განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №0102100--001441829
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1277-17 26 ოქტომბერი, 20-- წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტები (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ე------------------------------------- ლ-------------- სს ,,ვ--------------------------------’’ შ-------------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სს ,,ვ--------------------------------ს’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- სს ,,ვ--------------------------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა.
- მოპასუხეს - შპს ,,ე------------------’’ მოსარჩელე სს ,,ვ--------------------------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 126 052.85 ლარის გადახდა, საიდანაც - 96 052.85 ლარი ძირითადი დავალიანებაა, 30 000 ლარი -პირგასამტეხლო.
- დავალიანების დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა რ---------------- საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, გ------–--------ში, ს/კ N0-----------, - იძულებით აუქციონზე რეალიზაცია;
- მოპასუხეს შპს ,,ე------------------" მოსარჩელე სს ,,ვ--------------------------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3781,60 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე სს ,,ვ--------------------------------ს" სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4088 ლარის თანხიდან 306, 24 ლარი;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2013 წლის 12 ივნისს, სს ,,ვ--------------------------------სა“ და შპს “ე------------------“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, საავტომობილო საწვავის მიწოდებისა და ავტომობილების რეცხვის მომსახურების გაწევის შესახებ.
2.2. შპს ,,ე------------------“ ვალდებული იყო გადაეხადა ყოველ ჯერზე შეძენილი საწვავის ღირებულება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულად დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
2.3. შპს ,,ე----------------“-ის მიერ სს ,,ვ--------------------------------“-ს წინაშე, 12.06.2013 წლის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 18 ივნისს, სს ,,ვ--------------------------------“-სა და რ---------------- შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ვ--------------------------------“-ს სასარგებლოდ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა რ---------------- საკუთრებაში არსებული 581 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზედ არსებული 391.11 კვ.მ. შენობა-ნაგებობით, მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-------- (საკადასტრო კოდი: 0-----------);
2.4. მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი აღძრა 136257.65 (ასოცდათექვსმეტი ათას ორას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის დაკისრების მოთხოვნით. შემდგომში, სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი წერილობითი განცხადებით შეამცირა მოთხოვნა და ითხოვა, შპს ,,ე------------------ათვის“ სს ,,ვ--------------------------------ს” სასარგებლოდ დავალიანების თანხის დაკისრება 126 052.85 ლარის ოდენობით, საიდანაც 96 052.85 ლარი არის ძირითადი დავალიანება, ხოლო 30 000 ლარი - პირგასამტეხლო;
2.5. მოპასუხე მხარემ სადავოდ არ გახადა შემცირებული სასარჩელო მოთხოვნიდან დავალიანების ძირი თანხა - 96 052.85 ლარის ოდენობით;
2.6. დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული 2013 წლის 12 ივნისის გენერალური ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, სს “ვ--------------------------------“ უფლებამოსილია დაარიცხოს შპს “ე----------------“-ს პირგასამტეხლო, დროულად გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.7. სს ,,ვ--------------------------------სა“ და შპს “ე------------------“ შორის 2016 წლის 23 ივნისს გაფორმდა ურთიერთ შედარების აქტი, რომლითაც შპს “ე----------------“-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა სს “ვ--------------------------------ს“ წინაშე დავალიანების არსებობის ფაქტი და დავალიანების ოდენობის სისწორე;
2.8. შპს “ე----------------“-ის მიერ ვადაგადაცილებისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა 2016 წლის 20 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 36480 ლარს;
სამართლებრივი დასაბუთება:
2.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,ვ--------------------------------ს" სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შპს “ე----------------“-ს სს “ვ--------------------------------ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების თანხის გადახდა 126 052.85 ლარის ოდენობით, საიდანაც 96 052.85 ლარი ძირითადი დავალიანებაა, 30 000 ლარი - პირგასამტეხლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს ,,ე---------------- "-ზე დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხე რ---------------- საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, გ------–-------, ს/კ #0-----------, - იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს;
2.11. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას;
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა
საფუძვლებიდან;
2.14. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება;
2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;
2.16. სასამართლოს მითთებით მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს თითოეულ გადაცილებულ დღეზე 0,5%-ს. მოსარჩელეს შემცირებული აქვს პირგასამტეხლო და 36 480 ლარის ნაცვლად ითხოვა 30 000 ლარის მოპასუხეზე დაკისრება. მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას;
2.17. სასამრთლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც , სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სამართლიან და გონივრულ ოდენობად, პირგასამტეხლოს სახით 30 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მიიჩნია;
2.18. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სს “ვ--------------------------------ს” სასარგებლოდ შპს ,,ე------------------" უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის - მიწოდებული საწვავის ღირებულება 126 052.85 ლარის ოდენობით, საიდანაც 96 052.85 ლარი არის ძირითადი დავალიანებაა, ხოლო 30 000 ლარი - პირგასამტეხლო;
2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2.20. სასამართლოს მითითებით სახეზეა მოპასუხის მიერ, იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. აღნიშნული გარემოება კი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას ითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე რ---------------- საკუთრებაში რიცხული და ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს ,,ე----------------"-ის წარმომადგენელმა და რე---- დუ-----მ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო თავისი გადაწყვეტილების უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, თითქოს მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდიდა შემცირებული დავალიანების ძირი თანხის ოდენობას;
3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ისევ გრძელდება სახელშეკრულებო ურთიერთობა და ისევ გრძელდება საწვავის ყიდვა-გაყიდვა, შესაბამისად იცვლება, მცირდება დავალიანება, რაც საფუძვლიანად არ იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სასამართლო არ შეეცადა დავის მორიგებით დასრულებას;
3.3. უკანონოა სასამართლოს სხდომის ჩატარება წარმომადგენელის დასწრების გარეშე, პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომას ესწრებოდა მხოლოდ შპს ,,ე------------------ს" დირექტორი, წარმომადგენელი კი არა. სხდომაზე წარდგენილი იყო წერილობითი შუამდგომლობა ადვოკატის სხვა საქმეზე დასწრების გამო ჩანიშნული სხდომის სხვა დროისათვის გადადების მოთხოვნით, რაც სასამართლომ არ გაიზიარა;
3.4. მოპასუხეებმა ჯერ კიდევ შესაგებელში ცნეს მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის დავალიანების მოთხოვნა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ არ მისცა ამ გარემოებას სწორი შეფასება და მოპასუხე მხარეს მაინც დააკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოპასუხეებზე უნდა განსაზღვრულიყო დარჩენილი ნაწილის ანუ პირგასამტეხლოს თანხის შესაბამისად;
3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნია დადგენილად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დასაბუთებულად და გონივრულად ისეთ ვითარებაში, რომ არ მოუხდენია საკითხის შესწავლა, შეფასება, გაანგარიშება. ამასთან სასამართლოს არ გამოუკვლევია გარემოება იმის შესახებ - პირგასამტეხლო იყო თუ არა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული;
3.6. საბოლოოდ აპელანტმა პირგსამტეხლოს დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 12 ივნისს სს ,,ვ--------------------------------“-სა და შპს “ე----------------“-ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, საავტომობილო საწვავის მიწოდებისა და ავტომობილების რეცხვის მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 16-20. ტ.1);
4.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მეორე მუხლში გაწერილი იყო ინფორმაცია სერვისის ღირებულებისა და ანგარიშსწორების პირობების შესახებ; აღნიშნული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად შპს ,,ე----------------“ ვალდებული იყო გადაეხადა ყოველ ჯერზე შეძენილი საწვავის ღირებულება საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურის ელექტრონულად დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (ტ.1.ს.ფ.16);
4.2. მხარეები ხელშეკრულების 2.6 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი (სს ,,ვ--------------------------------“) უფლებამოსილია დაარიცხოს მყიდველს (შპს ,,ე----------------“-ს) პირგასამტეხლო, დროულად გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
(ტ.1.ს.ფ.17);
4.3. დადგენილია, რომ შპს ,,ე----------------“-ის მიერ სს ,,ვ--------------------------------“-ს წინაშე, 12.06.2013 წლის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 18 ივნისს, სს ,,ვ--------------------------------“-სა და რ---------------- შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ვ--------------------------------“-ს სასარგებლოდ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა რ---------------- საკუთრებაში არსებული 581 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზედ არსებული 391.11 კვ.მ. შენობა-ნაგებობით, მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-------- (საკადასტრო კოდი: 0-----------);
4.4. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენლია, რომ შპს ,,ე----------------“-ის დავალიანება სს ,,ვ--------------------------------“-ს წინაშე, ძირითადი თანხის (ნასყიდობის საფასურის), ნაწილში შეადგენს 96 052.85 ლარს; ამ ნაწილში გადაწყვეტილება შპს ,,ე----------------“-ს არ გაუსაჩივრებია; სააპელაციო პალატის განხილვის საგანია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი. პირგასამტეხლოს სარჩელით მოთხოვნილ ოდენობას წარმოადგენს 30 000 ლარი;
4.5. საქმეზე წარმოდგენილი ანგარიშ - ფაქტურებით, (რომლებიც განთავსებულია საქმეში ტ.1. ს.ფ. 27-274-ზე), მოპასუხე მხარის დადასტურებით, ს.ფ. 275-ზე განთავსებული ურთიერთშედარების აქტით, უპირველეს ყოვლისა კი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უტყუარად და უდავოდ დადგენილია შპს ,,ე----------------“-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ხოლო დავალიანების გადაუხდელ თანხას წარმოადგენს - 96 052.85 ლარი;
4.6. საქმეში განთავსებული ანგარიშ-ფაქტურებით (ს.ფ. 27; ტ.1.), პირგასამტეხლოს დარიცხვის დეტალური განშლის დამადასტურებელი დოკუმენტით (ს.ფ.276-281; ტ.1.), მოსარჩელე მხარის განმარტებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ე----------------“-ისათვის საწვავის ბოლო მიწოდება განხორციელდა 2016 წლის 18 ივნისს; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, შპს ,,ე----------------“ ვალდებული იყო გადაეხადა შეძენილი საწვავის საფასური 2016 წლის 18 ივლისამდე (30 კალენდარული დღის ვადაში), რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა;
4.7. ვადაგადაცილებულ პერიოდს შეადგენს 2016 წლის 18 ივლისიდან 2017 წლის 16 ივნისამდე პერიოდი - 330 დღე; (იხ სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი; სს “ვ--------------------------------ს“ წერილობითი ახსნა განმარტება რომ შპს “ე----------------“-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით);
სამართლებრივი დასაბუთება:
4.8. სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად;
4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.11. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.12. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება შპს ,,ე----------------’’-სათვის პირგასამტეხლოს - 30000 ლარის დაკისრების და სახელმწიფიფო ბაჟის - 3781,60 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4.13. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები;
4.14. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა;
4.15. ერთ-ერთ ასეთ გადაწყევტილებაში, საკასაციო სასამართომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, იმისდა მიუხედავად განიცადა თუ არა მან ზიანი. მხოლოდ საჭიროა დადგინდეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი;
4.16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას რამდენიმე გარემოებას ექცევა ყურადღება, მათ შორის ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისთვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხის; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის. პირგასამტეხლოს ფუნქცია მოიცავს თავის თავში ზიანის ანაზღაურებასაც;
4.17. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისა და მისი სამართლიანი განსაზღვრის უფლებამოსილება, დავის შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა (სკ 420მ). ეს ის შემთხვევაა, როცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული ლეგიტიმული საფუძვლით სასამართლო ერევა მხარეთა თავის დროზე შეთანხმებულ სახელშეკრულებო დათქმაში (პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით) და იღებს სამართლიან და გონივრულ გადაწყვეტილებას;
4.18. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
4.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას, მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.;
4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია ძირითადი დავალიანება 96 052.85 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს სახით კი ვადაგადაცილებული თვეების (დაახლოებით 11თვე, (330 დღე)) მიხედვით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 30 000 ლარის დაკისრებას;
4.21. სააპელაციო სასამართლოს აზრით, დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად 30 000 ლარი ვერ იქნება მიჩნეული, გამომდინარე იქედან, რომ ძირითადი დავალიანება 96 052.85 ლარია, პირგასამტეხლო კი 30 000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ძირითადი თანხის მეოთხედზე მეტია. პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს დავალიანების თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 330 დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 15 848,58 ლარს (96 052.85*0.05%=48.026; 48.026*330 დღეზე = 15 848,58 ლარს); პალატა თვლის, რომ აღნიშნული თანხის დაკისრება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით იქნება გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და სამართლიანი, ამასთან საკითხის ამგვარი გადაწყვეტა წინააღმდეგობაში არ იქნება საჯარო წესრიგთან;
4.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა);
4.23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა გამოხატეს ნამდვილი ნება და კაონით დადგენილი წესით გააფორმეს იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,ე----------------“-ის მიერ სს ,,ვ--------------------------------“-ს წინაშე, 12.06.2013 წლის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ვ--------------------------------“-ს სასარგებლოდ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა რ---------------- საკუთრებაში არსებული 581 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზედ არსებული 391.11 კვ.მ. შენობა-ნაგებობით, მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-------- (საკადასტრო კოდი: 0-----------). აღნიშნულის შესაბამისად სს ,,ვ--------------------------------“-ს, როგორც კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია და მოვალის მიმართ დავალიანების არსებობა და მისი ნებაყოფლობით გადაუხდელობა სწორედ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის წინაპირობაა, ხოლო ამ თვალსაზრისით რაიონულმა სასამართლომ დავალიანების არსებობის პირობებში სწორად დაადგინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია;
4.25. პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში საკმარისად დასაბუთებული არ არის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. შპს ,,ე----------------’’-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს ,,ე----------------’’-ს სს ,,ვ--------------------------------’’-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 15 848,55 ლარის გადახდა, შპს ,,ე----------------’’-ს სს ,,ვ--------------------------------’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველ ინსტანციაში გადახდილი ბაჟის ნაწილის 3,357 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,ვ--------------------------------’’-ს შპს ,,ე----------------’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი ბაჟის ნაწილის - 566 ლარის გადახდა;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა;
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით;
6.3. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები;
6.4. დადგენილია, რომ სს ,,ვ--------------------------------’’-ს სარჩელი შპს ,,ე----------------“-ის მიმართ დაკმაყოფილდა 111.901 ლარის ნაწილში (96 052.85ლ+15848.58ლ = 111.901 ლარს)
6.5. 111.901 ლარის 3% - არის 3 547.20 ლარი;
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე მხარეს შპს ,,ე------------------“ სს ,,ვ--------------------------------’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის სანაცვლოდ 3 547.20 ლარი;
6.7. დადგენილია, რომ აპელანტმა შპს ,,ე----------------“-მა სს ,,ვ--------------------------------’’-ს, სააპელაციო ინსტანციაში მოუგო დავა 14151,42 ლარის ნაწილში (30000ლარს - 15 848.58ლ = 14151,42 ლარს); 14151,42 ლარის 4% = 566 ლარს;
6.8. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სს ,,ვ--------------------------------’’-ს შპს ,,ე----------------’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი ბაჟის ნაწილის - 566 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,ე----------------’’-ის და რ---------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება შპს ,,ე----------------’’-სათვის პირგასამტეხლოს - 30000 ლარის დაკისრების და სახელმწიფიფო ბაჟის - 3781,60 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ე----------------’’-ს სს ,,ვ--------------------------------’’-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 15 848,55 ლარი;
4. შპს ,,ე----------------’’-ს სს ,,ვ--------------------------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციაში გადახდილი ბაჟის ნაწილის 3,357 ლარის გადახდა;
5. სს ,,ვ--------------------------------’’-ს შპს ,,ე----------------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი ბაჟის ნაწილის - 566 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე