვდილს.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა
ირ---–- ცე--–---ის მიერ გვ--–- იო---–---ის მიმართ განხორციელებული მუქარა დადასტურებულია როგორც უდავო, ისე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გვ--–- იო---–---ი 2018 წლის იანვრის თვეში პირველად არ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი ირ---–- ცე--–---ის მხრიდან. შესაბამისად, მისგან მომდინარე მუქარის რეალურად აღქმა დასაშვები იყო ორივე კრიტერიუმის მიხედვით.
პალატას არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი დაზარალებულის ჩვენებაში, რადგან გამყარებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით (სო----------------ის, ს----- ცე--–---ის, მა----- იო---–---ის გამოკითხვის ოქმები), ისე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით. მტკიცებულებებით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ 2018 წლის 7 იანვარს, დღის საათებში, გვ--–- იო---–---ს სატელეფონო საუბრის დროს ირ---–- ცე--–---ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გვ--–- იო---–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლთან დაკავშირებით დაცვის მხარე პრეტენზიას არ აცხადებს სააპელაციო საჩივარში. შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ირ---–- ცე--–---ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს საბოლოო სასჯელი ირ---–- ცე--–---ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. კონვენციის 46-ე მუხლით, კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:
ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელია ირ---–- ცე--–---ის პიროვნება. ირ---–- ცე--–---ე ნასამართლობის მქონეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენით. აღნიშნული განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული ბრალდების მხარეს და ირ---–- ცე--–---ეს შორის. ირ---–- ცე--–---ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) და 111,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობით და ძალადობის მუქარით). ორივე შემთხვევაში მსხვერპლს წარმოადგენდა გვ--–- იო---–---ი. განაჩენით ირ---–- ცე--–---ეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით ამავე გამოსაცდელი ვადით. ირ---–- ცე--–---ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 17 მარტს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ (Halime Kilic v. Turkey, განახადი N63034/11, 28/06/2016), განმარტა, რომ ეროვნულმა სამართალწარმოებამ ვერ შეასრულა კონვენციის მე-2 მუხლით დაკისრებული ვალდებულებები. კერძოდ, ფატმა ბაბატლი სახელმწიფომ სათანადოდ ვერ დაიცვა. ეროვნულმა ხელისუფლებამ ფატმა ბაბატლის მეუღლე არ დასაჯა მის წინააღმდეგ გაცემული ორდერების დარღვევისთვის, რის გამოც სახელმწიფომ ზემოხსენებულ ორდერებს ეფექტურობა დაუკარგა. აგრეთვე შეიქმნა დაუსჯელობის სინდრომი, რაც გარდაცვლილის მეუღლეს შესაძლებლობას აძლევდა ცოლზე არაერთხელ განეხორციელებინა ფიზიკური ძალადობა, პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 7 და 8 იანვრის მდგომარეობით ირ---–- ცე--–---ე კვლავ იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. დაზარალებულის განმარტებით, ირ---–- ცე--–---ე მას ეუბნებოდა, რომ მის გამო ტყუილად, არასამართლიანად მოიხადა სასჯელი. გარდა ამისა, ირ---–- ცე--–---ის განმარტებით, რაც დააფიქსირა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რადგან საქმე ეხებოდა მის პირადს და ოჯახს. პალატას მიაჩნია, რომ ირ---–- ცე--–---ემ ვერ გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულების მნიშვნელობა და საშიშროება. მას მიაჩნია, რომ შეუძლია სქესობრივი კავშირი დაამყაროს ყოფილ მეუღლესთან, დაარღვიოს არათუ დამცავი ორდერი, არამედ ადმინისტრაციული სახდელიც კი დამცავი ორდერის შეუსრულებლობისთვის და ამას არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. სავარაუდოდ ირ---–- ცე--–---ეს გვ--–- იო---–---ის მიმართ გააჩნია მესაკუთრული და პატრიარქალური დამოკიდებულება, აკონტროლებს მის ქცევას, რაც ვლინდება მის სიტყვებშიც, რომ „მათ შვილებს ასეთი დედა არ უნდათ“.
ირ---–- ცე--–---ემ გამოსაცდელი ვადის არსებობაც უგულებელყო, დაარღვია მისი მოთხოვნები და ყოფილი მეუღლის მიმართ კვლავ განახორციელა ძალადობა, უკვე დანის გამოყენებით მიაყენა არაერთი ჭრილობა. ფაქტია, რომ დანიშნული სასჯელი - ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი პირობითი მსჯავრის სახით, ვერ გახდა შემაკავებელი და დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის. ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და არაერთი ძალადობრივი ქმედების განხორციელება გვ--–- იო---–---ზე მიუთითებს, რომ მას შეუძლია იმ ადამიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, რომელსაც არ შეუძლია სათანადოდ საკუთარი თავის დაცვა. აღნიშნული გარემოებები ახასიათებს მსჯავრდებულის პიროვნებას და ნათელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილმა ჰუმანურმა დამოკიდებულებამ ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების განხორციელება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა აღნიშნავს, რომ ირ---–- ცე--–---ის პიროვნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებათა განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა როგორც სასჯელის შემცირების, ისე რაიმე შეღავათების გამოყენების საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დაცვა. შესაბამისად, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას, უნდა იყოს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. დანაშაულის ჩადენა კვლავ გვ--–- იო---–---ის მიმართ მეტყველებს მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენების და მსხვერპლისგან იზოლაციის აუცილებლობაზე. ირ---–- ცე--–---ის წარსულის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრევენციის ეფექტიანი ღონისძიება გაატარა, როცა მას სასჯელის სახით განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ირ---–- ცე--–---ის მიმართ გამოყენებულია შეღავათი - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. შესაბამისად, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ირ---–- ცე--–---ის და მისი ადვოკატის ნინო არველძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი ირ---–- ცე--–---ის მიმართ.
ირ---–- ცე--–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ირ---–- ცე--–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ირ---–- ცე--–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ირ---–- ცე--–---ეს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
§ გვ--–- იო---–---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ირ---–- ცე--–---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ირ---–- ცე--–---ის ავტომანქანა, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პ------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან შესაბამისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ გვ--–- იო---–---ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა და ასფალტის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, ირ---–- ცე--–---ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პ------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე