განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
160141318002252847
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002252847

საქმე №1ბ/716-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–---–ის,ადვოკატის: ო-----------------–---ის

მონაწილეობით,გამართლებულის: ე-–---------------ის

მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–---------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ე-–---------------ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------––---------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–---------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ-----------––----------------------–---–---------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ე-–---------------მა ჯერ თმით ითრია, ხოლო შემდეგ სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის მეუღლეს ზ----------------ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, 1 (ერთი) წლის სევგი მამედოვა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით:

 

ე-–---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–---------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ე-–---------------ის მიმართ გამოტანილი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს უკანონოდ მიაჩნია, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–---------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი გამართლებულ ე-–---------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე-–---------------ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებები. აპელანტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ობიექტურად შეაფასებდა მტკიცებულებებს, ე-–---------------ს დამნაშავედ სცნობდა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიჩნეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ, შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ე-–---------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ასევე აპელირებს დაზარალებულ ზ----------------ას მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე (გამოკითხვის ოქმზე) და ამ ჩვენებაზე დაყრდნობით მოითხოვს ე-–---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ზ----------------ამ, რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ე-–---------------ის მეუღლემ, ზ----------------ამ ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ე-–---------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, როგორც ირკვევა, აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებული და დასკვნა გაცემულია წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე და დასკვნის მიხედვით, ზ----------------ას ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, არ არის გამოკითხული ექსპერტიზის დასკვნის ავტორი და არ არსებობს პირველწყაროს, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ზ----------------ას მიერ სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ე-–---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ე-–---------------მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ე-–---------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ე-–---------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი გამართლებულ ე-–---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–---------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი ე-–---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ე-–---------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ე-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

გამართლებულ ე-–---------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე