განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2201-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ-–-------- კ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 06 იანვარს სარჩელით მიმართა N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ-–-------- კ-----ემ, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაცული უფლებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2015 წლის N3/4----15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული მატერიალური ზარალის სახით, მოპასუხეს დაეკისროს 4600 ლარის (აღნიშნული თანხაში მოიაზრება მოპასუხის ბათილად ცნობილი 04.05.2015 წლის გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან სარჩელის აღძვრამდე გაშვებული შემოსავლისა და სასამართლო განხილვისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5 თვიან ვადაში გაშვებული შემოსავლის ჯამი) ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის სახით 10 000 ლარი, ჯამში 14 600 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ-–-------- კ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ვ-–-------- კ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ვ-–-------- კ-----ეს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 04 მაისის №0---------- გადაწყვეტილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივმა საბჭომ განიხილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე და არ დაკმაყოფილდა მოცემულ ეტაპზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე (საფუძველი: ვერ წარადგინა დაზარალებულის თანხმობა, სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, 2006-2010 წლებში დასჯილია 6-ჯერ. ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებს უარყოფითად. ნასამართლობის არ მქონეა; გააჩნია ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები). საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ, ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში გამოიხატა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/4----15) ვ-–-------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 4 მაისის №0---------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, ვ-–-------- კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით და კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 26 აპრილის №0---------- გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №3/4----15 გადაწყვეტილებისა და პენიტენციური დეპარტამენტის №15 დაწესებულებიდან შესული შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ განიხილა ვ-–-------- კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი და მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი თ----- კ-----ის განცხადებაზე, სადაც თ----- კ-----ე ადასტურებს, რომ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ე (პ/ნ 56001001351) პატიმრობამდე მუშაობდა მის საწარმოში (ავეჯის დასამზადებელ მცირე საწარმო), პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ დაასაქმებს საწარმოში და გადაუხდის ხელფასს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. განმცხადებლის ხელმოწერა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 15.11.2016წ. ცნობაზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებული ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ე N15 პენიტენციურ დაწესებულებაში 2015 წლის 9 აპრილიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე არ ირიცხებოდა საყოფაცხოვრებო მომსახურეობაში და შესაბამისად ხელფასიც არ ერიცხებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით, მე-7, 42-ე მუხლის პირველი და მეცხრე პუნქტებით და განმარტა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე; ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014 წ); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისთვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით; განსაკუთრებით ყურადღება იქნა გამახვილებული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილსა და მეექვსე მუხლის პირველ ნაწილზე, 207- 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე; აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმათა საფუძველზე განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით , მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს . Aამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში , ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად .
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსის მე-3, მე-40, 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №138 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული დებულების მე-6, 7.1, 13.1-ე მუხლებით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილით, მეექვსე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. თითოეული კონკრეტული საქმის განხილვისას საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს გააჩნია კანონისმიერ უფლებამოსილება ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში 2015 წლის 04 მაისს მიღებული №0---------- გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იმავდროულად, უპირობოდ არ იწვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოსარჩელისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებას ან გაუქმებას და მოსარჩელის, როგორც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩლისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ-–-------- კ-----ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სარჩელზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის N3/4----15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მოპასუხის მიერ არ ყოფილა მითითებული.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2015 წლის 4 მაისის N0---------- გადაწყვეტილების (პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმა) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევას.
აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ის ფაქტი, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში ისევ დასაქმდებოდა თავის ძველ სამსახურში და შრომის ანაზღაურების სახით მიიღებდა 200 (ორას) ლარს შრომის ანაზღაურებას. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სხდომაზე მოპასუხის მიმართ დასმულ კითხვაზე მისი პასუხი, რითაც ის დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში თვეში მიიღებდა 200 ლარს; ამიტომ აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება თითქოს მას ზიანი არ მიუღია.
აპელანტის მოსაზრებით საქმეში არასწორადაა გამოყენებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014. წლის(Nბს-648-623(2კ-13)) და 23.07.2013 წლის (Nბს-52-47(კ-13)) გადაწყვეტილებების განმარტებები.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უარის თქმის ნაწილში აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ პირადი ინტერესისა და მისთვის უარის თქმის მიზნით არ გაითვალისწინა საქმეში მტკიცებულებად წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის N3/4----15 გადაწყვეტილება, რომელმაც ბათილად ცნო მოპასუხის მიერ 04.05.2015 წლის გადაწყვეტილება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი; ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, მეექვსე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.
სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივის შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ვ-–-------- კ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ვ-–-------- კ-----ეს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 04 მაისის №0---------- გადაწყვეტილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივმა საბჭომ განიხილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე და არ დაკმაყოფილდა მოცემულ ეტაპზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე (საფუძველი: ვერ წარადგინა დაზარალებულის თანხმობა, სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, 2006-2010 წლებში დასჯილია 6-ჯერ. ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებს უარყოფითად. ნასამართლობის არ მქონეა; გააჩნია ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები). საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ, ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში გამოიხატა (ტ.1. ს.ფ. 38-41).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/4----15) ვ-–-------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 4 მაისის №0---------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, ვ-–-------- კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით და კანონიერ ძალაშია შესული (ტ.1. ს.ფ. 59-67).
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 26 აპრილის №0---------- გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №3/4----15 გადაწყვეტილებისა და პენიტენციური დეპარტამენტის №15 დაწესებულებიდან შესული შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ განიხილა ვ-–-------- კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი და არ დაკმაყოფილდა მოცემულ ეტაპზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 24-27).
საქმეში წარმოდგენილი თ----- კ-----ის განცხადებით ირკვევა, რომ ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ე (პ/ნ 56001001351) პატიმრობამდე მუშაობდა მის საწარმოში (ავეჯის დასამზადებელ მცირე საწარმო), პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ დაასაქმებს საწარმოში და გადაუხდის ხელფასს 200 (ორასი) ლარის ოდენობით; განმცხადებლის ხელმოწერა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს (ტ.1. ს.ფ. 22).
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 15.11.2016წ. ცნობის თანახმად, მსჯავრდებული ვ-–-------- ზ------ის ძე კ-----ე N15 პენიტენციურ დაწესებულებაში 2015 წლის 9 აპრილიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე არ ირიცხებოდა საყოფაცხოვრებო მომსახურეობაში და შესაბამისად ხელფასიც არ ერიცხებოდა (ტ.1. ს.ფ. 28).
სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას; თითოეული კონკრეტული საქმის განხილვისას საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად 2015 წლის 04 მაისს მიღებული №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იმავდროულად უპირობოდ არ იწვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოსარჩელისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებას ან გაუქმებას და მოსარჩელის, როგორც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე იმავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამ ნორმის მე-3 ნაწილით, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები, მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №138 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა შეფასების ის კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობს საბჭო სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, სახელდობრ: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
იმავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას; თითოეული კონკრეტული საქმის განხილვისას საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, ასევე მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. Aამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად .
სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და ერთობლიობაში გამოკვლევის და შეფასების შედეგად თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მხრიდან ვ-–-------- კ-----ის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორცილების და მისთვის ზიანის (როგორც მატერიალური, ისე მორალური) მიყენების ფაქტი, რის გამოც არ არსებობს ვ-–-------- კ-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ვ-–-------- კ-----ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამაღთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
მოსამართლე მარიამ ცისკაძე