განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210014511841
საქმე №2ბ/6553-17
განჩინება
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - უ–---------–------
წარმომადგენელი - დ----------–------
მოწინააღმდეგე მხარე - მ---------------–---–-
წარმომადგენელი - მ-----–----------–---–---------–---
დავის საგანი - აუცილებელი გზის გამოყოფა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ---------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში): მოსარჩელე მ---------------–---–- გამოეყოს აუცილებელი გზა საერთო გზის დასრულებიდან მის კუთვნილ ეზოში მისასვლელამდე 4 (ოთხი) მეტრის სიგანის გზა მოპასუხე უ–---------–------ს კუთვნილი (მის: ქ. ა---------------–--------) 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ხარჯზე, მთელს სიგრძეზე - დაკმაყოფილდა. უ–---------–------ს სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში): მოპასუხე მ---------------–---–-საგან გამოთხოვილი იქნეს უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკუთრებაში არსებული, მოსარჩელის უ–---------–------ს კუთვნილი შენობა - ნაგებობა 104 კვ.მ, საჯარო რეესტრში მოხდეს მისი რეგისტრაცია უ–---------–------ს სახელზე და მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელე უ–---------–------ს სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 5550 ლარის გადახდა - არ იქნა დაკმაყოფილებული.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემობები
2.1. 2010 წლის თებერვალს, უ–---------–------- და მ---------------–---–- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, უ–---------–------- მ---------------–---–- გამოსყიდვის უფლების შენარჩუნებით, ერთი წლის ვადით 2011 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მის: ქ. ა---------------–--------, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: ფართით 800 კვ.მ და მასზე არსებული სხვა ფართი: შენობა-ნაგებობა გაშენების ფართით - 264 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ-------------------–---------–- , ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 6600 აშშ დოლარით.
ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის გამყიდველს, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, ს/კ N------------. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, საცხოვრებელი სახლის განაშენიანების ფართია 264.6 კვ.მ., აივნის ფართი 106.72 კვ.მ., ხოლო მიწის ფართი (დაუზუსტებელი) 0,08 ჰა.
მ---------------–---–-ს 09.02.2010 წლის განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით (მდებარე ქ-------------------–--------) რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 09.02.2010 წლის გადაწყვეტილებით (N---------------) შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ განაცხადს თან არ ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით 16.02.2010 წელს მ---------------–---–-ს მიერ წარდგენილი იქნა ახალი აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია 804 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2010 წლის 18 თებერვალს და მიენიჭა მიწის ს/კ N------------.
აღნიშნული უძრავი ნივთის გამოსყიდვის ვადა ამოიწურა 2011 წლის 8 თებერვალს და ამ ვადაში უ–---------–------- არ გამოისყიდა უძრავი ქონება და დარჩა მ---------------–---–-ს საკუთრებაში.
უ–---------–------ საკუთრების უფლებით ფლობს 2100 კვ.მ მიწის ფართობს, მ---------------–---–--- 2010 წლის 8 თებერვლის ხელშეკრულებით გასხვისებული 800 კვ.მ მიწის ფართობის მომიჯნავედ. საკუთრების უფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიის 2008 წლის 14 მაისს გაცემული N-- საკუთრების მოწმობა, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღია 2008 წლის 27 მაისი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდია 5-----------.
აღნიშნული 800 კვ.მ. მიწის ფართი და მის მოსაზღვრედ მდებარე 2100 კვ.მ მიწის ფართი თავდაპირველად წარმოადგენდა ერთ მიწის ნაკვეთს და ის (2100 კვ.მ.) 2008 წლიდან რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. 2900 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გასხვისდა მ---------------–---–---, ამასთან, გასხვისებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას არ მომხდარა მოსაზღვრე 2100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაფარვა (ზედდება), რაც გახდებოდა მიწის რეგისტრაციის შეჩერების და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. დღეის მდგომარეობით როგორც უ–---------–------, ასევე მ---------------–---–-, რეგისტრირებული აქვთ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ისე რომ თითოეული მათგანის წილი არ შემცირებულა რეგისტრაციის საფუძველზე.
ქ. ა------–-----------–------------–- მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 5-----------) რეგისტრაციისას წარდგენილი 804 კვ.მ მიწის ფართის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული არ არის გზა იმის გამო, რომ ეს ფართობიც და მისი მიმდებარე მიწის ფართიც (შემდგომში რეგისტრირებული ს/კ 5-----------) იყო ერთი და იმავე პიროვნების - უ–---------–------ს და აქედან გამომდინარე მას ცალკე მისასვლელი არ ჰქონია.
მ---------------–---–- საჯარო გზებთან სხვა მისასვლელი არ გააჩნია. ადგილი არ ჰქონია იმას, რომ უკვე არსებული დაკავშირება გაუქმებულია მესაკუთრის, მ---------------–---–-ს თვითნებური მოქმედებით. მოცემულ შემთხვევაში სხვა საჯარო კავშირის არსებობა დადგენილი არ არის და ამ მიმართებით არც მოპასუხის შესაგებელი შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე უ–---------–------ ვერ უთითებს მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა მ---------------–---–-ს მიწის ნაკვეთის სხვა გზით სარგებლობის რეალურ შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მ---------------–---–- (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, ხოლო უ–---------–------ (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მ---------------–---–-ს სარჩელის მოთხოვნას (ძირითად სარჩელში) გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს, ხოლო უ–---------–------ს სარჩელის მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში) უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი განსაზღვრავს აუცილებელი გზის გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ დანაწესს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ნორმით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში. ამდენად, განსახილველი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
ქ. ა------–-----------–------------–- მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 5-----------) რეგისტრაციისას წარდგენილი 804 კვ.მ მიწის ფართის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული არ არის გზა იმის გამო, რომ ეს ფართობიც და მისი მიმდებარე მიწის ფართიც (შემდგომში რეგისტრირებული ს/კ 5-----------) იყო ერთი და იმავე პიროვნების - უ–---------–------ს საკუთრება და უძრავი ქონება წარმოადგენდა მიწის ერთიან ნაკვეთს. აქედან გამომდინარე, მას ცალკე მისასვლელი არ ჰქონია. მ---------------–---–- საჯარო გზებთან სხვა მისასვლელი არ გააჩნია. ადგილი არ ჰქონია იმას, რომ უკვე არსებული დაკავშირება გაუქმებულია მესაკუთრის, მ---------------–---–-ს თვითნებური მოქმედებით. ამდენად, სახეზეა, აუცილებელი გზის მოთხოვნის განხორციელების წინაპირობები.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–------------------------------ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ვერ იქნა პასუხები გაცემული დასმულ კითხვებზე (იხ. ს.ფ. 62-65), მხოლოდ იმის გამო, რომ მ---------------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემოსაზღვრული არ იყო მყარი ღობით და მისი ნაკვეთის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული არ იყო სარეგისტრაციო სამსახურში, ასევე უ–---------–------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით. აღნიშნულ დასკვნასთან ერთობლიობაში პალატა განიხილავს შპს ,,ხ-------------“-ს მიერ შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზს და მხარეებისა და მათი მომიჯნავე მიწის ნაკვეთების აეროფოტო გადაღების მასალას (იხ. ს.ფ. 20 და ს.ფ. 47) და მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) განმარტების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, მისი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ოთხი მეტრი სიგანის გზის ათვლის წერტილად უთითებდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის კედლის ჩრდილოეთი კიდედან აღმოსავლეთის მიმართულებით მანძილს. პალატა, აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის შედეგად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
4.2. ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მან უნდა დაადასტუროს, რომ იგი სადავო ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
4.3. რაც შეეხება 5500 ლარის დაკისრებას მ---------------–---–---, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.
სკ-ის 992-ე მუხლით პირის პირად და პიროვნულ უფლებებთან ერთად დაცულია პირის ინტერესი მატერიალური და არამატერიალური ქონების მიმართ. შესაბამისად, ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. დასახელებული მუხლით დაცულ სიკეთეს ასევე წარმოადგენს შეზღუდული სანივთო უფლება - სერვიტუტი, რის გამოც, შესაძლებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვას დასახელებული უფლების მართლსაწინააღმდეგო შელახვამ. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ საკუთრების უფლების შელახვით უშუალოდ გამოწვეული ზიანი და შემდგომი თანმდევი ზიანი. ვინაიდან საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრებაში მყოფი ნივთით სარგებლობის უფლებასაც, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, ე.ი ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (ნივთის გაუფასურება, შეკეთების ხარჯი), არამედ ის ზიანიც, რომელიც გამოიწვია დაზიანებული ნივთით სარგებლობის შეუძლებლობამ (მიუღებელი შემოსავალი).
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა არ არის აბსტრაქტული უფლება, რადგან ამავდროულად იზღუდება განმცხადებლის ვალდებულებით დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სარჩელის განსახილველად მიღებისა თუ საქმის არსებითი განხილვისათვის. მოსარჩელე ვალდებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად უზრუნველყოს სარჩელის სასამართლოში წარდგენა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში უ–---------–------- არასრულყოფილად განახორციელა მოსარჩელის სტადია.
მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წინაპირობები უნდა განსაზღვრავდეს მოთხოვნის სამართლებრივი ნორმის დისპოზიციურ მხარეს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მხარე არასრულყოფილად არის მითითებული იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. “...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი).
მოსარჩელემ სათანადო წესით, ვერ მიუთითა ჰქონდა თუ არა ადგილი ან რაში გამოიხატება მოპასუხის მართლწინააღმდეგო ბრალეული ქმედება. მ---------------–---–- წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრეს და არ არსებობს მისთვის ზიანის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. უ–---------–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია