განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002386336
საქმე 1ბ/1248-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევი
მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა-----– ბ---------ს სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ----- ვ-–--------ის ძის ღ------–---ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პასპორტის N---------, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-------------–----------–----------------------------------------------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- ღ------–---მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 მარტს, ღამის საათებში, ს-------------------–--ის მოქალაქე მ----- ღ------–---ი იმყოფებოდა ს-------------------–--ის ტერიტორიაზე, საიდანაც საქართველოში, კერძოდ, მა-------–--------------------–----–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის გავლით, უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ისე გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომ მას არ გაუვლია სასაზღვრო კონტროლი საქართველოს არცერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
ბოლნისის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით:
მ----- ღ------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ - 4 (ოთხი) წლის ვადით შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ მ----- ღ------–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.
მ----- ღ------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 აპრილიდან.
მ----- ღ------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----– ბ---------მ და მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ისათვის ალტერნატიული სასჯელი დანიშვნა.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით მ----- ღ------–---ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ მან ახლო ნათესავს აღმოუჩინა სიცოცხლისათვის აუცილებელი დახმარება, ამიტომ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ.
სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის მიზეზი, კერძოდ თავისუფლების აღვეთის მოხდის შემდეგ მოხდა მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის ქვეყნიდან დეპორტაცია, რის გამოც ვეღარ შეძლო ჯარიმის გადახდა.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებები, მათი შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (კერძოდ: მოწმეების: გა---–-------------------------------–---ს ჩვენებები, მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის აღიარებითი ჩვენება, საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული ინფორმაცია მ----- ღ------–---ის მიერ საქართველოს სახელმწიფო კვეთის შესახებ) გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ----- ღ------–---მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის მიერ საქართველოს სსკ–ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს. დანაშაული მიმართულია სახელმწიფოში დადგენილი მმართველობის წესის და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით, სახელმწიფოში შემოსვლის სათანადო დოკუმენტების/ნებართვის გარეშე.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი შემსუბუქების/ალტერნატიული სასჯელის განსაზღვრის ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძველი არ არის სახეზე.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, იმ საფუძვლით რომ მსჯავრდებულმა მ----- ღ------–---მა აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის მსჯავრდებულის აღიარება/მონანიება და მტკიცებულებების უდაოდ ცნობაც. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, თითქოსდა მსჯავრდებული ახლო ნათესავის დახმარების აღმოსაჩენად გადმოვიდა უკანონოდ სახელმწიფო საზღვარზე, რაც არ დასტურდება საქმის მასალებით და დადასტურების შემთხვევაშიც ვერ გახდება საპირწონე მიზეზი იმისა რომ გაბათილდეს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო/ბრალეული ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი და მის საფუძველზე არსებული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პალატა განსახილველ საქმეში, მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს (ანალოგიური დანაშაულის ჩადენას), განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ვითარება, რომ ჯერ კიდევ მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ს არ აქვს მოხდილი სრულად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ვერ შეძლო ჯარიმის გადახდა ვინაიდან ის იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და მას შემდეგ რაც განთავისუფლდა დაწესებულებიდან, სახელმწიფოდან განხორციელდა მისი დეპორტი, რის გამოც ვეღარ მოასწრო ჯარიმის გადახდა, აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული იმ პირობებში რომ სავსებით შესაძლებელია მსჯავრდებულმა მისი ნდობით აღჭურვილ პირს დაავალოს მასზე დაკისრებული სასჯელის - ჯარიმის გადახდა, აღსანიშნავია ასევე საკმაოდ ვრცელი დროის შუალედი, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 მარტის განაჩენით იქნა განსაზღვრული ჯარიმა და 2018 წლის 18 ივლისის მდგომარებით, როცა დადგა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენი, ჯერ კიდევ წინა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა არ იყო გადახდილი და შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი (რომელმაც უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 მარტის განაჩენი) რჩებოდა აღუსრულებელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი მ----- ღ------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ----- ღ------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა-----– ბ---------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი მ----- ღ------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
მ----- ღ------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ - 4 (ოთხი) წლის ვადით შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ მ----- ღ------–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.
მ----- ღ------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 აპრილიდან.
მ----- ღ------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი