განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
130100118002543226
ინსტანცია
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002543226

საქმე №1ბ/1208-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ილ------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 03 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N5----------, უმაღლესი განათლებით, სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ექსპერტის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ხ-–--------–----------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ილ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

გაუქმდა ილ------------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო.

ილ------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით.

 

ილ------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. ხ-–----–-------–----------------ში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში, ილ------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა დედის − ქე----------------ის მიმართ. ტანის არეში დედას ორჯერ დაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ილ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, ილ------------ის მიერ განხორციელებული დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ფიზიკურად გაუსწორდა დედას - ქე----------------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ილ------------ე, რომელიც ხშირად უმიზეზოდ ჩხუბობს ოჯახში და გამოხატავს აგრესიას მშობლების მიმართ, ამჯერადაც, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, სახლში დაბრუნებულ მოხუც დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ამასთან, მსჯავრდებულ ილ------------ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მშობლის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს.

მსჯავრდებულმა ილ------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვა-–----------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ქე----------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ოთ-------------ის, მა------------ის, მი----–----------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა მხედველობაში იღებს, რომ ილ------------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ილ------------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენი ილ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ილ------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ილ------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით.

მსჯავრდებულ ილ------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ილ------------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო, გაუქმებულია.

 

გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან

პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე